რამდენიმე დღეც და ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. როგორც ვიცი, აშშ-ის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა მისი პრეზიდენტობის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ის კი ფაქტია, რომ ტრამპს არჩევნებამდე დაესხნენ თავს და სნაიპერის შაშხანიდან ნასროლი ტყვიით ყური გაუხვრიტეს, ამიტომ ტერორისტული აქტისგან იგი დაზღვეული არ არის. მიუხედავად ამისა, იმედია, რომ ინაუგურაციამდე მშვიდობიანად მიაღწევს და ოვალურ კაბინეტშიც შევა…
რა იქნება შემდეგ?
რამდენიც უნდა ილაპარაკოს ტრამპმა კანადისა და გრენლანდიის შემოერთებაზე, პანამის არხისა და მექსიკის ყურის მითვისებაზე, მთავარია ურთიერთობა ორ ზესახელმწიფოსთან – რუსეთთან და ჩინეთთან, პირველ რიგში, მაინც რუსეთთან, ამიტომ ახლა მსოფლიოს ყურადღება ტრამპისა და პუტინის შეხვედრისკენაა მიპყრობილი და არა კანადისკენ ან გრენლანდიისკენ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: აშშ, სადაც უნდა მოქმედებდეს – პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში თუ თვით ამერიკის კონტინენტზე, ყველგან რუსეთს უპირისპირდება და მის საზიანოდ ირჯება. ახლა მთელ მსოფლიოს სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხი აინტერესებს: ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება, ეს ისტორიული მტრობა და სიძულვილი გაგრძელდება თუ იგი პარტნიორობითა და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი ძალისხმევით შეიცვლება?
ისტორიას თუ გადავხედავთ, სანუგეშოს ვერაფერს აღმოვაჩენთ. აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მუდამ მტრული იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი (საბჭოთა პერიოდის ჩათვლით) ყოველთვის ცდილობდა ამ ქვეყანასთან საერთო ენის გამონახვას. ფაშისტური გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე სწორედ ამერიკა-ინგლისის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა. მართალია, ბოლოს იძულებული გახდნენ, სტალინთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გაეფორმებინათ, მაგრამ ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში ჩერჩილი და ტრუმენი საბჭოთა კავშირზე ხელახალი თავდასხმის გეგმას ადგენდნენ. მეოცე საუკუნის ბოლოს კი, როდესაც დასავლეთმა ე.წ. ცივ ომში გამარჯვება იზეიმა და საბჭოთა კავშირი (მასთან ერთად ვარშავის პაქტიც) დაიშალა, ამერიკელებმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ ამ უფუნქციოდ დარჩენილი სამხედრო ბლოკის დაშლაზე ეფიქრათ. 1949 წელს შექმნილი სამხედრო ბლოკი, რომელიც იმხანად თორმეტი წევრისგან შედგებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული გაფართოების შედეგად უკვე ოცდათორმეტი წევრისგან შედგება. ეს ახალი წევრები ძირითადად ვარშავის ხელშეკრულებისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები არიან, რომლებიც რუსეთის მეზობლად მდებარეობენ და ნატოს წევრობით, პირველ რიგში, რუსეთს უქმნიან საფრთხეს. რუსეთის აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნის იგნორირებამ, რომლის მიხედვით ნატოს უნდა შეეწყვიტა აღმოსავლეთით გაფართოება, უკრაინაში ის პროცესები გამოიწვია, რომლებიც ძალიან ახლოს არის მსოფლიო ომთან. ეს არის ნატო პლუს ოცი სახელმწიფოს გამოუცხადებელი ომი რუსეთთან. ამ უაღრესად სახიფათო პროცესს აშშ წარმართავს.
ამ ვითარებაში აშშ-ის პრეზიდენტად მოდის პიროვნება, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება დასავლეთის გლობალისტურ და ლიბერალისტურ ტენდენციებს, უპირისპირდება ლგბტ იდეოლოგიას და აცხადებს, რომ უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და აშშ-ს შორის საერთო ენის გამონახვისა და თანამშრომლობის მოლოდინი ჩნდება. ეს ლოგიკურია და ამაზე ბევრიც იწერება.
ერთმანეთს დაემთხვა ორი მომენტი:
1. რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო სპეციალური ოპერაციის წარმატებული ფინალის მოახლოვება, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება;
2. აშშ-ში ახალი პრეზიდენტის (დონალდ ტრამპის) არჩევა, რაც ამ სახელმწიფოში ტრადიციონალისტურ-კონსერვატორულ რევოლუციად არის მიჩნეული და მონათლული.
დასავლეთში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლა ”ისტორიის დასასრულად” ანუ დასავლეთის საბოლოო გამარჯვებად გამოცხადდა (ფუკუიამა), ახლა, როგორც იტყვიან, ფერი აქვთ წასული და პულსი – აჩქარებული, რადგან მსოფლიოზე გარანტირებული გლობალური დომინირების ნაცვლად ხელში შერჩათ გადანაწილების უკვე დაწყებული პროცესი, რომელსაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა მოჰყვეს და რომელშიც ამერიკელები იმ მასშტაბით, ალბათ, ვერ იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული წესრიგის ვითარებაში იყვნენ, ამიტომ სხვადასხვა წყარო, მათ შორის, დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრები შესაძლებლად მიიჩნევენ აშშ-სა და რუსეთს შორის დიდი შეთანხმების (გარიგების) მიღწევას უსაფრთხოების საკითხებში. ამაზე კრემლიდან ერთმნიშვნელოვანი პასუხი ისმის: ”ვლადიმერ პუტინი მზად არის აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან დიალოგისთვის”.
ცნობილი რუსი ანალიტიკოსი კირილ სტრელნიკოვი ვარაუდობს, რომ ”გლობალური უსაფრთხოების შესახებ ახალ გარიგებაში უკრაინას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა, მაგრამ ეს არ იქნება ცენტრალური საკითხი”. ანალიტიკოსს მოჰყავს უკრაინის საკითხებში აშშ-ის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, ჯოზეფ კელოგას, სიტყვები: ”ტრამპი არ აპირებს რუსეთთან დათმობაზე წასვლას უკრაინის კონფლიქტის რეგულირების საკითხში”, და აცხადებს, რომ ეს წინადადება მხოლოდ შირმაა იმ მოლაპარაკებების შესანიღბავად, რომლებიც დახურულ კარს მიღმა უკვე მიმდინარეობს. ამ ”ახალი გარიგების” ინდიკატორად გვევლინება ტრამპის თავბრუდამხვევი აქტივობა აშშ-ის ახალი საზღვრების შესახებ. აშშ-ის შემადგენლობაში კანადის ინტეგრაციის, გრენლანდიის ყიდვის, მექსიკასა და პანამაზე კონტროლის დამყარების სურვილმა, შესაძლებელია, უკრაინის თემა გადაფაროს და იგი მხოლოდ ვაჭრობის საგნად აქციოს. ამერიკელები ამ თემებს უკვე შემდგარ მოცემულობად განიხილავენ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხების მიმართ რუსეთის ინტერესი არ არსებობს. ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლტცმა კანადის შესახებ პირდაპირ განაცხადა: ”ველოდები, რომ მალე ვიხილავ შეცვლილ რუკას”.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოიკნავლა, რომ ევროპა არ დაუშვებს ტრამპის მიერ კუნძულ გრენლანდიის მიტაცებას. ”ევროპა ძლიერია!” – ხმა უკანკალებდა მინისტრს. გერმანიის კანცლერ შოლცის განცხადებით, ”დაუშვებელია საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით. ეს ყველა სახელმწიფოს ეხება აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც!” ამ განცხადებების უკან არაფერი დგას; ეს, რომ იტყვიან, ცარიელი განცხადებებია. ევროპა ზურგის ტვინით გრძნობს რაღაცას – მათთვის არასასურველს და მიუღებელს, კერძოდ იმას, რომ ამერიკელებმა შეიძლება თვალი მათაც დაადგან. ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებასაც და იგრძნო რა, გარდუვალობა გრენლანდიის დაკარგვისა, დანია სხვაგვარად (ბედთან შერიგებულის ტონალობით) აკაკანდა: ”სამეფო ყურადღებით აანალიზებს, რა პასუხი გასცეს ტრამპს ამ წინადადებაზე, რათა თავიდან აიცილოს განხეთქილება უახლოეს მოკავშირესა და ნატოს წევრ სახელმწიფოსთან. საერთოდ, შესაძლებელია, გრენლანდია დამოუკიდებელი გახდეს, შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ…”
სულ ეს არის ევროპა.
ძნელი არ არის მათი გაგება. კანადის აწ უკვე გადამდგარ პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს მიერ გამოთქმულ პროტესტს, ”კანადა არასოდეს შეურიგდება დამოუკიდებლობის დაკარგვას”, ილონ მასკის დამამცირებელი რეპლიკა მოჰყვა: ”ხმა ჩაიწყვიტე, გოგონა!”
ერთი სიტყვით, ვითარება რთული და სპეციფიკურია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი თვალს დახუჭავს ტრამპის აგრესიაზე ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზე, სანაცვლოდ კი მდგომარეობას განიმტკიცებს პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევოპაში იმ დონეზე, რომ შესაძლოა ნატოსგან აღმოსავლეთი ევროპის განთავისუფლებასაც მიაღწიოს, ანუ, როგორც უკრაინის მოვლენების დაწყებამდე მოითხოვდა, ნატო 1997 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს. ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა: „არარეალისტურია იმის იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა მთლიანად დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას, რომლებიც რუსეთმა დაიკავა თითქმის სამწლიანი ომის განმავლობაში.
კიევს დათმობები მოუწევს ბრძოლის დასასრულებლად. შეუძლებელია, უკრაინამ რუსეთის ჯარს უკან დაახევინოს იმ პოზიციებამდე, რომლებზეც ის იმყოფებოდა შეჭრის წინა დღეს.“ უკრაინაში რუსეთის ტრიუმფალური გამარჯვება უკრაინით არ დამთავრდება, ის მთელ გეოპოლიტიკურ ჯაჭვს აკინძავს, მაგრამ საკითხს მეორე განზომილებაც აქვს: კანადის შემოერთება და გრენლანდიის ყიდვა აშშ-ის მდგომარეობას ერთი-ორად გააუმჯობესებს არქტიკაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ავტომატურად შესუსტდება რუსეთის გავლენა. აქ მივადექით საკითხს, რომლის გამოც შეკითხვები წამოიშლება და ისე აირევა ერთმანეთში, ვეღარ ვიგებთ, რომელს დავუგდოთ ყური ან რომელზე ვცადოთ პასუხის გაცემა:
* წავა პუტინი ამაზე?
* რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის?
* ან იქნებ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს არც პოსტსაბჭოთა სივრცეში, არც ევროპაში, არც არქტიკაზე და ყველა ფრონტზე ისეთსავე გამარჯვებას გეგმავს, როგორც უკრაინაში გაიმარჯვა?
* იქნებ ამერიკაში გამძფრებული კრიზისები იძლევა საამისო გარანტიას, რომელსაც პუტინი ბოლომდე და უდანაკარგოდ გამოიყენებს?
* იქნებ რუსეთისა და ჩინეთის სულ უფრო მზარდი კავშირი იძლევა საამისო გარანტიას?
* იქნებ ის იძლევა საამისო გარანტიას, რაც გენიალურმა რუსთაველმა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში აუწყა მსოფლიოს: ”ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია!”
რამდენიმე დღე გვაშორებს დონალდ ტრამპის, როგორც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, კანონიერ ძალაუფლებაში შესვლას. იგი ერთდროულად ორ ზღურბლთან დგას – ინაუგურაციის ზღურბლთან და აშშ-ის გეოპოლიტიკური კრახის ზღურბლთან.
ვალერი კვარაცხელია