1972 წლიდან დღემდე იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 5500-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს
აზიის რეგიონში აშშ–ის ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი იაპონიაშია. იაპონელი საზოგადოების ყველა მცდელობა, გავლენა იქონიოს ქვეყნის ხელისუფლებაზე ამერიკული სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის მიზნით, ამაოა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საოკუპაციო ჯარებს მხოლოდ სახელი გადაარქვეს და სამხედრო ბაზები უწოდეს. ამ ტერიტორიებზე კი ექსტერიტორიულობის (უცხოელი პირების ან უცხოური ორგანიზაციების გათავისუფლება ადგილობრივი კანონებისადმი მორჩილებისგან და მათთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება _ ნ. ა.) პრინციპი მოქმედებს.
საცხოვრებლად ვარგის უზარმაზარ ტერიტორიას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ხოლო იაპონიის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გარკვეული მუხლები აშშ-ის ჯარების მომსახურებისთვის.
ზემოჩამოთვლილი ფაქტები თავისთავად იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას, მაგრამ, ამ ფაქტების გარდა, არსებობს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დანაშაულთა მატების პრობლემა. 1972 წლიდან დღემდე იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 5500-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს.
რა აიძულებს იაპონიის ხელისუფლებას, არად ჩააგდოს საზოგადოებრიობის მოთხოვნა უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის შესახებ? რატომ არ ისჯებიან ამერიკელი სამხედროები ჩადენილი დანაშაულისთვის? _ ამ კითხვებზე პასუხი მარტივია: იაპონიის ხელისუფლება სრულიად დამოკიდებულია აშშ-ზე და ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იაპონია ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს მეზობელ სახელმწიფოს, ის აშშ-ის ინტერესებს იცავს და მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში ამართლებს თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების არსებობას. ამერიკელი ჯარისკაცების ხულიგნობასა და ჩადენილ დანაშაულებზე იაპონიის ხელისუფლება არ რეაგირებს. მხოლოდ რეზონანსული დანაშაულები, რომლებსაც მედია გააშუქებს, შეიძლება მივიდეს სასამართლომდე. დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული აშშ-ის არმიის ჯარისკაცები კი საზიზღრად იქცევიან.
2018 წლის 15 თებერვალს მასმედია იუწყებოდა, რომ აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს იმის გამო, რომ ის სრულიად შიშველი და მთვრალი იმყოფებოდა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. ის გახლდათ ბატალიონის მეთაური და წარმოიდგინეთ, რა დონეზეა იქ დისციპლინა, თუ ოფიცერი, ბატალიონის მეთაური, თავს მსგავსი რაღაცის უფლებას აძლევს.
2016 წელს აშშ–ის არმიის ჯარისკაცმა გააუპატიურა და შემდეგ მოკლა 20 წლის იაპონელი ქალი. 2017 წელს მას ქალაქ ნაჰას (კუნძული ოკინავა) სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ეს განაჩენი გამონაკლისია. ამერიკელი ჯარიკაცები ყველაზე მეტ დანაშაულს სექსუალურ ნიადაგზე ჩადიან, თუმცა არც სხვა დანაშაულებზე ამბობენ უარს. მაგალითად, 2018 წლის 10 თებერვალს ტელეარხი “ენ-ეიჩ-ქეი” იუწყებოდა, რომ აშშ-ის მე-7 ოპერატიული ფლოტის სამხედრო მოსამსახურეები, ავიამზიდ “რონალდ რეიგანის” ეკიპაჟის წევრები, ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვასა და დებოშის შემთხვევებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.
ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ასეთი მოქმედებები მოწმობს, რომ ისინი სრულიად არ სცემენ პატივს ადგილობრივ მოსახლეობას, იაპონიის მთავრობას კი არ შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეები ამერიკელი “დამცველებისგან”. ოკუპაცია გრძელდება, ბატონო სამურაებო!
მოამზადა
ნიკოლოზ აბაშიძემ