ხმაური, გაუგებრობა და შიში, რომლებიც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიუნხენში გამოსვლას მოჰყვა, ბუნებრივია, ვინაიდან ევროპელებისთვის, დიდი ხანია, ყური ასე არავის აუწევია. ”რუსეთი და ჩინეთი კი არ წარმოადგენენ საშიშროებას ევროპისთვის, მთავარი საფრთხე თვითონ მასშია”, – ეს მძიმე ნათქვამია.
ევროპა, რომელიც მიეჩვია მსოფლიო კურატორის როლს და სხვა სახელმწიფოებისთვის ზემოდან ყურებას, ევროპა, რომელიც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ბორელმა სამოთხედ გამოაცხადა, ყველა დანარჩენი კი ჯუნგლებად მონათლა, ახლა მსოფლიოს გასაგონად კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.
ჯეი დი ვენსი ევროპის სახელმწიფოებს აკრიტიკებს სიტყვის თავისუფლების ჩახშობის, რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და აბორტების საწინააღმდეგო პროტესტის შეზღუდვის გამო, ეს ყველაფერი არ არის. ვიცეპრეზიდენტმა ევროპა სოციალური ქსელებისთვის ცენზურის დაწესებისა და უკონტროლო მასობრივი მიგრაციის დაშვებისთვისაც გააკრიტიკა. ვენსმა განაცხადა: ”ძალიან მაღალია დემოკრატიული ინსტიტუტების დამარცხების საფრთხე გერმანიაში ანუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ვიმყოფებით. არსებობს პარტიიდან იმ ადამიანების გარიცხვის საფრთხე, რომლებსაც გერმანიაში ექსტრემისტებად მიიჩნევენ”. ვენსმა ისაუბრა ”ალტერნატიული მედიის დათრგუნვისა” და ”არჩევნების შეზღუდვის” საშიშროებაზე. ”ეს პირდაპირი გზაა დემოკრატიის განადგურებისკენ,” – განაცხადა მან.
ვენსი არც ამაზე შეჩერებულა: ”ამერიკულმა დემოკრატიამ თუკი შეძლო გრეტა ტუნბერგის შეტყობინებების ატანა 10 წლის განმავლობაში, რამდენიმე თვეს თქვენც უნდა აიტანოთ ილონ მასკი. დემოკრატია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ადამიანების ხმა უნდა მოისმინო, მაგრამ გერმანული დემოკრატია დღეს მილიონობით ამომრჩეველს ეუბნება, რომ მათი აზრები და შიშები, მათი სურვილები და თხოვნები დახმარების შესახებ არ ჭრის და განხილვასაც კი არ იმსახურებს. თქვენ საკუთარი ამომრჩევლების თუ გეშინიათ, ამერიკა ვერაფერში დაგეხმარებათ და ვერც თქვენ შეძლებთ, რამე გააკეთოთ ამერიკელი ხალხისთვის, რომელმაც აგვირჩია მე და პრეზიდენტი ტრამპი”.
არ ვიცი, გერმანელებისა და, საერთოდ, ევროპელებისთვის რა უნდა ყოფილიყო ამაზე მოულოდნელი და მძიმე მოსასმენი. მით უფრო, რომ ვენსი ბრიტანეთსაც გადასწვდა: „ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის“.
ყველაზე მოულოდნელი კი იყო ის, რომ ვიცეპრეზიდენტს სიტყვაც არ უთქვამს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. სხვათა შორის, მას არც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უხსენებია, რაც არამხოლოდ მოულოდნელი, არამედ სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ევროპული პუბლიკისთვის.
ეს განაჩენის გამოტანაზე მეტი იყო. ეს ომის გამოცხადებასავით გაისმა. მიუნხენის კონფერენციებზე პუტინის მიერ 2007 წელს გაკეთებული განცხადების შემდეგ ასეთი შოკის მომგვრელი მათ არაფერი სმენიათ.
პუტინმა მთელი დასავლეთი (ამერიკა და ევროპა) ერთად გაამათრახა (როგორც ხედავთ, შეუსრულა, რასაც დაჰპირდა – მრავალპოლუსიანი მსოფლიო), ახლა კი აშშ-ის მეორე პირმა ევროპას ქარიშხალივით გადაუარა. მთელი უბედურება კი ის არის, რომ პირველმა პირმა (პრეზიდენტმა ტრამპმა) მოიწონა მეორე პირის მიერ გაკეთებული განცხადებები: „მოვისმინე ვიცეპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე. ის საუბრობდა სიტყვის თავისუფლებაზე და ვფიქრობ, რომ ევროპაზე ეს მართალია. ევროპა კარგავს სიტყვის თავისუფლებას. მე ვხედავ ამას. მან ასევე ისაუბრა იმიგრაციაზე. ევროპას აქვს იმიგრაციის დიდი პრობლემა. ნახეთ, რა ხდება დანაშაულებთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ნაწილში. მას ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ევროპა ფრთხილად უნდა იყოს!” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გამოცემა The New York Times წერს: ”აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლამ მიუნხენში ევროპელ ლიდერებსა და დიპლომატებს აგრძნობინა, ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის ოთხწლიან პერიოდში რა სახის ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს ვაშინგტონისა და ევროპის ტრანსატლანტიკურმა ურთიერთობებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათეული წლების განმავლობაში სტაბილური მოკავშირეობის პირობებში ვითარდებოდა”.
უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა კი არ დამთავრდა, პირიქით. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან კრიზისის გადაწყვეტის გზები მხოლოდ ახლა ისახება. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად არ გაწყვეტილა, აშშ-სა და რუსეთს შორის ჩამოწოლილმა სამწლიანი გამყინვარების პროცესმა მხოლოდ ახლა იწყო გალღობა. ორ ზესახელმწიფოს შორის უმაღლეს დონეზე დიალოგი უკვე შემდგარი ფაქტია და გაგრძელების პერსპექტივა აქვს. სატელეფონო დიალოგმა პოლიტიკური მიწისძვრის ეფექტი იქონია. პუტინთან საუბარში სხვა დროს ხაზგასმულად ექსცენტრული ტრამპი უაღრესად თავშეკავებული და კორექტული იყო, ვიდრე ყველა დანარჩენთან. გაიხსენეთ მისი გამონათქვამები კანადაზე, გრენლანდიაზე, პანამის არხზე და მრავალ სხვა საკითხზე. ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს კრიზისის დაძლევას და საკითხის გადაწყვეტას. ომი ჯერ კიდევ არ შეჩერებულა. ტრამპმა ხელი აიღო პირდაპირ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების აბსურდულ იდეაზე, რომელიც უკრაინაზე ხელის აღებას არ ნიშნავს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ იგი უკრაინაში ჩაყრილი კოლოსალური თანხის ამოღებას გეგმავს, თანაც დიდი სარგებლით. უკრაინაზე ხელის აღების შემთხვევაში ამ სარგებელს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს, ამიტომ უკრაინისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა, ეს ბრძოლა უფრო რაციონალურ (თუმცა, არანაკლებ სასტიკ) ხასიათს იძენს. მაგალითად, ტრამპი აღარ დავობს უკრაინის იმ ტერიტორიებზე (ყირიმი, სევასტოპოლი, დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), რომლებიც უკვე რუსეთის შემადგენლობაშია, რადგან იცის, რომ ეს ყოვლად უპერსპექტივო საქმეა. იგი გადანაწილებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებით.
ტრამპი ტაქტიკას ცვლის. შესაძლებელია, არსი ახალი ტაქტიკისა იყოს ის, რომ უკრაინის გამარჯვების საკითხი იხსნება დღის წესრიგიდან და დგება უკრაინის გადანაწილების საკითხი. ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა მონიშნა, უკვე წამოვიდა რუსეთისკენ, მაგრამ რა ბედი ეწევა დანარჩენ უკრაინას? დარჩება იგი სახელმწიფოდ თუ მისი ტერიტორიები გადანაწილდება დაინტერესებულ ევროპულ სახელმწიფოებს შორის? ტრამპის მიერ ეს საკითხი წმინდა პრაგმატული და ეკონომიკური თვალსაზრისითაც განსხვავებული კუთხიდან განიხილება, ვიდრე აქამდე განიხილებოდა: ამ საქმეში ფული ევროპამ უნდა გადაიხადოს და არა აშშ-მა.
ეს პოზიცია პრინციპულად განსხვავდება იმ მიზნებისა და ამოცანებისგან, რომლებიც ამერიკელებს თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული უკრაინაში. უცვლელი დარჩა ერთი რამ: აშშ და რუსეთი ამ საკითხში მაინც მთავარ მოწინააღმდეგეებად რჩებიან, თუმცა გაურკვეველია აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობის საკითხი იმ ვითარებაში, როდესაც ცუდი დემოკრატიის გამო ევროპას ორიანიც (შეფასების საბჭოთა სისტემით) დაუწერეს, ყურიც აუწიეს და კუთხეშიც დააყენეს.
რუსეთისთვის მისაღებია დასავლეთის ეს ოდნავ შეცვლილი პოზიცია? არა მგონია! რუსეთი ამას სხვა ისტორიული, კულტურული, გეოსტრატეგიული და სამომავლო პერსპექტივით უყურებს. რაც მთავარია, სხვა ზნეობრივი იმპერატივიდან განიხილავს. რუსეთი ისევე ათავისუფლებს უკრაინას დასავლური ფაშიზმისგან, როგორც საბჭოთა კავშირი ათავისუფლებდა. ეს ზნეობრივი ასპექტი ამ მოვლენისა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გეოსტრატეგიული შემადგენელი.
არ მინდა ამ საკითხებში უფრო ღრმად შესვლა, მაგრამ ერთი რამ აქ აუცილებლად უნდა ითქვას: რუსეთი და უკრაინა ერთი ხორცია, ერთი სისხლია და ერთი სულია. საბჭოთა კავშირის დაშლა რუსეთს ვერ დაანგრევდა და ვერც დაანგრია, მაგრამ, უკრაინის მოწყვეტა რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა რომ იქნებოდა, ეს შესანიშნავად ესმოდათ ამერიკაშიც და ევროპაშიც. Financial Times-მა თავის დროზე გამოაქვეყნა ზბიგნევ ბჟეზინსკის წერილი, რომელშიც იგი ამ საკითხებზე საუბრობდა: ”ის, რაც უკრაინაში ხდება, ისტორიული პროცესია, რომელიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს და დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის დასაბამი გახდება.უკრაინა უფრო ადრე იქნება დემოკრატიული ევროპის ნაწილი, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამ გზის გავლა რუსეთსაც მოუწევს”.
აქ დაუფარავად იყო გაცხადებული რუსეთის ერთ ჩვეულებრივ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილი, რომელიც არა მხოლოდ დაკარგავდა ისტორიულ ტყუპისცალებს უკრაინისა და ბელარუსის სახით, არამედ დაემშვიდობებოდა თავის აღმოსავლურ ნაწილს ურალს ზემოთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ციმბირის უნიკალურ და ფასდაუდებელ სიმდიდრეებს ხელში დასავლეთი ჩაიგდებდა. გაცილებით ადრე ბისმარკმაც თქვა რუსეთისა და მისი ისტორიული ტერიტორიების (უკრაინის სახით) დაპირისპირების აუცილებლობაზე. ასე რომ, ამ მიდგომებში ახალი არაფერია. სიახლე აშშ-ის მიერ ამ ამოცანის დაძლევის გზებში უნდა ვეძებოთ. ამერიკელები აქამდე რუსეთის დამარცხებას უკრაინაში პირდაპირ ბრძოლის ველზე თუ აპირებდნენ, ახლა ამ ტაქტიკას ცვლიან, მაგრამ უკრაინას არ ეშვებიან. უკრაინას რუსეთიც ვერ შეეშვება იმიტომ, რომ ამას მისთვის, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, როგორც უკვე ვთქვი, ზნეობრივი მნიშვნელობაც აქვს, თუმცა არც აქ შეიძლება გაჩერება. რუსეთისთვის ამას რელიგიურ-საკრალური მნიშვნელობაც აქვს. უკრაინის ხელყოფა მართლმადიდებელი სამყაროს ხელყოფაცაა, მისთვის საფუძვლის მორყევისა და მისი დაშლა-დაქუცმაცების დასაბამიცაა. ამას რუსეთი ვერ დაუშვებს. ასე რომ ვითარება თითქოს შეიცვალა, მაგრამ მისი არსი არ შეცვლილა. აშშ-ისთვის უკრაინის საკითხი კვლავ მისი მსოფლიო ჰეგემონიზმის საკითხად რჩება, იმის მიუხედავად, რომ ეს ჰეგემონიზმი ჩვენ თვალწინ ილევა და ქრება. ამას ტრამპი თითქოს აღიარებს კიდეც და არც აღიარებს. ასეთია ამ ეპოქის პარადოქსები და ოქსიმორონები, რომლებსაც ახსნა აქვს თითქოს, მაგრამ, ამასთანავე, არც აქვს…
ერთი რამ, რაშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია, არის ის, რომ რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ეს ურთულესი ეტაპი წარმატებით დაასრულა:
* თითქმის მთლიანად გაათავისუფლა მის მიერ აღიარებული ტერიტორიები დასავლეთის მიერ კბილებამდე შეიარაღებული უკრაინელი ფაშისტებისგან;
* აშშ-ისგან მიიღო (ჯერჯერობით არაოფიციალური) აღიარება იმისა, რომ ამ ტერიტორიებისთვის რუსეთთან არავინ იომებს;
* აშშ-ისგან მიიღო (ჯერჯერეობით არაოფიციალური) აღიარება იმისა, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი.
ტრამპის ერთი განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია. მან თქვა, რომ რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელმაც ნაპოლეონი და ჰიტლერი დაამარცხა. ტრამპის მიერ ამ ისტორიული ფაქტის მოშველიება, პირდაპირი თუა არა, ირიბი აღიარება ხომ არის იმისა, რომ დასავლეთს დღესაც არ შესწევს რუსეთის დამარცხების ძალა. ეს უკვე რევოლუციური სიახლეა დასავლეთის მიდგომებში. სხვათა შორის, ამერიკულმა გამოცემა The National Interest–მა უკრაინაში ომი პრაქტიკულად დამთავრებულად გამოაცხადა. შეიძლება, ცოტა იჩქარეს, მაგრამ რეალურად ასეც არის.
დანარჩენი მოლაპარაკების, დიპლომატიის, პოლიტიკური ვაჭრობისა და შესაძლებლობათა რეალიზების საქმეა. უკრაინა ერთხელ კიდევ გათავისუფლდება დასავლური ფაშიზმისგან. არ გამიკვირდება, ეს ამბავი დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების მე–80 წლისთავამდე თუ გაფორმდება და 2025 წლის 9 მაისს არა ერთი, არამედ ორი გამარჯვების აღმნიშვნელი გრანდიოზული აღლუმი გაიმართება წითელ მოედანზე. დამარცხებული კი ისევ ის ძალა იქნება, რომლის სახელიც ერთხელ და სამუდამოდ ჩაწერილია ისტორიაში, როგორც კაცობრიობის უბოროტესი, უსასტიკესი და უბინძურესი მტერი.
ვალერი კვარაცხელია