ოცდამეორე გადაცემა
ცხვარივით მორჩილი საქართველო
ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.
ქართველებმა გაკვირვების უნარი დავკარგეთ. რა უნდა მოხდეს, რომ გაგვაკვირვოს? რა არ გვინახავს, რა არ მოგვისმენია და რა არ გაგვიგია ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში? იმ სახის და იმ მასშტაბის სიგიჟე, სისულელე, სიცრუე და სიბინძურე უთქვამთ და უკეთებიათ, რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?! ამ მიმართულებით უკვე ამოწურულია შესაძლებლობები, მიღწეულია და დაპყრობილია ყოვლისმკადრებლობის მწვერვალები, მაგრამ ეს მღვრიე ტალღა არ კლებულობს, მოდის და მოედინება, ვერანაირი ჯებირი და მიწაყრილი ვერ აკავებს, ანგრევს, სპობს და მიაქვს (თუ მოაქვს) ყველაფერი, რაც წინ შეხვდება…
_ ყველაზე ცუდი ქართველი ვინ არის? _ ეკითხება ერთ-ერთი ტელემოტლიკინე (საკუთარ თავს ჟურნალისტს რომ უწოდებს) ერთ-ერთ ტელეკლოუნს. შეკითხვას დააკვირდით, _ ყველაზე ცუდი ქართველი. ამ ტელეკლოუნმა ვიღაცას (არა აქვს მნიშვნელობა, ცოცხალს თუ გარდაცვლილს) საჯაროდ უნდა გამოუტანოს განაჩენი, ანუ ყველაზე ცუდი ქართველის იარლიყი მიაკრას. ისიც არ თაკილობს, არც უხერხულობას განიცდის. არანაირი, _ რას ამბობთ, მე როგორ, რა უფლებით? არა, ნერვიც არ შეთრთოლებია და წარბიც არ შეტოკებია, ისე უპასუხა:
_ გურამ შარაძე!
არც ტელემოტლიკინეს შეთრთოლებია ნერვი იმის გამო, რომ ტელეეკრანიდან საშინელი რამ ითქვა. სიცილ-ხარხარში ჩაიარა ყველაფერმა.
_ ჰე… ჰე… ჰე…
_ ჰა… ჰა… ჰა…
ჩაივლიდა, რომ არა ქართველი ხალხის ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯერ კიდევ მთრთოლვარე ის ნერვი, ტელემოტლიკინესა და ტელეკლოუნს ატროფირებული რომ აქვთ…
გურამ შარაძე _ ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, აკადემიკოსი, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი. რა ნიშნით უნდა გამოაცხადო არა უბრალოდ ცუდ ქართველად, არამედ ყველაზე ცუდ ქართველად? იმ ნიშნით ხომ არა, რომ საქართველოს მტრებმა, ეროვნული ღირებულებებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გამო, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო, დღისით–მზისით, ქუჩაში ტყვიით განგმირეს?! სამშობლოს შეწირულ კაცს, ნაცვლად იმისა, რომ გმირად და წმინდანად ვრაცხდეთ, როგორ შეიძლება ყველაზე ცუდ ქართველად განვიხილავდეთ? როგორ შეიძლება ადამიანის თავში მსგავსი აზრი იბადებოდეს? რა ფსიქიკა, რა ლოგიკა, რა ცნობიერი და არაცნობიერი განაპირობებს ასე აბსურდულ აზროვნებას, ან როგორ ხდება ის, რომ შემაკავებელი იმპულსი არსად ჩნდება და ერთვება? რა ტიპის აღზრდის შედეგად ყალიბდება, დიდი აკაკისა არ იყოს, ეს სირეგვნე შეუწონარი? მერე ბოდიში მოიხადა ამ ტელეკლოუნმა, გიგლა ბერბიჭაშვილში ამერია გურამ შარაძეო, ბერბიჭაშვილი ხომ ილიას მკვლელია, შარაძე კი ილიას მკვლევარიო. რა ვიცით, იქნებ მართლა ხდება ასეთი სასწაული, ღრმაა და რთულია ადამიანის ფსიქიკის შრეები, მაგრამ… მაგრამ აქ სხვა მიმართულება მინდა მივცე ამ საუბარს. ტელეარხებსა და მათ მფლობელებზე მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა. საქართველოში ვინც ფული იშოვა, თითქმის ყველამ ტელევიზია გახსნა, რადგან საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ყოფიერებაზე გავლენის მოპოვება სურთ. გავლენა ერთია, მაგრამ იმაზე კი არ ფიქრობენ, რა უზარმაზარი პასუხისმგებლობა უნდა ახლდეს ამ საქმეს. თქვე ღმერთგამწყრალებო, სად პოულობთ ამ ჟურნალისტებს? ვიდრე ადამიანს ჟურნალისტის სტატუსით ეთერში გასვლის უფლებასა და საშუალებას მისცემთ, მის განათლებას, ან პროფესიულ ოსტატობას, ან აღზრდას, ან ცხოვრების წესს, ან ზნეობრივ სახეს არ უნდა შეხედოთ? ერთი არხიდან მეორეზე რომ დაათრევთ ჟურნალისტებად წოდებულ ამ ჯართს, ამ ჭუჭყს, სხვისთვის და საკუთარი თავისთვის ყველაფრის მკადრებელ ამ არარაობებს, ან გონება არაფერს გკარნახობთ, ან სინდისი არ გაწუხებთ? მესმის, რომ ოცდაათწლიანი დეკადანსის შემდეგ საქართველოში მოკვდა პროფესიონალიზმი, როგორც სხვა სფეროებში, ჟურნალისტიკაშიც კრიზისული ეპოქა დადგა, მაგრამ ცუდებში უარესთა არჩევას რა გრჯით? გახრწნილ-გადაგვარებულებზე რატომ გაქვთ ორიენტაცია აღებული მუდმივად? ისტორია პასუხისმგებლობას მაგ ქათმისტვინა ჟურნალისტებს კი არა, თქვენ დაგაკისრებთ _ დამფინანსებლებს, ტელეარხების მფლობელებს, ვინც მაგ საცოდავებს ათასგვარ უზნეობასა და უხამსობას აკეთებინებთ და მთელ საზოგადოებას ჭაობში სძირავთ!
ეს, ასე ვთქვათ, შესავლის სახით. ახლა კი რამდენიმე სიტყვა მოახლოებულ არჩევნებზე.
რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის სოციოლოგიური კომპანია “სერვეიშენის” (შურვატიონ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შთამბეჭდავია, მე ვიტყოდი _ თავზარდამცემად შთამბეჭდავი. თავზარდამცემია არა იმით, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პარტიებს შორის, ასევე მაჟორიტარულ ოლქებშიც ერთპიროვნულად ლიდერობს, არამედ იმით, რომ პოლიტიკური ველის გადანაწილების სურათი აბსოლუტურად უცვლელი რჩება. “სერვეიშენის” კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც, მათივე თქმით, ექვს მაჟორიტარულ ოლქში ჩაუტარებიათ, მდგომარეობა ასეთია:
ვაკე: “ქო” _ 54,6 %, “ენმ” _ 12,1 %;
გლდანი: “ქო” _ 50,1 %, “ენმ” _ 28,8 %;
რუსთავი: “ქო” _ 49,5 %, “ენმ” _ 22,1 %;
ფოთი–ხობი–სენაკი: “ქო” _ 50,1 %, “ენმ” _ 28,8 %;
მცხეთა–ყაზბეგი–დუშეთი–თიანეთი: “ქო” _ 62,2 %, “ენმ” _ 11,0 %;
საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაული: “ქო” _ 87,7 %, “ენმ” _ 7,2 %;
მოცემული კვლევის მიხედვით, როგორც ხედავთ, პირველ ადგილზე ყველგან “ქართული ოცნებაა”, მეორე ადგილზე კი _ “ნაციონალური მოძრაობა”. ანალოგიურია მაჟორიტარი კანდიდატების გრადაციის სურათიც. პირველ ადგილზე ყველგნ “ქართული ოცნების” კანდიდატია, მეორეზე _ “ნაციონალური მოძრაობის”. მხოლოდ ვაკის ოლქშია ეს თანაფარდობა დარღვეული, სადაც მეორე ადგილზე “ევროპული საქართველოს” კანდიდატია, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი კი მესამე ადგილზეა, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. რეალობა არის ის, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალაუფლებას კვლავ ორი პარტია ინაწილებს _ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს სოციოლოგიური კვლევები რეალობას არ ასახავს. მთავარი შეცდომა ვითარების სწორედ ამგვარ შეფასებაშია. სოციოლოგიური კვლევები ზუსტ სურათს გვიჩვენებს, ოღონდ არა მეცნიერული, არამედ თაღლითური თვალსაზრისით. საქმე ის არის, რომ აქ მეცნიერება არავის სჭირდება. სოციოლოგია ამ შემთხვევაში ასახავს არა ხალხის, საზოგადოების, ელექტორატის განწყობას, არამედ იმას, რა არის დაგეგმილი. ეს კვლევა გვეუბნება, რომ, მიუხედავად იმისა, ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ასეთი შედეგი დადგება.
სოციოლოგია ამ შემთხვევაში ორი მიმართულებით მუშაობს:
1.იგი გვიყვება არა იმას, როგორია საზოგადოებრივი აზრი, არამედ იმას, რა შედეგებია დაგეგმილი და, ამითივე წინასწარ გვაჩვევს ამ შედეგებს.
2.დაგეგმილი შედეგების სოციოლოგიურ-მეცნიერული შეფუთვით საზოგადოებას არა მხოლოდ აჩვევს ამ შედეგებს, არამედ ქმნის კიდეც ამ მიმართულების საზოგადოებრივ აზრს. ამომრჩეველი ქვეცნობიერად ისე განეწყობა და ისე მოიმართება, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს არად აგდებს და არჩევანს მართლაც იმ ძალებს შორის აკეთებს, რომლებიც ლიდერებად წარმოუჩინეს. სოციოლოგია ამ შემთხვევაში ადამიანთა ფსიქიკით მანიპულირებს, უფრო ზუსტად, ფსიქოლოგიურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ ვირეშმაკობას მიმართავს. ფსიქოლოგიის კანონები კი, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ამბავი, ისეთივე სიზუსტით მუშაობს, როგორი სიზუსტითაც მუშაობს ფიზიკის, ქიმიის ან ბიოლოგიის კანონები.
ერთი სიტყვით, ასეთი მდგომარეობაა: არჩევნების შედეგები სადღაც იწერება, ამ შედეგებს არჩევნებამდე სოციოლოგები ახმოვანებენ, არჩევნების დღეს კი, ე.წ. ეგზითპოლებში, იმავე შედეგებს მცირეოდენი კორექტივებით კიდევ ერთხელ გაგვიმეორებენ, საბოლოოდ კი ცესკოს შედეგების სახით გამოგვიცხადებენ და, მორჩა, ამდენ შეფუთვა–შელამაზებაში არარეალურს რეალობად მოგვაჩვენებენ.
მოკლედ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. კვლავაც დარჩება ორი ძირითადი ძალა _ უმრავლესობით მოსული “ქართული ოცნება” და მეორე ადგილზე გასული “ნაციონალური მოძრაობა”. ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, პარლამენტში სხვა პარტიებიც აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ პოლიტიკური ამინდის შესაქმნელი ბერკეტები არ ექნებათ და ორი მთავარი პოლიტიკური ძალის სატელიტებად ჩამოყალიბდებიან. მთავრობას კვლავ “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს და არავითარი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობა არ დადგება. თუმცა, რაღაც მოსაზრებით ისე თუ დაიგეგმა, რომ მაინცდამაინც კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, მაშინ კოალიციას სწორედ ეს ორი ძალა შეჰქმნის _ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”.
ასე რომ, არანაირი მეცნიერული კვლევა “სერვეიშენს” არ უწარმოებია. მან, უბრალოდ, გაგვაცნო ის შედეგი არჩევნებისა, რომელიც უკვე დაგეგმილია და შეთანხმებულია აშშ–ის ელჩთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. ვისაც რამდენი უნდა იმდენი იყვიროს და იხტუნოს, არავის არაფერი არ გამოუვა. გამოვა მხოლოდ ის, რაც ამერიკაში დაიგეგმა. არჩევნების ამ შედეგის დადგომის შემდეგ ამერიკელებს სხვა სახის გაგრძელება თუ აქვთ დაგეგმილი (ვთქვათ, ბელარუსში მომხდარი არეულობის მსგავსი მოვლენები), რასაც მე პირადად არ გამოვრიცხავ, სხვა საკითხია. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მათ აქვთ ჩაფიქრებული, თუ არადა, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც “სერვეიშენის” გამოკვლევაში, უფრო სწორად, “სერვეიშენის” მიერ არჩევნების წინასწარ დაგეგმილი შედეგების გახმოვანებაშია გადმოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის გატარება კვლავ გულისამრევ “ქოც-ნაცურ” ღლაბუცში მოგვიწევს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
კიდევ ერთი საკითხი.
25 სექტემბერს გაეროს ასამბლეის 75-ე სესიაზე დისტანციური მოხსენებით წარდგა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.
მსოფლიოს ამ უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს წარმომადგენელი როდესაც გამოდის, მთელი ქვეყნის ყურადღება მისკენაა მიპყრობილი, ვინაიდან საზოგადოება რაღაცას ახალს, განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს ელოდება. სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს ამ ტრიბუნის დაკავებას? მოვისმინოთ ბატონი გახარიას რამდენიმე განცხადება და, ვნახოთ რა თქვა მან ახალი, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი.
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერმინისტრი: _ საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა კიდევ უფრო რთული გამოწვევის _ ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე. დღესაც კი, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე _ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე.
ვალერი კვარაცხელია: _ რა არის ამ ნათქვამში ან ახალი, ან განსაკუთრებული? ის, რაც ასჯერ და ათასჯერაა ნათქვამი და გამეორებული, როგორ შეიძლება ახალი და განსაკუთრებული იყოს? მაშ, რა საჭიროა კიდევ ერთხელ, ღმერთმა იცის, უკვე მერამდენედ, ტკეპნო ის, რისი ტკეპნაც არაფერს გვაძლევს? როგორ ფიქრობთ, ლამის სამოქალაქო ომის ფაზაში შესული ამერიკა გახარიას ამ გულისამაჩუყებელი სიტყვების შემდეგ რუსების მიერ მოწყობილი ბორდერიზაციისგან საქართველოს დასაცავად დაიძვრება? ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციული შეტევა მიაქვთო, არ ვიცი, თავი შეაცოდა თუ რუსების წინააღმდეგ წააქეზა გახარიამ ამერიკელები, მაგრამ მათ გახარიაზე უკეთესად არ იციან, რასაც წარმოადგენს ეს ლაბორატორია? რა საჭიროა, ან რის მომცემია გახარიას ეს “რიჟა ბაზარი”? ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების თანამედროვე ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც პენტაგონის დაქვემდებარებაშია, მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი რომ არ იქნება და მას სამხედრო დანიშნულებაც ექნება, რად უნდა ამას ლაპარაკი? ამ საკითხზე სხვა რამ როგორ უნდა ამტკიცოს სერიოზულმა სახელმწიფო მოღვაწემ?! ამერიკელები ისე იდიოტები არიან, რომ ოცდამეერთე საუკუნეში სადღაც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ძვირად ღირებული ბიოლოგიური ლაბორატორია მხოლოდ იმ მიზნით ააშენეს, ჩვენზე შეყვარებულ ქართველებს კორონავირუსი არ შეეყაროთო? ამ უზარმაზარ ლაბორატორიას დადებითი გამოყენება რომ აქვს, ვინ სულელი იდავებს, მაგრამ რუსეთი იმ უბედურებაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ობიექტის სამხედრო შემადგენელი წარმოადგენს და ამაში იგი ცამდე მართალია. რომ აგიჩემებიათ, ამ ლაბორატორიამ გვიხსნა კორონავირუსისგანო, ამერიკელებს ასობით მაგნაირი ლაბორატორია აქვთ, ზოგი საკუთარ ტერიტორიაზე და ზოგიც სხვაგან, მაგრამ ეტყობათ რამე კორონავირუსისგან ნაშველი? ორასი ათასზე მეტი ადამიანი დაეხოცათ და მილიონობით ინფიცირებული ჰყავთ.
აჰა, კიდევ ერთი აბზაცი გახარიას გამოსვლიდან.
გიორგი გახარია: _ საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო ქმედებები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
ვალერი კვარაცხელია: _ბატონი გახარიასგან ამ განცხადებას რომ ვისმენდი, უხერხულობის განცდა მიჩნდებოდა. გახარიასაც მინდა, ვკითხო და მასთან ერთად თქვენც გეკითხებით _ არ დაიღალეთ? ეს ყოვლად გაცვეთილი, უსაგნო, უმიზნო რიტორიკა არ მოგბეზრდათ? შევარდნაძემ და სააკაშვილმა ოცი წლის განმავლობაში ილაპარაკეს ამ ტონალობაში, მაგრამ რა? არ გზარავთ სიცარიელე ამ წინადადებისა _ “მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას”? რომელ საზოგადოებას, ყელში კორონავირუსი რომ აქვს გაჩხერილი და უკანალში ბირთვული რაკეტა დამიზნებული?! ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ ეს ის მსოფლიო აღარაა?! შევარდნაძე მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად და, ბუში, ბეიკერი, გენშერი, შულციო, _ გაიძახოდა წარამარა… სააკაშვილის პატრონები და მფარველებიც ხომ გახსოვთ _ უმცროსი ბუში, მაკკეინი, კოლინ პაუელი, კონდოლიზა რაისი… რა მერე? საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება სხვა გვარებს ატრიალებს და გავლენიანი სენატორები და კონგრესმენებიო, წაიღეს ტვინი! მსოფლიოში მიმდინარე გასაოცარი ცვლილებების ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ იმ შენს პარტნიორსა და მეგობარს (თუკი მართლა ასეთად მიგაჩნია იგი) შესძახო, _ შეცვალეთ რიტორიკა, შეცვალეთ მიდგომები, რა დროს სანქციების ენაზე ლაპარაკია, პლანეტაა გადასარჩენი, კაცობრიობაა დასახსნელიო, “მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას…” ღმერთო, მაღალო, გაოცებისგან პირჯვარი გინდა გადაიწერო…
გიორგი გახარია: _ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია _ ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება.
ვალერი კვარაცხელია: _ ეს ადამიანები, მგონი, სხვა სამყაროში ცხოვრობენ. საქართველოს კონსტიტუცია კი არა, თვითონ იმ გაეროს კონსტიტუციის ბედი ჰკიდია ბეწვზე, რომლის ტრიბუნიდანაც ბატონი გიორგი გვმოძღვრავდა, _ “ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გადახედვას არ ექვემდებარება”-ო. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კი არა, თვითონ ევროპა მიაქვს წყალსა და მეწყერს, ვერ ხედავთ?! ტერიტორიულად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად, მორალურად განადგურებულ ქვეყანაში ოცდაათი წელიწადი არაფერს ცვლიდე და, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელიაო, გაიძახოდე, წარმოუდგენელი მარაზმია. ასეთ შემთხვევაში ის მაინც თქვი, განვითარების გზა კი არა, ნგრევის გზაა უცვლელიო.
27 სექტემბერს ოცდაშვიდი წელიწადი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. სოხუმის დაცემა საქართველოს დაცემა და განადგურება იყო, ეს იყო დასაბამი ქვეყნის დაშლისა. აი, ესაა შედეგი მაგ თქვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გაუთავებელი სწრაფვისა, რასაც პერსპექტივა არ აქვს. თქვენ კი, კიდევ ერთხელ დადეთ ფიცი დასავლური და ევროატლანტიკური კურსის ერთგულების შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ მაგ თქვენი პარტნიორებისთვის გეკითხათ:
* რატომ გვატყუებდით ოცდაათი წლის განმავლობაში, რატომ გვპირდებოდით, რომ ჩვენ გავხდებოდით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაშინ როდესაც ამ დაპირების შესრულებას არც წარსულში აპირებდით, არც დღეს აპირებთ და არც მომავალში დააპირებთ?
* რატომ გადაგვამტერეთ რუსეთს, და თუ გადაგვამტერეთ, რატომ არ გვიცავთ მისგან?
* პოლიტიკამ, რომელიც თქვენ მოგვახვიეთ თავს, ჩვენი ქვეყანა ჩიხში მოაქცია. იღებთ თუ არა საქართველოში თქვენი მოქმედებების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას და ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს მიმართ დღეს არსებული დასავლური პოლიტიკა ძირფესვიანად შესაცვლელია?
ბატონო გახარია, თქვენ ქართველი ხალხის წარმომადგენელი რომ ყოფილიყავით, ამ შეკითხვებს დასვამდით, მაგრამ ვინაიდან თქვენ ამერიკელების წარმომადგენელი ბრძანდებით, ეს შეკითხვები არ დაგისვამთ.
ეს შეკითხვები აშშ-ისთვის გაეროს ტრიბუნიდან რომ დაგესვათ, ეს მათთვის იმისი მკაფიო სიგნალი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი აზროვნებს, ქართველი ხალხი ყველაფერს ხვდება და ქართველი ხალხი იმ სიცრუეში ცხოვრების გაგრძელებას არ აპირებს, რომელშიც ოცდაათი წელიწადი გვაცხოვრეს. თქვენს მიერ ამ შეკითხვების დასმა მათ დააფიქრებდა, თქვენმა ნათქვამმა კი იმის შესახებ, რომ ჩვენი კურსი უცვლელია, ისინი დაამშვიდა, რადგან მიხვდნენ, რომ თქვენს ხელში ჩავარდნილი საქართველო ცხვარივით მორჩილია.
ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!
P.S. წინა გადაცემაში ვთქვი, რომ მსოფლიო გლობალური ომის მოლოდინშია.
რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ორივე მხარეს დაღუპულია ჯარისკაცები და დახოცილია მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა _ ტანკები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები. ორივე მხრიდან კეთდება უმკაცრესი განცხადებები.სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მსოფლიოს მოუწოდებს, რომ არ დაუშვან თურქეთის ჩარევა საომარ მოქმედებებში.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს და მსოფლიოს მოუწოდებს, “მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის სამართლიან პოზიციას, რომელიც წინ აღუდგა სომხურ ძალადობას და ოკუპაციას”.
ცხადია, რომ რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება ამ მოვლენების მიმართ.
მსოფლიოს თავზე მოგროვილი შავი ღრუბელი ტყვიასავით მძიმდება…
P.P.S. სულ ტყუილად ვილაპარაკე ამდენი. ნათქვამია, _ მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო. 29 სექტემბერს, გაგანია კორონავირუსის პირობებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაჩაღებული ომის ფონზე, ეს ჩვენი გახარია ბრიუსელს ეწვია და პირდაპირ ნატოს შტაბ–ბინაში შეიჭრა. საქართველოს პრემიერმინისტრმა, როგორც ჩანს, გაეროს წინაშე დადებული ფიცი არ იკმარა და სიხარულისგან თვალებზე კურცხალმომდგარ იენს სტოლტენბერგს რუსეთის გულის გასახეთქად კიდევ ერთხელ შეჰფიცა მარადიული სიყვარული.
ცხვრები კი… ეეეჰ, ჯერ არ გაცხარებულან, მორჩილად აკანტურებენ თავებს!
ვალერი კვარაცხელია
ბრწყინვალეა, როგორც ყველა გადაცემა….
გენიალურია ბატონო ვალერი!!! ვეთანხმები თქვენს ზუსტ ანალიზს (სტატიის ყველა ნაწილში), ყოველ სიტყვას!!! დიდი მადლობა!
გგ.მწარე–სიმართლე