ასე რეპერივით დავიწყე ჩემი მორიგი საგაზეთო წერილი, რადგან გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი თემა სწორედ ორი ქართველი რეპერის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დაპატიმრება და ორიოდე დღეში მათი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება იყო.
სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტ “ბირჟა მაფიას” წევრები: მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს დააკავეს ნარკოტიკის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე პოლიციელები “ფერადი შეფერილობის ტაბლეტების” ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ კლიპს, რომელშიც პოლიციელი ყელზე გამობმული თოკით მუხლებზე დგას და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო “ვიღაც ძალიან გაღიზიანდა”. 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” წევრებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 9 და 10 ივნისს დაკავებული რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 10 ივნისის საღამოს “ბირჟა მაფიას” მხარდაჭერა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ. “თქვენთან ვარ, ბიჭებო, თავისუფლება ბირჟა მაფიას!” _ დაწერა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 12 ივნისს “ბირჟა მაფიას” წევრები: მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ…
არ ვაპირებ პოლემიკის დაწყებას თემაზე, რეალურად ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები “ბირჟა მაფიას” პროექტის წევრებს თუ “ჩაუდეს”. მთავარი, ჩემი აზრით, სხვა იყო _ ბერას პოსტი.
დიახ, როგორც სამართალდამცველები ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, ამ რეპერების დაჭერა ზუსტად ისე “დაემთხვა” მათ მიერ ინტერნეტში ატვირთულ კლიპს, როგორც გათავისუფლება “დაემთხვა” ბერა ივანიშვილის ფეისბუქ-პოსტს _ “თქვენთან ვარ, ბიჭებო! თავისუფლება ბირჟა მაფიას!”. “დამთხვევა”, დამეთანხმებით, საეჭვოა!
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია იყო პროექტ “ბირჟა მაფიას” მიმართ და ბევრმა რატომღაც მიიჩნია, რომ ეს პროექტი ქუჩური და კრიმინალური აზროვნების პროპაგანდაა. არადა, რეალურად, ცინიკური სახელწოდებით დაწყებული, ტექსტებშიც და გროტესკულ მანერებშიც ქუჩური მენტალობის გაშაყირება და დაცინვა უფრო ჩანს. კლიპში “პავადოკზე” ძაღლივით გამობმული პოლიციელისფორმიანი ადამიანის ეპიზოდიც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე კომიკური პერსონაჟის “სულელურ ოცნებად”, ასეთი აზროვნების ადამიანების ფანტაზიის შეზღუდულ უნარად უფრო მივიღე, ვიდრე პოლიციელის უპატივცემულობად ან შეურაცხყოფად. მით უფრო, რომ კლიპის თავდაპირველ ვერსიაშიც პოლიციელის ამოსაცნობი ნიშნები და გერბი “გაბლარული”, ანუ დაფარული იყო. საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ ქართველი საზოგადოება ფეხის ხმას არ აჰყვება ხოლმე ვინმეს ლანძღვის ან ქებისას.
თუმცა, ვიმეორებ, ამ საგაზეთო წერილის მიზანი “ბირჟა მაფიას” პროექტის მონაწილეთა დაცვა ან ძაგება არ არის. უფრო გლობალურ პრობლემად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში პოლიციელიც, პროკურორიც, მოსამართლეც და სხვებიც ოლიგარქის შვილის პოსტით შეიძლება იმართებოდეს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბერას პოსტმა დადებითი და პოზიტიური როლი შეასრულა და ორი ახალგაზრდა (რომლებსაც, ჩემი აზრით, მართლა არაფერი დაუშავებიათ) შესაძლო 20-წლიანი პატიმრობისგან იხსნა.
მაგრამ რას ვაპირებთ იმ სხვა კონკრეტულ შემთხვევაში და სხვა დროს, როცა ქვეყანაში ვინმეს უსამართლოდ დაჩაგვრა ან ვინმეს მიმართ სამართლის განხორციელება–ვერგანხორციელება, შესაძლოა, არ მოექცეს “ოლიგარქოვიჩის” ინეტერესების სფეროში?
უარესი _ ვთქვათ, ისეთ ვინმეს ჩაგრავენ, ვის მიმართაც “ოლიგარქოვიჩს” უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ადგეს და თავისი პოსტით ამ ვინმეს კიდევ უფრო დაჩაგვრა და დასჯა მოითხოვოს? მორჩა, დასრულდა იმ ვინმეს საქმე საბოლოოდ?
კი ბატონო, დაგეთანხმებით, რომ ბერა ივანიშვილს ჯერ არსად გამოუმჟღავნებია ბოღმა, აგრესია და ვინმეს დაჩაგვრის მიდრეკილება, მაგრამ ისიც ხომ ადამიანია? ვიცით, მომავალში რა მოხდება? სახელმწიფოს ცნებაც ხომ ძირითადად მაგას ნიშნავს და იქიდან ამოდის, რომ საზოგადოების შეთანხმებით, ყველასთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი უფლებები და “ძლიერმა” “სუსტი” ვერ უნდა დაჩაგროს!
აი, სწორედ ამიტომ მიმაჩნია “რეპერების საქმეში” ყველა მთავარ ეპიზოდად “ბერას პოსტი” და არა ის, ჰქონდათ თუ არა ბიჭებს ჯიბეში ნარკოტიკი და შეურაცხყვეს თუ არა მათ პოლიცია… კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე, არის “ქოცების გამპრავებელი” კასტის მძაფრი რეაქცია სიტყვა “ოლიგარქზე”.
როგორც კი ამ სიტყვას გამოიყენებ _ ან იტყვი, ან დაწერ, იმწამსვე მოდის წყევლა-კრულვის ნიაღვარი _ “შე უმადურო, ბიძინამ გადაგვარჩინა და როგორ უწოდებ ოლიგარქს?”, “შე უზრდელო, ამხელა მეცენატ ადამიანს, ოლიგარქი ხარო, როგორ აკადრებ, არ გრცხვენია?” და სხვ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ხალხს სიტყვა “ოლიგარქი”, დედის თუ არა, სულ ცოტა, “კარგის ტ…ს” გინება მაინც ჰგონია…
თუმცა, უბრალო და უჩინო სოციალურ ქსელებში მოკაკუნე “გამპრავებლებს” რა ველაპარაკო, როდესაც მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეც კი ისეთ კომიკურ განცხადებებს აკეთებენ, იცინო თუ იტირო, ვეღარ ხვდები.
მაგალითად, როდესაც კახა კალაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა _ დღეს საქართველოში არის თუ არა ოლიგარქიული მმართველობაო, ენერგეტიკის მინისტრმა და პირველმა ვიცეპრემიერმა უპასუხა: “თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენ გავდივართ ხოლმე კონსულტაციებს ბატონ ბიძინასთან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამასთან ოლიგარქიას არანაირი შეხება არ აქვს”-ო.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი პირდაპირ განაცხადა: “გადასაწყვეტი საკითხების უმეტესობაზე ჩვენ ვიგებთ ხოლმე ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს, ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებთ კიდეც მის შენიშვნებს და მოსაზრებებს, მაგრამ ეს რა კავშირშია ოლიგარქიასთან?”
ზოგჯერ მინდა, იმ ჟურნალისტების ადგილას ვიყო და გინდა, კალაძეს, გინდა, კობახიძესა და გინდა, “ოცნების” სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც შეიცხადებენ ხოლმე, _ რა ოლიგარქი, როგორ ბედავთ და მაგას როგორ აკადრებთ ბატონ ბიძინასო, შევუტრიალო კითხვა: გულწრფელად მითხარით, ბატონებო, თქვენ ოლიგარქია რა გგონიათ? მართლა მაინტერესებს, მოვისმინო “ოცნების” ბობოლებისა და მათი “გამპრავებლებისგან” სიტყვა “ოლიგარქის” განმარტება.
აქამდე ვიცოდი, რომ ოლიგარქი არის მდიდარი ადამიანი, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოს მმართველ წრეებზე და მართალია, უშუალოდ არ მართავს სახელმწიფოს, მაგრამ მის ინტერესებს მუდამ ითვალისწინებენ უმაღლესი მმართველი წრეები.
ახლა მიპასუხეთ: არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მდიდარი?
ამ კითხვაზე კობახიძეც, კალაძეც და მსოფლიოც გაგვცემს ერთადერთ პასუხს: დიახ, არის!
კითხვა მეორე _ აქვს თუ არა ამ მდიდარ ადამიანს გავლენა სახელმწიფოს მართვაზე? _ როგორც ვნახეთ, პარლამენტის თავმჯდომარეც, პირველი ვიცეპრემიერიც აღიარებენ, რომ მდიდარ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს მართვაზე პირდაპირი გავლენა აქვს და ამას არც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უარყოფს.
არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის უშუალო ინტერესები გათვალისწინებული საპარლამენტო მსჯელობებისას? “ოცნების” სიით პარლამენტში შესული ყველა პარლამენტარი ადასტურებს, რომ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას ბატონი ბიძინას პოზიცია მისთვის მნიშვნელოვანია.
ჰოდა, კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: მაშ, სხვა რაღაა ოლიგარქი და ოლიგარქია?
ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრად რომ დარჩენილიყო და აეღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე (მილიარდერი დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია), მაშინ ის ოლიგარქი არ იქნებოდა, მაგრამ, რადგან ივანიშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ქვეყნის პოლიტიკურ მართვაზე გავლენის პირდაპირი ბერკეტები მაინც დაიტოვა, ის კლასიკური ოლიგარქი გახდა და აქ სხვა აზრი არც შეიძლება არსებობდეს.
ახლა ისიც ვთქვათ, კარგია თუ ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის ეს ოლიგარქიული მმართველობა.
“ნაციონალები” და მათი დანაყოფები _ “გირჩები”, “ევროპელები” და სხვები, როგორც ყველაფერს, ამასაც დემაგოგიისთვის იყენებენ და ისე გაიძახიან, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობააო, გეგონება, მათი მმართველობის პერიოდში რამე უკეთესი იყო ან, ახლა რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, უკეთესს იზამენ.
ოლიგარქია განა კარგია, მაგრამ თავზეხელაღებულ, ფსიქიკურად შეშლილ ავტორიტარ მმართველს, შედარებით გაწონასწორებული და ნაკლებად ბოროტი ოლიგარქი ნამდვილად სჯობს.
საქართველო, სამწუხაროდ, დღეს ისეთ დღეშია, რომ არჩევანი ასეთი გვაქვს _ ან უნდა ავიტანოთ ეს ოლიგარქი თავისი “ოლიგარქოვიჩებით”, რომელთა პოსტებზეა დამოკიდებული ისიც კი, ვის ცნობს სასამართლო დამნაშავედ და ვის _ არა, ან ისევ “ორი გვამი მომიტანეთ” ტიპის ხელისუფლება უნდა დაგვაჯდეს თავზე და, ღმერთმა უწყის, რამდენ “ორ გვამს” მოითხოვს მერე შურისძიებას მოწყურებული ნაპატიმრალი ვანო ანდა ნაემიგრანტალი მიშა.
ჰოდა, ოლიგარქი რისი ოლიგარქია? ბიძინა ივანიშვილი მოხერხებულად და ბოროტად სარგებლობს ამ სიტუაციით და, ვინც უნდა იძახოს, “ოცნება” გაფარჩაკდაო, იგი მაინც მყარად ზის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებაში.
არის მოსაზრებაც, რომ დავძლიოთ შიში და “დავცხოთ” ორივეს _ “ქოცებსაც” და “ნაცებსაც”, მაგრამ ცხადია, რომ საზოგადოების ასეთი ქმედება ანარქიას გამოიწვევს და არავინ იცის, როდის ეღირსება ქვეყანას მეტ-ნაკლებად ისევ დალაგება…
მავანი ამბობს, სწორედ ეგ ანარქიაა ქვეყნის ხსნა და “გამოსაშვები სისხლი უნდა გამოვუშვათ”, მერე საბოლოოდ რომ დავლაგდეთო, მაგრამ ეს ხომ 27 წლის წინათ უკვე ვქენით?!
როგორ ფიქრობთ, დალაგდა ამის შედეგად ქვეყანა?
და, თუკი მართლაც ასეა დღეს საქართველოს საქმე, რომ პირსისხლიანი მანიაკებისგან ისევ და ისევ ან ოლიგარქიამ უნდა გვიხსნას, ან ანარქიამ, კარგი, ჯანდაბას, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებთ და “გაგიპრავებთ” მაგ ოლიგარქს და “ოლიგარქოვიჩს”…
ოღონდ, იქნებ იმდენი პატივი მაინც გვცეთ, რომ ნუ გვიპროტესტებთ, ნუ იპუტავთ თმებს და ნუ იხოკავთ ლოყებს, როდესაც სიტყვა “ოლიგარქიას” ვახსენებთ. კიდევ გიმეორებთ: პატივცემულო “გამპრავებლებო”, ოლიგარქია დედის გინება არ არის. ეს პოლიტიკური ტერმინია და ზუსტად იმას აღნიშნავს, რაც დღეს საქართველოში ხდება.
ბაკურ სვანიძე