Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში, ჩვენ დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო

ნიკოლოზ მჟავანაძე: კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში, ჩვენ დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო

5607
კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში, ჩვენ დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის სწორი მიმართულებით წასაყვანად. ეს მან ქუთაისში, რეგიონულ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა. კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი შედეგზე ორიენტირებულობაა და მთავრობამ ეს მოკლე ხანში დაამტკიცა. “შედეგზე ორიენტირებულობაქართული ოცნებისმთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ეს ძალიან მოკლე დროში დავამტკიცეთთუმცა ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალას და ქვეყნის სწრაფი ტემპით წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობას ისახავს მიზნად”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა. მართებული და ადეკვატურიაქართული ოცნებისპოლიტიკა, რა მოუტანა მან ქვეყანას ხუთი წლის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ მომავალში? _ ამ საკითხზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე

_ ბატონო ნიკოლოზ, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პრიორიტეტიშედეგზე ორიენტირებულობაა”. მისი თქმით, “ოცნებამეს ძალიან მოკლე დროში დაამტკიცა. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე: არის კიქართული ოცნებისპოლიტიკა რეალურად შედეგზე ორიენტირებული?

_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას გულისხმობდა პრემიერი, რომელსაც მე გიორგი ყრუ შევარქვი იმიტომ, რომ მას საქართველოს მოსახლეობის საერთოდ არ ესმის. ან რა შედეგზე ლაპარაკობს, როცა მისი მმართველობის პერიოდში 700 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, საბრალდებო სკამზე მოუწევს ამის გამო დაჯდომა. როცა რაღაც გევალება და საჭიროების შემთხვევაში მოვალეობას არ შეასრულებ, ეს სერიოზული დანაშაულია, მითუმეტეს, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ დანაშაულზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ისეთი სამარცხვინო ხელისუფალი, როგორიც პრემიერი კვირიკაშვილია. მას თავისუფლად შეეძლო, გადაერჩინა საქართველოს ეკოსისტემა, რომ მიეღო დახმარება რუსეთისგან, მაგრამ ეს არ გააკეთა (რატომ და რის გამო, გასაგებია) და საქართველოს ტყეები ცეცხლს მისცა

_ რატომ არ გააკეთა?

_ იმიტომ, რომ რეალურად ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. საქართველომ დახმარება რუსეთს სთხოვა, რომელიც მზად იყო ამისათვის, ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამაც დაადასტურა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის კვირიკაშვილს ყური აუწიეს და სწორედ ამის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთისგან დახმარების მიღებაზე და საქართველოს ეკოსისტემა ცეცხლს მისცა. ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება: ვიღაცამ ჩათვალა, ოკუპანტისგან დახმარება არ უნდა მიგვეღო. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: თუ რუსეთი ოკუპანტია, რატომ ვიღებთ მისგან ბუნებრივ აირს, ნავთობს, ტურისტებს?! რატომ გვაქვს ცალმხრივად გახსნილი უვიზო მიმოსვლა?! რატომ ვთანამშრომლობთ რიგ საკითხებში?! ამერიკა, რომელიც სანქციას სანქციაზე უწესებს მოსკოვს, ტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობს მასთან. ჩვენ რა გამოვედით ასეთი?! ან ვინც რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა, ყველა მისი აგენტია?! კვირიკაშვილისა და მისნაირების ლოგიკით, გიორგი ბრწყინვალე მონღოლების აგენტი ყოფილა, დავით აღმაშენებელი _ თურქ-სელჩუკების, ერეკლე მეორე _ რუსების… ამაზე შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ?! რა წარმატებაზე ლაპარაკობს კვირიკაშვილი, რა გააკეთეს? სოფლის მეურნეობაში გვაქვს წარმატებებიო, _ გაიძახიან. სამეგრელოსა და გურიის რეგიონები წელს, ფაქტობრივად, შიმშილისთვისაა განწირული, რადგან დროულად არ შეწამლეს თხილის პლანტაციები…

დავუბრუნდეთ ხანძრის თემას. ვთქვათ, არ გინდა რუსეთის დახმარება და ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სად არის შენი მეგობარი დასავლეთი?! ამერიკულიაბრამსებირომ ჩამოხრიგინდა ახლა და სიხარულით მეცხრე ცაზე არიან, _ ავშენდითო, რომელი უფრო სჭირდება დღეს საქართველოს: ტანკები თუ სახანძრო თვითმფრინავები? თუ ეს ქვეყანა შენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია, დაგეხმაროს, ან შენ სთხოვე დახმარება… თუმცა ვიცი, რომ წერილი გაგზავნილი იყო დახმარების თხოვნით და უარი გვითხრეს. მერე გამოგზავნეს ტანკები. ორი კვირა ცეცხლის ალში რომ ვიყავით გახვეული, ერთი თვითმფრინავის გამოგზავნის ღირსი არ ვიყავით?! ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა?! კიდევ ვიმეორებ: კვირიკაშვილი, ადრე თუ გვიან, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, როგორც დამნაშავე. ამას გააკეთებს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად მოვა.

_ ხანძრის გამო ხელისუფლების მიმართ ბევრი ბრალდება გაისმა. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს საკითხი მომავალში სისხლისსამართლებრივი დევნის საბაბი შეიძლება შეიქნას პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ?

_ მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს: ვთქვათ, რაღაც ეპიდემია მოედო ქვეყანას, ხალხი იღუპება და ვერავინ გვიწევს დახმარებას, რუსეთის გარდა. რა ვქნათ: გავწიროთ საქართველოს მოსახლეობა? უნიკალური ეკოსისტემა განადგურდა და ასეულობით ჰექტარი ნაცარტუტად იქცა. რომ გამოდიან და ამბობენ, აღვადგენთო, ვინ აღადგენს, რისი აღმდგენები არიან?! თუმცა მაგათ რა ანაღვლებთ: კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში. ჩვენ კი დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, დანაშაულია, როცა რაღაცის გადარჩენა შეგიძლია და არაფერს აკეთებ, როცა შენი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო ნადგურდება ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენი სიმდიდრე ეს უნიკალური ეკოსისტემაა. და, როცა ამ ეკოსისტემას მოღალატეობრივი პოლიტიკით ანადგურებ, ეს უმძიმესი დანაშაულია. ამის გამო პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია…

_ მოდი, არჩევნებზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ჩვენი საარჩევნო სისტემა რეალური წინაპირობაა იმისა, რომ 22 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში ძირეული ცვლილებები მოხდეს? აქვს კი ამ პირობებში არჩევნებს აზრი?

_ არავითარი აზრი საქართველოში არჩევნებს არ აქვს. რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს პატივს ვცემ, მაგრამ მიკვირს, რატომ მონაწილეობენ ისინი ამ არჩევნებში. ჩვენთან ისეთი სისტემაა, მნიშვნელობა არ აქვს, პეტრე მოვა თუ პავლე, პასუხს მაინც არავინ აგებს. დღეს ხომ ვხედავთ, რომ კვირიკაშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ამიტომ თვითონ ეს მახინჯი სისტემა უნდა მოისპოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებით არანაირი ცვლილება არ მოხდება. ამის ნათელი დადასტურება იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, როდესაც პუტინმა მას მოლაპარაკება შესთავაზა და მან, _ ჯერ დასავლეთთან უნდა გავიაროთ კონსულტაციებიო, განაცხადა. აი, ეს არის მთავარი. თუ დაუკვირდებით, აშკარაა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ეს ვითარება ჩიხიდან გამოიყვანოს, მაგრამ, პუტინმა ხვალ რომ გამოგვიცხადოს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გიბრუნებთო, ამ ტვინნაღრძობი ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ, იტყვიან, რუსეთის დაბრუნებული ტერიტორიები არ გვინდაო. მათგან გასაკვირი არაფერია, რადგან საქართველოს მტრები არიან. ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, რადგან მისი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად საქართველო ნადგურდება, ქართველი ერი კი დღითიდღე მცირდება.

_ თქვით, არჩევნებს აზრი არ აქვსო, თქვენი აზრით, რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება, არჩევნებს აზრი აზრი რომ მიეცეს?

_ უწინარესად, უნდა მოხდეს ყველა საღი პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია, ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული ძალები. ეროვნულ ძალებში ვგულისხმობ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით იმოქმედებენ და არა უცხო ქვეყნის დირექტივებით. დღეს საქართველოს ჰყავს უცხო ქვეყნის აგენტურით დაკომპლექტებული ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ, ფაქტობრივად, სადგისის ფუნქცია გვაკისრია და, როცა დასჭირდება ამერიკას, უჩხვლეტს რუსეთს ამ სადგისს. “ამბრამსებირომ შემოახრიგინეს ახლა, იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრით ღამეები არ სძინავთ, არამედ იმიტომ, რომ მოსკოვს უჩხვლიტონ. ასეთმა ჩხვლეტებმა 2008 წელს კატასტროფამდე მიგვიყვანა და, რამე რომ მოხდეს, იმ “აბრამსებს” ისევ გაგვირჭობენ ერთ ადგილას. მერე ვინ რას გვიშველის, კარგად ვიცით და ეს 2008-შიც ვნახეთ, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: უნდა მოხდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაატაროს ობიექტური არჩევნები და ამ გზით მოვიდეს სათავეში საღი ძალა. ასე მესახება რეალური გამოსავალი და, თუ ეს არ გამოვა, მერე აქვს ხალხს უფლება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. როგორც ჩანს, არც ეს ფორმებია მაინცდამაინც შორს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაყალბებული არჩევნებით დიდხანს იპარპაშებს ქვეყნის სათავეში, ეს წარმოდგენა მისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. რა შუაშია კვირიკაშვილი ცეცხლის გაჩენასთან თუ ღმერთი გწამს, დივერსიებია ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. სტაბილური პოლიტიკური სიტუაციების ასარევად, დავიჯერო ამდენს ვერ ხვდები?!… თან ამ ტყეების გადაწვისთვის პასუხს აგებსო. სამართლიანობის გრძნობა არასდროს არ უნდა დაკარგო ეგრეთ წოდებულო უფლებადამცველო.

  2. არსად არ წერია კვირიკაშვილმა გააჩინა ხანძრებიო.კვირიკაშვილმა არ აღკვეთა დროულად ეს ხანძრები და ამიტომ განადგურდა ეკოსისტემაო.ეს სხვადასხვა რამაა.ყველაფერს ვეთანხმები,რაც სტატიაში წერია.მთავრობისგან რაღაცეების შესრულება კი არ უნდა მოვითხოვოთ.მათო გადადგომაა საჭირო.და თანაც ისეთი კანონის მიღება,რომ აეკრძალოდ თანამდებობიდან წასულ სუბიექტებს ქვეყნიდან გასვლა და მათ შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა.იქნებ მერე მაინც იზრუნონ განათლების სისტემაზე .

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლელ წნორი. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here