ოცდამეთოთხმეტე გადაცემა
სიზმრის სიზმარი
ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.
დეკემბრის ბოლო კვირა ქართველ ხალხს დიდხანს გაახსენებს ოცდაცხრა წლის წინანდელ, 1991 წლის ბოლო კვირას, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდა.
_ რა სამოქალაქო ომი? _ ამიყვირდება ვიღაც, _ მოღალატეებმა კანონიერი ხელისუფლება ჩამოაგდეს, რა შუაშია სამოქალაქო ომი?
კი, ბატონო, რაკი ასე გსურთ, ასე იყოს, მაგრამ იმ მოღალატეებს ხალხის ნაწილი ხომ უჭერდა მხარს? ის უბედურება, რომელიც იმხანად საქართველოს დაატყდა თავს, სამოქალაქო ომი კი არა, ისეთი ფუნდამენტური სამოქალაქო დაპირისპირებისთვის დადებული სათავე იყო, რომელიც ოცდაცხრა წლის გასვლის შემდეგაც არ არის დამთავრებული. მაშინ სიძულვილით ორ ნაწილად გაყოფილი საქართველო დღემდე გაყოფილია და დაყოფილია, ოღონდ უკვე არა ორ ნაწილად, არამედ ბევრ ნაწილად. საქართველო დღემდე სიძულვილით სავსე ქვეყანაა, ყოვლისმომცველი და უკიდეგანო სიძულვილით პირთამდე სავსე ქვეყანა, სადაც ხალხი მრავალი ნიშნითაა ერთმანეთთან დაპირისპირებული:
ზვიადისტები; შევარდნაძისტები; მიშისტები; ბიძინისტები; ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებულნი და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულნი; აშშ-ზე ორიენტირებულნი და რუსეთზე ორიენტირებულნი; მემარცხენეები, მემარჯვენეები და ა.შ.
ბევრი ასეთი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება.
უმრავლეს შემთხვევაში ამ ჯგუფებს აერთიანებთ არა ცოდნაზე დაფუძნებული და მსოფლმხედველობით განმტკიცებული პოლიტიკური პოზიციები, არამედ აკვიატების დონეზე ჩამოყალიბებული კერპებისა და იდეების მიმართ წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი ერთგულების სადღეისოდ სრულიად გაუგებარი გამოვლენა…
სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ, სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდა ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციის პირობები და საფუძვლები, მიღწეული იყო თანასწორობა და აღმოფხვრილი იყო უმუშევრობა, უფასო იყო ჯანდაცვისა და განათლების სისტემები და სიმბოლური ფასები ჰქონდა ენერგომატარებლებს, ტრანსპოტს, კომუნალურ მეურნეობას, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყო საერთო სახალხო დოვლათიდან თავისი კუთვნილი წილი, ამერიკაში გამოგონილი და მრავალ ქვეყანაში წარმატებით გამოყენებული “ფერადი რევოლუციით” ვერ დაანგრევდნენ. ამერიკელებმა ეს ამბავი შესანიშნავად იცოდნენ და ამიტომაც სრულიად განსხვავებულსა და მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის მისადაგებულ სტრატეგიასა და ტაქტიკას ამუშავებდნენ. მათ შეტევა ორი მიმართულებით განახორციელეს:
1.საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებაში (პოლიტბიუროს დონეზე) თავიანთი აგენტურის მოყვანა და სახელმწიფოში ძირგამომთხრელი საქმიანობის გაჩაღება;
2.სხვაგვარად მოაზროვნეების (ე.წ. დისიდენტების) მომრავლებით, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში მათი ჩანერგვით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცნობიერებაში გლობალური უკმაყოფილების გამოწვევა.
ეს საბჭოთა კავშირის დასაშლელად გამიზნული ორი მთავარი სტრატეგიული მიმართულება იყო.
ორივე საკმაოდ რთული განსახორციელებელი იყო, მაგრამ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 1980-იანი წლებისთვის მას ორივე ეს ამოცანა უკვე შესრულებული ჰქონდა. 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მოიყვანეს მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც საბჭოთა კავშირის იდეოლოგია აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (ცსს-ს) ნომრიან აგენტ ალექსანდრე იაკოვლევს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ცსს-ს ასევე ნომრიან აგენტ ედუარდ შევარდნაძეს ჩააბარა. რაც შეეხება ე.წ. საბჭოთა დისიდენტების მომრავლების საკითხს, ეს საქმე ჯერ კიდევ ხრუშჩოვის დროიდან იყო მოგვარებული. ისინი სარეველასავით მოამრავლეს. მართალია, დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ, აპატიმრებდნენ, მაგრამ დისიდენტობა ამით არაფერს კარგავდა, პირიქით, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების ფონზე ავტორიტეტსა და საყოველთაო-სახალხო მხარდაჭერას კარგავდა, ეს ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეები ძალას იკრებდნენ და პოპულარობას იხვეჭდნენ.
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ასე შეიკრა ამერიკული ვერაგული წრე _ მაღლა ცსს–ს აგენტურა გორბაჩოვის გუნდის სახით, დაბლა ცსს–ს აგენტურა დისიდენტების სახით. და დაიწყო საბჭოთა ხალხის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ფორსირებული იერიში ამ ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ ერთი საქმის სამსახურში ჩამდგარი და ერთი (ამერიკული) ხელიდან მართული ორი ძალისა. რაში ვლინდებოდა თუნდაც ფორმალური დაპირისპირება გორბაჩოვის გუნდსა და საბჭოთა დისიდენტებს შორის? გორბაჩოვი და მისი გუნდი საბჭოთა სახელმწიფოს არა დასაშლელად, არამედ გარდასაქმნელად თუ იღვწოდა (ასე იყო დეკლარირებული), დისიდენტები საბჭოთა კავშირის დაშლას, ანუ სოციალისტური მონაპოვრის (სამართლიანობა, თანასწორობა და მოსახლეობის სოციალური დაცვის იქამდე არნახული პაკეტი) ლიკვიდაციას მოითხოვდნენ, ვინაიდან ყოველივე ამაზე მაღალ ღირებულებას ისინი სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და ეროვნულ დამოუკიდებლობაში ხედავდნენ, რომელსაც, მათი აზრით, მოკლებულნი ვიყავით. ეროვნულ თავისუფლებას არამარტო მათი აზრით, არამედ ობიექტურადაც მოკლებულნი ვიყავით, ვინაიდან მთელი რიგი უფლებებისა მოკავშირე რესპუბლიკებს დელეგირებული ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ტიპის სახელმწიფოებრივი მოწყობა (კავშირი) იყო ის მექანიზმი, რომელიც, უძლიერესი მტრული კაპიტალისტური გარემოცვის პირობებში, სოციალისტური სისტემის უსაფრთხო არსებობის გარანტიებს ქმნიდა. აშშ–დან მართულმა დისიდენტებმა და მათ ფეხის ხმას აყოლილმა ავანტიურისტულმა ნაწილმა საზოგადოებისა ხალხი ასეთი არჩევანის წინაშე დააყენეს: ან სოციალისტური მონაპოვარი, ან თავისუფლება. იმის გამო, რომ სოციალისტური მონაპოვარი უფრო მატერიალური ხასიათის იყო, ხოლო თავისუფლება ამაღლებული სულიერი კატეგორიაა, რომელიც ყველა დროში უმაღლეს ღირებულებადაა მიჩნეული, უმრავლესობამ არჩევანი, ბუნებრივია, თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა _ სოციალისტური სიკეთე თავისუფლებას მსხვერპლად შესწირა.
მთელი ვერაგობა გორბაჩოვის გუნდისა და დისიდენტების ერთობლივი მოღვაწეობისა და ერთობლივი იერიშისა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ერთობლიობა დაფარული იყო. ისინი ერთმანეთს ჯიბრში ედგნენ, ერთმანეთს მუშტებს უღერებდნენ და ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებას დაუფარავად ავლენდნენ. როგორც უკვე აღვნიშნე, დისიდენტებს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, მაგრამ მდევარნიც და დევნილნიც ერთი წერტილიდან იმართებოდნენ და ერთი ხელიდან იკვებებოდნენ. ერთ-ერთი ამერიკელი მკვლევარი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჰერბერტ შილერი ამასთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს:
ჰერბერტ შილერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი: _ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულაციით წარმატების მიღწევის მთავარი პირობაა, მანიპულაცია დარჩეს დაფარული. მანიპულაცია მხოლოდ მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც მანიპულირებულს სჯერა, რომ ის, რაც ხდება, ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, ხოლო თვითონ ფაქტი მანიპულაციისა მანიპულაციის ობიექტისთვის შეუმჩნეველია. ერთი სიტყვით, ცნობიერებაზე მანიპულაციისთვის აუცილებელია ყალბი გარემო, რომელსაც მანიპულირებული რეალობად მიიჩნევს.
ვალერი კვარაცხელია: _ რა იყო მანიპულაციის ობიექტისთვის (ქართველი ხალხისთვის) შეუმჩნეველი და დაფარული? ბევრი რამ, რომელთა შორის უმთავრესი იყო შემდეგი:
1.თავისუფლება, რომლისთვისაც საქართველო ვითომ იბრძოდა, ილუზორული იყო. არავინ არ იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველა _ აშშ, ევროპა, საბჭოთა ხელმძღვანელობა და საბჭოთა დისიდენტები _ იბრძოდა არა იმისთვის, რომ რესპუბლიკებს თავისუფლება მიეღოთ, არამედ საბჭოთა კავშირის დასაშლელად. მართალია, დისიდენტები საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად რესპუბლიკების თავისუფლებაზეც გაჰყვიროდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლა და რესპუბლიკების განთავისუფლება ერთი და იგივე არ იყო. რესპუბლიკების განთავისუფლებისკენ მოწოდება იყო გზა და საშუალება საბჭოთა კავშირის დასაშლელად, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლა, თავის მხრივ, იყო გზა და საშუალება არა რესპუბლიკების განთავისუფლებისა, არამედ აშშ–ის მიერ მათი მიტაცებისა. აი, სად იყო ძაღლის თავი დამარხული. დეკლარირებული მიზეზი დეკლარირებულ მიზანს არ ემთხვეოდა და დეკლარირებული მიზანი _ დეკლარირებულ შედეგს. ყველაფერი ერთმანეთს აცდენილი იყო, ანუ ეს იყო ხელოვნურად დეფორმირებული რეალობა, რომელშიც მხოლოდ ფარული მიზანი ემთხვეოდა ფარულ შედეგს. ქართველები როდესაც გავყვიროდით, _ თავისუფალ საქართველოს გაუმააარ… ჯოს! სინამდვილეში სხვა რამეს გავყვიროდით, _ საბჭოთა კავშირის დაშლას, სამართლიანი სოციალისტური სისტემის ნგრევასა და საქართველოს აშშ–ის კლანჭებში მოქცევას გაუმააარ… ჯოს! ეს იყო იმ ყვირილის რეალური შინაარსი. დისიდენტები ამას არც მალავდნენ. მათ ორიენტაცია თავისუფლებისკენ კი არა, დასავლეთისკენ ჰქონდათ აღებული. ყველაფერი დასავლურის გაფეტიშებას, დასავლური ცხოვრების წესის ამქვეყნიურ სამოთხედ აღიარებასა და გამოცხადებას ისინი არასოდეს მორიდებიან, მაგრამ მაშინ საქართველოს ამის გაგება არ შეეძლო. საქართველო ისე იყო აღტყინებული და გაბრუებული თავისუფლებით, რომ ამ მაცდური სიტყვის მიღმა დასავლურ ვერაგობას ვერც დაინახავდა და ვერც იგუმანებდა. ხომ აგვიხსნა იმ კაცმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, _ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულაცია რომ განხორციელდეს, ამისთვის აუცილებელია მანიპულაციის ობიექტს (ხალხს) ეგონოს, რომ ყალბი გარემო და ვითარება, რომელშიც ცხოვრობს, ნამდვილიაო.
2.დაპირისპირება დასავლეთსა და საბჭოთა “ვერხუშკას” შორის ყალბი და მოჩვენებითი იყო. ისინი ერთმანეთის მტრები არ ყოფილან. ისინი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლაში შენიღბული, მაგრამ ერთმანეთის საიმედო პარტნიორები იყვნენ.
3.დაპირისპირება საბჭოთა “ვერხუშკასა” და საბჭოთა დისიდენტებს შორისაც ყალბი და მოჩვენებითი იყო. ისინიც ერთმანეთისთვის დასავლეთიდან დანიშნული პარტნიორები იყვნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის, სოციალისტური სისტემის დანგრევისა და საბჭოთა ხალხის გაუბედურების ერთ “დიად” მიზანს ემსახურებოდნენ.
ვინმემ აგვიხსნას, რით იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ქართველ საბჭოთა დისიდენტებზე ნაკლები, თუკი იგი ჯერ კიდევ 1984 წელს (გარდაქმნის დაწყებამდე) საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტ თენგიზ აბულაძეს უაღრესად ანტისაბჭოთა ფილმ “მონანიებას” უკვეთდა და ფილმის გადასაღებად პარტიზანულ გზებსაც თავადვე ეძებდა. ქართველ საბჭოთა დისიდენტებს, ერთად აღებულს, იმის მეათედი ან მეასედი რა ზიანი მიუყენებიათ საბჭოთა კავშირისთვის, რაც ამ ერთმა ფილმმა მიაყენა?! რომელ დისიდენტს, თუნდაც იგი აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი ყოფილიყო, შეეძლო იმდენი ზიანის მიყენება საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემისთვის, რამდენი ზიანიც საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ მიაყენა?! ჰოდა, გამაგებინეთ, საბჭოთა კავშირის დაშლას ვინმეს თუ უნდა ვუმადლოდეთ, პირველ რიგში (გორბაჩოვზე არაფერს ვამბობ), შევარდნაძეს არ უნდა ვუმადლოდეთ?! რაღაცაში ხომ უნდა ვიყოთ ლოგიკური და თანამიმდევრული. საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა ვინც დაანგრია, ის თუ გმირია, ასეთ შემთხვევაში გმირობას ედუარდ შევარდნაძეს ქართველთაგან ვერავინ შეეცილება, რადგან იგი იყო ქართველთა შორის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ჯერ რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას (გაიხსენეთ მისი ყბადაღებული ექსპერიმენტები აბაშაში, ფოთში და ახლა, ამ გადასახედიდან მაინც მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებები იყო), მერე კი პოლიტბიუროს წევრი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დაუნდობლად, გააფთრებით, მთელი მისი თანამდებობრივი შესაძლებლობების გამოყენებით იბრძოლა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ.
საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დღემდე სჯერა, რომ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო. ამ წუთს თავი დავანებოთ იმაზე კამათს, სწორია თუ არა ასეთი მიდგომა და ის გავიაზროთ, ამგვარი მიდგომის შემთხვევაში რატომ არ უნდა მიაგებდე პატივს შევარდნაძეს, რომელმაც მთელი საბჭოთა პოლიტიკურ-დიპლომატიური არქიტექტურა მიწასთან გაასწორა, და რატომ უნდა მიაგებდე პატივს, ვთქვათ, ირაკლი წერეთელს, რომელმაც მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჩაქუჩით დაამტვრია აკადემიკოს შჩუსევის არქიტექტურული შედევრის, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობის ფასადი, რომელიც ბრწყინვალე მხატვრებისა და მოქანდაკეების _ იაკობ ნიკოლაძისა და თამარ აბაკელიას მიერ იყო გამოძერწილი?! ისტორიისადმი, ფაქტებისა და მოვლენებისადმი ასეთი უცნაური მიდგომა ქართველი ხალხის სრულ პოლიტიკურ დაბნეულობასა და ბუნდოვან ეროვნულ სიზმარში უთავბოლო ბორიალზე არ მეტყველებს?! მნგრეველს თუ უკმევ, ჯერ მთავარ მნგრეველს უკმიე და მერე _ დანარჩენებს. და პირიქით, მნგრეველს თუ განიკითხავ, ამ შემთხვევაშიც ჯერ მთავარი მნგრეველი განიკითხე და მერე _ დანარჩენი. ესაა ლოგიკა და სწორი მიდგომა, მაგრამ საქართველოს არა მხოლოდ მნგრეველთა და მშენებელთა იერარქია აერია, იგი ისე შორს წავიდა, რომ ერთი და იგივე საქმის კეთებისთვის ერთს დაფნის გვირგვინს უწნავს, მეორეს კი ლაფს ასხამს, ეს, საერთოდ, ახალი (მხოლოდ ქართველებისთვის დამახასიათებელი) მიდგომაა. დიდი საბჭოთა დისიდენტი შევარდნაძე გძულდეს და პატარა საბჭოთა დისიდენტების ხატს გულით დაატარებდე, იმგვარი პოლიტიკური აბსურდია, გამართლება კი არა, ყასიდა ახსნაც რომ არ აქვს. ნუ გაიგებთ ისე, თითქოს შევარდნაძეს ვიცავ. შევარდნაძე და ყველა საბჭოთა დისიდენტი ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია, რადგან მათ (საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დანგრევით) საქართველო დამინგრიეს. მე ლოგიკასა და მსოფლმხედველობრივ არათანმიმდევრულობაზე, ანუ სრულ პოლიტიკურ სიბეცეზე მოგახსენებთ. რა ისეთი პოლიტიკური დომხალი უნდა გქონდეს თავში, რომ ერთდროულად სტალინის პიროვნების დამფასებელიც იყო და მისი პოლიტიკური ანტიპოდისა და მსოფლმხედველობრივი მტრის _ ზვიად გამსახურდიას მეხოტბედაც გვევლინებოდე?! მე არ მიკვირს, სტალინს ან გამსახურდიას პატივისმცემელი და დამფასებელი რომ ჰყავთ. ისტორიულ პიროვნებებს დამფასებლებიც ეყოლებათ და კრიტიკოსებიც, მაგრამ ჩემ გაოცებას სტალინისა და გამსახურდიას ერთდროული აღიარება იწვევს. რანაირად შეიძლება, რომ სოციალისტური საბჭოთა სახელმწიფოს მშენებელ სტალინსა და იმ სახელმწიფოსა და იმ სისტემის დაუძინებელ მტერ გამსახურდიას ერთდროულად და ერთნაირად ეთაყვანებოდე?! რა ბუნდოვანი წარმოსახვა უნდა გქონდეს, რომ ერთი საქმის მკეთებელი ისტორიული პიროვნებები ერთმანეთთან დაპირისპირებულად წარმოიდგინო ან ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლუსები გვერდიგვერდ დააყენო?!
გორბაჩოვის გუნდის წევრები და საბჭოთა დისიდენტები ერთი მიმართულების პოლიტიკური ფიგურები რომ იყვნენ, ამის გარკვევა ოცდაათი წლის გასვლის შემდეგაც თუ ვერ შეძელი, “ფეისბუკის” დონეზეც კი არ უნდა ბოდიალობდე პოლიტიკაში, მაგრამ საქართველოში სხვა ვინ ან რა ემორჩილება ლოგიკას, ეს საქმე რომ დაემორჩილოს?! არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პიროვნულად უყვარდათ თუ სძულდათ ერთმანეთი გორბაჩოვის გუნდის წევრებსა და საბჭოთა დისიდენტებს, ვთქვათ, შევარდნაძესა და გამსახურდიას. ეს არ ცვლის რეალობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შინაგანად ერთმანეთი სძულდათ და ერთმანეთის პირადი მტრები იყვნენ, ისინი ერთ საქმეს ემსახურებოდნენ.
9 აპრილის ტრაგედიამ, რომლის სცენარიც ამერიკაში დაიწერა, გორბაჩოვის გუნდმა და ქართველმა საბჭოთა დისიდენტებმა კი თბილისში ერთად გაითამაშეს, საბოლოოდ ჩაანგრია რუს და ქართველ ხალხებს შორის არსებული ისტორიული ხიდები. საბჭოთა დისიდენტებს იქნებ მართლაც სჯეროდათ, რომ რესპუბლიკები რუს და ქართველ ხალხებს შორის მტრობის გაღვივებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის გზით თავისუფლებას მოიპოვებდნენ, მაგრამ არც ეს ცვლის ვითარებას. პოლიტიკურ სარბიელზე მთავარი ის კი არ არის, ვის რომელი ზღაპრის სჯეროდა ან, თუნდაც, ვის მეტად უყვარდა სამშობლო, მთავარი ისაა, ვინ რა შედეგი მოუტანა ქვეყანას!
საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გორბაჩოვის გუნდისა და საბჭოთა დისიდენტების ერთობლივი მოღვაწეობის შედეგები კატასტროფულია. საბჭოთა კავშირი დაიშალა, სოციალისტური სისტემა დაინგრა, მაგრამ საქართველომ ნანატრი თავისუფლება ვერ მოიპოვა. დღეს საქართველო დასავლეთის ყოველმხრივ დანგრეულ–დაქცეული და პატივაყრილი კოლონიაა, ქართველები კი მოტყუებული ხალხი ვართ. ხალხი, რომლის ქვეცნობიერში ხელოვნური შეღწევა განხორციელდა და ჩანერგილი დასავლური იდეა–ვირუსი ტოტალურად განვითარდა. ვირუსს ჯერ თავისუფლება ერქვა, მაგრამ მის მიერ განცდილი მუტაციის შემდეგ, თავისუფლება აღარავის ახსოვს, მას ახლა ხან ნატო ჰქვია, ხან _ ევროკავშირი, ხან _ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, ხან _ სამივე ერთად, თუმცა არც ნატო ჩანს სიახლოვეს, არც ევროკავშირი და არც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა; ჩანს მხოლოდ მირაჟი, მხოლოდ სიზმარი, გამოღვიძებას კი საშველი არ დაადგა. მეტიც, გამოღვიძების ნაცვლად ხალხი ახალ, უფრო ღრმა სიზმარში, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიზმრის სიზმარში, მის მეორე, მესამე შრეში ისე ღრმად იძირება, რომ რეალობასთან კავშირს საბოლოოდ სწყდება. ჩვენ რეალობას მოწყვეტილი და სიზმრის სიზმარში ჩაძირული თაობა ვართ, რომელსაც რეალობაში დასაბრუნებლად ერთი გამოღვიძება უკვე არ გვეყოფა.
დიდებულ პოეტს, ვახტანგ ჯავახაძეს, აქვს ერთი საინტერესო ლექსი _ “სიზმარი”, რომლის პირველი და ბოლო სტროფები ასეთია:
წუხელ სიზმარში სიზმარი ვნახე,
სიზმრის სიზმარი… და გამიკვირდა:
შენი ისედაც ფერმკრთალი სახე
უფრო ფერმკრთალი ჩანდა იქიდან.
. . .
სიზმრის სიზმარმაც ვერ დამამშვიდა,
ჩამესმა შორი ექო მეხისა,
გამომეღვიძა ჯერ
სიზმარში და
მერე ნამდვილად გამომეღვიძა.
სიზმრის სიზმრებში თუ გადახვალ, მერე რამდენ ახალ სიზმარშიც ხარ შესული, ზუსტად იმდენჯერ თუ არ გამოგეღვიძა, მუდმივად სიზმარში ჩარჩები. ამგვარ უცნაურ მდგომარეობაშია ქართველი ხალხი, რომელსაც აღარც ის ახსოვს, დასავლეთის მერამდენე სიზმარშია უკვე გადასული და აღარც ის იცის, თუ რამდენი გამოღვიძება სჭირდება იმისთვის, რომ რეალობას დაუბრუნდეს. ამასობაში ოცდაცხრა წელიწადი გასულა თბილისში სამოქალაქო ომის გაჩაღებიდან…
P.S. აკვანში მშვიდად მძინარე ყრმას ფრთხილად ვეხები ფაფუკ თმებზე.
_ გაიღვიძე, პატარავ, გაახილე შენი ლამაზი თვალები…
იქვე, განიერ საწოლზე წევს ჯან–ღონით სავსე ახალგაზრდა ცოლ–ქმარი _ მშობლები აკვანში მწოლარე ჩვილისა. მათთანაც მივდივარ.
_ გაიღვიძეთ, ახალგაზრდებო, გაიღვიძეთ, თქვენი ჭირიმე. სიზმარში სხვა საქართველოს ხედავთ, აქ კი სხვა საქართველოა, საქართველო, რომელიც ჭაობში იძირება…
ოდნავ მოშორებით, ძველებურ ტახტზე წვერგაფანჩული მოხუცი წევს _ აკვანში მწოლარე ჩვილის ბაბუა. იმასაც ღრმა ძილით ძინავს. ფრთხილად ვეხები მხარზე…
_ გაიღვიძე, მეგობარო. გაიღვიძე, გამოცდილო კაცო. ვინ იცის, მერამდენე სიზმრიდან მერამდენე სიზმარში გადასულო, დაანებე თავი მაგ ხილვებს და ნამდვილ საქართველოს შეხედე. შეხედე აყრილ ფუძეს, გაქცეულ ხალხს, შეხედე სოფელს, რომელშიც მამალი აღარ ყივის, ძაღლი არ ყეფს, ძროხა არ ბღავის… შეხედე უამრავი უსახური და მაღალი შენობით დამძიმებულ ქალაქს, რომელშიც გადამთიელები ბინებს ყიდულობენ, რათა გარკვეული დროის შემდეგ ერთად მოედონ ჩვენს ქვეყანას, ჰო, ნაყიდი ბინებით, ნაყიდი მიწებით, ნაყიდი მოქალაქეობით, ნაყიდი პასპორტებით, ანუ კონსტიტუციურად, რა… გაიღვიძე, რა დროს ძილია, ეს ოხერი?!
არც ერთი არ განძრეულა. ყრმასაც, ახალგაზრდა მშობლებსაც, წვერგაფანჩულ მოხუცსაც ღრმა ძილით ეძინათ.
_ უცნაურია, _ გავიფიქრე, _ უცნაურია ამდენი ძილი!
ფეხაკრეფით გამოვედი გარეთ. საქართველო შემომეგება, მთაგორიანი, უსწორმასწორო, მაგრამ ღვთაებრივად ლამაზი, აი, ისეთი, აკაკიმ რომ თქვა, _ ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო.
ეს გავიფიქრე და… გამომეღვიძა. ისევ იქ ვიდექი.
_ ნეტავ, რომელი გამოღვიძება იყო: სიზმრიდან წინა სიზმარში გადმონაცვლებისა თუ სიზმრიდან რეალობაში გადმოსვლისა? _ საკუთარ თავს ვკითხე, მაგრამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდა…
ვ.კ.
ეს ტრაგედიაა ბატონო ვალერი, ერის ტრაგედია 🙁
asd
უბედურება ისაა,ბატონო ვალერი, რომ ქოცები ნაკლები ბოროტებაა,მაგრამ ერთი ხის სხვადასხვა შტო,რასაც ყოველთვის ამბობ მაგრამ ვინ გისმენს!
დიდი მადლიბა რომ ცდილობთ გამოაფხიზლოთ საქართველო!!!!!!!!!!!!!