Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1939
“ოქროს კვეთა”

მეცამეტე გადაცემა

მოლიპულ გზაზე

ვალერი კვრაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

მსოფლიო გლობალური შეკითხვების წინაშე აღმოჩნდა: რა გზას ვადგავართ? სად მივდივართ? რა იქნება შედეგი?

ისტორიამ შექმნა ცივილიზაციები, რელიგიები, იდეოლოგიები, მაგრამ ვერ შექმნა მათ შორის თანხმობის მყარი გარანტიები. მიუხედავად მცდელობისა, ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო ტოლერანტული გარემო, ცივილიზაციათა, რელიგიათა და იდეოლოგიათა შორის დაძაბულობა, რომელიც კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრი იყო, ხშირად სისხლისმღვრელ, გლობალურ ომებამდე მიდიოდა. ომი კი მით უფრო საშიში ხდება, რაც უფრო ვითარდება მეცნიერება და რაც უფრო სრულყოფილი ხდება ტექნიკა. ორმა მსოფლიო ომმა თითქმის ასი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კაცობრიობა მატერიალურად განუზომლად დააზარალა.

მესამე მსოფლიო ომმა შეიძლება საერთოდ დაასრულოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე. საამისო ტექნიკური პოტენციალი, დიდი ხანია, არსებობს, ანუ კაცობრიობამ უკვე შექმნა თვითგანადგურებისთვის საკმარისი სამხედრო არსენალი.

ჩვენი ეპოქა ორი დიდი საფრთხის წინაშე დგას: ღირებულებათა ნგრევისა და ღირებულებათა შორის კონფრონტაციის. ერთი მხრივ, თუ საერთოდ ვანგრევთ ღირებულებებს, მეორე მხრივ, ვითომ ვიცავთ რაჩვენსღირებულებებსსხვათაღირებულებებისგან, მზად ვართ, მოვსპოთ ყველაფერი, რაც არ ეტევა იმჩვენიღირებულებების ჩარჩოში. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვართ მზად, რომ ღირებულებები არ დავყოთჩვენადდასხვისად”; არ ვართ მზად, რომ ის, რაც ადამიანის ხელს მეცნიერების, ხელოვნების თუ, საზოგადოდ, კულტურის სახით შეუქმნია, “ჩვენადვაღიაროთ.

მაგალითად: ისტორიამ ისე ინება, რომ მართლმადიდებლობის ისეთი უნიკალური ძეგლი, როგორიც იყო ბიზანტიის ღვთაებრივი სიბრძნის, ანუ წმინდა სოფიას ტაძარი, 1453 წელს თურქეთის ხელში აღმოჩნდა. ოსმალეთის იმპერიაში არ ეყოთ კულტურა, რომსხვისიკულტურის სიმბოლოთავიანთიკულტურის სიმბოლოდ არ გადაეკეთებინათ, მართლმადიდებლობის ძეგლისთვის ისლამური მინარეთები არ მიეშენებინათ და მეჩეთად არ გადაექციათ. არა მხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ მსოფლიო საქრისტიანოს ერთერთ სიამაყეს _ აიასოფიას ტაძარს თურქოსმალებმა იმხანად პატივი ვერ მიაგეს და ბარბაროსულად მოექცნენ _ გადააკეთეს, მაგრამ აიასოფიას დიდებულება ვერ გადახარშეს, ვერ მოინელეს და, გარეგნულ იერზე ვანდალური შეტევის მიუხედავად, შინაგანად ვერ დაიპყრეს, ვერ დაისაკუთრეს.

თურქეთის ახალი დროის ლიდერი მუსტაფა ქემალ ათათურქი მიხვდა ამ გარემოებას და თურქეთში უაღრესად არაპოპულარული, მაგრამ, საზოგადოდ, პროგრესული და ღირსეული ნაბიჯი გადადგა _ 1934 წელს აია-სოფია მუზეუმად გამოაცხადა. ტაძარი იუნესკოს ნუსხაში შევიდა.

მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. კაცობრიობამ მეორე მსოფლიო ომის საშინელება გამოიარა, იგი თითქოს უფრო გახსნილი, ჰუმანური და ტოლერანტული გახდა, მაგრამ აგერ, ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იმგვარ შუასაუკუნეობრივ ვანდალურ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მსოფლიოს განცვიფრებას იწვევს _ აიასოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთებას აწერს ხელს.

ერდოღანის ამბიციას, როგორც ჩანს, ვერ აკმაყოფილებს ის ისტორიული ფაქტი, რომ აღარ არსებობს ქრისტიანული ბიზანტია, კონსტანტინოპოლს სტამბოლი ჰქვია, ხოლო მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უპირველესი ძეგლი თურქეთიდან ხიბლავს მსოფლიოს. ერდოღანს რაღაც მეტი სჭირდება, კერძოდ, ის, რაც ოსმალეთის იმპერიამ ვერ შეძლო _ აიასოფიას გამეჩეთება. ერდოღანის ამ გადაწყვეტილებას უფრო შორს გამიზნული ჩანაფიქრი ახლავს, რაც მსოფლიოს აშფოთებს.

კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი:

_ კონსტანტინოპოლის ეკლესიის სულიერი მემკვიდრეობის დამცირების მცდელობა რუსი ხალხისთვის გაუგებარია და მის აღშფოთებას იწვევს.

ილარიონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების სინოდური განყოფილების ხელმძღვანელი:

_ წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა თურქეთის ხელმძღვანელების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისა და მსოფლიო საქრისტიანოსთვის გაწნული სილაა. მსოფლიოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის გადაქცევა პოლიტიკური სიტუაციის მძევლად დაუშვებელია!

ოდრი აზულე, იუნესკოს გენერალური დირექტორი:

_ ძალიან ვწუხვართ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუნესკოსთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. ტაძარი არქიტექტურული შედევრია და იგი მოწმობს ევროპისა და აზიის ურთიერთგავლენებს საუკუნეთა განმავლობაში.

მაიკ პომპეო, აშშის სახელმწიფო მდივანი:

_ ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, ტაძარს შეუნარჩუნდეს მუზეუმის სტატუსი, რომელიც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი:

_ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება მონუმენტის რელიგიური ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ, სამწუხაროა.

ლინა მენდონი, საბერძნეთის კულტურის მინისტრი:

_ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური ნების გამოვლენად იქცა, არის აშკარა პროვოკაცია ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ, რომელიც ამ ისტორიული ძეგლის მსოფლიო მნიშვნელობას აღიარებს.

ვალერი კვრაცხელია: _ თურქეთის პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულ მსოფლიოს მოკლე წინადადებით უპასუხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი:

_ თურქეთმა აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლაზე გადაწყვეტილება ხალხის სურვილისა და ნების შესაბამისად მიიღო. სხვა სახელმწიფოების აზრი ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ვალერი კვრაცხელია: _ ეს საკითხი ამით არ მთავრდება, ეს საკითხი ამით მხოლოდ იწყება. საქმე ის არის, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ცივილიზაციის, რელიგიისა და იდეოლოგიის მშვიდობიანი თანაარსებობის საკითხი გაცილებით მწვავედ დგას, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბიზანტიური ეპოქის არქიტექტურულ შედევრ აიასოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ საკუთარი რელიგიის სიყვარულზე მეტად ქრისტიანული რელიგიის მიმართ შეუწყნარებლობასა (თუ გნებავთ, სიძულვილსა) და განსხვავებულ კულტურებთან აგრესიულ დამოკიდებულებაზე ღაღადებს.

თანამედროვე ვანდალების მიერ ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის უძველესი ნიმუშების მიზანმიმართული განადგურება ახლო აღმოსავლეთში, უკიდურესი უმადურობის გამომხატველი ჯანყი განმათავისუფლებელი საბჭოთა არმიის ჯარისკაცების ობელისკებისა და მხედართმთავართა ძეგლების წინააღმდეგ ევროპაში და ბოლოს, სიგიჟესთან წილნაყარი ლაშქრობა ძეგლებზე ამერიკასა და ევროპაში ისეთ რამეზე მეტყველებს, უილიამ შექსპირის ენით რომ ვთქვათ, “რაც ფილოსოფოსთ სიზმარშიც არ მოლანდებიათ”. არავინ იცის, რა მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია გლადიატორთა საშინელი ბრძოლები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩატარებულა, აგერ, ჩვენს დროში, მინესოტას შტატში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი კავშირი საერთოდ გამორიცხულია. იმპერიალისტურ გენოციდს შეუძლია გაცილებით მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს, რადგან ის, ვის განადგურებასაც ამერიკელები ცდილობენ, როდესაც ვიეტნამელებს ანადგურებენ, მთელი კაცობრიობაა!” _ წერდა ფრანგი ფილოსოფოსი ჟან პოლ სარტრი. და მართლაც, ვინ იცის, რომელმა ძალადობამ რომელი ვანდალიზმი შვა და რომელი ვანდალიზმი რომელ ძალადობას დაედო ან დაედება საფუძვლად?!

“ოქროს კვეთა”

ერთი რამ ფაქტია: ამერიკული დემოკრატია ისეთივე ყალბი და მოჩვენებითია, როგორც ამერიკის დამფუძნებელი მამების ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა. აშშ-ის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი მონათა განთავისუფლების გარდაუვალობას კი აღიარებდა, მაგრამ ფერადკანიანთა შესახებ საკუთარი სასტიკი მიდგომების გამოთქმასაც არ ერიდებოდა.

თომას ჯეფერსონი, აშშის მესამე პრეზიდენტი: _ არ არის მცირე ეჭვიც კი იმაში, რომ თავისუფლება ამ ადამიანების ხვედრია, მაგრამ ეჭვგარეშეა ისიც, რომ ორი თავისუფალი რასა ვერ შეძლებს ერთ საზოგადოებრივ-სამართლებრივ სივრცეში თანაცხოვრებას.

ვალერი კვრაცხელია: _ მაშ, რა უნდა მოხდეს? ადამიანთა დიდი ჯგუფი ცხოვრობს ერთ ადგილას. ზოგი მათგანი ჩამოსულია ან ძალით ჩამოყვანილი, მაგრამ ბევრი აქ დაბადებული და გაზრდილია. თუკი ორი განსხვავებული რასა, როგორც პრეზიდენტი ჯეფერსონი ბრძანებს, ეჭვგარეშეა, რომ ერთ საზოგადოებრივ-სამართლებრივ სივრცეში ვერ იცხოვრებს, სადაა ან რაშია საკითხის გადაწყვეტა, როგორ ესახება და სად ხედავს გამოსავალს პრეზიდენტი? თურმე, ნუ იტყვით, გამოსავალი ამ ხალხის მასობრივ დეპორტაციაში ყოფილა. ისინი მშობლიურ აფრიკას უნდა დაუბრუნდნენ. რატომ, რა დანაშაულისთვის ისჯებიან ისინი? დანაშაული უმძიმესია _ მათი კანის ფერი.

თომას ჯეფერსონი: _ საქმე ის არის, რომ ეს ადამიანები თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით ბავშვებს ემსგავსებიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა და მომავალი თაობების აღზრდა.

ვალერი კვრაცხელია: _ ამიტომ? ამიტომ უნდა მოხდეს მათი მასობრივი დეპორტაცია! ასეთია მსოფლიო დემოკრატიის ბურჯის _ აშშ-ის მორალური სახე, “ჰუმანური” და “კაცთმოყვარე” იდეოლოგიური საფუძვლები.

ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი გასაოცარ დებულებას აყალიბებდა, რომლითაც მარქსისტულ სულისკვეთებას ავლენდა.

ჯონ კენედი, აშშის 35- პრეზიდენტი: _ ის, ვინც მშვიდობიან რევოლუციას შეუძლებელს ხდის, გარდაუვალს ხდის ძალადობრივ რევოლუციას!

ვალერი კვრაცხელია: _ რასობრივი დაპირისპირების ამოფრქვევა, რაც ახლა ამერიკაში ხდება, მართალია, საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი შეუთავსებლობისა და სიძულვილის კონკრეტული გამოვლენაა, მაგრამ ამ მოვლენის არსს ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდებით, თუ მასში სოციალურ და კლასობრივ დაპირისპირებას ვერ დავინახავთ. ადამიანთა ჯგუფებს შეიძლება ეგონოთ კიდეც, რომ ისინი ერთმანეთს რასობრივ ან რელიგიურ ნიადაგზე უპირისპირდებიან, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი საფუძველთა საფუძველი სოციალური და კლასობრივი დაპირისპირებაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში წინა პლანზე ჯერ კიდევ არ წამოწეულა, მოვლენათა მთავარი მამოძრავებელია.

ეს რომ ასეა, ტრამპის ანტიმემარცხენე და ანტიკომუნისტური გამონათქვამებიც მოწმობს. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ტრამპმა ასეთი განცხადება გააკეთა.

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ ამერიკელმა გმირებმა დაამარცხეს ნაცისტები, დაამხეს ფაშისტები, შეაჩერეს კომუნიზმი და დაიცვეს ამერიკული ღირებულებები… ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ დაამარცხოს რადიკალი მემარცხენეები, მარქსისტები, ანარქისტები და მაროდიორები.

ვალერი კვრაცხელია: _ პრეზიდენტ ტრამპის თავში პოლიტიკურ-იდეოლოგიური დომხალია. იგი ერთმანეთში ურევს ფაშისტებსა და კომუნისტებს, ანარქისტებსა და მარქსისტებს. თუმცა, შესაძლებელია, ამას შეგნებულადაც აკეთებს, თუკი იცის, საიდან მოდის ამერიკული იმპერიალიზმის საფრთხე. მარქსიზმი და კომუნიზმია ის სიტყვები, რომლებიც ტრამპსაც და სრულიად კაპიტალისტურ სამყაროს შიშის ზარს სცემს. ბოლო პერიოდში იმიტომაც დაუპირისპირდა კომუნისტურ ჩინეთს ასე თავგამეტებით, რომ, ალბათ, აცნობიერებს, საიდან შეიძლება ახლოვდებოდეს აღსასრული. მას არც შიგნიდან გამომპალი და აბსოლუტურად უიდეო ევროპის ეშინია და, სხვათა შორის, არც ოლიგარქიული კაპიტალიზმის გზაზე შემდგარი და კორუფციით ამერიკაევროპაზე არანაკლებ დასნებოვნებული რუსეთის. მან იცის, რომ მთავარი საფრთხე ჩინეთის პოლიტიკურეკონომიკურ სისტემაში იმალება. ამ შემთხვევაში რუსეთი მას მხოლოდ იმდენად შეიძლება ანაღვლებდეს, რამდენადაც ამ ქვეყანაში კაპიტალიზმის საბოლოო გამარჯვების დაჯერება უჭირს და იმასაც ხვდება, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის ისტორიული მოულოდნელობებით აღსავსეა, რის გამოც მისი ამოცნობა მუდმივად ძნელდება. თუმცა, ეს ყველაფერი მომავლის ბუნდოვანი ჭვრეტაა. რაც შეეხება ჩინეთს, იქ ამერიკელებისთვის საეჭვო არაფერია, ჩინეთის წითელი საფრთხე ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გაექცევიან. ამ საფრთხეს მაგალითის ძალა აქვს და გადამდებია.

კრისტოფერ რეი, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი: _ ჩინეთი ყველა ხერხს მიმართავს, რათა მსოფლიოში ერთადერთ ზე სახელმწიფოდ იქცეს. ჩინეთის საგარეო გავლენების დამღუპველი პოლიტიკა დამიზნებულია ჩვენს პოლიტიკაზე, ჩვენს პოზიციებზე დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში 7 დღე, 365 დღე წელიწადში.

ვალერი კვრაცხელია: _ ყველაფრის ჩინეთისთვის გადაბრალების ამერიკული პოლიტიკა საზღვრებს გასცდა. ეს პოლიტიკა გაჯერებულია არამარტო სიცრუითა და დემაგოგიით, არამედ წრეგადასული შიშითა და მანიაკური წინათგრძნობით ჩინეთიდან მომდინარე ფარული უბედურების წინაშე. მაიკ პომპეო არც მალავს, რომ ჩინურ კომპიუტერულ პროგრამებშიც კი ყველგან საფრთხე ელანდება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გადმოწერდა თუ არა ჩინურ აპლიკაციას ტელეფონში, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა.

მაიკ პომპეო: _ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომინდებოდა, რომ ჩინელ კომუნისტებს ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდათ.

ვალერი კვრაცხელია: _ შეხედეთ, ამ თითქოს ხუმრობანარევ წინადადებაში რამდენი თვალსაზრისით გაიყიდა სახელმწიფო მდივანი. ჯერ ერთი, მან ირიბად აღიარა ის, რომ ნებისმიერი კომპიუტერული თუ სატელეფონო აპლიკაციები და დამატებები, თამაშები თუ სოციალური ქსელები ამერიკელების მიერ ინფორმაციის მოპოვებისა და მოგროვების წყაროდ გამოიყენება, ანუ ეშინია იმის, რაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილებიდან იცის. მეორე და უმთავრესი: მაიკ პომპეოს ქვეცნობიერმა გათქვა ამერიკული პოლიტიკური ფობიის მისამართი. მან ის კი არ თქვა, რომ ტელეფონსა თუ კომპიუტერში გადმოწერილი რომელიმე აპლიკაციის მეშვეობით ჩემზე ინფორმაციას ჩინეთის სპეცსამსახურები მიიღებენო. არა, მან თქვა, რომ ჩემზე ინფორმაციას ჩინელი კომუნისტები მიიღებენო. ეს უკვე სხვა რამეა, ეს სხვა სახელმწიფოს წინაშე შიში კი არა, სხვა იდეოლოგიის წინაშე შიშია. ასე, მისდა უნებურად, გახსნა ბატონმა სახელმწიფო მდივანმა ამერიკელების მიერ ჩინეთისგან მტრის ხატის ჩამოყალიბების მთავარი საიდუმლო. გახსნა ის, რომ მათ უპირველეს პოლიტიკური საფრთხედ ჩინური სახელმწიფო კი არა, ჩინური სოციალიზმი და ჩინელი კომუნისტები მიაჩნიათ, ამიტომაც იქცა ჩინეთი მათ მთავარ მიზნად.

ასე შეიკრა ეს მთავარი მომენტები: ცივილიზაციათა, რელიგიათა და იდეოლოგიათა შორის კონფლიქტები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა. ისინი ჯერაც არ გამქრალა და არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. რამდენი ფიქრი, აზრი, გონება იხარჯებოდა და იხარჯება იმისთვის, რომ კაცობრიობის თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ეს საფრთხეები მოიხსნას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის.

კაცობრიობამ, ისევე როგორც მაშინ, როდესაც უსამართლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ქმნიდა და აკანონებდა, არ იცოდა, საით მიექანებოდა, დღესაც არ იცის, საით მიექანება; ისევე, როგორც მსოფლიო ომების წინ არ იცოდა, საით მიექანებოდა, დღესაც არ იცის, რა გზას ადგას და საით მიექანება. იქნებ იცის კიდეც, ან თუ არ იცის, გამოცდილება და ინტუიცია მაინც კარნახობს, რომ მოლიპულ გზაზე დგას, მაგრამ შეჩერებისა და შემობრუნების მექანიზმი არ გააჩნია. “კაცობრიობა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევდა, უფრო ფხიზლად რომ ყოფილიყო!” _ ბრძანებს იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე. კაცობრიობის მიმართ გარკვეული გულისწყვეტა და პესიმისტური განწყობა იკითხება გენიოსის ამ ნათქვამში. “უფლება არ გვაქვს, რომ დავკარგოთ რწმენა კაცობრიობაზე, ვინაიდან ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ!” _ ბრძანებს ალბერტ აინშტაინი. კაცობრიობის მიმართ გულისწყვეტის იგივე დოზა ამ ნათქვამშიც ისმის, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ საბოლოოდ მაინც ოპტიმიზმისკენ იხრება მეორე გენიოსი.

ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია, ამგვარი პესიმისტურ-ოპტიმისტური განწყობით უნდა შევხედოთ დღევანდელობასაც და მომავალსაც…

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

1 COMMENT

  1. მჯერა, რომ მაჰმადიანები გააცნობიერებენ არსებულ მდგომარეობას და ყველანი მართლმადიდებლობას აღიარებენ, რაღა თქმა უნდა, თუ ღმერთის სიყვარული შერჩენიათ.
    სიმართლე ღმერთის წესია და ბრალი იმას, ვინც სიმართლეს წინ აღუდგება, ვინც ღმერთის წინაშე იუკუღმართებს!
    ღმერთი მფარველობს მას, ვინც მისი წესით – სიმართლით ცხოვრობს, ვინც მის წესს დაარღვევს თავად მიიზღავს მაგიერს, შესატყვისი შედეგით, ეს არის სამართალი.
    ღმერთი, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი და სხვა არავინ და არაფერი!
    ურთიერთობებს მხოლოდ სიმართლე აგვარებს!
    “პირველ ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here