ოჯახი

    ქრისტიანული ათი მცნებიდან მეხუთე ოჯახურ ურთიერთობაზე გველაპარაკება და კატეგორიული იმპერატივის სახით გვთავაზობს: „პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი იგი უფალმა ღმერთმან მოგცეს შენ”.

    ფრიდრიხ ენგელსს ეკუთვნის ცნობილი სოციოლოგიური ნაშრომი „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა”, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაწერა და მიჩნეულია პირველ ფუნდამენტურ გამოკვლევად, რომელშიც ოჯახი განხილულია ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად. ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი ამბობდა: სამშობლოს სიყვარული ოჯახის სიყვარულით იწყება”. ამერიკელი მწერალი ენტონი ბრანდტი გვეუბნება: ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რაც ჩვენზე გავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენ ვიწყებით და ვმთავრდებით ოჯაში”. ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯოან როულინგის, აზრით კი: ოჯახი მაშველი რგოლია ცხოვრების აბობოქრებულ ზღვაში”. გვერდს ვერ ავუვლით ესპანური წარმოშობის ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ბრწყინვალე განმარტებას: ოჯახი ბუნების ერთერთი შედევრია”. მიაქციეთ ყურადღება: ოჯახი, საზოგადოების (სოციუმის) კი არა, ბუნების (ღმერთის) შედევრად არის გამოცხადებული. ამ და სხვა უაღრესად მიგნებული და ლამაზი გამონათქვამების გააზრების მიუხედავად, მე მაინც სხვანაირად ვიტყვი: კაცობრიობა, ალბათ, ოჯახის ინსტიტუტის გარეშეც მოახერხებდა სიცოცხლის გაგრძელებას, მაგრამ ამას უკვე არანაირი აზრი არ ექნებოდა. ოჯახი რაციონალურისა და ემოციურის ფოკუსირებაა, რომელშიც ადამიანური არსებობის  საზრისი იკვეთება. ოჯახი ერთადერთია, რომელიც თავის თავშივე მოიცავს მიზანსაც და მიზნის მიღწევის საშუალებასაც. ოჯახი სუბსტანციაა, მარადიული საწყისია!

    ამიტომაც იქცა ოჯახი დასავლეთის უბოროტესი ძალების გააფთრებული დარტყმისა და გაუთავებელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად. დასავლეთის ეს დაუნდობელი ბრძოლა სამი მიმართულებით მიმდინარეობს: რუსული სახელმწიფო; მართლმადიდებელი ეკლესია და ოჯახის ინსტიტუტი. ეს სამი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან არაფერი ისე გადაულახავ ჯებირად არ აღმართულა მსოფლიოს დაპყრობისა და მასზე საბოლოო გაბატონების ამერიკული პროგრამის წინაშე, როგორც ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, წმინდა სამება. მსოფლიო გარყვნილების დასავლური პროგრამის მესვეურები რუსულ სახელმწიფოს იმიტომ ებრძვიან, რომ ეს არის ბრძოლა მართლმადიდებლობისა და ოჯახის წინააღმდეგ; მართლმადიდებელ ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთისა და ოჯახის წინააღმდეგ; ოჯახის წინააღმდეგ კი იმიტომ იბრძვიან, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს სამი მომენტი ისეა ერთმანეთში გადაწნული და გადახლართული, რომ ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ, ვერ აცალკევებენ. ამიტომ სამივე მიმართულებით გააფთრებული ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, რაც, პრაქტიკულად, ერთი მიმართულებით ბრძოლაა- ეს არის ანტიქრისტეს ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ.

    ამ ბრძოლაში  ვინც თავს განიხილავს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ოჯახის ინსტიტუტის გვერდით, იგი ავტომატურად დგება რუსული სახელმწიფოს გვერდით, ვინაიდან არც მართლმადიდებელ ეკლესიას და არც ოჯახის ინსტიტუტს ისე არავინ იცავს (ვერავინ დაიცავს), როგორც რუსეთი და რუსული სახელმწიფო. შუა საუკუნეების ცნობილი გამოთქმა, პირველი რომი იყო რომი, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, მესამე რომი არის მოსკოვი და მეოთხე რომი აღარ იქნება”, დღესაც ძალაშია.

    ვინმე მართლა თუ ფიქრობს, რომ ეს გააფთრებული „დაცვა” სექსუალური უმცირესობის ინტერესებისა მართლა მათ დასაცავად ხდება, კი არ ეშლება, ახლოსაც არ არის პრობლემის გააზრებასთან. როგორ წარმოგიდგენიათ, მთელმა დასავლეთმა საკუთარი პრობლემები დაივიწყა, კრიზისების გადაჭრაზე უარი თქვა, ბირთვული ომის საშიშროება უკანა პლანზე გადაიტანა და საკუთარი მომავალი ბუნების მიერ დასჯილი, ორიენტაციააღრეული ამ საცოდავი არსებების უფლებების დაცვის სამსხვერპლოზე მიაქვს?! ეს ვინმეს მართლა სჯერა?! ვინმეს მართლა სჯერა, რომ სქესარეული ადამიანებისთვის „ქორწინების” უფლების მინიჭება უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე მოშიმშილე ადამიანების დახსნა საშინელი სიკვდილის კლანჭებიდან? ოდესმე ვინმეს გაუგია, რომ დასავლეთი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებებს გეგმავდეს? საერთოდ ახსენებს ვინმე შიმშილის პრობლემის არსებობას? იმ ადამიანებიდან აქ, ჩვენთან, დაოთხილნი რომ დარბიან ცისარტყელას დროშებით, რომელიმეს აინტერესებს საშიმშილოდ გამეტებული ადამიანების (ბავშვების, მოხუცების) ბედი, რომელთა რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით – იზრდება მთელ მსოფლიოში? ისე მაინც თუ გაუგიათ ის ამბავი, რომ მსოფლიოში იწარმოება საკმარისი პროდუქტი იმისთვის, რომ მშიერი არავინ დარჩეს (დაახლოებით ოთხი მილიარდი ტონა ყოველწლიურად), მაგრამ მისი მეოთხედი ნადგურდება, რადგან კაპიტალისტებს ურჩევნიათ, გაანადგურონ კვების პროდუქტები, ვიდრე იგი მშიერ მოსახლეობას მიაწოდონ, რათა მოთხოვნასთან ერთად ფასებიც მუდმივად მაღალი (შესაბამისად, მოგებაც) რჩებოდეს. ამ დროს მსოფლიოში მილიარდნახევარს აჭარბებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, თავი დანაყრებულად იგრძნონ და მუდმივად შიმშილის გრძნობა აწუხებთ. ის კი, რასაც ჯანსაღი კვება ეწოდება, პლანეტის სამ მილიარდზე მეტი ადამიანისთვის მიუწვდომელია. აშშში ორმოცდაათ მილიონს აჭარბებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ნორმალურ საკვებზე. ვარაუდობენ, რომ რაოდენობა ამ კატეგორიისა უახლოეს მომავალში კიდევ ოცდათხუთმეტი მილიონით გაიზრდება. ამ ფონზე პლანეტის ყველაზე მდიდარი ათი ადამიანის კაპიტალის ზრდა ყოველწლიურად აღწევს იმ მასშტაბს, რომელიც თერთმეტჯერ დაფარავდა იმ დანახარჯებს, რომ პლანეტაზე არავინ შიმშილობდეს. როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემა უფრო სერიოზული და უფრო მეტი ყურადღების ღირსია თუ ლგბტ პრობლემა? შეკითხვაზე პასუხი ნათელია, მაგრამ გაბატონებული სოციალური უსამართლობის გამო შიმშილისთვის განწირულ ადამიანების ხმა არავის ესმის, როდესაც მამათმავლებისა და დედათმავლების ინტერესების დასაცავად თეთრი სახლი ცისატყელას ფერებით ნათდება და მთელ მსოფლიოს სწვდება მოწოდება მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით. განა ეს სრულიად აშკარა დისკრიმინაცია საშიმშილოდ განწირულებისა და ავადმყოფური გაფეტიშება გარყვნილებისა არ ღაღადებს იმაზე, რომ ადამიანთა უფლებები არავის ადარდებს და საქმე სრულიად განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს? ის მისასალმებელი მოვლენა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად დაუპირისპირდა ე.წ. გენდერულ სიგიჟეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ უმსგავსობას ადვილად დაესმება წერტილი. ჯინი ბოთლიდან ამოშვებულია, მექანიზმი აღძრულია და მანქანა დაქოქილია. სულაც არ გამიკვირდება, რომ ტრამპმა ვერ შეძლოს მისი შეჩერება და პირიქით  – მანქანამ გაიტანოს დონ კიხოტივით ქარის წიქვილებთან მებრძოლი პრეზიდენტი.

    ლგბტ საკითხის გაფეტიშება პრობლემის ადამიანურ (ჰუმანურ) გადაჭრას კი არ ემსახურება, ოჯახის ტრადიციულ ღირებულებასთან, მის საღმრთო (საკრალურ) ბუნებასთან დასაპირისპირებლად გამოიყენება და მას არა შემთხვევითი, არამედ სრულიად მიზანმიმართული ხასიათი ეძლევა. ვის ახსოვს და ვის აწუხებს ამ საცოდავი ადამიანების მძიმე ხვედრი? მათი უბედურება გამოყენებულია აღვირახსნილი, ფართომასშტაბიანი, საპლანეტო პროვოკაციისთვის ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

    ერთადერთი რელიგია, რომელიც შეურიგებელია ამ პროცესის მიმართ, მართლმადიდებლობაა (არა საზოგადოდ ქრისტიანობა, არამედ სახელდობრ მართლმადიდებლობა). რუსეთის პატრიარქი კირილე აცხადებს: „მთელ რიგ ქვეყნებში მიღებული კანონები, რომლებიც ნებას რთავს ლგბტ პროპაგანდას, ეწინააღმდეგება ადამიანის ზნეობრივ ბუნებას და იწვევს ისეთსავე აღშფოთებას, როგორსაც ფაშისტური გერმანიის კანონები იწვევდა”. რომის პაპი ფრანცისკე კი ასე მსჯელობდა: „ვინ ვარ მე, რომ განვიკითხო ჰომოსექსუალები? ჰომოსექსუალებსაც აქვთ უფლება, იცხოვრონ ოჯახებში. ისინი ღვთისშვილები არიან და აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახები”. დააკვირდით განსხვავებას: კირილეს პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და მასში ჩანს გაცნობიერება იმ ვერაგული, არაადამიანური ჩანაფიქრისა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის (სიშლეგის) მიღმა იმალება. ფრანცისკეს პოზიცია კი ჰუმანიზმს ამოფარებული წახალისებაა ქრისტიანული წესის მიერ აშკარად დაგმობილი და ცოდვად შერაცხული ცხოვრების წესისა, ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ტრადიციას, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ შემოიღო და დანერგა – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.

    17 მაისს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ასე იქადაგა: საუკუნეების განმავლობაში ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა, როგორც ოჯახი, ამდენად ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასიმამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი. ადამიანი მოწოდებულია, ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა თაობა.  უფროსი თაობისგან უმცროს თაობას გადაეცემა სულიერი და კულტურული გამოცდილება“.

    სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ იმის გაცნობიერებისგან, რომ დედამიწის ზურგზე რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ისტორიამ მართმადიდებელი ეკლესიის, მართლმადიდებლური კულტურისა და ოჯახის, როგორც ღვთაებრივი საწყისის (სუბსტანციის), დაცვის ფუნქციაც დააკისრა და ამ წმინდა საქმის ბოლომდე მიყვანის ძალმოსილებაც მოჰმადლა.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here