ქართული ბაზრების დახლებზე ადგილობრივი ხილი გამოჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა ადგილობრივი წარმოება შემოტანილს ჯაბნის, მაგრამ ჯაბნის რაოდენობით. ჯობია თუ არა ხარისხით ქართული პროდუქტი შემოტანილს, სხვა საკითხია.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, იმ საკითხს შვეხოთ, რომელმაც ბოლო პერიოდში სოციალური ქსელი წალეკა.
ნიტრატების ტესტერი, ალბათ, სასურველი ნივთია, მაგრამ ფასიდან გამომდინარე (ხარისხიანი ტესტერის ფასი 400 ლარს აჭარბებს) ბევრისთვის მიუწვდომელია. ჰოდა, დადის ამ ტესტერებით ხალხი ბაზარში და, როგორც ქართული, ისე უცხოური პროდუქციის ხარისხს ამოწმებს. ჩვენდა სავალალოდ უნდა ითქვას, რომ ქართული პროდუქცია აღარ არის ისეთი, როგორითაც თავს ვიწონებდით და, თუ რაღაც არ შეიცვლება, უარესი გველოდება. საქმე ის არის, რომ ნიტრატებისა და შხამების შემცველობა ქართულ პროდუქტებში გაცილებით მეტია, ვიდრე შემოტანილში. პროდუქტში შხამის გარკვეული ოდენობა დაშვებული ყოფილა და იმ დაშვებულსაც ხშირად რამდენიმეჯერ ვაჭარბებთ ხოლმე. საუბარი, ძირითადად, ნესვსა და საზამთროზეა, ანუ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ყველაზე დიდი გასავალი სწორედ ახლა აქვს და რომლისკენაც ყველაზე ხშირად იშვერენ თითს ბავშვები.
გასულ კვირას მეგობარი იყო კახეთში ჩასული ასეთი ტესტერით, თავისი მაღაზიისთვის რამდენიმე ტონა საზამთროს შეძენა სურდა, მაგრამ ვერ იყიდა, რადგან ნიტრატები ყველა პროდუქტში დასაშვებზე გაცილებით მეტი იყო და ეს გაცილებით მეტი 7-9 ათას ერთეულს აღემატებოდა. ნუ გგონიათ, რომ ამით ვინმე შეწუხდა, პირიქით, ჩემს მეგობარს დასცინეს კიდეც: მთელი საქართველო ამას ჭამს, მაგრამ ჯერ არავინ მომკვდარაო. მერე რა, რომ შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული ნესვი თუ საზამთრო განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს არცთუ იშვიათად კუჭ-ნაწლავის პრობლემას უქმნის?! მერე რა, თუ 3 წლამდე ბავშვებისთვის მათი მიღება სახიფათოა?! შესაბამისი სამსახურები კი ცდილობენ მდგომარეობის გაკონტროლებას, მაგრამ, ჯერ ერთი, ადამიანური რესურსი აშკარად არ ჰყოფნით და მეორეც – ისინი ძირითად აქცენტს შემოტანილ პროდუქციაზე აკეთებენ, აქაოდა, ვინმემ ცუდი რამ არ შემოგვაპაროსო, ამ დროს კი ქართული პროდუქტი უარეს მდგომარეობაშია.
როგორც ამ სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართველი ფერმერების უმრავლესობა უარს ამბობს მორწყვის წვეთოვან სისტემაზე, რომელმაც მსოფლიოში გაამართლა და, რაღა თქმა უნდა, გაამართლებს ჩვენთანაც, მაგრამ ეს ფერმერებისთვის დამატებითი ხარჯია და ამიტომ ერიდებიან. არადა, მორწყვის წვეთოვანი სისტემის დაყენება შესაძლებლობას გაძლევს, არა მხოლოდ მორწყვის პროცესი აკონტროლო, არამედ ისიც, კონკრეტულ ძირს რამდენი სასუქი და ვიტამინი მიაწოდო. წვეთოვანი სისტემის მთავარი მინუსი არის ის, რომ მას ყოველწლიურად უნდა გამოცვლა, ანუ აქვს ყოველწლიური ხარჯი, მაგრამ აშკარად ეფექტიანია. ჩვენს სამეზობლოში არ არსებობს ფერმერი, რომელიც წვეთოვან სისტემას არ იყენებდეს, აი, საქართველოში კი ასეთები თითებზე ჩამოსათვლელები არიან. კიდევ ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ მივეჩვიეთ მზა პროდუქტის ყიდვასა და მერე გაყიდვას, აქვე, ბაზარში, ბევრი წვალება რომ არ სჭირდება, ამან კი ადგილობრივი წარმოება უკან ძალიან დახია. უფრო მარტივია, ირანიდან ან თურქეთიდან შემოტანილი საზამთროსა და ნესვის გაყიდვა, ვიდრე მოყვანა და შემდეგ გასაღებაზე „ჩალიჩი“. მეტსაც გეტყვით: კახეთში ზოგან სწორედ თურქული და ირანული საზამთრო იყიდება კახურის სახელით. ხშირად გამყიდველები კახელები არ არიან – ჩამოაყენებენ მანქანებს გურჯაანის ან ლაგოდეხისკენ მიმავალ გზაზე, აწერია „საზამთრო ბითუმად“ და ირანულ და თურქულ პროდუქციას ქართულად ასაღებენ. რაც მთავარია, მათ აქვთ სერთიფიკატი, რომ პროდუქტი ჯანსაღია და ვაი, რომ ის ბევრ ქართულ პროდუქტზე ჯანსაღია.
ახლა, რაც შეეხება მთავარ სატკივარს: საქართველოს მასშტაბით ქერისა და ხორბლის მოსავალი უკვე დაბინავდა. შესაბამისად, ფერმერებს უკვე მიადგნენ გადამყიდველები და ერთ კილოგრამ ხორბალში მხოლოდ 60 თეთრს სთავაზობენ. ახლა, როცა მოსავალი აღებულია, ფასი თითქოს არ არის ცუდი, მაგრამ, ერთ ჰექტარზე გაწეული ხარჯები რომ დავთვალოთ, 60 თეთრი ხორბლის თვითღირებულება გამოდის. არ გეგონოთ, გადამყიდველები ხორბალს ახლავე გაყიდიან. არა, ბატონებო, შეინახავენ და გასაყიდად შემოდგომის მიწურულს გამოიტანენ, მაშინ, როცა მისი ფასი 1,20 ლარი იქნება. რეალურად ხორბლის ფასი ყოველთვიურად 10 თეთრით მოიმატებს, ფერმერების უდიდესი ნაწილიც ელოდება, რომ მოწეული მოსავალი 70 თეთრად მაინც გაყიდოს, რადგან ბანკი ახრჩობს, ბევრს პროცენტიანი ვალი აქვს აღებული და მივდივართ იქამდე, რომ მწარმოებელი მხოლოდ 10 თეთრის მოგებას ნახულობს, გადამყიდველი კი – 50 თეთრ იგებს და ეს აშკარა უსამართლობაა. იხვეწებიან ფერმერები, ეგებ სახელმწიფომ ბანკებთან გვიშუამდგომლოს, ვალები თუნდაც შემოდგომამდე გადაგვივადონ, ხორბალი 80-90 თეთრად მაინც რომ გავყიდოთო, მაგრამ, მოგეხსენებათ სახელმწიფოს პოზიცია – ბანკი კერძო სტრუქტურაა და იქ ვერ ჩავერევითო. არადა, როცა დასჭირდათ, თურქეთში სახელმწიფო ჩაერია, რუსეთშიც ჩაერია, ევროპის ქვეყნებში ჩარევა არ დასჭირდათ, რადგან იქ აგრომიმართულებით სესხები ძალიან დაბალ პროცენტშია (0,5-დან 2%-მდე) და აქ კიდევ… აქ, ასეთი სესხი რომ აიღო და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში მოხვდე, სამი იმდენი ქონება უნდა ჩადო და, პრაქტიკულად, ყველაფრით გარისკო.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა,რომ თითქმის ყველა მიმართულებით ადგილობრივ მწარმოებლებს გული აუცრუვდათ და წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ადამიანი ფიქრობს სოფლის მეურნეობაში ფულის დაბანდებას. უმარტივეს მაგალითს გეტყვით – კაცი აპირებს 3 ჰექტარზე ტბა გააკეთოს, თევზი გაუშვას და… სამ ჰექტარზე რომ ამოიღოს მიწა, სადღაც ხომ უნდა წაიღოს? ჰოდა, აძლევენ ტბორის გაკეთების ნებართვას და არ ეუბნებიან, რა უნდა უყოს იქიდან ამოღებულ ათასობით კუბურ მეტრ მიწას. პრინციპში, უთხრეს კიდეც, ერთი გაუქმებული კარიერია და იმის ამოვსების ნებართვას მოგცემთო. არადა, ის კარიერი იმ ადგილიდან, რომელზეც ტბა უნდა გაკეთდეს, დაახლოებით 30 კილომეტრშია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაუჯდება ამ კაცს იქ მიწის გადაზიდვა?! ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პრობლემაა, მაგრამ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა აშკარად არსებობს და ბევრი რამ არის ისე დასალაგებელი, რომ ავტომატურ რეჟიმში იმუშაოს და ცალკე რეგულაცია და ტვინის ჭყლეტა აღარ დასჭირდეს. სხვაგვარად არაფერი გამოვა და მუდმივად ვიღაცას სადღაც პრობლემა აუცილებლად შეექმნება. ისე, ტბის გაკეთება ნამდვილად არ არის ცუდი ბიზნესი, მით უმეტეს, რომ საქართველოში პატარა მდინარე, პრაქტიკულად, ყველგანაა და მდინარის წყლის გამოყენება შეიძლება თევზის ისე გასაზრდელად, საკვებად გემრიელი რომ იყოს.
სხვა, აბა, რა გითხრათ? „გეორგიანელები“ ანუ მიწათმოქმედი ერი გვერქვა და ახლა აღარ ვართ. ნელ-ნელა უარს ვამბობთ იმაზე, რითაც ჩვენი წინაპრები არსებობდნენ. ძალიან შევეჩვიეთ უცხოური პროდუქციის ყიდვასაც, გაყიდვასაც და საკვებ პროდუქტებზე ლამის მთლიანად მეზობლებს ჩამოვეკიდეთ. არადა, მსოფლიო სწორედ ამ სფეროს გაძლიერებაზე გადავიდა. ყველა ცდილობს, სხვისგან რაც შეიძლება ნაკლები საკვები იყიდოს და საკუთარი მოსახლეობის გამოკვება თავად შეძლოს, ჩვენ კი ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ და საფრთხეს ვერ ვხედავთ, ჰო, საფრთხეს, რომ ერთ დღეს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ, რომელზეც კონკრეტული მიმართულება გვაქვს აგებული, პროდუქტის მოწოდებაზე უარი გვითხრას და ხახამშრალი დაგვტოვოს. ერთი შეხედვით ასეთი საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ, თანამედროვე მსოფლიოში ყველაფრისთვის რომ უნდა იყო მზად, არაერთხელ დამტკიცებულა; ყოველდღიურად ვხედავთ, რომ დიდი ქვეყნის ინტერესის სანაცვლოდ, შესაძლოა, პატარა გაისრისოს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით სტაბილურად მოგვეწოდება, რუსეთიდან შემოსული ხორბალი და ფქვილია. რომ არა ეს პროდუქტი და ეს გზა, პურის უსერიოზულესი პრობლემა შეგვექმნებოდა, ამიტომაცაა, დასავლეთი ყველაზე მეტად იმას რომ ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა აგვერიოს, რომ დავიმშეთ, პურის რიგები კვლავ დაბრუნდეს საქართველოში და მერე „მაშველ რგოლად“ ევროპული თუ ამერიკული სესხები და გრანტები მოგვევლინოს; ის სესხები, რომლებიც თავის დროზე საკმარისზე მეტი ავიღეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ ვიხდით და კიდევ მრავალ წელს მოგვიწევს გადახდა.
ბესო ბარბაქაძე