Home სხვადასხვა დაიჯესტი პარლამენტში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების აკრძალვის შესახებ ინიციატივა განიხილება

პარლამენტში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების აკრძალვის შესახებ ინიციატივა განიხილება

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის ხელმძღვანელი: ზვიად ტომარაძე

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის ხელმძღვანელმა, ზვიად ტომარაძემ პარლამენტს  საკანონმდებლო წინანდადებით მიმართა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვის საკითხს ეხება.  11 მაისს, ამ საკითხზე კომიტეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა და დეპუტატებმა ინიციატორისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების მოსაზრებები მოისმინეს.


„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ” მომზადებული კანონპროექტის თანახმად,  “სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე შეუძლია აკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან, ან უცხოელი მოქალაქისგან მიღებული გრანტის ფარგლებში ახორციელებს გრანტის გამცემის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.”

ზვიად ტომარაძის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი საქართველოში მოქმედი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაა.

“ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ დამფინანსებელთა ინტერესებს, უპირისპირდებიან სახელმწიფო ინტერესებს, კონსერვატიულ საზოგადოებას, ტრადიციებს და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს,” – აღნიშნა ტომარაძემ.

სიტყვით გამოსვლისას ტომარაძემ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან ერთ-ერთ მაგალითად “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაასახელა, რომელმაც 2013 წელს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოუგო და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

ტომარაძემ  ასევე ამერიკელი ხალხის საჩუქარზე, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ხორციელდება:

“არსებობს ასეთი ორგანიზაცია – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ოფისი მდებარეობს თელავში. მე  მომაწოდეს ამ ოფისში გადაღებული ფოტოები. ამ ოფისში პირდაპირ არის გაკრული შემდეგი წარწერა: არ გათხოვდე, ქმარი მოძალადეა. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე, ეს არის თუ არა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? მე მიმაჩნია, რომ არის,” – ამბობს ტომარაძე.

კომიტეტის აპარატის თანამშრომლის დასკვნით, ინიციატივა ტექნიკურად  გაუმართავია, ბუნდოვან ფრაზებს შეიცავს და მისი შინაარსის დადგენა შეუძლებელია.

მოქმედი კანონით, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს აღნიშნულ საქმიანობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here