Home რუბრიკები საზოგადოება ორი დედოფალი

ორი დედოფალი

1677
ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე

23 სექტებრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმმა მსოფლიოს 43- საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. ამ გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირის ფარგლებში საქართველოს 180-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე დელეგატი სტუმრობდა. 43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩინელთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა. ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა. მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გავიდა, რუსეთი კი _ მესამეზე, ისევე, როგორც ორი წლის წინათ სამივე გუნდმა 18 ქულა დააგროვა, ადგილები კი დამატებითი მაჩვენებლით განაწილდა. ჩინელმა ქალებმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. მათ 18 ქულით დაასრულეს ტურნირი. ამდენივე ქულით უკრაინა მეორეა, ქართველ ქალთა პირველი ნაკრები კი _ 17 ქულით მესამე. საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში 8-წლიანი შესვენების შემდეგ მოხვდა.

სხვათა შორის, საქართველოს დიდი საჭადრაკო ტურნირებისა და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩების გამართვის უდიდესი გამოცდილება აქვს. მაგალითად, 1969 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მატჩის პირველ ნახევარს ნონა გაფრინდაშვილსა და ალა კუშნირს შორის მასპინძლობდა თბილისი, მეორე ნახევარს _ მოსკოვი.

1975 წელს ბიჭვინთამ უმასპინძლა ნონა გაფრინდაშვილსა და ნანა ალექსანდრიას, როცა ამ თვალწარმტაც კურორტზე მსოფლიო პირველობის მატჩი გაიმართა. 1978 წელს ბიჭვინთაში გაიმართა მატჩი ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს შორის, როცა მეორე გამოჩენილმა ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გადაიბარა სახელოვანი ნონა გაფრინდაშვილისგან.

ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატები 1927 წლიდან ტარდება. სწორედ 1927 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული ჩეხოსლოვაკიელმა ვერა მენჩიკმა (1927-1944); შემდეგი მსოფლიოს ჩემპიონი იყო რუსი ლუდმილა რუდენკო, შემდეგი _ ელისაბედ ბიკოვა, ოლღა რუბცოვა.

1962-დან 1991 წლამდე კი, 29 წლის განმავლობაში, ჭადრაკის დედოფლის ტახტმა და გვირგვინმა საქართველოში დაიდო ბინა. ამ უდიდესი გამარჯვების შემოქმედი იყო ორი ქართველი ქალი _ ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. უნდა აღინიშნოს, როომ ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძის გარდა, ამ პერიოდში შესანიშნავად ასპარეზობდნენ სხვა ქართველი მოჭადრაკე ქალებიც _ ნანა ალექსანდრია (1975-1981 წლებში მატჩების ფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში), ნანა იოსელიანი (1988 წლის ფინალური მატჩის მონაწილე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში), ნინო გურიელი და სხვ., მაგრამ ნონა და მაია შეუდარებლები იყვნენ.

ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა _ ყველას დაანახვა, რომ ქალებსაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში. სწორედ მან გაუკვალა გზა ქართულ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, მან მოუპოვა საქართველოს მსოფლიო მასშტაბის საჭადრაკო ცენტრის სახელი.

ნონა

ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962_1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). პირველი ქალი გროსმაისტერი (1976). 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელსაც მამაკაცთა დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს, ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისთვის. 2001 წელს ნონას სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში, ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას მრავალშვილიან ოჯახში. ის 6 დედმამიშვილში მეხუთეა _ ერთადერთი ქალიშვილი. ბავშვობაში თამაშობდა იმ თამაშებს, რომლებსაც ძმები _ ბილიარდს, ფრენბურთს, ფეხბურთს, ჭადრაკს. 12 წლის ნონამ ცნობილი მწვრთნელის, ვახტანგ ქარსელაძის, ყურადღება მიიპყრო და თბილისში პიონერთა სასახლეში დაიწყო ჭადრაკის მეცადინეობა. 15 წლისამ 1956 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მარცხნიდან: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია
მარცხნიდან: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია

1960 წლის მიწურულს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა საბჭოთა კავშირის ქალთა XX ჩემპიონატი, რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის 4 საბჭოთა მონაწილე, ნონა გაფრინდაშვილმა ამ შეჯიბრებაში მე-4 ადგილი დაიკავა და პრეტენდენტის საგზური მოიპოვა. მსოფლიოს იმჟამინდელი ჩემპიონი ვაჟთა შორის, გენიალური მოჭადრაკე მიხეილ ტალი წერდა: “მსოფლიოს ჩემპიონობისთვის პირველად იბრძოლებს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი ნონა გაფრინდაშვილი. საინტერესო კომბინაციებთან ერთად, მან გვიჩვენა ოსტატობის ზრდა პოზიციურ თამაშში. პრეტენდენტთა ტურნირში, რა თქმა უნდა, პირველი ადგილისთვის იბრძოლებს”.

მიხეილ ტალის პროგნოზი გამართლდა. ნონამ 1961 წელს დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში, 1962 წელს კი მსოფლიოს პირველობის გადამწყვეტ მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით 9:2 (7 მოგება, 4 ფრე, 0 მარცხი) დაამარცხა ელისაბედ ბიკოვა და პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ამის შემდეგ ნონამ ტიტული 4-ჯერ დაიცვა _ 1965, 1969 და 1972 წლებში 3-ჯერ ზედიზედ დაამარცხა ალა კუშნირი, 1975 წელს კი _ ნანა ალექსანდრია. ნონამ ტიტული დათმო 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან გამართულ მატჩში _ 6,5:8,5 (+2=9-4).

მაია

მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია, მისი ჩემპიონობა 14 წელიწადს ითვლის. ამ მაჩვენებლით მესამეა და ჩამორჩება ვერა მენჩიკსა (18 წელი) და ნონა გაფრინდაშვილს (16 წელი). არის ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული: 1978, 1980, 1982, 1984, და 1986 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში; 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. 1984 წლიდან გროსმაისტერი _ მამაკაცთა შორის.

ჭადრაკში მსოფლიოს მე-6 ჩემპიონი ქალთა შორის _ მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში, გრიგოლ ჩიბურდანიძის ოჯახში. 3 წლის იყო, წერაკითხვა რომ ისწავლა, 5 წლისა ასრულებდა მათემატიკურ მოქმედებებს სამნიშნა რიცხვებით, 8 წლისამ ჭადრაკის თამაში დაიწყო.

1976 წელს გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში. 1977 წელს მიენიჭა ქალთა გროსმაისტერის ტიტული. 1978 წელს 17 წლის მაია ჩიბურდანიძემ ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა და პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ის ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. მაიამ 4-ჯერ შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონობა. 1981 წელს ბათუმში ნანა ალექსანდრიასთან მატჩი 8:8 დასრულდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, როგორც ჩემპიონს, მაიას დარჩა. სამი წლის შემდეგ, 1984 წელს, ვოლგოგრადში 8,5:5,5 დაამარცხა ირინა ლევიტინა, 1986 წელს სოფიასა და ბორჯომში _ ელენე ახმილოვსკაია (8,5:5,5) ხოლო 1988 წელს თელავში _ ნანა იოსელიანი (8,5:7,5).

1991 წელს მაია ჩიბურდანიძემ მოულოდნელად დათმო ჩემპიონის ტიტული ჩინელ სი ძუნთან.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები ჭადრაკში

ჩემპიონი     დაბადების თარიღი   ქვეყანა         ჩემპიონობის წლები

  1. ვერა მენჩიკი 16 თებერვალი    (1 მარტი) 1906-27 ივნისი 1944წ.  რუსეთი, ჩეხოსლავაკია, დიდი ბრიტანეთი.     1927-1944
  2. ლუდმილა რუდენკო 14 (27)ივლისი 1904 წ _ 26 თებერვალი 1986წ. სსრკ. 1950-1953.
  3. ელისაბედ ბიკოვა 4 (17) ნოემბერი) 1913წ _ 13  8 მარტი 1989 წ. სსრკ 1953-1956; 1958-1962
  4. ოლღა რუბცოვა 7(20) აგვისტო 1909წ _ 13 დეკემბერი 1994წ. სსრკ.  1956-5958
  5. ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისი 1944 წელი  სსრკ  1962-1978
  6. მაია ჩიბურდანიძე 17 იანვარი 1961 წელი  სსრკ. საქართველო   1978-1991
  7. სი ძუნი 30 ოქტომბერი 1970 წელი. ჩინეთი  1991-1996; 1999-2001
  8. ჟუჟა პოლგარი 19 აპრილი 1969 წელი. უნგრეთი  1996-1999
  9. ჩჟუ ჩენი 16 მარტი 1976 წელი ჩინეთი. 2001-2004
  10. ანტოანეტა სტეფანოვა 19 აპრილი 1979 წელი. ბულგარეთი. 2004-2006
  11. სიუი იუიხუა 29 ოქტომბერი 1976 წელი. ჩინეთი. 2006-2008
  12. ალექსანდრა კოსტენიუკი 23 აპრილი 1984 წელი. რუსეთი. 2008-2010
  13. ჰოუ იფანი 27 თებერვალი 1994 წელი. ჩინეთი. 2010-2012; 2013-2015; 2016-2017
  14. ანა უშენინა 30 აგვისტო 1985 წელი. უკრაინა. 2012-2013
  15. მარია მუზიჩუკი 21 სექტემბერი 1992 წელი. უკრაინა. 2015-2016
  16. ტან ჩჟუნი 29 მაისი 1991 წელი. ჩინეთი. 2017-2018
  17. ძიუი ვენძიუნი 31 იანვარი 1991 წელი. ჩინეთი. 2018-დან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here