გასულ კვირას ერთ-ერთი სიანტერესო თემა პარტიების დაფინანსება იყო. ალბათ, ბევრს აინტერესებს, ვის და რატომ აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი; კითხვები გამოიწვია სიაში „პატრიოტთა ალიანსისა“ და იაგო ხვიჩიას „გირჩის“ მოხვედრამ. ჰოდა, კანონი შემდეგს გვეუბნება: „სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის ყველა პარტიას, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1% მაინც მიიღეს.
პარტიების დასაფინანსებლად თანხა გამოითვლება პარლამენტის ბოლო არჩევნების შედეგებით: პირველი 50 000 ხმის სანაცვლოდ თითოეული ხმისთვის პარტია მიიღებს 15 ლარს, თითოეული დამატებითი ხმისთვის – 5 ლარს. პარტიას უფლება აქვს, უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე, ამისთვის წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; ვადა კი 26 დეკემბრის 18:00 საათზე ამოიწურა. სანამ იმას გეტყვით, ვინ მიმართა ცესკო-ს, გადანაწილებული თანხები ვნახოთ. ციფრები ეროვნულ ვალუტაშია და ერთ წელზეა გათვლილი:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 6 100 055 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 556 070 ლარი, „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1 645 775 ლარი, „გახარია საქართველოსთვის“ – 1 307 590 ლარი, „ლელო საქართველოსთვის“ – 1 414 590 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 752 995 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 811 115 ლარი.
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხუროს და პროდუქცია არ გამოუშვასო – აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვით ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, ეს მესმის!“ – დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში და ამბავიც ატყდა. ოპოზიციიდან მხოლოდ მისმა პარტიამ თქვა ოფიციალურად უარი სახელმწიფო დაფინანსებაზე და, რაღა თქმა უნდა, სხვები დაამუნათა. ამას მამუკა ხაზარაძის პასუხი მოჰყვა, აქაოდა, ამ ფულს ხალხს მოვახმართო; გახარიამ, – რეგიონებში ვფართოვდებით და გვჭირდებაო; ნაციონალებმა – გვარამიას ვინ ჰკითხავსო. რეალურად კი, ამ დაფინანსების მიღებით ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები აღიარეს და… დასავლელ პატრონებთან თავის მართლება არ მოუწევთ, რადგან ისინი არაფერს უშლიან, ოპოზიციას ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის ასეთი საქციელისაც. მთავარია, საჭირო მომენტამდე პარლამენტში არ შევიდნენ, თორემ, თუ ბიუჯეტიდან ფულს მიიღებენ, არაფერი დაშავდება, დასავლეთს ნაკლები დაეხარჯება და, რაც მთავარია, საქართველოს ბიუჯეტს მოაკლდება.
ისე, ხაზარაძემ ისიც თქვა, გვარამიას პრეზიდენტის სასახლეში ვკითხე, დაფინანსებას საიდან იღებდა, მაგრამ მან თურმე არ უპასუხა. ჰოდა, ხაზარაძე იმას ჩიოდა, როცა „საიდანღაც“ მილიონებს გაძლევენ და დუმხარ, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს მარტივად იტყვიო. ეს მეორე აღიარებაა ოპოზიციის მხრიდან. სხვა კი არაფერი წერია გამჭვირვალობის კანონში, იმავე ხაზარაძემ რუსული რომ დაარქვა?! ეს კანონი მოქმედებს და გვარამია ვალდებული იქნება, პარტიული დეკლარაციის შევსებისას დაფინანსების წყარო გარკვევით მიუთითოს. მედალს მეორე მხარეც აქვს – ფაქტია, რომ გვარამია და მისი მეგობრები დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ ( საეჭვოა, ხოშტარიამ რუსეთიდან მიღებული „რუბლები“ პარტიას დაახარჯოს, თვითონ რომც მოინდომოს, მამა არ დაანებებს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუსიკასაც სწორედ დასავლეთი შეუკვეთავს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნიკა სწორედ მათ დაკრულზე იცეკვებს, ანუ ის იქნება უცხოური გავლენის აგენტი და დასავლეთის მიერ ხელდასმული. ჰო, ევროპა-ამერიკა მიხვდა, რომ ნაციონალების დაბრუნებას აღარავინ დაუშვებს და ამიტომ, სახეცვლილი ნაცები შემოგვთავაზა. მეტიც, გვარამია ისე ასოცირდებოდა ნაცებთან და ისეთი ოდიოზური ფიგურაა, რომ სიაშიც კი არ ჩაწერეს, მაგრამ სწორედ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა. და ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ვინ იქნება პირველი ვიოლინო და ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი? დიახ, გვარამია, რომელიც ლგბტ თემს პრაიდს კი არ ჩაატარებინებს, მთავარ ბაირახტარად მოგვევლინება. რეალურად, ეს იყო გეგმაც, მაგრამ დასავლეთის ჩანაფიქრზე ქართველმა ხალხმა თქვა უარი და დასავლელები ახლა ცდილობენ, ჩანაფიქრი თვითონ განახორციელონ სანქციებით, ზეწოლით…
ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ. ქართველებს ბევრი უცნაური გამოთქმა გვაქვს და მათ შორის არის „პატიოსანი ბოზი“. ჰო, არიან ასეთებიც და სწორედ მათ დაემსგავსა ოპოზიცია. კი ამბობენ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთო, მაგრამ ამ შედეგების შედეგად მიღებულ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს არ ამბობენ. აბა, როგორი სათქმელია უარი, როცა პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციას ოთხ წელიწადში ლამის 6 მილიონი ლარი ერგება?! ახლა არ თქვათ, რეგიონებში ოფისებს შეინახავენ ამ ფულითო. რეგიონებში ოფისებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხსნიან, ისიც 2 თვით და დანარჩენი დროის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქში აქვთ მთავარი ოფისი. ანუ, სულ რაღაც, 6 მილიონი იყო საკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიცია „ბუტკაში შესულიყო“. ახლა არ დაიწყოთ, – გვარამია ხომ არ შევიდაო. ჯერ ერთი, მომეცით 5 წლის განმავლობაში თვეში 88 ათასი ლარი, მერე დასავლურ „კანალზე“ დამსვით და ხმის ამომღები ვინ არის?! „მთავარ არხზე“ მხოლოდ ხელფასის სახით გვარამიას 5 მილიონზე მეტი აქვს მიღებული და, ისე რამდენი ექნება „გაიმასქნებული“, კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში, მისი პარტნიორი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, – ხელფასზე გაცილებით მეტიო, ამიტომაც გვარამიას გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი… ოპოზიციურმა პარტიებმა ზუსტად იციან, რომ, თუ სასწაული მოხდება და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავენ, ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე დაიწყება. სულ ტყუილად აქვს იმედი თუნდაც იმავე სალომე ზურაბიშვილს, რომ ასეთ შემთხვევაში კვლავ პრეზიდენტად დატოვებენ და ორბელიანების იმ სასახლეს დაუბრუნდება, რომლიდანაც ასე წვალებით გამოვიდა და ისიც დაიბარა, ეს სასახლე ორბელიანებს დავუბრუნოთო. ახლა გაიგო და მიხვდა, რომ თურმე, ზურაბიშვილის კი არა, ორბელიანების სასახლეში ყოფილა. როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არც ის ახსოვს, რომ პრეზიდენტად იმ ძალამ აქცია, ახლა არალეგიტიმურს რომ ეძახის, და რომ იმ ხალხმა მისცა ხმა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და თვითონ ექსპრეზიდენტიც ნახირს უწოდებს. ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ დასკვნით აქციაზე პრეზიდენტმა სამარშრუტო ტაქსების ფოტო რომ დადო, ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანესო და არ ახსოვს, მის მხარდასაჭერად ორჯერ მეტი მობილიზება რომ მოახდინა მმართველმა გუნდმა და ხალხი მართლა პარტიული ლიდერების ხათრით ჩამოვიდა, სალომეს კი აგინებდნენ, ეს საიდან მოიფიქრეთო. იმხანად მოსახლეობას მართლა არ სურდა ზურაბიშვილის არჩევა და პირველ ტურში ნათლად გამოჩნდა „ოცნების“ აქტივის მიდგომა, მერე კი… მერე ლიდერებმა სთხოვეს, უშუალოდ ივანიშვილმა სთხოვა და… არჩევის შემდეგ ზურაბიშვილმა თავის რეგალიას ასო „პ“ ჩამოაშორა და ნამდვილი სახე გამოაჩინა. ასე მივიღეთ პრეზიდენტის ნაცვლად რეზიდენტი და ეჭვი გვაქვს, ეს ქალი კიდევ არაერთ უბედურებას გადაგვყრის.
წინ ახალი წელი და შემდეგ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გველოდება, რომლის შემდეგ ბევრ კთხვას უნდა გაეცეს პასუხი. მოქალაქე ზურაბიშვილი უკვე მიიწვიეს ინაუგურაციაზე, მაგრამ ეს აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა კი არ გააკეთა, არამედ იმ ფრთამ, რომელიც საქართველოს დამონებას ცდილობს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის უკან დასახევი არ ექნეთ. იმავეს აკეთებენ უკრაინასთანაც, რომელსაც, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ნაცვლად, იარაღის მიწოდებას უზრდიან. ეს არის სწორედ ის ლიბერალური ფრთა, რომლის დამარცხების პირობაც დადო ტრამპმა. იმედი ვიქონიოთ, რომ მის დამარცხებას ზვარაკად ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ შეეწირება.
მანამდე კი ოპოზიციური პარტიები მშვიდად შეირგებენ იმ არჩევნების შედეგად მიღებულ ფულს, რომელსაც არ აღიარებენ, და არც შერცხვებათ. მერე რა, რომ თავიანთ მრევლს არწმუნებენ, ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდებაო?! აქციებისთვის ფული დასავლეთიდან მოდის. ჯერჯერობით არავინ იკვლევს, ვინ რისთვის ხარჯავს და სად მიდის კოლოსალური თანხები, მაგრამ, თუ შედეგი არ დადგება, ოპოზიციას ყურს აუწევენ, მაგრამ, თუ შედეგი დადგება, მაშინ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ რამდენი მოიპარა, მერე საქართველოს დაჩოქების პროცესი დაიწყება.
ბესო ბარბაქაძე