Home რუბრიკები პოლიტიკა ოპოზიციას ინდულგენცია აქვს ყოველგვარი დანაშაულის ჩადენაზე და ამ ინდულგენციას ევროპა-ამერიკა აწერს ხელს

ოპოზიციას ინდულგენცია აქვს ყოველგვარი დანაშაულის ჩადენაზე და ამ ინდულგენციას ევროპა-ამერიკა აწერს ხელს

“...ხოშტარიას რომ დაიჭერთ, ის კაცები არ ხართ, უბრალო ადამიანს რომ ამოხდით სულს, ის კაცები ხართ, წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ!”

335

ჩემს მეზობლად მოხუცი ქალი ცხოვრობს, 83 წლის ლუიზა დეიდა. შვილები და შვილიშვილები საზღვარგარეთ ჰყავს. მარტოა. დადის ოდნავ მოხრილი და ბავშვებს მისი დანახვა ყოველთვის ახარებთ _ გამორიცხულია, ნაცნობ თუ უცნობ პატარას გვერდი ისე გაუაროს, აკანკალებული ხელით კანფეტი არ მიაწოდოს. ძირითადად, კოწახური და, ძირითადად, იაფფასიანი, მაგრამ მაინც ტკბილეული, პენსიით ნაყიდი. ბავშვივით უხარია ხოლმე პატარების ჟრიამული და მადლობები. ჰოდა, ეს ქალი რამდენიმე თვის წინათ პირბადის უქონლობის გამო დააჯარიმეს და, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარიმები გააუქმა, მას არ შეხებია, რადგან ჯარიმა გადახდილი ჰქონდა, კანონმორჩილი მოქალაქეა: დააშავა _ გადაიხადა

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია სასამართლოში დაიბარეს. ალალად გეტყვით, დარწმუნებული ვიყავი, ოპოზიციონერი ქალბატონი იმის გამო დაიბარეს, რომ კანცელარიის კედლებსა და იატაკს წითელი საღებავი შეასხა და სახელმწიფო შენობის ფასადი დაამახინჯა. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმით ისჯება, თუმცა, როგორც ალალად მეგონა, ისე ალალად შევცდი.

“მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას, არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობას. პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარ გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული. ამიტომ ეს მოსამართლე თუ ვინც იქნება, შეუძლია ეს პროცესი ატარონ, ჩემი ფეხი იქ რა თქმა უნდა, არ იქნება. წარმოდგენა არ მაქვს, არ მინახავს არანაირი უწყება, ვიღაც დამიკავშირდა, მითხრა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის პროტესტის გამო რაღაცას მედავებიან, უბრალოდ, არ მაინტერესებს, არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია, ივანიშვილის გვირაბშიც რაღაც რომ დავწერე, ამაზეც დამაჯარიმეს, კანცელარიის შეღებვაზეც დამაჯარიმეს. არ მაინტერესებს, რადგან ეს არც სასამართლო პროცესია, არც სამართლებრივი პროცესი, ამორალურია სრულიად და სწორედ ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. ადმინისტრაციული საქმეა, რაღაც საბჭოთა უბედური კოდექსით, რომელიც პოლიციას ყველაფრის კეთების უფლებას აძლევს, უამრავი აქტივისტია, ვინც იდევნება, ჯარიმდება ამ რაღაც აბსურდული პროცესის გამო. მე, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ საერთოდ არ ვაპირებ ფეხის მიდგმას”, _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ სასამართლოს მოთხოვნაზე.

იცით, რა მაინტერესებს? მე რომ დაგებარებინეთ სასამართლოში ან ჩემი რომელიმე კოლეგა და იგივე გვეთქვა, ხომ გადამიგრიხავდით ხელებს და სულ კინწისკვრით მიმიყვანდით კი არა, მიმათრევდით სასამართლოში და ყველაფერთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სასამართლოს აბუჩად აგდებასაც დამიმატებდით ბრალდებად. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ასეთი ელენე ხოშტარია, რომ ამ თავხედობას პატიობთ? რა დამსახურება აქვს საქართველოს ან ხალხის წინაშე, რომ ამდენის უფლებას აძლევთ? რით სჯობია ჩემს მეზობელ ლუიზა დეიდას ხოშტარია, რომელმაც მათხოვრული პენსიიდან გადაიხადა 20 ლარი, რადგან იცოდა, რომ კანონი დაარღვია?! მე გეტყვით, რა განსხვავებაა ამ ორ ადამიანს შორის და რატომ იქცევით ასე, ბატონებო.

თქვენ ახლა ხოშტარია ძალით რომ მიიყვანოთ სასამართლოში, ოპოზიცია მაშინვე აყვირდება: საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სასამართლოში დაარბენინებენ, პოლიტიკური დევნააო. რაც მთავარია, ოპოზიციას მაშინვე მხარს აუბამენ დასავლელი პარტნიორები, ელჩები პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე მოაწყობენ, _ ეგ როგორ გაბედეთო, და სწორედ ამიტომ ვერ ბედავთ. რიგით ადამიანს იმის ნახევარი რომ გაეკეთებინა, რაც ხოშტარიამ გააკეთა, ბოლომდე გაწირავდით და მე, რიგითი მოქალაქე, გეკითხებით: რატომ გადაიხადეთ ჩემი გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტის ფულით კანცელარიის შენობის გაწმენდისთვის, რომელიც ხოშტარიამ დააზიანა? გაწმენდის პროცედურა 3 ათას ლარამდე დაგიჯდათ და რატომ დახარჯეთ 3 ათასი ჩვენი, რიგითი ადამიანების, ფული ამ დედაკაცის ხუშტურების გამო? რატომ არ გადაახდევინეთ მას ჯარიმა? მეც და ასიათასობით ჩემნაირს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, რას იტყოდნენ ელჩები ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, რადგან კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, თუ არადა, გამოაცხადეთ ოპოზიციის ლიდერები კანონგარეშედ. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ოპოზიციის წევრებს ჯიბეში ისევ ის “ნარუშილოვკები” უდევთ, თავის დროზე სააკაშვილმა რომ დაურიგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა.

ახლაც, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის ლიდერებმა იციან, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვთ. თუ ვინმეს დაიჭერენ, გვარიან შოუსაც დადგამენ და შემდეგ ნიკა მელიას მაგალითზე დაელოდებიან, როდის გადაუხდიან ევროპელები გირაოს თანხას. რიგითი ადამიანების დასათრგუნავად არის ეს ყველაფერი შექმნილი, დასავლეთი კი იმიტომ უქნევს თავს ოპოზიციას ყველა ჭირვეულობაზე, ეგებ ასე მაინც გამოაცალოს მხარდამჭერები ხელისუფლებას და, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა თუ არა, კოალიციური მთავრობის შექმნა მაინც აიძულოს.

ნეიტრალური ადამიანები და მმართველი ძალის მხარდამჭერები რომ დაინახავენ, რომ მათ არაფერი არ ეპატიებათ, ხოლო ოპოზიციას _ ყველაფერი, როგორ გგონიათ, არ გაუჩნდებათ სურვილი, თვითონაც ოპოზიციაში იყვნენ? ნიკა გვარამია დედას რომ აგინებს ნახევარ საქართველოს პირდაპირი ეთერიდან, ჩვენ რომ შევაგინოთ, ხომ გამოვა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის დევნა? ხომ გვაგებინებთ პასუხს მაშინვე, დასავლეთმა რომ მოგიწონოთ? ჰოდა, გეკითხებით, ბატონებო, სად არის ლოგიკა? ევროპამ და ამერიკამ ოპოზიციას დედის გინებაგაუმწვანა”, შენობებში შევარდნის ნება დართო, უკანონობის ჩადენის შესაძლებლობას აძლევს და ამ დროს, თქვენ ოფიციალურად ხელისუფლება გქვიათ, იმათ _ ოპოზიცია. საინტერესო კიდევ, იცით, რა არის? ხომ დარწმუნებულები იყვნენ სასამართლოშიც და ხელისუფლებაშიც, რომ ხოშტარიას ასეთი რეაქცია ექნებოდა _ გამოვიდოდა, ბოლო ხმაზე იკივლებდა, თავს ლაფს დაასხამდა როგორც სასამართლო სისტემას, ისე ხელისუფლებას და… რატომ დაიბარეს? რატომ გადადგეს ნაბიჯი, რომელიც წყალს მათ წისქვილზე აშკარად არ ასხამდა? მხოლოდ იმიტომ, რომ მერე დასავლეთისთვის ეთქვათ, _ აგერ, ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს პატივს არ სცემსო. რომელ სასამართლოს, ბატონებო? ოპოზიციაში ყოფნისას მურუსიძესა და მის კლანს სატანებს რომ ეძახდით და ახლა სამუდამოდ შეუნარჩუნეთ პოსტები, იმ სასამართლოს პატივისცემას ითხოვთ? თქვენი მხარდამჭერები ვაგონებით რომ მიჰყავდათ და ეს მოსამართლეები უჩაქუჩებდნენ განაჩენებს, ამ სასამართლოს პატივისცემას სთხოვთ ახლა ხოშტარიას? ის მაინც თუ იცით, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მუდმივად დანიშნულ მოსამართლეებს ვერც ახალმოსული მთავრობა შეეხება, მაგრამ თქვენს გასამართლებას კი აიძულებს და დაგინდობენ?

ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი უსამართლობის კედელს ეჯახება. ამ დროს უჩნდება პროტესტიც და ზიზღიც იმ სისტემის მიმართ, რომელიც უსამართლოდ ექცევა. არ გეგონოთ, ხოშტარიას დაუსჯელობას ქილიკით მხოლოდ ოპოზიცია შეხვდება, ხალხი გაბრაზდება, რიგითი ადამიანები, რომლებიც, ვინმეს ციხეში ჩასმას კი არა, სამართლიანობას მოითხოვენ. სამართლიანობა კი ის არის, რომ ვინც უნდა იყოს, რა პოზიციასაც იკავებდეს, თუ დაარღვევს კანონს, პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე. და არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ან არ იტყვის რომელიმე დიპლომატი.

ვროპასა და ამერიკაში, ანალოგიური რომ მომხდარიყო, არ აგებინებდნენ პასუხს? რა თქმა უნდა, არ აპატიებდნენ, დააჯარიმებდნენ, თუ საჭირო იქნებოდა, ციხეშიც ჩასვამდნენ და ამას არავინ გააპროტესტებდა. თუ სამართლიანობა არ იქნება, არ იქნება სახელმწიფო და, თუ არ იქნება სახელმწიფო, არაფერი არ იქნება, საერთოდ. ჩვენ ახლა ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვსო, რომ გვეუბნებით, არ არის ეს დემოკრატია, დიქტატურაა ეს და დიქტატორები, თქვენ კი არა, ის ელჩები არიან, რომლებიც გაიძულებენ, საკუთარი ქვეყნის კანონი დაარღვიოთ, ცალკეულ პერსონებს მოარგოთ და მხოლოდ მაშინ დასაჯოთ ადამიანი, როცა იცით, რომ ამას საერთაშორისო პროტესტი არ მოჰყვება.

იმასაც გეტყვით, რომ გასულ კვირას მიღებულ გამკაცრებულ რეგულაციებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იცავს და იცით, რატომ? ჯარიმები რომ გააუქმეთ, იმიტომ. ამით კანონმორჩილი მოქალაქეები კიდევ ერთხელ დასაჯეთ, დასაჯეთ ის ადამიანები, რომლებიც რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდნენ და ორმაგად დასაჯეთ ისინი, ვინც ჯარიმა გადაიხადა. თურმე არ უნდა გადაეხადათ, თურმე უნდა მოეთმინათ, თურმე კანონს არ უნდა დამორჩილებოდნენ და ყველაფერს ჩამოაწერდნენ. ახლაც იმავეს ფიქრობს ყველა და უკვე კანონმორჩილი მოქალაქეებიც აღარ სთხოვენ საკუთარ თავს კანონის დაცვას. აი სადამდე მიიყვანეთ ერი _ თუ დაუსჯელობის სინდრომი ძვალსა და რბილში გაჯდება, შემდეგ უკვე ვეღარაფერს შეცვლით.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ამ ყველაფერს ბოდღო ყვალთავას და მის ამფსონებს რომ ეუბნება, დათა თუთაშხიას ერთი ფრთიანი ნათქვამის პერიფრაზი უხდება ძალიან: “…ხოშტარიას რომ დაიჭერთ, ის კაცები არ ხართ, უბრალო ადამიანს რომ ამოხდით სულს, ის კაცები ხართ, წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here