Home რუბრიკები საზოგადოება ნუგზარ ქავთარაძე

ნუგზარ ქავთარაძე

ნუგზარ ქავთარაძე

ხვალ, 21 ნოემბერს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ნუგზარ ქავთარაძესჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, პატარა ბიჭი, როცა ერთი, ლეგენდად მოარული ნამდვილი ამბის ლამის მთავარ გმირად მოგვევლინა.

ეს მოხდა მაშინ, როცა სტალინის ეპოქის დამთავრების შემდეგ ვასილ მჟავანაძე რესპუბლიკის ხელმძღვანელად მოავლინეს. პარტიის ცეკამ საქართველოს პროკურატურაში კადრების წმენდის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ბიუროზე გაიტანეს. მიიწვიეს პროკურორები, მათ შორის ნუგზარის მამაც _ კონსტანტინე ქავთარაძე. მისი რიგი რომ დადგა, მჟავანაძემ განაჩენივით გამოუცხადა:

_ არის აზრი, რომ თქვენ თანამდებობიდან გაგათავისუფლოთ.

_ ნუგზარს გეფიცებით, ცუდი აზრი მოგსვლიათ, _ არ დააყოვნა პასუხის გაცემა კოწია ქავთარაძემ.

როგორც ჩანს, ვასილ პავლოვიჩი მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა არაორდინალურ პიროვნებასთან და ამხანაგ ქავთარაძისთვის ხელი არავის უხლია.

მამას აღმერთებდა ნუგზარი.

სიცოცხლის ბოლომდე.

ჰოდა, მაშინ პირველად გაიჟღერა ნუგზარ ქავთარაძის სახელმა უმაღლეს დონეზე და შემდეგ რესპუბლიკის უმაღლეს ეშელონებში გამორჩეულად დამკვიდრდა.

სახელით და საქმეებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველკაცობიდან და რაიონული კომიტეტის პირველი მდივნობიდან დაწყებული რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებში _ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრთა საბჭოს აპარატში ხელმძღვანელ თანამდებობებამდე.

შინაგან საქმეთა თბილისის ქალაქის სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდში რეალურად შეწყდა ქრთამის აღების მავნე და გამხრწნელი პრაქტიკა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, როცა პირველივე თვის ბოლოს “განსაკუთრებული ნდობით” აღჭურვილმა თანამშრომელმა ნუგზარ ქავთარაძეს საუფროსო წილი _ ფულით სავსე “ქეისი” მიუტანა.

ის “ქეისი” თავზე გადაამტვრია.

ვერ გეტყვით, მაშინ თუ მანამდე ავტოინსპექტორებმა მილიონი მანეთი შეაგროვეს ქავთარაძის თავიდან მოსაცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.

გაუგონარი პრინციპულობით გამოირჩეოდა, სიმართლის დასაცავად თავი ჰქონდა გადადებული.

ყოველთვის.

ქალაქის სინდისი უწოდა მას საქართველოს პატრიარქმა თავის დროზე.

მისი შეურყვნელი ავტორიტეტიც აქედან მოდის და მისდამი ალალი დამოკიდებულებაც.

სიკეთის ქმნა სისხლში ჰქონდა გამჯდარი. უშურველი იყო ყოველთვის. ჯერ კიდევ სტუდენტმა, როცა თანაკურსელს თვალის დაავადება გაურთულდა, ხელი მოჰკიდა, ოდესაში, ფიოდოროვის თვალის კლინიკაში ჩაიყვანა და თავად აკადემიკოსს, ვისთან მოხვედრასაც რიგში მდგომი პაციენტები წლობით ელოდნენ, ოპერაცია ოპერატიულად გააკეთებინა.

ისიც კარგი კაცი იყო, ფიოდოროვი _ XX საუკუნის ლეგენდარული ოფთალმოლოგი, მსოფლიოში სახელგანთქმული თვალის მიკროქირურგი _ სვიატოსლავ ნიკოლაევიჩი, გაღლეტილ ქართველ სტუდენტებს ასე რომ დაეხმარა.

საოცრად მტკიცე ხასიათი და გულჩვილობა ორგანულად იყო ნუგზარ ქავთარაძეში შერწყმული. გაგეღიმებათ და, ბიჭობაში, ცოტა ზედმეტის დალევა რომ მოგვიწევდა, საბურთალოზე, ახლა ქავთარაძის ქუჩა რომ არის, იქ ფერდობზე თბილისში გარდაცვლილი გერმანელი ტყვეების სასაფლაოზე (ამჟამად ყველა გერმანიაშია გადასვენებული) თვალცრემლიანები შესანდობარს ვეუბნებოდით იმ უბედურებს.

გვთამადობდა, რა თქმა უნდა, ნუგზარი…

“სადაურსა სად წაიყვან

სად აღუფხვრი სადით ძირსა”.

წავიდა.

ქალაქს დააკლდაო, იტყვიან ხოლმე ამ დროს.

ოჯახს დააკლდაო, ამასაც ამბობენ.

დატოვა ოჯახი მისი მზრუნველობით წელში გამართული:

ლალი გუჯაბიძე _ მეუღლე, ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი;

კონსტანტინე ქავთარაძე _ უფროსი შვილი, საქართველოს ელჩი კანადაში;

გიორგი ქავთარაძე _ შვილთაგან საშუალო, იურიდიული ფირმის დამფუძნებელი;

სალომე ქავთარაძე _ უმცროსი ქალიშვილი, ოჯახით აშშ-ში ჩასახლებული.

დავიწყება არ უწერია, თუნდაც ამიტომ.

იმიტომაც, რომ იყო სამართალმცოდნეთა შორის აღიარებული იურისტი, იუსტიციის გენერალი, ღირსების ორდენოსანი, მამულიშვილი და საქართველოს სახელმწიფოს ცნობილი მოღვაწე.

ხუთნი ვიყავით, განუყრელები. სტუდენტობიდან მოყოლებული: მურმან კიკნაველიძე, სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი. კაკლის ბერტყვის დროს უფროსი ვაჟი ხიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. ვერ გადაიტანა. გადაჰყვა. პირველი მურმანი წავიდა.

მეორე წავიდა ვიქტორ შარაშენიძე, იუსტიციის მინისტრი, რომელიც ეროვნულ მოძრაობას მიკედლებულმა ბინძურმა ადამიანებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ზურაბ გაბუნია, თბილისის ისნის რაიონის მოსამართლე, მოურჩენელი სენით დაავადდა და საშინლად განაწამები გარდაიცვალა ორიოდ წლის წინათ.

ახლა _ ნუგზარიც.

მე ბოლოსთვის მომიტოვეს, ამ სტრიქონების დასაწერად.

ალბათ.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here