ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების რიგებში განხორციელებული ბევრისთვის მოულოდნელი ცვლილებები ისევ ფართო განხილვის საგანია. მმართველი გუნდის გარშემო ახალ–ახალი პოლიტიკური ინტრიგები იხლართება. “ოცნება” მწვავე კრიტიკის ქარ–ცეცხლშია მოქცეული. დესტრუქციული ოპოზიცია კი ნაცადი ხერხებითა და სპეკულაციებით ვითარების გამწვავებას ცდილობს.
ეჭვები და მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებებია, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას, მოულოდნელმა გადადგომამ წარმოშვა. გადადგომის თაობაზე მან საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე ამცნო. ბრიფინგზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება…” მან თავმჯდომარის პოსტთან ერთად დეპუტატის მანდატიც დატოვა. სწორედ ამან გააჩინა შეკითხვები მთელი რიგი მიმართულებით. მათ შორის, გაჩნდა შეკითხვა _ ხომ არ გადაჰყვა კუჭავა, ისევე როგორც ეკატერინე ტიკარაძე, “ოცნების” საერთო პოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნას? ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა “ოცნების” შემდგომმა ნაბიჯმა. იგულისხმება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. უფრო ზუსტად, დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება _ სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის… იმ ფაქტმა, რომ მმართველმა გუნდმა სახელმწიფო ინსპექტორს წყალი შეუყენა, განსაკუთრებით შეაშფოთა “ნაცმოძრაობა”. სააკაშვილმა მაშინვე გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. მისი თქმით, მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ობიექტური დასკვნა გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისადმი “არაადამიანური მოპყრობის” ფაქტზე. არანაკლებ ისტერიული იყო სააკაშვილის თანაგუნდელების შეფასებებიც. მათი თქმით, მმართველი გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტიტუციებს მიზანმიმართულად ანგრევს. ეს კი, თურმე, ტოტალიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯია…
რა ხდება დღეს “ოცნებაში” და რას მოიტანს ეს ყველაფერი, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ცხადია _ გასაუქმებლად გამზადებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და მის ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიას სააკაშვილი იმიტომ მისტირის, რომ ეს სტრუქტურა, პრაქტიკულად, მის პირად სამსახურად გადაიქცა; პირად სამსახურად გადაიქცა “ნაცმოძრაობისა” და მისი მოკავშირე 15 პარტიისთვის…
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე.
_ ბატონო ნიკოლოზ, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპეტორის სამსახური, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, უქმდება. ეს განსაკუთრებით აშფოთებთ ნაციონალებს. სააკაშვილმა გორიდან წერილიც გაავრცელა, რომ სამსახურის გაუქმების მიზეზი ლონდა თოლორაიას “ობიექტური” დასკვნაა, რომელშიც, თურმე, ხელისუფლება მხილებულია სააკაშვილის წამებაში. სხვა არანაკლებ მწვავე შეფასებებიც მოვისმინეთ…
_ დავიწყოთ იმით, რომ კანონპროექტით სამსახური არ უქმდება. აქ საუბარია რეორგანიზაციაზე, იმაზე, რომ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც დღეს არ აქვს ამ სამსახურს სრული ფორმით, დაემატება და მთლიანობაში ის იქნება უფრო მობილური, უფრო ჩამოყალიბებული. ჩემთვის გასაკვირია სახელმწიფო მოხელის, ამ შემთხვევაში ლონდა თოლორაიას, ასეთი კაპრიზები და ხუშტურები. ვინ ეკითხება მას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა?! საერთოდ, როდესაც ხარ სახელმწიფო სამსახურში, უნდა შეასრულო, რასაც გიბრძანებენ; და, თუ არ გსურს ამის გაკეთება, იმის გამო რომ რაღაცას არ ეთანხმები, მაშინ წადი ამ სამსახურიდან და დაიწყე პოლიტიკური განცხადებების კეთება. სახელმწიფო ინსტიტუციებში სოროსის ფონდიდან დაფინანსებული ხალხის შემოშვებამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი და არა მხოლოდ…
_ რას გულისხმობთ?
_ კონკრეტულად ავიღოთ ნინო ლომჯარია. ვხედავთ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გადაქცეულია მიხეილ სააკაშვილის პირად დამცველად. ჩნდება მარტივი შეკითხვა _ შეიძლება, ამ ტიპის სტრუქტურას სახელმწიფო ინსტიტუცია ერქვას? შეიძლება, ადამიანებს იცავდეს ის, ვინც, ფაქტობრივად, პოლიტპატიმრად აცხადებს ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოს წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულების ჩამდენ პირს?!აი, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც და პირადად მისი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, რომელიც, თუ არ ვცდები, გიორგი გახარიას დროს დაინიშნა. სხვათა შორის, გახარიას გუნდი მას აქტიურად იცავს დღესაც და, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. თავიდანვე ცხადი იყო, გახარია საით გადაიხრებოდა და ამის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება გახლდათ ის, რაც ამ დღეებში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩხოროწყუში მისი პარტია გაუერთიანდა ნაციონალებს და ერთიანი ძალებით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე. რაც შეეხება “ოცნების” პოზიციას და კონკრეტულად პრემიერის ბოლოდროინდელ რიტორიკას, ვფიქრობ, მმართველ გუნდში ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება, ხელისუფლების რომელიმე რგოლში, რომელიმე მნიშვნელოვან სეგმენტში იყვნენ საერთო პოლიტიკური ხაზის დამრღვევი, მოწინააღმდეგე სუბიექტები… ამის შედეგია ზუსტად ის, რომ “ოცნებაში” რაღაცები შეიცვალა, არის გადაჯგუფებები, გადაადგილებები და ა.შ.
_ გინდათ, თქვათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია ან კუჭავასა და ტიკარაძის გადადგომა ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წმენდა მმართველ გუნდში? სხვათა შორის, ამას წინათ ღარიბაშვილმა განაცხადა, თავს არავის დავუხრითო… ხომ არ ფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს ხდება “ოცნებაში”, შესაძლოა, სწორედ ამ პოლიტიკის ხორცშესხმაა?
_ რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ლოგიკური და რეალური, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ რიტორიკა არ უნდა დარჩეს რიტორიკად. აქ საჭიროა კონკრეტული მოქმედება, რომ საქმე საბოლოოდ არ მივიდეს სახელმწიფოს პარალიზებამდე. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციას, რომელიც ლიბერალურმა პროპაგანდამ გაუქმებად გამოაცხადა, ასეთივე რეორგანიზაცია აუცილებლად სჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც და, ამასთანავე, შესასწავლია ლომჯარიას საქმიანობა. ვეჭვობ, თუ მის საქმიანობას დეტალურად გამოიძიებენ, გამოიკვეთება დანაშაული, რომლის საფუძველზეც, ცხადია, ის მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული…
_ არის კი დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი? ეს ერთი და მეორე: მინდა, გაგახსენოთ პრემიერის სიტყვები, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავს არავის დაუხრის. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის მეთაური ასეთივე პრინციპულ პოზიციას უნდა გამოხატავდეს საგარეო პოლიტიკის ნაწილშიც?
_ ცხადია, უნდა გამოხატავდეს და არა მხოლოდ გამოხატავდეს, უნდა ახორციელებდეს კიდეც. ჩვენ უკვე, სულ ცოტა, 20 წელია, ვართ იმ მდგომარეობაში, რომ გვყავს ნომინალური ხელისუფლებები და რეალურად ხელისუფლების ფუნქციას ასრულებს ამერიკის საელჩო. სხვათა შორის, “3+3” ფორმატზე გაკეთებული განცხადებები ამის ყველაზე ნათელი დემონსტრირება იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა თავიდან თითქოს ნორმალური პოზიცია დაიკავა და მას მაშინვე დააცხრნენ. მათ შორის, გაგახსენებთ, რომ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმაც, დაუწყო ჭკუის დარიგება და უთხრა, რომ შენ “რთულია” კი არ უნდა თქვა, ოკუპანტთან ერთად რამე ფორმატში მონაწილეობაზე, უნდა თქვა, “შეუძლებელია”-ო. მერე სხვებისგანაც მოვისმინეთ შეშფოთება, რომ თურმე ხელისუფლებას საკმარისად პრინციპული პოზიცია არ აქვს… სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, პრემიერებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს და ა.შ. სიტყვებს უსწორებენ უცხო ქვეყნის დიპლომატები, აქ რამე სახის პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბარიც ზედმეტია. ნებისმიერი განცხადება თუ რიტორიკა იმის თაობაზე, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და თავს არავის დავუხრით, დარჩება ცარიელ სიტყვებად, რომლებსაც არაფერი მოჰყვება და შედეგი იქნება ნული.
რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება იმ პოლიტიკის განმხორციელებელი, რომელსაც თუნდაც ღარიბაშვილისგან ვისმენთ, მინდა, მჯეროდეს, რომ პრემიერი მზად არის ამისთვის და აქვს საკმარისი პოლიტიკური რესურსი, თუნდაც გარემოცვის სახით, თუმცა რეალურია თუ არა ეს ყველაფერი, დრო გვიჩვენებს. ისე, ერთი რამ ცხადია: “ოცნება” არ არის პოლიტიკური მონოლითი, რაც ბევრ რამეს ართულებს და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ცვლილებების პროცესიც იოლი არ იქნება.
ბოლოს მოკლედ მინდა, შევეხო საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად “3+3” ფორმატს. ეს ფორმატი, მოგეხსენებათ, ამოქმედდა და რეგიონის ქვეყნები აქტიურად განაგრძობენ მოლაპარაკებებს… რას ვშვრებით ჩვენ და რა გველოდება ამ მიდგომით? _ ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უჩნდება. მოცემულობა მარტივია _ ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში წყდება ამ რეგიონის ყველა სახელმწიფოსა და მათ შორის ჩვენი ბედიც. ჩვენ ამ დროს უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე… რა იქნება შედეგი? ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ეს არის ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა, რომელსაც ახლო მომავალში ექნება უმძიმესი შედეგი… ეს არის საკუთარი თავის მოქცევა სრულ იზოლაციაში, რაც დამღუპველია და გამანადგურებელი… აი, ეს არის, უწინარესად, გადასახედი და მე ვისურვებდი, რომ პრემიერს ამ ნაწილშიც ისეთივე პრინციპულად ეთქვა დასავლელი “კეთილისმსურველებისთვის”, თავს არ დაგიხრითო, თუმცა იმ ფონზე, როცა თვითონ მმართველ გუნდშიც არ არის ერთიანობა, მსგავსი ცვლილება რთულია. ამიტომაა საზოგადოებაშიც მუდმივად ეჭვები, რომ რიტორიკა, შესაძლოა, დარჩეს რიტორიკად და რეალური შედეგი ნაკლებად იქნეს მიღწეული.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია