ოვალურ კაბინეტში მომხდარმა სკანდალმა ნათლად წარმოაჩინა, რა საფრთხის წინაშე იდგა და რას გადაურჩა საქართველო 

    ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს კონკრეტული პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არეულობებს აფინანსებენ

    დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში

    მთელმა მსოფლიომ იხილა, რაც მოხდა თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას. ყველამ გააცნობიერა, რა დღეშია  უკრაინა, როცა ტრამპმა  ზელენსკის მწარე სიმართლე  პირდაპირ აჯახა – უკრაინაში, სადაც უკვე 600 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა,  ქუჩაში არასრულწლოვან ბავშვებს დასდევენ და ფრონტის  ხაზზე ერეკებიან, რადგან ქვეყანას ადამიანური რესურსი  აღარ აქვს. ახლა ნათლად გამოჩნდა,  რა საფრთხის წინაშე იდგა და რას გადაურჩა საქართველო, მაგრამ ამის აღიარება ოპოზიციას მაინც არ სურს.

    ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერი ტელევიზიები სიამაყით გვამცნობენ, რომ უწყვეტი პროტესტი გრძელდება, რომ ქუჩაში ხალხი ისევ გამოდის და, აგერ უკვე ლამის ასი დღეა, რუსთაველის გამზირი ყოველდღიურად იკეტება. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ამით ამაყობენ ევროპარლამენტარები, ზოგიერთი ელჩი, არასამთავრობოები, მაგრამ არავის მოსდის აზრად, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მერე რა, რომ შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა, აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი  კატეგორიულად გვთხოვდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევერთებოდითო; მერე რა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, ომში ჩართვა მოითხოვეს და ისიც აგვიხსნეს, რომ სამ დღესა თუ ორ კვირაში მოსახლეობას სრულად ვერ გაწყვეტს მტერი და პარტიზანულ ბრძოლებზე გადახვალთო; მერე რა, რომ კიევის მცხოვრებნი ლამის იმდენი არიან, რამდენიც მთელი საქართველოა… უბრალოდ, გაგვიმეტეს, უბრალოდ, დაიჯერეს, რომ,  როგორც სააკაშვილი „ააგდეს“ თავის დროზე, ისე ააგდებდნენ ამჟამინდელ ხელისუფლებასაც, და უარი ვერ „გადახარშეს“. რაც შეეხება დღეს არსებულ პროტესტს…  ვისაც არ სჯერა, შეუძლია გავიდეს და თავისი თვალით ნახოს. რუსთაველზე ყოველდღიურად ერთი და იგივე ადამიანები გამოდიან. იკრიბება დაახლოებით 2 ათასი ადამიანი და კეტავს გზას. შემდეგ არ არიან არც გამომსვლელები, არც რაიმე მოწოდება ისმის ან მიზნის დასახვა, უბრალოდ, გზა არის გადაკეტილი. უპატაკებენ ევროპას, რომ პროტესტი გრძელდება და იქიდანაც მოდის თანხა იმისთვის, რომ ამ 2 ათას ადამიანს არ მოშივდეს, არ შესცივდეს და საღამოს შინ ხელფასი წაიღოს. ჰო, ესენი არიან დაქირავებული ადამიანები, რომლებიც, საპროტესტოდ კი არა,  სამსახურში დადიან, ხელფასს იღებენ და საკმარისია, 3 დღე დაუგვიანდეთ (ერთი დღე დაუგვიანდათ და აიტანეს), იქ აღარ გამოჩნდებიან, აღარ მივლენ, აღარ გააპროტესტებენ. ძნელია, მშიერ კუჭზე აპროტესტო და ეს იცის ოპოზიციამაც და ევროპამაც, ამიტომ თანხები რეგულარულად უნდა გადმოირიცხოს და არც ლობიანსა თუ ხაჭაპურს უნდა მოაკლდეს ლობიო და ყველი. ეს ყველაფერი ჩვენზე  კარგად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მეტიც, მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი და, რაც მთავარია, რა გზით შემოდის უზარმაზარი თანხები საქართველოში. ჰოდა, ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს: რატომ არ ასახელებენ კონკრეტულ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ? შეუძლებელია, უზარმაზარი თანხები ჩანთებით ატარონ აქეთ-იქით და არავინ იცოდეს. ეს ხდება გადარიცხვებით კონკრეტული ადამიანების ანგარიშებზე. ჰოდა, სწორედ ამ ადამიანების ან ორგანიზაციების სახელები და გვარები გვაინტერესებს, აგრეთვე – ვინც რიცხავს მათიც; მერე მარტივია  მიხვედრა, ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ ცდილობს ამდენი ხნის შემდეგაც საქართველოს ომში ჩათრევას. ჰო, იმ ომში, რომელიც უკვე წაგებული აქვს უკრაინას. ყველა ხვდება, რომ უკრაინას გენოფონდი გაუნადგურდა და ახლა ფრონტზე ბავშვები მიჰყავთ. მწარე რეალობაა, მაგრამ ისე მიდის საქმე, რუსეთს მიწები დარჩება, ამერიკას –  მინერალები და ძვირფასი ლითონები, ევროპას (სადაც უკრაინელთა ძირითადი ნაწილი გაიხიზნა) –  ვალები,   უკრაინას… უკრაინას  –  „სლავა!“, ის „სლავა“, ომის პირველ დღეებში ხბოს აღტყინებით რომ გაჰკიოდნენ ქართველი ოპოზიციონერები და არასამთავრობოები. სხვათა შორის, იმ არასამთავრობოების ლიდერები ვეღარ არიან ისე ომახიანები და ვეღარ ამბობენ, ამერიკა ჩვენი მეგობარიაო, რადგან შეწყდა შემოსავალი შტატებიდან და მშიერ კუჭზე მეგობრობას არ არიან ჩვეულნი.

    აღსანიშნავია, რომ ე.წ. მშვიდობიანი პროტესტის ყოველი დღის შემდეგ  დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იძულებულნი არიან, ალექსანდრეს ბაღიდან ფეკალიები გაიტანონ;  ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, აიტანოს შარდის სუნი სადარბაზოში.  ქვეყნის მთავარი გამზირი საპირფარეშოდ რომ იქცა, აღარავინ მალავს. თუ ასეთი მშვიდობიანი და კულტურულია პროტესტი,  ყველა კორპუსის მცხოვრებლებმა რატომ შეაგროვეს ფული და რატომ დაამონტაჟეს სადარბაზოებში რკინის კარები, რომლებიც მხოლოდ შესაბამისი კოდის აკრეფის შემდეგ იღება? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ აქციის მონაწილეები მოსაშარდად სადარბაზოებში აღარ შევიდნენ?!

    ისევ ხელისუფლებას დავუბრუნდეთ. მაინც გვგონია, რომ „ოცნების“ ლიდერებმა იციან, კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები აფინანსებენ დემონსტრანტებს, მაგრამ ჯერჯერობით არ ამბობენ, ინახავენ და რისთვის, ვერ ვხვდებით. სამ თვეზე მეტია, ორი ათასი ადამიანი (მოსახლეობის 0,1%-იც კი  არა) ქმნის  დისკომფორტს  – კეტავს ქუჩას, აბინძურებს გარემოს (აღარაფერს ვამბობთ განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე); რომ არაფერი გააფუჭონ, მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სხვა საქმით უნდა იყოს დაკავებული და არა ვიღაცების მწყემსვით. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური არხები ყოველდღიურად აშუქებენ აქციას და ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს რუსთაველზე,  2 ათასი  კი არა, ათიათასობით ადამიანი იმყოფება. მათივე დამსახურებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ  ყოველდღიურად არაერთი სამსახურის თანამშრომლები იფიცებიან, სინამდვილეში კი  თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები დაიჭერენ ხოლმე ფურცელს წარწერით „გავიფიცე“ და ორ წუთში ისევ საქმეს უბრუნდებიან.

    ასე დატოვა ზელენსკიმ თეთრი სახლი

    ახლაც ოპოზიციამ და ოპოზიციურმა არხებმა  ყველაფერი გააკეთეს, რათა დასავლეთ საქართველოში სტიქია სათავისოდ გამოეყენებინათ. გადაცემებში ლაპარაკობდნენ, რომ   თურმე დასავლეთ საქართველოში  მოსახლეობას ისე უჭირს, ერთ კილოგრამ  კარტოფილზე იყიდებიან. იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ამით თითოეულ ოჯახს შეურაცხყოფენ, რადგან  ერთი კილოგრამი კარტოფილი   2 ლარიც არ ღირს, ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, ადამიანები 2 ლარად გაიყიდნენო. მერე იმავე რეგიონებში ჩასულ რომელიმე ოპოზიციონერს გლეხი დედას რომ აგინებს ამ სიტყვებისთვის და საცემად გაიწევს, ხმაურს ატეხენ, ხელისუფლებამ მხარდამჭერები მოგვისიაო. იმას კი არ აქცევენ ყურადღებას, რომ ადამიანებს შეურაცხყოფენ და  ჰგონიათ,  რომ   ლანძღვა-გინება  ყველამ უნდა აიტანოს, რადგან მათ უკან დასავლეთი დგას. ჰო, სწორედ დასავლეთის, კონკრეტულად კი ევროპის იმედად მყოფი ოპოზიციონერები საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ და არანაირ განცხადებაზე არ იხევენ უკან;  ზუსტად ისე, როგორც ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც ცილისწამებით არიან დაკავებულნი და სულ არ აინტერესებთ,  მათ მიერ მაყურებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი რომ ტყუილია. ახლა სიცივეა და ის 2 ათასი ადამიანი ხელფასის გამო მაინც გადის ქუჩაში. დათბობასთან  ერთად რუსთაველზე  ადამიანების რაოდენობა მოიმატებს და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ პროტესტის გამოხატვის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ თბილ ამინდში სეირნობა და უფასო ჩაი, ყავა და საკვები ბევრისთვის იქნება მიმზიდველი. ვიღაც შეყვარებულსაც წაიყვანს და ამ ყველაფერს რომანტიკულად დაუხატავს, ვიღაც  საჭმელად მივა და ოპოზიციაც აუცილებლად იტყვის: საპროტესტო მუხტმა მოიმატაო. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნოს იმ ორგანიზაციებისა თუ ადამიანების სია, რომლებიც  საპროტესტო აქციებს აფინანსებენ და რომლებსაც ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველოში მაიდანი არ შედგა, რომ ქვეყანაში  მშვიდობაა, სანგრებში არ ვზივართ და  პარტიზანულ ბრძოლებზე არ გადავსულვართ, როგორც  მოითხოვდნენ. ევროპა აუცილებლად შეეცდება, მორიგი არეულობა მოაწყოს და ეს ყველაფერი შემოდგომაზე გასამართ თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოხდეს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ოპოზიციას ადამიანური რესურსი არ აქვს, რომ მის მხარეს რეალურად არავინ დგას და ეს ყველაფერი, უბრალოდ,  ოვალურ კაბინეტში კარგად დადგმული შოუა.

    P.S. აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტში  ზელენსკის სახის დანახვის შემდეგ ვიღაცამ იხუმრა: ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტს მონიკა ლევინსკის  შემდეგ ასეთ დღეში არავინ ჩაუგდიაო. ვაი, რომ ამ ხუმრობაში მწარე სიმართლე ურევია. ვაი, უკრაინას, თორემ ზელენსკისა და მის ბანდას იმდენი ფული აქვთ ნაშოვნი, მათ შვილთაშვილებს ეყოფათ.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here