Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: არა მხოლოდ რუსული კულტურის ცენტრი, რუსულენოვანი ტელეარხიც უნდა გაიხსნას, რათა...

ნიკოლოზ მჟავანაძე: არა მხოლოდ რუსული კულტურის ცენტრი, რუსულენოვანი ტელეარხიც უნდა გაიხსნას, რათა თუნდაც ჩვენმა აფხაზმა და ოსმა მოქალაქეებმა გაიგონ, რა ხდება ამ ქვეყანაში

2109
ნიკოლოზ მჟავანაძე

29 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულქართული ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. მისი განმარტებით, აღნიშნული ცენტრი დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, რაც თავისთავად დიალოგის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივას შექმნის. მისივე განცხადებით, მსგავსი ცენტრის არსებობა მრავალსაუკუნოვანი რუსულქართული კულტურული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოც იქნება, რაც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ისტორიულ ურთიერთობებს და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ერების დაახლოებას

კარასინის ამ მოკლე კომენტარის შემდეგ, რომელსაც თითქოს ცუდი არაფერი უნდა მოჰყოლოდა, საქართველოში ისევ ლიბერალური ისტერიკა ატყდა, ნაცებისა და ევრონაცების, რომლებსაც მშენებარე ქართულ დემოკრატიაზე ფიქრი რუსეთისკენ გახედვის საშუალებას დღემდე არ აძლევთ; აგრეთვე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომ რუსული მხარე სწორედ მათთან მოისურვებდა ამ ცენტრის გახსნას. შეშფოთება-აღშფოთებით ქვეყანა ლამის შეიძრა. მოკლედ, “ბნელ საბჭოთა წარსულში დაბრუნების საფრთხით შეძრულმა” მედასავლეთე ვაიპატრიოტულმა ელიტამ კიდევ ერთხელ დაარისხა განგაშის ზარები და ხელისუფლებას თითი დაუქნია. მაგრამ მმართველ გუნდშიც ბევრი აღმოჩნდა ისეთი “ლიდერი”, რომლებმაც ჯანსაღ პოზიციას ისევ დასავლელი მამა-მარჩენლებისთვის კოჭის გაგორება ამჯობინეს და განაცხადეს, რომ კარასინის განცხადებაში მისასალმებელს ვერაფერს ხედავენ…

ორი ქვეყნის ურთიერთობაში რას შეცვლის დღეს კულტურული ცენტრის შექმნა, არის თუ არა სახელმწიფო ამით სათანადოდ დაინტერესებული და რა ძალებია ქვეყანაში მსგავსი ცენტრების არსებობის წინააღმდეგი? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გრიგორი კარასინმა მედიასთან განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც, მისი აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კარასინის განმარტებით, აღნიშნული ცენტრი თანამშრომლობის ახალ პერსპექტივას შექმნისრას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ ის, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობა ჩიხშია და ათ წელზე მეტია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, პირველ რიგში, ჩვენს ინტერსებს აზიანებს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუ დადებითი ძვრები დაიწყება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ, ცხადია, ამ ცენტრის თუ ცენტრების გახსნით არ უნდა გვქონდეს მყისიერი შედეგის მოლოდინი. პოლიტიკასა და დიპლომატიაში ასე არ ხდება. რაც შეეხება იმ ისტერიკას, რომელიც კარასინის განცხადებას თბილისში მოჰყვა, როგორც ყოველთვის, ვნახეთ შეშფოთებულ-აღშფოთებული ნაცები და ევრონაცები; ვნახეთ ლოყებჩამოკაწრული “ლიბერალური ელიტა” და მათ მიერ ბრმა იარაღად გამოყენებული ურალიბერალები, რომლებიც ამ დღეებში ყველაზე მეტს “ნერვიულობდნენ”, მართალია, ძირითადად, სოციალურ ქსელებში, მაგრამ მაინც. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა აშფოთებთ ამ ადამიანებს, რატომ ემართებათ ასეთი პათოლოგიური ისტერიკა იმაზე, რაც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა დგას რეალურად ამ განწყობების მიღმა?

_ ჯერ, მოდი, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს _ ვინ და რა ძალები ქმნიან დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ კლიშეს: თუ რუსეთთან დიალოგის მომხრე ხარ, თურმე კრემლიდან იმართები? ესენი არიან დასავლეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა ფონდი და ინსტიტუტი. ამ ხალხის “არგუმენტი”, რომლითაც მუდმივად გამოდიან მოსკოვთან დიალოგის წინააღმდეგ, არის უცვლელი _ “რუსეთი ოკუპანტია…” რიტორიკა მდგომარეობს იმაში, რომ ოკუპანტს არ შეიძლება ელაპარაკო, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ტერიტორიებს არ დაგიბრუნებს. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ვიღაცას შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს, რომ ამ ადამიანებს მართლა ამოძრავებთ ეროვნული იდეა და, რასაც აკეთებენ (ლანძღვა იქნება კრემლის მესვეურების თუ სხვა რამ), სუფთა პატრიოტული სულისკვეთებით შვრებიან, მაგრამ შეიძლება, ეროვნული მოტივი ამოძრავებდეთ ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და გრანტებს იღებენ ქვეყანაში ანტიეროვნული ცვლილებების განხორციელებაში? შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობა აწუხებდეს ხალხს, რომელიც 24 საათის განმავლობაში დასცინის ეკლესიას, სამღვდელოებას; ითხოვს ნარკოტიკების ლეგალიზაციას, მამათმავლობის ნორმად გამოცხადებას; მხარს უჭერს მიწების უცხოელებისთვის მიყიდვას და პრობლემას ვერ ხედავს, თუ ქართველები ეთნიკურ უმცირესობაში დავრჩებით ჩვენსავე ქვეყანაში? ამ ხალხს ამოძრავებს ერთადერთი მოტივი _ ძალაუფლება და ფინანსური კეთილდღეობა, მორჩა რაც შეეხება მათ ფსევდოპატრიოტულ ანტირუსულ ისტერიკას, ეს განპირობებულია ერთადერთი რამით _ დღეს მსოფლიოში რუსეთი არის ყველაზე დიდი ძალა, რომელსაც სერიოზული დისონანსი შეაქვს დასავლურ “ნეოლიბერალურ” დღის წესრიგში და ჯერჯერობით ამას ვერაფერს უხერხებენ…

_ გინდათ, თქვათ, რომ საქართველოში არსებული ანტირუსული ისტერიკა მსოფლიოლიბერალურიძალებისგან მართული პროპაგანდის გამოძახილია?

_ გამოძახილი კი არა, პირდაპირ ამ პროცესის ნაწილია, თორემ რეალურად რომ ადარდებდეთ ტერიტორიები, მხოლოდ რუსეთზე კი არ იქნებოდნენ ჩაციკლულები, დავითგარეჯზეც ანალოგიური რეაქცია ექნებოდათ… სხვათა შორის, დავითგარეჯის თემა ბოლო პერიოდში ისე მიაჩუმათეს, თითქოს არაფერი ყოფილა და ეჭვი მაქვს, ამ სიჩუმის მიღმა ჩვენთვის სასიკეთო არაფერი ხდება. თუმცა დავით-გარეჯი არ არის ერთადერთი მტკივნეული საკითხი, რომელსაც ყურადღება სჭირდება, თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწებზე არაერთი ჩვენი სიწმინდეა სავალალო მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამის პარალელურად აქ ახალ-ახალი მეჩეთების მშენებლობაზე მიდის საუბარი. ისე, მე ძალიან მაინტერესებს და ყველა ლიბერალს ვეკითხები, რომლებიც, პრაქტიკულად, აცრილები არიან ყველაფერ რუსულზე, მათ შორის, კულტურაზეც: სად იყო მათიპატრიოტიზმი”, როცა ასობით და ათასობით ადამიანი ფეხით ავიდა უდაბნოში და აზერბაიჯანის ინტერვენციას აპროტესტებდა? ხომ არიან პატრიოტები და ხომ აწუხებთ ტერიტორიების დაკარგვა? სად იყვნენ მაშინ, როცა ჩიჩხიტურამდე მისასვლელ გზას ბულდოზერებით ჭრიდნენ და ქართველ მომლოცველებს ტაძრებში არ უშვებდნენ?

რაც შეეხება რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის იდეას თბილისში, მოსწონს ვინმეს თუ არა, მე ასე ვფიქრობ: დღევანდელ ვითარებაში ჩვენთვის რუსეთთან პირდაპირ დიალოგს ყოველგვარი მესამე მხარისა და დესტრუქციული ძალების მონაწილეობის გარეშე ალტერნატივა არ აქვს; თუ, რა თქმა უნდა, რეალურად გვინდა ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პროცესის დაწყება. კიდევ ვიმეორებ, არა მხოლოდ რუსული კულტურის ცენტრი, რუსულენოვანი ტელეარხიც უნდა გაიხსნას, რათა თუნდაც ჩვენმა აფხაზმა და ოსმა მოქალაქეებმა გაიგონ, რა ხდება ამ ქვეყანაში. ვერანაირ საფრთხეს ამაში ვერ ვხედავ. საფრთხეს დღეს წარმოადგენს მეხუთე კოლონა, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებს და, როგორც კიბოს მეტასტაზები, ისეა მოდებული პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სისტემას.

_ საფრთხეს რაც შეეხება: ლიბერალური პროპაგანდა საზოგადოებას არწმუნებს, რომ მსგავსი ცენტრები, შესაძლოა, რუსული აგენტურის თავშესაფარი გახდეს და კულტურული დაწესებულების ნაცვლად ჯაშუშური ორგანიზაცია მივიღოთ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ ჯაშუშური ორგანიზაციები არის ბათუმში და მთლიანად რეგიონში, სადაც ყველამ იცის, რამხელა ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს თურქეთი, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ეს ერთი. მეორე _ ირანელებს, არაბებსა და ინდოელებს რომ მიჰყიდეს ნახევარი კახეთი, იქ არ არის საფრთხე? ჩინელებით რომ დაასახლეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პლეხანოვზე ქართული ლაპარაკი აღარ ისმის უკვე… ვიმეორებ: გაშმაგებული პროპაგანდა, რომ, ვინც რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თურმე კრემლის აგენტია, მოდის სოროსის გრანტით დაფინანსებული აგენტურული ქსელისგან. რეალურად მათთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ ტერიტორიები წაგვართვეს და კიდევ შეიძლება წაგვართვან, პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა წაგვართვა, თორემ თურქეთმა, აზერბაიჯანმა ან ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, რომლებიც მსოფლიო ლიბერალური დღის წესრიგისთვის ყელში გაჩხერილი ლუკმა არ არის, რაც უნდა ის ქნან, თუნდაც თავზე ჩამოგვამხონ ქვეყანა.

_ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი რომ აუცილებელია, ცხადია და ამაზე ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსიც ღიად მიგვანიშნებს, მაგრამ მეორე და, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ხელისუფლების მზადყოფნაა. არის თუ არა დღესქართული ოცნებამზად მოსკოვთან პირდაპირი დიალოგისთვის და, რაც მთავარია, არის კი ის თავისუფალი ამ ნების გამოვლინებაში, თუ, რა თქმა უნდა, ეს ნება არსებობს?

_ სხვათა შორის, ბოლო პერიოდში არის გარკვეული სიმპტომები იმისა, რომ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ჯანსაღ პოზიციას უბრუნდება. მაგალითად, ამას წინათ უშიშროების მინისტრმა, ბატონმა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ გვინდა, რუსულ-ქართული დიალოგი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდესო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ხელისუფლება მაინც მძევალია გარკვეული ლიბერალური ძალების და ამ ძალების ავანგარდში ისევ “ნაციონალური მოძრაობაა”. ისე, რუსებსაც ბევრი შეცდომა მოსდით ჩვენთან ურთიერთობაში…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, მაქარაშვილი, რომელიც “პუტინ ხუილოს” გაჰყვირის ქუჩაში, რატომ უნდა მიიღო მოსკოვში და დააფინანსო? ან ეს კობა ნაყოფია რომ ჩადის იქ ფულის საშოვნელად და მერე აქ ჩამოსული რუსეთის წინააღმდეგ დიდი პატრიოტივით რომ იჭინთება, რატომ აძლევენ ამის უფლებას? არ შეიძლება, ნაყოფიასა და მაქარაშვილისნაირი უსინდისო ადამიანები ჩადიოდნენ მოსკოვში, იქ ფულს შოულობდნენ და მერე აქ ნავთს ასხამდნენ ცეცხლში გახვეულ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს… ასეთი ხალხი არის დამოკლეს მახვილივით დაკიდებული საფრთხე სახელმწიფოს თავზე. თუ მათ არ მოვთოკავთ, ნურავის ექნება იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში დადებითი ძვრები დაიწყება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here