Home რუბრიკები ისტორია ომში დაღუპული სამი ძმა და ნაცისტების ტყვეობაში გატარებული ოთხი წელიწადი

ომში დაღუპული სამი ძმა და ნაცისტების ტყვეობაში გატარებული ოთხი წელიწადი

ომიდან ვერ დაბრუნდნენ ჟორა კობახიძის უმცროსი ძმები _ ბონდო და ღუღუნი კობახიძეები. სამი მებრძოლი ძმა, სამი ქართველი გმირი, სამი ტრაგიკული ბედი

454
მფრინავი ჟორა კობახიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ირდენით

ინტერნეტრესურსიდიდი სამამულოპროექტისჩემი მამაცი წინაპარიფარგლებში ამჯერად აქვეყნებს ქალბატონების _ ივეტა კობახიძისა და ცისანა ლეკიშვილის მოგონებებს თავიანთი მამაცი წინაპრების შესახებ.

საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა 83 წლის ქალბატონმა ივეტამ თავისი გულისტკივილი გამანდო: სამი-ოთხი წლის წინათ, 9 მაისს, როგორც ყოველთვის, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტთან მივიდა და შეესწრო ჩვენი ლიბერალ-ფაშისტების მიერ დადგმულ ამაზრზენ სკანდალს, როდესაც მოხუცებს, მათ შორის, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, ყველა ნორმალური ადამიანისთვის წმინდათაწმინდა დღის ზეიმი არ აცალეს. ამ სამარცხვინო აქტს, როგორც ცნობილია, ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია და წლიდან წლამდე მეორდება. ლიბერალ-ფაშისტური “შაბაშის” ზოგიერთი “შემოქმედი” დღეს, სხვათა შორის, პარლამენტში ზის _ ხელისუფლების მიერ ნალოლიავები “ოპოზიციის” წარმომადგენლის სტატუსით.

თუმცა ამაზე სხვა დროს. ახლა კი გაგაცნობთ ქალბატონ ივეტას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თავისი მეომარი წინაპრების შესახებ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა რაჭველმა კაცმა ვარდენ კობახიძემ კოლხ ქალიშვილ არმიდა პარკაიასთან ერთად ოჯახი შექმნა. მათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, 1941 წელს, სამივე ვაჟი ფრონტზე გაიწვიეს, მცირე ხნის შემდეგ კი მათი და _ ექთანი ქეთო კობახიძეც ომში წავიდა.

ჟორა კობახიძის წერილები
ჟორა კობახიძის წერილები

უფროსი ძმის, ჟორა (გიორგი) კობახიძის გარდა, რომელმაც შურა ჯიქიძეზე იქორწინა, ოჯახი არც ერთ მათგანს არ ჰყავდა. ამ ოჯახში გაჩნდა ივეტა კობახიძე, რომელსაც ერთი ძმა ჰყავდა (გარდაიცვალა მოსკოვში 2010 წელს). ჟორა კობახიძე ავიაციით იყო გატაცებული და სამხედრო მფრინავის ხელოვნებას ეუფლებოდა ბათუმის აეროკლუბში, სადაც არაერთი კარგი პილოტი მომზადდა. ომშიც, შესაბამისად, პილოტის ფუნქციას ასრულებდა. ლენინაკანში განლაგებული ავიანაწილი ომის პერიოდში კობახიძესთან ერთად უკრაინაში გადაისროლეს. სწორედ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების დროს დაიღუპა მამაცი ქართველი მფრინავი ჟორა კობახიძე, რომელიც იმხელა ავტორიტეტით სარგებლობდა თანამებრძოლებში, რომ მათ დაღუპულის ტანსაცმელი ოჯახს გამოუგზავნეს.

ომიდან ვერ დაბრუნდნენ ჟორა კობახიძის უმცროსი ძმები _ ბონდო და ღუღუნი კობახიძეები. სამი მებრძოლი ძმა, სამი ქართველი გმირი, სამი ტრაგიკული ბედი… ბებიამ, ქალბატონმა არმიდამ, ვერ გაუძლო ამ დარტყმას _ 1945 წელს ინფარქტი დაემართა, 1949 წელს კი გარდაიცვალა…

ბათუმის აეროკლუბის კურსდამთავრებულები. კობახიძე - ზემოთ, მარცხნივ
ბათუმის აეროკლუბის კურსდამთავრებულები. კობახიძე – ზემოთ, მარცხნივ

ტრაგიკული აღმოჩნდა ქალბატონ ივეტას დედის ძმის, შოთა ჯიქიძის, ბედიც, ომიდან ცოცხალი არც ის დაბრუნებულა… ომში დაიღუპნენ უფროსი დეიდის მეუღლე _ ვალოდია კილაძე და მისი ორი ძმა. ასე და ამრიგად, ერთმა ოჯახმა შვიდი ვაჟკაცი შესწირა სამშობლოს…

* * *

ქალბატონი ცისანა ლეკიშვილი გორიდან გამომეხმაურა, რომელმაც თავის მამაზე, შალვა ლეკიშვილზე, მომაწოდა ინფორმაცია.

შალვა ილიას ძე ლეკიშვილი დაიბადა 1906 წლის 1 აპრილს გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში, ილია ლეკიშვილისა და მარიამ ლალიაშვილის ოჯახში. შალვას მამა იყო ხელოსანი და დაუღალავი შრომით არჩენდა ოჯახს. შალვამ პირველი დაწყებითი განათლება მიიღო გორის მეოთხე .. შრომის სკოლაში. მისი თანაკლასელები იყვნენ გიორგი ხარაული (გორის პედ. ინსტიტუტის დირექტორი), . ხარატიშვილი (აღმასკომის თავმჯდომარე, კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი), . ბოჭორიშვილი (საქართველოს განათლების მინისტრი), . ყაველაშვილი (შახტმშენის მთავარი ინჟინერი) და სხვები. შალვა ლეკიშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კურსები ეკონომისტის რანგში და მუშაობდა გორის რაიონის თითქმის ყველა სოფელში მთავარ ეკონომისტად. 1931 წელს შალვა ლეკიშვილმა შექმნა ოჯახი თამარ ფოცხვერაშვილთან ერთად. ოჯახში აღიზარდა 3 ქალიშვილი: ლილი, ცისანა (ნაზიბროლა) და მერი ლეკიშვილები. საზოგადოებას ალამაზებენ მისი შვილები და შვილიშვილები (თინა, გიორგი, მაია) და შვილთაშვილები (დათო, ანა, ნინო, ლუკა).

შალვა ლეკიშვილი - მარჯვნიდან მეორე
შალვა ლეკიშვილი – მარჯვნიდან მეორე

სამამულო ომის დაწყებისთანავე, პირველივე დღეებში, შალვა ლეკიშვილი მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა და მალე აღმოჩნდა ფრონტზე. გარდა ჯარისკაცობის პირდაპირი მოვალეობისა, მას, როგორც ეკონომიკის სპეციალისტს, დაკისრებული ჰქონდა საჯარისო გაერთიანებაში სამეურნეო საკითხების მოგვარება, მის გამგებლობაში შედიოდა ჯარისკაცთა კვების უზრუნველყოფა. ფრონტიდან მიღებული წერილებიდან ჩანდა, რომ მისი საქმიანობით კმაყოფილი იყვნენ, როგორც სამხედრო, ისე სამეურნეო სფეროების ხელმძღვანელები.

ქალაქ ქერჩთან წარმოებული დაუნდობელი ბრძოლებისას, შალვა, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ ჩავარდა და ეს ტყვეები ფეხით ატარეს ფაშისტებმა დიუსელდორფის საკონცენტრაციო ბანაკამდე, სადაც თითქმის 4 წელი გაატარა მძიმე შრომასა და ვაებაში. მის თვალწინ აწამებდნენ და ხვრეტდნენ პატიმრებს. ქალბატონი ცისანა იგონებს, რომ მამა ჯარში რომ წავიდა 103 კგ იწონიდა, ხოლო შინ რომ დაბრუნდა, 48 კგ-სო. ბავშვები მამას ვერ ცნობდნენ და ამის გამო სამივე ტიროდა.

შალვა ლეკიშვილი - შუაში
შალვა ლეკიშვილი – შუაში

შალვა შინ დაბრუნდა 1945 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ტყვეებმა თვითონ გაანგრიეს საკონცენტრაციო ბანაკის კარი და ფეხით გაუდგნენ სამშობლოსკენ მიმავალ გზას. შალვა ლეკიშვილი დაჯილდოებული იყო ორდენით. ომის შემდგომ მშვიდობიან წლებში სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. გარდაიცვალა 1974 წლის 30 ოქტომბერს, 68 წლისა. დაკრძალულია გორის კვერნაკის სასაფლაოზე.

გულბაათ რცხილაძე

didisamamulo.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here