Home რუბრიკები საზოგადოება პაპის უძლურება და კარდინალის მემკვიდრეობა: რატომ შევიდა ჩიხში რომის პაპის ბრძოლა პედოფილიის...

პაპის უძლურება და კარდინალის მემკვიდრეობა: რატომ შევიდა ჩიხში რომის პაპის ბრძოლა პედოფილიის წინააღმდეგ

კათოლიკე მღვდელმსახურთა შოკისმომგვრელი დანაშაულები

2231
კარდინალი

არასასურველი პირების მოწამვლა, ორივე სქესის ბავშვების გაუპატიურება და გარყვნა, მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, შეიძლება ითქვას, სამწუხარო ტრადიცია და ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თვით ეკლესია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კათოლიკური ეკლესია უკვე 306 წელს ცდილობდა მღვდელმსახურთა სექსუალური აღვირახსნილობის მოთოკვას, ხშირად იძულებული იყო, მკაცრად დაესაჯა ის მღვდლები და მაღალი რანგის სასულიერო პირები, რომლებიც მხილებულნი იყვნენ დანაშაულებრივ საქციელში. დღეს ბევრი ადამიანი (მათ შორის, კათოლიკები) გაოგნებულია ეკლესიის წიაღში ჩადენილი უამრავი დანაშაულითა და სექსუალური სკანდალით, რომელთა შესახებაც ხშირად იწერება პრესაში, მაგრამ მღვდელმსახურთა დანაშაულები, როგორც მასობრივი მოვლენა, დღეს ან გუშინ არ დაწყებულა.

ამერიკული პრესა თავგამოდებით განიხილავს შარშან, დეკემბერში გარდაცვლილი კარდინალის _ ბერნარდ ლოუს, “უზარმაზარ მემკვიდრეობას”. სწორედ ის დაასახელა მასმედიამ რომის კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის მოძალების სიმბოლოდ: მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ ბერნარდ ლოუ მფარველობდა გარყვნილ შემცდენელთ, აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის მრევლი მნიშვნელოვნად შემცირდა. ვატიკანს კიდევ ერთმა ამბავმა გაუმძაფრა თავის ტკივილი: პაპის მიერ შექმნილი სექსუალური ხასიათის დანაშაულების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელებმა პოსტები დატოვეს, კომისიის მუშაობა პარალიზებულია. ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც პაპმა ფრანცისკემ გაამძაფრა ბრძოლა კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის მოძალების წინააღმდეგ. რატომ გაუჭირდა ამჟამინდელ პონტიფიკოსს შესრულება დანაპირებისა, რომ “ეკლესიას გაწმენდდა უწმინდურებისგან”?

ბერნარდ ლოუ
ბერნარდ ლოუ

პონტიფიკოსი აგვიანებს

კათოლიკე მღვდელმსახურთა შორის პედოფილიის საგამოძიებო კომისიის წევრებს უფლებამოსილება ორი კვირის წინათ შეუწყდათ, მაგრამ კომისიის ბედი აქამდე გაურკვეველია. პაპმა ფრანცისკემ ახალი წევრების შესახებ უნდა გამოაცხადოს, მაგრამ ამას რატომღაც აგვიანებს.

ასეთი ვითარება შეიქმნა ავსტრალიის სახელმწიფო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ. ეს კომისია 5 წლის განმავლობაში იძიებდა პედოფილიის შემთხვევებს სკოლებში. შედეგებმა შოკი გამოიწვია საზოგადოებაში: პედოფილიის შემთხვევების თითქმის 63%-ში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ გარეულნი. ამ მონაცემებზე ხშირად საუბრობდნენ 2017 წლის დეკემბერში აშშ-სა და ევროპაში გამართულ დისკუსიებზე და მიუთითებდნენ პედოფილი სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრძოლის უშედეგობაზე.

პრეზიდენტებისა და პედოფილების მეგობარი

“ჩემს ძმებსა და დებთან ერთად ვსწავლობდი ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე წმინდა ეკატერინეს კათოლიკურ სკოლაში. როდესაც 10 წელი შემისრულდა, ჩვენთან მოვიდა ახალი მღვდელი. მშობლებს უყვარდათ მამა დონალდ მალსოფი: ის ახალგაზრდა იყო და ბავშვებს გაცილებით კარგად ეპყრობოდა, ვიდრე ჩვენი ხანში შესული და მკაცრი პასტორი, მაგრამ ერთხელ კლასელმა მიამბო, რა ჭორები დადიოდა მამა მალსოფსა და ბიჭებზე. შევშინდი, მაგრამ მშობლებისთვის არაფერი მითქვამს”, _ იხსენებს The New York Times-ის მიმომხილველი ელიზაბეტ ვილიამსონი. 2003 წელს მან მალსოფი პედოფილიაში ეჭვმიტანილი კათოლიკე მღვდელმსახურთა სიაში აღმოაჩინა.

2002 წელს ჟურნალისტების ძალისხმევით ბოსტონის მიტროპოლიაში სკანდალი ატყდა. გაირკვა, რომ მიტროპოლიის მეთაურმა, კარდინალმა ბერნარდ ლოუმ ყველაფერი იცოდა პედოფილ სასულიერო პირებზე, მაგრამ თვალს ხუჭავდა, მეტიც _ მფარველობდა პედოფილ მღვდლებს. ვატიკანის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, აშშ-ში ბოლო 50 წლის განმავლობაში სასულიერო პირებს 11 ათასამდე ბრალდება წაუყენეს მცირეწლოვანთა გარყვნის გამო. აღსანიშნავია, რომ “შემცდენელი მამების” უმრავლესობამ თავიდან აიცილა სასჯელი ყოვლისშემძლე მონსენიორ ლოუს ძალისხმევით. აშშ-ის უდიდესი კათოლიკური ეპარქიის ხელმძღვანელობის ათეულობით წლების განმავლობაში კარდინალმა ბერნარდ ლოუმ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა რიგით მორწმუნეთა შორის, მას დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ წრეებზეც, ამიტომაც დაიმსახურა ჟურნალისტრებისგან მეტსახელი “პრეზიდენტების მეგობარი”. ასეთი ბექგრაუნდი საშუალებას აძლევდა მას, ჩარეულიყო ვატიკანის საქმეებში სრულიად მსოფლიოში. მაშინაც კი, როდესაც პედოფილიის სკანდალის გამო იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა თავისი მაღალი პოსტი, კარდინალ ლოუს არ დაუკარგავს გავლენა კათოლიკური ეკლესიის შიგნით: პაპმა იოანე პავლე II- სკანდალში გახვეული კარდინალი 2004 წელს მრჩევლად დანიშნა ახალი ეპისკოპოსების ხელდასხმის საკითხებში და ის მხოლოდ პონტიფიკატის დადგენილებით ჩამოშორდა პოლიტიკურ სცენას.

ჯორჯ პელი
ჯორჯ პელი

პაპის უძლურება

როგორც კი იწყება ლაპარაკი პედოფილიაზე კათოლიკური ეკლესიის შიგნით, რომის პაპის რიტორიკა მყისვე იცვლება და, კეთილგანწყობილის ნაცვლად, საბრძოლო ხდება. ფრანცისკეს მიერ წმინდა პეტრეს ტახტის დაკავების შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ “სიბილწე, რომელიც გავრცელდა ვატიკანში” (ასე უწოდებს ეკლესიაში გამეფებულ პედოფილიას ფრანცისკე), სწრაფად გაქრებოდა, მაგრამ 2018 წლის 13 მარტს მისი პონტიფიკოსობის მეხუთე წელი ამოიწურება, პრობლემებმა კი მოიმატა. მხოლოდ 2017 წელს ვატიკანის პრესსამსახურებს ჰქონდა, სულ ცოტა, ორი ავრალური პერიოდი: ივლისის ბოლოს მოუწია ვატიკანის ხაზინადარ ჯორჯ პელის საწინააღმდეგო შეტევების მოგერიება (ვატიკანის ხაზინადარი პედოფილიაში დაადანაშაულეს), 19 სექტემბერს კი ჩრდილი მიადგა მთავარი ინკვიზიტორის, კარდინალ ლუის ფერერის სახელს.

და თუ 2014 წელს, პედოფილიის მორიგი სკანდალური შემთხვევის შემდეგ, პონტიფიკოს ფრანცისკეს რიტორიკა აღსავსე იყო გაბედულებით, რადაც უნდა დასჯდომოდა, აღმოეფხვრა პედოფილია, 2017 წელს განვითარებულმა მოვლენებმა, როგორც ჩანს, ჩააცხრო მისი თავდაჯერებულობა. ეკლესიამ პედოფილიის პრობლემას ძალიან გვიან მიაპრო ყურადღებამე ეს ვიცი და ამიტომ ვამბობ: ჩვენ დავაგვიანეთ. შესაძლოა, ძველმა პრაქტიკამ ადამიანების სხვა ადგილებზე გადაყვანისა (მღვდელმსახურებისთვის ადგილების შეცვლა, რომელსაც ხშირად მიმართავდა კარდინალი ლოუ _ ..) ისე, რომ პრობლემას არ ჩავუღრმავდებოდით, დააჩლუნგა ჩვენი სინდისი”, _ აი ახლა ამას ამბობს პაპი ფრანცისკე. ნუთუ პონტიფიკოსმა ხელი მოაწერა თავის უძლურებაზე?

პაპმა ჯერჯერობით მხოლოდ ის შეძლო, რომ საეკლესიო პედოფილიის თემა საჯარო სივრცეში გამოიტანა, შედეგად პედოფილიის ისეთი მასობრივი შემთხვევები, როგორიც ადრე იყო, აღარ არის, რადგან სასულიერო პირები უფრთხილდებიან თავიანთ პოსტებს, ეკლესიაში მოქმედ დამნაშავეებზე ხომ ნადირობა გამოცხადდა?! თუმცა უახლოეს მომავალში, საეჭვოა, “ვატიკანი სიბილწისგან გაიწმინდოს”, ამისთვის მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

ეს გარდაუვალია

შობის წინ პაპმა ფრანცისკემ საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობა, კერძოდ, ვატიკანელი ადმინისტრატორები. ვატიკანის რეფორმირება ისე რთულია, როგორც ეგვიპტური სფინქსის კბილის ჯაგრისით გასუფთავება”, _ განაცხადა მან უმაღლესი იერარქების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ბევრმა მედიასაშუალებამ მყისვე გაიხსენა, 4 წლის წინათ როგორი ენთუზიაზმით შეუდგა პონტიფიკოსი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემის გარდაქმნას და ამის გამო უამრავი მტერიც შეიძინა. როგორც ჩანს, ვატიკანის რეფორმირება საკმაო ხანს გაგრძელდება და მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუწევს თანამედროვე პირობებთან შეგუება. ეს ეხება პედოფილიის აღმოფხვრასაც: რომ არა ვატიკანის ბიუროკრატიული თავისებურებები, პაპი ამ საკითხში მეტ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ვატიკანი წარმოუდგენელია ბიუროკრატიის გარეშე, ის მარადიულია ისევე, როგორც რომი.

რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

კათოლიკე მღვდელმსახურთა მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები საზოგადოების განსჯის საგანი პირველად 1984 წელს გახდა, როდესაც გამომზეურდა ლუიზიანის შტატის (აშშ) ქალაქ ლაფაიეტის ეკლესიის სასულიერო პირის _ გილბერტ გოტის საქმე. ამუშავდა “დომინოს ეფექტი” და მსგავსი დანაშაულები სხვა ქვეყნებშიც გამოაშკარავდა. კათოლიკე მღვდელმსახურთა სექსუალური ძალადობის ბევრმა მსხვერპლმა რომის კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს იერარქებს მიმართა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა, მაგრამ, დაცვის ნაცვლად, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელები მსხვერპლს მუქარით აიძულებდნენ, გაჩუმებულიყო ან დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც იყო კათოლიკური მღვდელმსახურების მიმართ პრეტენზიები, 1984 წლამდე არავის შეუტანია სასამართლოში სარჩელი უმაღლესი სასულიერო პირის წინააღმდეგ.

რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურთა მიერ 1990-2000 და შემდგომ წლებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოაშკარავებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მღვდელმსახურთა დაახლოებით 5 პროცენტი ბავშვებზე ძალადობდა, 2011-2012 წლებში კი ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის 400 სასულიერო პირს აჰყარეს ჩინი და განკვეთეს ეკლესიიდან. ეს ციფრები ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტედ პრესმა” ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის პრესმდივნის _ ფედერიკო ლომბარდის ანგარიშიდან ამოიღო და გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ვატიკანი მკაცრ ზომებს მიმართავს პედოფილი მღვდელმსახურების წინააღმდეგ, რომის კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე ძალადობას აქამდე არ მიიჩნევდა “სერიოზულ პრობლემად”, რადგან თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევა იყო.

სექსუალური სკანდალები რომის კათოლიკურ ეკლესიაში _ გამაოგნებელი ფაქტები

* აშშ. ბოლო წლებში რომის კათოლიკური ეკლესია, კერძოდ, ბოსტონის მიტროპოლია, არაერთხელ აღმოჩნდა სექსუალური სკანდალის ეპიცენტრში. 1990-იან წლებში საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია ბოსტონელი მღვდელმსახურების _ პოლ შენლისა და ჯონ ჯიგანის _ დანაშაულებმა, აგრეთვე, იმან, რომ ეკლესიის უმაღლესი რანგის პირები შენლისა და ჯიგანის დანაშაულების დაფარვას შეეცადნენ. 2003 წელს ბოსტონის მიტროპოლიამ 85 მილიონი დოლარი გადაუხადა 500 მღვდელმსახურის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ. 2004 წელს კი გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ–ის კათოლიკური ეკლესიის 4000-ზე მეტმა მღვდელმსახურმა ბოლო 50 წლის განმავლობაში 10 ათასზე მეტ მცირეწლოვანზე იძალადა, ძირითადად _ ბიჭებზე. საკომპენსაციო თანხამ, რომელიც აშშ-ის რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მოსარჩელეებს გადაუხადა, 2 მლრდ დოლარი შეადგინა.

ბალთაზარ კოსა
ბალთაზარ კოსა

* ირლანდია. ამ ქვეყანაში კათოლიკე მღვდელმსახურთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოაშკარავებამ (2010-2011) შოკი გამოიწვია _ არასრულწლოვნებზე ათეული წლების განმავლობაში ძალადობდნენ და მსხვერპლთა რაოდენობა ათასობით ბავშვს ითვლის. სკანდალი გაღრმავდა იმით, რომ ირლანდიის 4-მა ეპისკოპოსმა და კარდინალმა შონ ბრედიმ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ. ბოლო მონაცემებით, მღვდელმსახურებმა ირლანდიაში 2000-ზე მეტი მოზარდი გააუპატიურეს, უმეტესობა _ ბიჭი.

* გერმანია. 2010 წელს გერმანიაში შოკი გამოიწვია ფაქტებმა, რომლებიც გამომზეურდა ეტალის სააბატოს (ბავარია) კათოლიკურ მონასტერში. პედოფილი მღვდელმსახურების მსხვერპლი 100-ზე მეტი აღსაზრდელი აღმოჩნდა, მათ შორის, ბიჭების მომღერალთა გუნდ რეგენსბურგერ დომსპატცენის წევრები. სიტუაცია გართულდა იმით, რომ ამ გუნდის კურატორი იყო გეორგ რატცინგერი _ რომის კათოლიკური ეკლესიის იმჟამინდელი მეთაურ ბენედიქტ XVI-ის ძმა. ანალოგიური ინციდენტი მოხდა ბერლინის იეზუიტურ კოლეჯში, სადაც 12 პედოფილი მასწავლებლის მსხვერპლი 115 მოსწავლე შეიქნა.

* შვეიცარია. ეპისკოპოსების მიერ შექმნილმა კომისიამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 2010 წელს მღვდელმსახურმა პედოფილებმა 104 მოზარდი გააუპატიურეს.

* ავსტრალია. 1993-2010 წლებში 100 ავსტრალიელი მღვდელმსახური გაასამართლეს მოზარდებზე სექსუალური ძალადობის გამო.

* ბელგია. 2010 წლის სექტემბერში ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში 103 საჩივარი შევიდა რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურთა გარყვნილი მოქმედების შესახებ. მოსარჩლეთა 76% 40 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო, რომლებიც ბავშვობაში მღვდელმსახურებმა გააუპატიურეს. მათგან ყველაზე უფროსი 82 წლისაა, ყველაზე უმცროსი _ 23-ის. 2011 წელს რომის კათოლიკურ ეკლესიას უჩივლა 75 ბელგიელმა, რომლებზეც მღვდელმსახურებმა სექსუალურად იძალადეს.

სკანდალური პაპები და მათი დანაშაულები

საუკუნეების განმავლობაში რომის პაპის ტახტისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ: კლავდნენ ადამიანებს, ჰყიდდნენ და ყიდულობდნენ ტახტსა და ტიარას, პაპის გარშემო ყოველთვის ხლართავდნენ ინტრიგებს. ალბათ, სწორედ ამიტომ რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში არაერთი სკანდალური პაპი ყოფილა და, ალბათ, კიდევ იქნება.

როდრიგო ბორჯია
როდრიგო ბორჯია

2013 წლის თებერვალში ბენედიქტ XVI (იოზეფ ალოიზ რატცინგერი), რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას 7 წლის განმავლობაში მართავდა და რომელმაც სახელი მუსლიმანების ლანძღვით გაითქვა, ნებაყოფლობით გადადგა (აღსანიშნავია, რომ რატცინგერი ახალგაზრდობაში ფაშისტურ ორგანიზაცია ჰიტლერიუგენდის!” წევრი იყო), მისი ადგილი კი ახალმა პაპმა (რიგით 266-ემ რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში) ფრანცისკემ დაიკავა _ ფრანცისკე პირველი პაპია სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ, არგენტინიდან.

* სტეფან VI _ გვამის მსაჯული

რომის პაპს _ სტეფან VI-ს (896-897) ისე სძულდა თავისი წინამორბედი _ პაპი ფორმოზა, რომ მისმა სიკვდილმაც ვერ დააკმაყოფილა. სტეფან VI-ის მიერ 897 წლის იანვარში ჩატარებულ სინოდს, რომელსაც “გვამური სინოდი” შეარქვეს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ გამოცდასა და პაპის ყველაზე სამარცხვინო საქციელს უწოდებენ.

სტეფან VI-მ განკარგულება გასცა, მიწიდან ამოეღოთ ფორმოზას გახრწნილი გვამი, ჩაეცმიათ მისთვის პაპის სამოსი, დაესვათ ტახტზე და მოეწყოთ მისთვის სასამართლო. გვამს, რა თქმა უნდა, თავის დაცვა არ შეეძლო და ფორმოზა დამნაშავედ გამოცხადდა, სხვათა შორის, შეთითხნილი ბრალდებებით. ფორმოზას მარჯვენა ხელის სამი თითი მოჰკვეთეს, რომლებითაც პირჯვარს იწერდა. შემდეგ გვამს სამოსი გახადეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს. საზოგადოება აღაშფოთა პაპის საქციელმა _ სტეფან VI შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში, სადაც დაახრჩვეს.

* ბენედიქტე IX _ პაპი, რომელმაც ტახტი გაყიდა

ბენედიქტე IX (ერისკაცობაში თეოფილაქტე) სამჯერ ავიდა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ტახტზე. ის იყო 145-ე (1032-1044), 147-ე (1045 წლის 10 მარტი _ 1045 წლის 1 მაისი) და 150-ე (1047 წლის 8 ნოემბერი _ 1048 წლის 16 ივლისი) პაპი.

ბენედიქტე IX ბევრს არ უყვარდა. მასზე წმინდა პეტრე დამიანე წერდა: “ჯოხეთის მოციქული მღვდელმსახურის სახით”. გასაკვირი არ არის, რომ ბენედიქტე IX, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გახდა რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი (ზოგიერთი ცნობით _ 20 წლისა) პირველი იყო, რომელმაც პაპის ტახტი გაყიდა _ 1045 წელს მან ტახტი 680 კგ ოქროდ მიჰყიდა თავის ნათლია ჯოვანი გრაციანოს; შემდგომში _ რომის პაპ გრიგოლ VI-ს. მოგვიანებით ბენედიქტე IX სიმონიაში (საეკლესიო წოდებების გაყიდვა) დაადანაშაულეს და ეკლესიიდან განკვეთეს.

* იოანე XXIII _ მეკობრე პაპის ტახტზე

ნეაპოლელი მეკობრე, მკვლელი, სოდომისტი, საკუთარი შვილთან და მის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთობის მქონე ბალთაზარ კოსა რომის კათოლიკურ ეკლესიას იოანე XXIII-ის სახელით 1410-1415 წლებში მართავდა. იოანე XXIII-ს ადანაშაულებდნენ მისი წინამორბედი პაპის _ ალექსანდრე V-ს მკვლელობაში, სამასი მონაზვნის გაუპატიურებაში, თავისი ძმის ცოლთან სექსუალურ კავშირში, გახრწნაში ოჯახისა, რომელიც დედისგან, ვაჟისა და სამი დისგან შედგებოდა, სიმონიაში, ბოლონიასა და რომში ათასობით ადამიანის წამებაში. ამ დანაშაულების გამო რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII განკვეთა და სამოქალაქო სასამართლოს გადასცა, როგორც “გამოუსწორებელი ცოდვილი, უზნეო არამზადა, სიმონისტი, მკვლელი და გამხრწნელი. იოანე XXIII ფრაიბურგში (გერმანია) დააპატიმრეს, რის შემდეგაც მან უარი თქვა წოდებაზე. პატიმრობიდან გათავისუფლებული კი ეახლა ახალ პაპს _ მარტინ V-ს, რომელმაც ეპისკოპოსად დანიშნა.

იოანე XXIII გარდაიცვალა 1419 წლის 22 დეკემბერს.

* ინოკენტი VIII _ კუდიანებზე მონადირე და სამი ბიჭის სისხლში მობანავე

რომის პაპი ინოკენტი VIII, იგივე ჯანბატისტა ჩიბო, 1432 წელს დაიბადა გენუაში (იტალია). პაპის ტახტზე 1484 წელს ავიდა და რომის კათოლიკურ ეკლესიას 1492 წლამდე მეთაურობდა. ჯანბატისტა ჩიბო გულგრილი არ იყო ლამაზი ქალების მიმართ და ქორწინების გარეშე შვილიც ბევრი ჰყავდა. 1484 წელს ინოკენტი VIII-მ გამოსცა ცნობილი ბულა (განკარგულება), რომელიც მიმართული იყო კუდიანების წინააღმდეგ და რომელმაც ევროპაში ინკვიზიციური პროცესები გამოიწვია. ყველაზე საშინელი კი, რასაც მასზე ისტორიკოსები მოგვითხრობენ, არის ის, რომ მომაკვდავ ინოკენტი VIII-ს ჯან-ღონის მოსაკრებად ექიმმა ძარღვებში სამი ბიჭის სისხლი შეუყვანა. პაპმა იცოდა ბიჭების დახოცვის შესახებ, მაგრამ ექიმების წინადადებას მაინც დათანხმდა, თუმცა სისხლის გადასხმამ ვერ უშველა.

* ალექსანდრე VI _ მექრთამე და გარყვნილი

კორუფციაში ჩაფლული, არამზადა და გარყვნილი ალექსანდრე VI (1492-1503), იგივე როდრიგო ბორჯია, რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ამორალურ პერსონად ითვლება. მისი გარყვნილებისა და მექრთამეობის შესახებ იმჟამინდელმა ევროპამ ყველაფერი იცოდა. წმინდა ტახტზეც კი როდრიგო ბორჯია კარდინალების მოსყიდვით ავიდა. წმინდა პეტრეს ეკლესიაში მოკალათებულმა ალექსანდრე VI-მ თავისი ოჯახის წევრები, მათ შორის ვაჟები, და საყვარლის _ ჯულია ფარნეზეს _ ნათესავები წამყვან პოზიციებზე დანიშნა: ვაჟი ჩეზარე 18 წლისა გახდა კარდინალი, ჯულია ფარნეზეს ძმა ალესანდრო ფარნეზე _ 24 წლისა. როდრიგო ბორჯიას კიდევ ერთი საყვარლისგან _ ვანოცა დეი კატანეისგან 4 შვილი ჰყავდა _ 3 ვაჟი და ქალიშვილი ლუკრეცია, რომელიც მამის სარეცელს იზიარებდა და მისგან შვილიც გააჩინა. ალექსანდრე VI-მ ლუკრეცია პოლიტიკურ პაიკად აქცია და კიდევ უფრო მეტი გავლენის მოსაპოვებლად სამჯერ გაათხოვა მდიდარ და გავლენიან პირებზე.

* გრიგოლ XVI _ გონებაჩლუნგი და ლოთი

პაპი გრიგოლ XVI _ ბართოლომეო ალბერტო კაპელარი _ რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი 1831 წლის 2 თებერვლიდან 1846 წლის 1 ივნისამდე იყო.

გრიგოლ XVI ცნობილია, როგორც გონებაჩლუნგი და ძალიან სასტიკი პაპი, რომელიც გამუდმებით ლოთობდა. გრიგოლ XVI-ის პაპობის პერიოდში ეკლესიას, ფაქტობრივად, მართავდა მისი პირადი მდივანი გაეტანო ბორონი. პაპის გარემოცვაში იყვნენ ხარბი და ძალაუფლების მოყვარული ამორალური პირები. გრიგოლ XVI ებრაელებისადმი სიძულვილით გამოირჩეოდა, რომლებიც გეტოში შეასახლა და იქიდან გამოსვლა აუკრძალა. ებრაელებისადმი სიძულვილის მიუხედავად, პაპი რეგულარულად იღებდა დიდძალ თანხას მდიდარი ებრაელი როტშილდისგან.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here