Home რუბრიკები საზოგადოება პარლამენტარიზმი ქართულად

პარლამენტარიზმი ქართულად

574

უკვე 30 წელიწადია, ექსპერიმენტებს ვატარებთ, მმართველობის რომელი სისტემაა სასარგებლო ქვეყნისთვის. ჯერ იყო პრეზიდენტობაზე დავამყარეთ იმედები და სადამდე მივიყვანეთ ქვეყანა, თვალნათლივ ჩანს. შემდეგ პრემიერმინისტრის ძალაუფლების გაძლიერებაზე დავიწყეთ ზრუნვა და ბოლოს საპარლამენტო მოდელზე გადავედით. ისე, კაცმა რომ თქვას, ამ მოდელს ჯერ კიდევ XII საუკუნეში, თამარ მეფის დროს ჩაეყარა საფუძველი, როცა დღეს განთქმული საპარლამენტო ქვეყნები არც კი არსებობდა.

ქვეყნის ამ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის არსებობის პერიოდში ათი მოწვევის პარლამენტი გამოვიცვალეთ, ხოლო მის ავ-კარგზე ბოლო სიტყვა ხალხს ეკუთვნის, ამიტომ ვასარგებლობთ ამ უფლებით და მინდა, ცოტა რამ მოგახსენოთ პარლამენტართა საქმიანობისა და პიროვნულობის შესახებ.

ხალხის რჩეულთათვის ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს უმაღლესი კანონი. ისინი უნდა გამოირჩეოდნენ პატიოსნებითა და ზნეკეთილი თვისებებით. პარლამენტარს, უპირველეს ყოვლისა, ხალხისა და სამშობლოს სიყვარული უნდა ჰქონდეს და ზრუნავდეს მათზე _ როცა მისი ხმა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ აუცილებელია, როცა მისი დანიშნულება საქვეყნო საქმის სამსახურია. ქვეყნის, ხალხის ერთგულება და სიყვარული აკეთილშობილებს და ამაღლებს საზოგადოებაში პარლამენტარებს _ უნდა აკეთონ ის, რაც სულიერად აამაღლებთ. პარლამენტარებს არ აქვთ უფლება, მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისთვის იცხოვრონ. ჩვენ ერთად სიწმინდით ცხოვრება, ერთი საქმისთვის ბრძოლა დაგვანათლა ღმერთმა, “საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ” _ ახალი აღთქმა. როგორც იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, “ქვეყნის სამსახურისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საფუძვლიანი განათლება, მრავალმხრივი ცოდნა”. აქვთ კი ჩვენს პარლამენტარებს ეს ან კითხულობს კი ამას ვინმე? პარლამენტარები ზნეობრივი საწყისებიდან ძალიან შორს დგანან. უმრავლესობა თავისი თავისთვის ცხოვრობს. არჩევნებამდე ისეთად არ გვეჩვენებიან, როგორც სინამდვილეში არიან. ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებას სათანადოდ არ აფასებენ. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ თავიანთი პრობლემები ახსოვთ, მხოლოდ თავიანთ თავზე ფიქრობენ და ნაკლებად აინტერესებთ ხალხის აზრი. სამწუხაროდ, ასეთია უმრავლესობა პარლამენტში. პარლამენტარები მოწყვეტილი არიან ეროვნულ სულს და იდეას, ამიტომაა, რომ ზოგი ტოვებს საპარლამენტო სავარძელს, ზოგი გადის საპარლამენტო უმრავლესობიდან, ზოგი პარტიიდან, ისინი პირადი ამბიციებით მოქმედებენ და არას დაგიდევენ ქვეყანაში შექმნილ მეტად დაძაბულ და კრიტიკულ მდგომარეობას. დაკარგეს მოვალეობის, პასუხისმგებლობის განცდა. ბრძნული გამონათქვამია: ხალხის ნაკლოვანება ყოველთვის მის კანონმდებლობაში აისახებაო, რაც ზუსტად მიესადაგება დღევანდელ პარლამენტს, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია ნეპოტიზმისა და ქვეყნის გარედან ლობირების საფუძველზე და არა ზნეობის, განათლებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. ზოგიერთი 4-5 მოწვევის პარლამენტის წევრია. არიან პარლამენტარები, რომლებიც სიტყვით არასოდეს გამოსულან, ზოგიერთი საერთოდ არ მონაწილეობს კანონების შექმნაში. ნეპოტიზმი ადრეც იყო, პროტექციონიზმს ეძახდნენ. საქართველო ტერიტორიითა და მოსახლეობის რაოდენობით პატარა ქვეყანაა, უმრავლესობა ერთმანეთს იცნობს, პატივს სცემს _ ესეც, როგორც ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა, გენეტიკურად დაგვანათლა ღმერთმა. იმხანად ნეპოტიზმი ასე აშკარა და თვალშისაცემი არ იყო, რადგან განათლებისა და პროფესიონალიზმის დონე იყო მაღალი. ყველა მომზადებული და სწავლული იყო. ახლა კი გაუნათლებელსა და არაპროფესიონალს რომ დანიშნავ, თვალნათლივ ჩანს და ქვეყანაზეც უარყოფითად აისახება. ახლა ყველაფერი კლანურია _ სასამართლო, პროკურატურა, ტელევიზია, არასამთავროები. იცვლება სახელი, შინაარსი კი ერთნაირია. ადრე კორუფციას მექრთამეობას ეძახდნენ, ახლა შეინიღბენ და ლობიზმი დაარქვეს. მსოფლიო ამ ჭაობშია ჩაფლული, რაც კარგად გამოიყენა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაიჩინა ლობისტები, როგორც ოკეანის გაღმა, ისე ევროპარლამენტში. ისინი მოისყიდეს ხალხის ძარცვა-გლეჯით ნაშოვნი ფულით და ამიტომაცაა, რომ ბოგინობენ ისინი, ვინც ჯერ ვითომ რევოლუციის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულები და შემდეგ მოკალათდნენ პარლამენტში, რომელიც გადააქციეს ერთმანეთის სალანძღავ და გაწევ-გამოწევის პოლიგონად. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ბედი კვლავ ვანდეთ ამ გახრწნილ ნაცბანდას. მათი საქციელის თანმდევია ხალხის ზიზღი და სიძულვილი. მათ არა აქვთ პასუხისმგებლობა თავიანთ ნამოქმედარზე. პარლამენტი მათ ბიზნესის ასაწყობად და ხელშეუხებლობის იმუნიტეტისთვის სჭირდებათ. საერთოდ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა როგორც ბანკირთა, ბიზნესმენთა, ისე ყოფილ პარლამენტართა ფენა. ადრე თუ იყო მუშათა, გლეხთა კლასი და ინტელიგენცია, მუშა გაქრა ქვეყნიდან. სამუშაო ადგილი არ არის, გლეხი არ არსებობს, მიწა წართმეულია, თანაც მიგრაციამ სოფელი გლეხის გარეშე დატოვა, ინტელიგენცია კი ჩარეცხილია.

აგერ ოცდაათი წელიწადია, პარლამენტი იღებს ეროვნული ცნობიერებისთვის შეუფერებელ გადაწყვეტილებებსა და კანონებს, რომლებიც ქვეყნის გარედან გარკვეული ძალების ძალისხმევითაცაა განპირობებული, იმ ძალების, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი მოწყობის შესაძლებლობას. ვერ შევიმუშავეთ ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოგვცემდა სრულყოფილი კონსტიტუციის შექმნის საშუალებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულება. სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო მუშაობა ხალხზე არ არის ორიენტირებული, ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს.

მოახლოვდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური სპექტრიდან როგორი პარლამენტარები უნდა შეირჩეს, როცა კონკურენცია საერთოდ არ არსებობს და პატიოსანი, განათლებული, პროფესიონალი პოლიტიკოსები სანთლით საძებარია?

ამის თვალსაჩინო მაგალითია, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

ჯონი ცინცაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here