მეხუთე გადაცემა
სასწაულის მოლოდინში, რომელიც არ მოხდება
ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.
წინა გადაცემაში საქართველოს კოლონიურ მდგომარეობაზე ვსაუბრობდი. კოლონია არის დაპყრობილი ქვეყანა, სადაც ხალხს, როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხებში წართმეული აქვს საკუთარი ნების გამოვლენის უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და თვით სასამართლო შტოების გადაწყვეტილებები ნებისმიერ წუთს შეიძლება გარედან უხეში ჩარევისა და რევიზიის საგანი გახდეს.
დღეს ზუსტად ეს მდგომარეობა გვაქვს საქართველოში.
სამაგალითოდ ავიღოთ დანაშაულში მხილებული და გასამართლებული პირების _ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის ისტორია.
გავიხსენოთ, რაში ედებოდათ მათ ბრალი.
Publika.ge: “2020 წლის 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სასამართლომ გიგი უგულავა საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვაში გაამტყუნა. “ევროპული საქართველოს” ლიდერს სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა”.
Alia.ge: “პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ გამოცხადდა 20 ივნისის მოვლენების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გამო”.
ვალერი კვარაცხელია: _ პოლიტიკოსებზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალის პოლიტიკური მოტივით (ხელოვნური) ინკრიმინაცია რომ არ მოხდეს, მათ გარკვეული იმუნიტეტი უნდა იცავდეს და იცავს კიდეც, მაგრამ საკითხს მეორე მხარეც გააჩნია. კერძოდ ის, რომ პოლიტიკოსობა არ უნდა იყოს მათთვის ყოვლის ნებადართულობის საფუძველი. ამ თვალსაზრისით, ძნელია, შეედავო საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც იგი აცხადებს:
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: _ არ შეიძლება, რომ ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ შეტევას ახორციელებდნენ პარლამენტზე, პოლიტიკას ამოეფარონ. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში ამაზე ექნებოდათ ადეკვატური რეაქცია და ვერანაირი პოლიტპატიმრის სტატუსი ვერ ექნებოდა იმ ადამიანს, ვთქვათ, გერმანიაში, რომელიც ბუნდესტაგზე ძალადობრივ შეტევას განახორციელებდა, ისევე, როგორც ვერ ექნებოდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ადამიანს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტის 10 პროცენტს გაფლანგავდა.
ვალერი კვარაცხელია: _ ასეთი იყო ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ასეთი იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ კონკრეტულ შემთხვევებში, მაგრამ სხვანაირი იყო ამ საქმისადმი დასავლეთის გარკვეული წრეების დამოკიდებულება. მათ თითზე დაიხვიეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხებოდა და, რომელშიც მართლმსაჯულებაზე შემდეგი აბზაცი ჩაიწერა: “ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც, შესაძლოა, აღქმული იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია, და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული”. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ამ ზოგად, ბუნდოვან და გრამატიკული თვალსაზრისით სამარცხვინოდ შედგენილ ტექსტში ტერმინი “პოლიტპატიმარი” ნახსენებიც არ არის და, საერთოდ, არავის გათავისუფლებაზე არ არის საუბარი, დასავლეთის გარკვეული წრეებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა იმის სამტკიცებლად, რომ პატიმრები, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებად ნათლავდნენ, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყვნენ. ასე ერთხმად აყაყანდნენ დასავლეთში “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი თუ მათ მიერ მოსყიდული პოლიტიკოსები.
ჯიმ რიში, აშშ–ის სენატორი: _ ველოდები, რომ საქართველოში სრულად შეასრულებენ მარტში მიღწეული შეთანხმების პირობებს, მათ შორის პოლიტპატიმრების განთავისუფლებას.
ვალერი კვარაცხელია: _ ისინი არად დაგიდევენ, რომ შეთანხმებაში იმის მსგავსი არაფერი წერია, რასაც გვიმტკიცებენ. ისინი არც იმას დაგიდევენ, ეს პატიმრები მართლა პოლიტიკური პატიმრები არიან თუ პოლიტიკას ამოფარებული საშიში დამნაშავეები. რაკი შეთანხმების ტექსტში სიტყვა მართლმსაჯულებაა ნახსენები, დაიხვიეს თემა თითზე და თუთიყუშებივით იმეორებენ ერთსა და იმავეს.
ადამ კინზინგერი, აშშ–ის კონგრესმენი: _ აუცილებელია, რომ, ბოლოს და ბოლოს, მოხდეს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია და წინ წავიდეთ.
ვალერი კვარაცხელია: _ ევროპისა და აშშ-ის საელჩოებიც დაუფარავად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ.
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: _ ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობაზე.
აშშ–ის საელჩოს განცხადებიდან: “8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას. მიღწეული შეთანხმება ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს”.
ვალერი კვარაცხელია: _ დააკვირდით, როგორი გველური ენით არის ეს ტექსტი შედგენილი: “შეთანხმების მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომელიც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს”, ე.ი., ჩვენ კი არ ვამტკიცებთ, რომ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა მოხდა, ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ეს “სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს”. ამ წინადადებაში მართლაც აშკარად ისმის გველის სისინი, რომელიც მომდევნო წინადადებაშიც გრძელდება: “ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი”.
ორივე მხარეს მოვუწოდებთო.
რას ნიშნავს ორივე მხარე? თავიანთ მხარეს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” ისინი არაფრისკენ არ მოუწოდებენ, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, გაათავისუფლონ პატიმრები, რომლებიც დასავლეთის ემისრები არიან. დასავლეთის ეს გველური სისინი თვეების მანძილზე გრძელდებოდა.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკელებს გუანტანამოს ციხე პატიმრებით ჰყავთ სავსე. ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ბიურო აცხადებს, რომ 2002 წლიდან დღემდე გუანტანამოს ჯოჯოხეთი გამოვლილი აქვს 780 პატიმარს, რომელთა უმრავლესობა დატყვევებული იყო ბრალის წარდგენისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ისინი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ე.წ. შავი ადგილებიდან ხვდებოდნენ საპყრობილეში, სადაც მათ ყოფნას საიდუმლოდ ინახავდნენ და საშინლად აწამებდნენ. იქ დღესაც მრავალი პატიმარი იმყოფება. ადამიანის უფლებების დაცვის ბიურო მოუწოდებს აშშ–ის ხელისუფლებას: ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაასამართლოს ტყვეები, ან გაათავისუფლოს ისინი და დახუროს გუანტანამოს საპყრობილე.
აშშ-ში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების თვალსაზრისით ასეთი სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ისინი, რატომღაც საკუთარ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე თვალს ხუჭავენ, საქართველოს კი გამადიდებელი შუშით უყურებენ და მასზე “ზრუნვაში” ათენ-აღამებენ. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროპელთა და ამერიკელთა მოთხოვნა პოლიტპატიმრებზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და, აქედან გამომდინარე, სრულიად უპერსპექტივო საქმეა, ვინაიდან საქართველოში პოლიტპატიმრები, უბრალოდ, არ არსებობენ.
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერმინისტრი: _ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი!
ვალერი კვარაცხელია: _ სასიამოვნო განცდა გეუფლება, როდესაც დაინახავ, როდესაც იგრძნობ, რომ ხელისუფლებას შეუძლია ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი პოზიციის დაცვა იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენიშვნა, კრიტიკა თუ დირექტივა “უფროსი ძმებისგან” მოდის.
“უფროსმა ძმებმა”, სამწუხაროდ, კრიტიკა არ იკმარეს. ევროპარლამენტარმა, ვინმე ანდრიუს კუბილიუსმა, 14 მაისს საქართველოს ხელისუფლებას მუქარით გაჯერებული, შეურაცხმყოფელი წერილი გამოუგზავნა.
ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის დეპუტატი: _ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია ისევ არ ასრულებს თავის დაპირებას. თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს დადებულ პირობას, ეს შეაფერხებს იმ ფინანსური დახმარების გამოყოფას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოსთვის!
ვალერი კვარაცხელია: _ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გაწნული სილა და სახეში შეფურთხება იყო, რომელსაც მწვავე პასუხი უნდა მოჰყოლოდა. 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი დანიშნა… მთელი საქართველო დაძაბულია. ყველამ იცის, რომ ჩვენი პრეზიდენტი განცხადებებში არამხოლოდ პირდაპირი და მკაცრია, არამედ ზოგჯერ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფიცხი და პირგამეხებულიცაა.
_ იგი, რა თქმა უნდა, დაგმობს დასავლეთიდან წამოსულ თავხედურ შემოტევებსა და მუქარას, საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის ფაქტებს, _ ფიქრობს ხალხი, მაგრამ ყველას აინტერესებს, როგორი დიპლომატიური ენით შეფუთავს ამგვარ საკითხებში საკმაო გამოცდილების მქონე პრეზიდენტი მის უმკაცრეს შეფასებებს. ქვეყანა ელოდება…
და, აი, ტელეეკრანებზე პრეზიდენტიც გამოჩნდა…
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: _ მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი!
ვალერი კვარაცხელია: _ რაო?! _ ამოიგმინა ხალხმა, _ აკი, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი; საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილიო?!
სალომე ზურაბიშვილი: _ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავის გამართლებას. არავის არც აქამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით, და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე!
ვალერი კვარაცხელია: _ საქართველოს ჯერ გაოგნების, მერე სიცილ-ხარხარის ტალღამ გადაუარა. _ შენ გაქრი, შენა! _ მიაძახა ვიღაცამ. _ თხოვნა, კარნახი, ზეწოლა, მუქარა, რეკომენდაცია, შიში არ ჭრის ჩემზეო, პრეზიდენტმა. _ მაშინ ის გვითხარი, ეს სულელური და სამარცხვინო გადაწყვეტილება რამ მიგაღებინა?! _ თითქოს ერთხმად ჰკითხეს გულგატეხილმა მაყურებლებმა.
სალომე ზურაბიშვილი: _ ვერ დავუშვებ, ორი დამნაშავის გამო სიტუაცია რომ გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაცის და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს! (სხვათა შორის, ქალბატონო პრეზიდენტო, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კანონის წინაშე ყველას თანასწორობაა, ხოლო სტაბილურობის მთავარი გარანტია ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისგების და საჯელის გარდაუვალობა. ჰოდა, როცა ამ ორივე პრინციპს ხელაღებით არღვევთ, რომელ ევროპულ მომავალზე, და საერთოდ, რომელ მომავალზე ლაპარაკობთ? რედ.)
ვალერი კვარაცხელია: _ აბუჩად აგდებული და გულგატეხილი მოქალაქეების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად ეს ჩამოარაკრაკა ქალბატონმა სალომემ არცთუ გამართული ქართულითა და მკვეთრი ფრანგული კილოთი. სიმართლე დაგვიმალა პრეზიდენტმა. არ გაგვიმხილა, რომ ზეწოლას კი არა, ორმაგ ზეწოლას განიცდის _ გარედან ევროპა-ამერიკისგან, შიგნით “ქართული ოცნებისგან”. დიახ, ამერიკელებმა და ევროპელებმა ზეწოლით, მუქარით, შიშით მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს, რომლებმაც შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ის გამოსავალი გამონახეს, რომ ხელი შეახოცეს მათ მიერ დაუმსახურებლად მოყვანილ პრეზიდენტს.
ეს უშველის საქმეს? ცხადია, ეს საქმეს ვერ უშველის, რადგან საქმე გაცილებით რთულადაა. საქართველოში შექმნილი ვითარების სიმძიმე არ დაიყვანება ორი პოლიტიკური გარეწრის დაპატიმრება-გათავისუფლების კანონიერ თუ უკანონო აქტამდე. რამდენიმე დამნაშავე კი არა, ქვეყანა და ხალხია დატყვევებული და დაპატიმრებული. ამერიკელებმა მოიქციეს კლანჭებში მთელი საქართველო, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი მოგვიანებით რუსეთმა წაჰგლიჯა მათ ხელიდან. ერთი სიტყვით, გადაინაწილეს უპატრონოდ დარჩენილი სახელმწიფო. შეიძლება ეს არ მომხდარა წინასწარი შეთანხმებისა და ბინძური გარიგების საფუძველზე, მაგრამ შედეგი ასეთია და ამაშია ჩვენი ტრაგედიის არსი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მერე ყველა ხელისუფალი _ გივი გუმბარიძე, ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი _ ამერიკელებმა მოიყვანეს და გაუშვეს. ბიძინა ივანიშვილიც ამერიკელების მოყვანილია და, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან, ამერიკელებივე გაუშვებენ, მაგრამ გაუშვებენ, რათა ისევ თავიანთი კაცი მოიყვანონ. ძნელი სათქმელია, გათვლა კვლავ მიხეილ სააკაშვილზე აქვთ თუ არა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ნამსხვრევებისგან რაღაც ახალი პოლიტიკური უბედურების მოზელვას რომ ცდილობენ, აშკარად ჩანს. პირველ რიგში, ეს იქიდან ჩანს, რომ სააკაშვილს ასე გაუთავებლად დააპროწიალებენ ზევით-ქვევით. ვინმეს ხომ არ გგონიათ, რომ უკრაინაში მაღალი თანამდებობა სააკაშვილს მართლაც ზელენსკიმ უბოძა?! ზელენსკი ვინც გააპრეზიდენტა, მანვე მიუჩოჩა მას სააკაშვილი და, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული ჩანაფიქრის შესაბამისად გაკეთდა. საქართველოშიც ყველანაირად უმაგრებენ ზურგს სააკაშვილს. მისი გუნდის ძველ წევრებს, ზოგს იქიდან, ზოგს აქედან, კვლავ აკოწიწებენ, არც ერთ ძველ ფიგურას არ კარგავენ და ხელიდან არ უშვებენ. ისეთ დაპირისპირებულ პერსონაჟებსაც კი, როგორებიც იყვნენ სააკაშვილი და ოქრუაშვილი, ერთ პოლიტიკურ ჭერქვეშ დაუდეს ბინა.
სააკაშვილის ციხის ხეხვის შემდეგ ოქრუაშვილს მის შესახებ ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, უარესის მოფიქრება შეუძლებელია. შევიხედოთ ინტერნეტში და ვნახავთ, რომ ნებისმიერი საიტი შემზარავ ამბებს ამოგვიყრის და გაგვახსენებს.
Civil.ge: “ოქრუაშვილის თქმით, 2005 წლის ივლისში, მას პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია: “სააკაშვილს ამისთვის კონკრეტული გეგმაც ჰქონდა შემუშავებული. სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან უნდა მოგვეშორებინა პატარკაციშვილი იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის _ ლიბანის ყოფილი პრემიერმინისტრის შემთხვევაში, რომელიც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს”, _ განაცხადა ოქრუაშვილმა.
“სააკაშვილის დაკვეთით მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყოფილ დეპუტატზე ვალერი გელაშვილზე თავდასხმა. სააკაშვილს არ დაუკვეთია მისი თავიდან მოშორება. მან მხოლოდ დაავალა ასეთი სახით გასწორება და ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა”, _ განაცხადა ოქრუაშვილმა.
“ღია ეთერში” საუბრისას ოქრუაშვილმა თქვა, რომ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მტკიცებულება გამოიგონეს. “არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება და არ ვიტყვი, რომ ჟვანია მოკლეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჟვანიას გვამი მიიტანეს იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს”.
ვალერი კვარაცხელია: _ ეს ყველაფერი ყოველ თქვენგანს საკუთარი ყურით გაქვთ მოსმენილი. იყო დრო, როდესაც ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ სააკაშვილი მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთავდა. ოქრუაშვილმა ზურაბ ჟვანიაც მოკლულად გამოაცხადა და ხელი კვლავ სააკაშვილისკენ გაიშვირა. სააკაშვილი კი ამბობდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყოო და მას ციხეში გზავნიდა. დღეს ოქრუაშვილი სააკაშვილის მიერ მის დაპატიმრებას ასე ხსნის.
ირაკლი ოქრუაშვილი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი: _ სააკაშვილმა რომ დამიჭირა, იქ რაღაცა ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო.
ვალერი კვარაცხელია: _ ოქრუაშვილმა ასე თუ გადააბრუნა ფირფიტა, გგონიათ, იმავეს გაკეთება სააკაშვილს გაუჭირდება?
მიხეილ სააკაშვილი, ექსპრეზიდენტი: _ ოქრუაშვილი სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არა უშავს, ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ.
ვალერი კვარაცხელია: _ შეცდომების მიტევებაც მესმის, პოლიტიკური მსოფლმხედველობის შეცვლაც გასაგებია და გუშინდელ მოწინააღმდეგესთან დღეს საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე აღმოჩენაშიც დასაძრახი არაფერია, მაგრამ ადამიანს, რომელიც გუშინ იმაში ამხილე, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კლავდა, დღეს პოლიტიკურ მხარდაჭერას როგორ უცხადებ?! ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ ამ საქმეს: ადამიანს, რომელმაც ასე საშინელი ცილი დაგწამა (თუ ეს ცილისწამება იყო), მეგობრობის ხელს როგორ უწვდი და როგორ ეუბნები: ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთო?! ამას ერთადერთი ახსნა აქვს: როდესაც ორივე მხარე ერთნაირად უზნეო და გარყვნილი ცნობიერების მქონეა, ასეთ შემთხვევაში, როგორც დოსტოევსკი ბრძანებდა, “ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია!”
სწორედ ამგვარი ადამიანების ხელით მოხდა საქართველოს გაჩანაგება. ახლა ვიღაცას სწორედ მათივე ხელით განუზრახავს საქართველოს სრული განადგურება.
თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით მოსული უღმერთობისა და ყოვლის ნებადართულობის ვითარებაში, ბურჟუაზიულმა იმპერიულმა ძალებმა საქართველო არამხოლოდ დაიპყრეს და დაინაწილეს, არამედ აბუჩად აიგდეს და სასტიკად დასცინეს, ხალხის ნება კი ფეხქვეშ გათელეს. დღეს ქართველი ხალხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იმის მოლოდინით ცხოვრობს, რომ იქნებ მოხდეს სასწაული და ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალა მოვიდეს, რომელსაც, ეროვნულ მსოფლმხედველობასთან ერთად, სწორი საგარეო ორიენტირიც ექნება და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, თუმცა გამოცდილებითაც იცის და ინტუიციაც კარნახობს, რომ დაპყრობილ და კოლონიად ქცეულ ქვეყნებში სასწაულები არ ხდება, მით უფრო, როცა საკითხი ბურჟუაზიულ არჩევნებს ეხება, რადგან ღმერთი ამგვარ საქმეებში ნამდვილად არ ურევია. აქ, როგორც წესი, ფული, უზნეობა და ყოვლის ნებადართულობა იმარჯვებს…
ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”. მომავალ შეხვედრამდე!
P.S. ძველი ზღაპარი ხომ გახსოვთ, მელაკუდა ჩიტს რომ აშინებდა: ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასაო. დასავლეთმა “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ბარტყის გადმოგდება მოსთხოვა. იმ ბარტყს გიორგი რურუა ჰქვია, რომელიც ტელეკომპანია “მთავარის” მთავარი დამფინანსებელი ყოფილა. დასავლეთს ისიც პოლიტპატიმრებში გაჰყავს.
_ ორი ბარტყი ხომ გადმოგიგდეთ?! _ შიშისგან ხმა წასვლია “ქართულ ოცნებას”.
_ მესამე ბარტყიც გადმოგვიგდე, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!
ზედმიწევნით იმეორებს მოძალადე დასავლეთი ქართული ზღაპრის ცნობილი პერსონაჟის ხრიკს.
ვალერი კვარაცხელია