Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

“ოქროს კვეთა”

მეთორმეტე გადაცემა

ჩვენ, ყველა, დასაპატიმრებელი ვართ!

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია “ოქრო კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

თავიდანვე მინდა ერთი ვიდეოკადრი შემოგთავაზოთ, რომელიც სასაუბრო თემის განსაზღვრაში დაგვეხმარება.

ხათუნა ღამბაშიძე (ვიდეოფრაგმენტი ქუჩაში გამვლელი მოქალაქის სიტყვიერი დაპირისპირებიდანნაცმოძრაობისწევრებთან): _ მე ვარ “ქოცი”? მე მოქალაქე ხათუნა ღამბაშიძე ვარ, არასოდეს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. თქვენზე მეტი კრიმინალი ვინ არის?! “ქოცები” თქვენზე უარესები არიან, თქვენ რომ არ გიჭერენ!

ვალერი კვარაცხელია: _ “ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია!” _ ეს ხუმრობანარევი ფრაზა შესანიშნავი ქართული ფილმიდან ცხოვრებამ უმძიმესი რეალობის ამსახველ იმ ლოზუნგად აქცია, რომლის ამოქმედების გარდა ვერაფერი გვიშველის, ვინაიდან ჩიხში ვართ უკვე _ პოლიტიკის კრიმინალიზაციის ჩიხში, რაც დღეს არ დაწყებულა…

_ “ქოცები” კრიმინალები არიან! _ გაჰკივიან “ნაცები”.

_ “ნაცები” კრიმინალები არიან! _ პასუხობენ “ქოცები”.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე, დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე: _ “ნაციონალურ მოძრაობას” კრიმინალებს ვეძახით იმიტომ, რომ კრიმინალები არიან. ჩვენ შეგვეძლო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა, რომელიც ძალიან მარტივად დაადგენდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის კრიმინალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური მიზნები. საარჩევნო გარემოს ის აზიანებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, ჭაკუას პარტია, კვლავ არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ ვინმე ჭაკუას, რომელსაც კობახიძე ახსენებს, პატიმართა სადისტური წამება ბრალდება. მისი ექსტრადიცია გერმანიიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინათ განხორციელდა.

კი მაგრამ, ეს ათასგზის წყეული პარტია, ანუ როგორც ბატონი კობახიძე უწოდებს, ჭაკუას პარტია, თუ კრიმინალური ორგანიზაციაა, რატომ არიან ისინი პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ ციხეებში იყვნენ?!

რატომ მოუწოდებს მათ ხელისუფლება საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობისკენ?!

ვის რაში სჭირდება დამნაშავე პარტიის მიერ მიღებული კანონები?!

ფიქრობ ყველაფერ ამაზე და ყურში განაჩენივით ჩაგესმის მოქალაქე ხათუნა ღამბაშიძის მიერ ქუჩაში გაკეთებული რეზიუმე: თქვენზე მეტი კრიმინალი ვინ არის, მაგრამ “ქოცები” თქვენზე უარესები არიან, თქვენ რომ არ გიჭერენ!

ვალერი კვარაცხელია: _ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო პოლიტიკის კრიმინალიზაცია?

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია: _ როდესაც ჩემი თანაშემწე ალეკო ქობალია თავის მანქანიანად გაიტაცეს, მანქანა დააყენეს იქ, სადაც ქანჩებით შეიარაღებული ახალგაზრდები მზად იყვნენ, ეს მანქანა დაეშალათ და ნაწილებად გაეყიდათ. ამას ხელმძღვანელობდა დიდ ინტელიგენტობაზე პრეტენზიის მქონე ბატონი თენგიზ სიგუა _ პროფესორი, ჩემო ბატონო; მასთან ერთად ხელმძღვანელობდნენ ჩვენი დეპუტატები, მათ შორის, ბატონი ნოდარ ნათაძე, ჩვენი სახელოვანი მეცნიერი და ფილოსოფოსი; ელდარ შენგელაია, ჩვენი სახელოვანი რეჟისორი. აი, როგორ ინტელიგენციასთან გვაქვს ჩვენ საქმე. აქ ჩვენ თვალწინ დაიბადა კრიმინალური ინტელიგენცია. ეს კრიმინალური ინტელიგენცია გაერთიანებულია ერთი პიროვნების დროშის ქვეშ. ისინი აპირებენ საქართველოში ისევ აღდგენას იმ წყობილებისა, არა კომუნისტური სახელით (ახლა კომუნისტური სახელი მათთვისაც საგინებელია), არამედ დამოკრატიული წყობილების სახელით. აი, ეს არის მოსკოვის ოცნება. აი, ეს არის ამათი მოსკოველი ლიდერის ოცნება, რომ ქართველი ერი გადააქციონ კრიმინალების ბანდად, რომ ინტელიგენცია გადააქციონ კრიმინალების ბანდად…

ვალერი კვარაცხელია: _ გამსახურდია, როდესაც მთელი ერის კრიმინალიზაციის შესახებ საუბრობდა, არ ცდებოდა, ოღონდ, ცდებოდა მისამართებსა და საერთო ორიენტაციაში. გამსახურდია მაშინ, ალბათ, ვერ ხვდებოდა, რომ უბედურება, რომლის შესახებაც საუბრობდა, დასავლეთიდან შემოდიოდა აქაც და მოსკოვშიც.

მე ედუარდ შევარდნაძესთან ერთად უმაღლესი დონის მრავალ შეხვედრას დავწრებივარ, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპაში. დასავლეთის სახელმწიფოების ხელმძღვანელები ჩვენგან, პირველ რიგში, რასაც ითხოვდნენ, ეს იყო სახელმწიფო საკუთრების (ქონების) სასწრაფო და სრული პრივატიზაცია.

პრიხვატიზაცია” _ ასე ეწოდა შემდეგ ამ პროცესს რუსულ სიტყვა მიტაცებასთან გარითმვით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებშიც. ასე დაიწყო საქართველოს საერთო სახალხო ქონების ერთეულების მიერ გაუგონარი, გამალებული მითვისებამიტაცების შეუქცევადი პროცესი. ეს იყო უზარმაზარი მასშტაბის კრიმინალური პროცესი, რომელსაც მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო არსითა და შინაარსით დანაშაულებრივი, მაგრამ კანონით ნებადართული ეპოქალური აქტი, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით, დემოკრატიზაციითა და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ლოზუნგებით შეფუთეს და პროგრესისკენ საერთო-სახალხო სწრაფვის გამოვლენად გამოაცხადეს. ეს იყო დედამიწის ერთ მეექვსედზე მოსახლეობის განუკითხავი ძარცვის ბაქკანალია, რომელსაც მოსახლეობაც კი, რომელიც იძარცვებოდა, სულელური აღტყინებითა და ყოვლად გაუაზრებელი ენთუზიაზმით ეგებებოდა.

მოგვიანებით “პრიხვატიზაციის” ბოსები საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი ცინიკური ფრაზებით შეეცდებიან იმის გამართლებას, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს.

ალფრედ რეინგოლდის ძე კოხი
ალფრედ რეინგოლდის ძე კოხი

ალფრედ რეინგოლდის ძე კოხი, რუსეთის ქონების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრის მოადგილე გასული საუკუნის 90-იან წლებში: _ Народ ограблен не был, поскольку ему это не принадлежало. Как можно ограбить того, кому это не принадлежит?  А что касается, что по дешевке, пускай приведут конкретные примеры.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს იმ ადამიანის უტიფარი განცხადებაა, რომელიც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს და იმ ეკონომიკური კატეგორიით ჟონგლიორობს, რომ, რაც სახელმწიფოს საკუთრებაშია, ის კონკრეტულად არავის საკუთრება არ არის. ამ კაცის განცხადებაში არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: “А что касается, что по дешевке, пускай приведут конкретные примеры.” კონკრეტული მაგალითების მოყვანაზე ადვილი რა არის, მაგრამ ბატონი კოხი იქით მიგვითითებს, რომ კონკრეტული მაგალითების უკან ძლიერნი ამა ქვეყნისანი დგანან, რომლებმაც დიდ კაპიტალთან ერთად მაღალი თანამდებობებიც იშოვეს და პოლიტიკურ იერარქიაში ისეთი ადგილები დაიკავეს, რომ საერთო-სახალხო დოვლათის მიტაცებაში მათი მხილება ახლა უკვე სერიოზული საფრთხის შემცველია.

ასეა საქართველოშიც. იმ გამდიდრებულ კასტასთან დაპირისპირება დღეს თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ისინი მრავალნაირ ბერკეტს ფლობენ _ დაწყებული სახელისუფლოთი და დამთავრებული ფინანსურით. დღეს მათ ხელშია ყველაფერი, როდესაც ხალხი ყველაფერს მოკლებულია _ საარსებო საშუალებასაც კი.

ყველა სიახლე

ყველა სიახლე”: მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. “ქართული ოცნების” მმართველ გუნდს 37 დეკლარირებული მილიონერი ჰყავს. რაც შეეხება მილიონერებს ოპოზიციიდან, პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია, აგრეთვე, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები _ სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

ვალერი კვარაცხელია: _ ორმოცდაერთი მილიონერი საქართველოს პარლამენტში, როგორ მოგწონთ? ეს ყველაფერი იმ ავადსახსენებელი “პრიხვატიზაციის” შედეგია!

რუსი ეკონომისტი ლარისა ბურაკოვა წიგნში “Почему у Грузии получилось” .

ლარისა ბურაკოვა
ლარისა ბურაკოვა

ლარისა ბურაკოვა: _ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც თავად აცხადებდა, ობიექტების გაყიდვასთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა. სააკაშვილმა კი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში განაცხადა, რომ შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო საკუთრების 90 პროცენტი გასხვისდა, მაგრამ სანაცვლოდ ქვეყანამ ვერაფერი მიიღო.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ ამონარიდში მთავარი სააკაშვილის ის ნათქვამია, რომ სახალხო ქონების გასხვისებიდან (“პრიხვატიზაციიდან”) ქვეყანამ ვერაფერი მიიღო. ქონების განიავებისგან ქვეყანასა და ხალხს რა ხეირი უნდა ენახა? აქედან მივიღეთ მხოლოდ ერთეულთა გამდიდრება და ხალხის მასობრივი გაღატაკება. ეს ასეც იყო ჩაფიქრებული. სააკაშვილმა თავისი ნათქვამის ამ ნაწილში სწორი დასკვნა გააკეთა, მაგრამ ეს შევარდნაძის გასაკრიტიკებლად სჭირდებოდა და იმიტომ თქვა. სხვა მხრივ კი, თვითონაც შევარდნაძის მიერ აღებული კურსი გააგრძელა, თანაც გაცილებით უფრო სწრაფად და აგრესიულად.

კახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე, საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მინისტრი: _ იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა!

ვალერი კვარაცხელია: _ ძვირფასო მაყურებლებო, ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს სააკაშვილმა და ბენდუქიძემ სინდისის გაყიდვაზე იმიტომ თქვეს უარი, რომ ეს საქმე ითაკილეს. არა, მათ სინდისი, უბრალოდ, არ ჰქონდათ და, რაც არ ჰქონდათ, რას გაყიდიდნენ?! სხვა მხრივ სინდისის, სულის, წარსულმომავლის, იდენტობისა და ყველაფერ ქართულის ფორსირებული გაყიდვის მსგავსი სისაძაგლე, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო, .. ტყვეთა სყიდვის თავზარდამცემ ისტორიულ ფაქტს თუ არ გავიხსენებთ, საქართველოში სხვა არ მომხდარა. შეუძლებელია საქართველოში ბოლო ოცდაათწლიან მონაკვეთში განხორციელებულ ორგანიზებულსისტემური ხასიათის დანაშაულთა სრული სახით აღწერაგადმოცემა.

ციფრები და რიცხვები ჩემი სპეციალობა არ არის, მაგრამ გაჭირვება ციფრებშიც ჩაგახედებს. ქვეყანა ვალში რომ იხრჩობა, ის ვალი თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს შთამომავლობას გვაწევს კისერზე. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ასეთ მონაცემს წავაწყდი: “1980 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავალი რვა მილიარდ ას მილიონ მანეთს შეადგენდა”. არ ვიცი, ეს ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ვალები თუ არ გაქვს, ცენტრი დამატებით უზარმაზარ პროექტებს თუ გიფინანსებს (ვთქვათ, ენგურჰესის მშენებლობას), თანაც საბჭოთა მანეთი, გაცვლითი კურსის მიხედვით, დიდად აღემატება აშშ დოლარს და, რაც მთავარია, სახელმწიფო სისტემა აგებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე, ანუ ეროვნული შემოსავალი ყოველ მოქალაქეზე თანაბრად ნაწილდება, უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველ ხალხს არ ჰქონდა ცუდი მდგომარეობა.

ახლა თანამედროვე ვითარების გასააზრებლად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შევიხედოთ.

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ციფრები და რიცხვები ჩემი სპეციალობა არ არის-მეთქი, ვთქვი, მაგრამ, ეს მონაცემები რომ თავზარდამცემია, ვხვდები. ჩვენ ვალებში ყელამდე ჩაფლული ერი და სახელმწიფო ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ, რაც უნდა ვიმუშავოთ და გამოვიმუშავოთ, ვალის საპროცენტო მომსახურებაში წავა, ვალი კი ერთხელ და სამუდამოდ აკიდებული დაგვრჩება. თუ გავითვალისწინებთ კაპიტალიზმის იმ საზიზღრობასაც, რომ შემოსავალი უთანასწოროდ ნაწილდება _ საზოგადოების მდიდარ ნაწილს გაცილებით მეტი, ღარიბ ნაწილს კი გაცილებით ნაკლები, ხოლო ვალები _ პირიქით, უფსკრული ერთ მუჭა მდიდრებსა და მრავალრიცხოვან ღარიბღატაკთა შორის უფრო გაიზრდება, ანუ ქონებრივი ცენზის მიხედვით საზოგადოების პოლარიზაცია კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევს.

და აი, აქ უნდა დავსვა ყველაზე მწვავე შეკითხვა: რისთვის ხდება ეს ყველაფერი, კაპიტალიზმის ასაშენებლად?

არა მგონია, არ უჩანს ასეთი პირი!

აქ კი არა, თვით უზარმაზარ და უმდიდრეს რუსეთშიც, სადაც მართლა ყველა სახის სიმდიდრე, მასშტაბი და გასაქანი არსებობს კაპიტალიზმის ასაშენებლად, სოციალიზმის ნგრევასა და კაპიტალიზმზე გადასვლას იმთავითვე სხვა მიზანი ჰქონდა.

სერგეი კურგინიანი
სერგეი კურგინიანი

სერგეი კურგინიანი, რუსეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე: _ მიმდინარეობს კრიმინალური სახელმწიფოს ფორმირება და სურთ კრიმინალური საზოგადოების ფორმირება. ნუ მეტყვით იმას, რომ ამ სისტემას აშენებენ მხოლოდ კომუნისტების შესაჩერებლად. მას ქმნიან ქვეყნის გასანადგურებლად, რუსი ხალხის ბოლომდე, სრულ გენოციდამდე მისაყვანად.

ვალერი კვარაცხელია: _ უმძიმესი, მაგრამ ლოგიკური დასკვნაა გაკეთებული. აი, ამ დასკვნის ფონზე შევხედოთ იმას, რაც საქართველოში მოხდა და ხდება. ტერიტორიების განიავება, მოსახლეობის გაღატაკება და მისი ახალგაზრდა ნაწილის (გენოფონდის) ქვეყნიდან გადინების კატასტროფული მასშტაბები განა სახელმწიფოს დაქცევაგაპარტახებაზე არ მიუთითებს?! საზოგადოების კრიმინალიზაცია განა აშკარა არ არის?! რა მასშტაბის კაპიტალი ტრიალებს არჩევნებში, რომელიც თითქმის ყოველ წელს იმართება _ ხან საპრეზიდენტო, ხან საპარლამენტო, ხან ადგილობრივი. ზემოთ ხომ ვთქვით, რამდენი მილიონერია წარმოდგენილი დღევანდელ პარლამენტში. როგორ მოხვდნენ ისინი პარლამენტში? _ მათ იყიდეს მანდატები! მანდატებით ვაჭრობას არჩევნები ჰქვია? ნაყიდი მანდატებით აღჭურვილი დეპუტატები პარლამენტში ხალხის ინტერესების დაცვით იქნებიან დაკავებულნი თუ საკუთარი კაპიტალის საიმედო დაბინავებითა და მისი ოდენობის გარანტირებული გაზრდით?! ამგვარი კაპიტალის წარმოშობაც კრიმინალურია და მისი დაბანდება-გამრავლების გზებიც. საქართველოში (საერთოდ, კაპიტალისტურ სამყაროში) არ არსებობს არაკრიმინალური წარმომავლობის კაპიტალი. რაც უფრო დიდია კერძო ხელში თავმოყრილი კაპიტალი, მით უფრო დიდ დანაშაულს შეიცავს მისი წარმოშობის ისტორია. სხვაგვარი კაპიტალი ბუნებაში არ არსებობს, დანაშაულის გარეშე კაპიტალი არ მოიპოვება. ახლა ნახეთ, რა ვითარება მწიფდება და რა ფაზაში შევდივართ _ ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებში პოლიტიკური იდეა პოლიტიკურ იდეას, პოლიტიკური პროგრამა პოლიტიკურ პროგრამას უპირისპირდებოდეს, კაპიტალს კაპიტალი უპირისპირდება. პოლიტიკურ არჩევნებში გამარჯვების გარანტი ხალხისთვის მისაღები პოლიტიკა კი არ არის, ფულია. ისეთი ვითარება ჩამოყალიბდა, რომ არჩევნებში კაპიტალი ყოველთვის იმარჯვებს, ხალხი ყოველთვის მარცხდება. ყველაზე დიდი უბედურება ის კი არ არის, რომ ასეა, არამედ ის, რომ ხალხი ეჩვევა ამას. ბევრს ეს მიაჩნია პოლიტიკად, ეს მიაჩნია ნორმად. ფიქრობს, რომ, კაპიტალი ვისაც გააჩნია, არჩევნებშიც მან უნდა გაიმარჯვოს. ანუ, ხდება არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ თითოეული ადამიანისა და საზოგადოებრივი ცნობიერების კრიმინალიზაცია, მორალის კრიმინალიზაცია.

რისთვის და რა მიზნით ხდება ეს ყველაფერი? ერთ, საერთო მიზანს ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი პოსტსაბჭოთა სივრცეში? კურგინიანის მიერ ნათქვამი საშინელი წინადადება, რომსისტემას ქმნიან ქვეყნის გასანადგურებლად, რუსი ხალხის ბოლომდე, სრულ გენოციდამდე მისაყვანად”, ჩვენზეც ხომ არ ვრცელდება, ანუ საქართველოც მიზანმიმართულად ხომ არ მიჰყავთ განადგურებამდე, მოსპობამდე, გენოციდამდე?

ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ, რაც საქართველოში ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ცუდი და უარყოფითი ხდება, ხალხი მას ყოველთვის პერსონებს (სახელმწიფოს პირველ პირებს) აბრალებს, პიროვნებებს მიღმა კი სისტემას ვერ ხედავს. გამსახურდია ჩამოაგდეს, შევარდნაძე ჩამოაგდეს, სააკაშვილი არ ჩამოუგდიათ, მაგრამ ყველაზე მეტი ცოდვა მას აჰკიდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანას მეოთხე მმართველი ჰყავს. ეს მმართველები ბიოგრაფიით, ცხოვრების წესით, ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ერთანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებოდნენ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მათ მიმართ უკმაყოფილების ერთნაირი ნიაღვარი იყო და არის მიმართული. ამ დროს ძალიან იშვიათად თუ უფიქრია ვინმეს, რომ საქართველოს თავს დატრიალებულ უბედურებათა მიზეზი პერსონებში კი არ არის, პოლიტიკურეკონომიკურ სისტემაშია. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებები, რომლებიც ერთმანეთს სამკვდროსასიცოცხლოდ უპირისპირდებოდნენ, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მთავრობის პერსონალურ შემადგენლობას ცვლიდნენ, მაგრამ სისტემას უცვლელად ტოვებდნენ და ყველაფერს იმ წინამორბედივით განაგრძობდნენ, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვეს და მართვის სადავეებს ჩამოაცილეს. შედეგად იმას ვიღებდით, რომ სისტემასთან ერთად პრობლემებიც უცვლელი რჩებოდა. პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის არა მხოლოდ პოლიტიკურ შეცდომებში, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილების ტრადიცია დღემდე გრძელდება, მაგრამ ეს დანაშაულის აღმოფხვრას კი არა, ამომრჩეველზე სასურველი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, სხვას არაფერს.

საქართველოსთვის ამერიკიდან თავსმოხვეულმა სისტემამ, რა თქმა უნდა, იმ პერსონების ხელისშეწყობით, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელისუფლების სათავეში მოჰყავდათ, კრიმინალურ სახელმწიფოდ ჩამოგვაყალიბა. კრიმინალური სახელმწიფო კი, ადრე თუ გვიან, კრიმინალურ საზოგადოებაში გადადის.

_ ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია! _ გვეუბნება ძველი, კეთილი ქართული ფილმი.

_ ჩვენ, ყველა, დასაპატიმრებელი ვართ! _ გვეუბნება დღევანდელი მწარე რეალობა.

დიახ, ყველა დასაპატიმრებელი ვართ, რადგან ჩვენ, ყველა, მეტ-ნაკლები მასშტაბის დამნაშავეებად ჩამოგვაყალიბეს, ჩვენ კი ამ პროცესს წინ არ აღვუდექით…

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here