არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა არ ცხრება. ოპონენტები ერთმანეთის მისამართით მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს არ იშურებენ. ძალა, რომელიც თავის მომავალს მხოლოდ არეულობაში, დესტაბილიზაციასა და გადატრიალებაში ხედავს, სტრატეგიას არ ცვლის, ხელისუფლება კი, რომელმაც ამ ძალას თავის დროზე კოაბიტაცია გამოუცხადა და “მწვანე აუნთო”, საგონებელშია… როგორც ჩანს, სანახაობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ისევ უპუროდ და ხალხის გარეშე. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, მიმდინარე პოლიტიკურ მასკარადში არ მონაწილეობს, მოსახლეობას უკვე მრავალჯერ “ნანახი კინო” მობეზრდა. რა სცენარით ვითარდება მოვლენები 2 ოქტომბრის შემდეგ და რა იქნება შედეგი, თუ ამ პროცესების უკან მდგარი ძალები მიმდინარე ბაკქანალიას თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანენ _ ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს”უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
_ ბატონო ნიკოლოზ, ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, არჩევნების შემდგომ, ცოტა არ იყოს, შოკირებულია, “ნაცმოძრაობა” კი თავის განაყოფებთან ერთად გამარჯვებისთვის ემზადება. განცხადება განცხადებაზე და შეფასება შეფასებაზე კეთდება, რომ არჩევნებმა და განსაკუთრებით იმ ბატალიებმა, რომლებიც არჩევნების წინა დღეებში მოხდა, ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა შეცვალა… რა რეალობა მოგვცა სინამდვილეში 2 ოქტომბერმა, რა შეიცვალა და რას უნდა ველოდოთ მომავალში?
_ მოკლედ ვიტყვი: მოხდა ის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდა და გამძაფრდა იმ ძალის გათეთრების პროცესი, რომელი ძალის გასამართლებაც 9 წლის წინათ უნდა ყოფილიყო სამართლებრივი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების დასაწყისი. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ქართველმა ხალხმა 2012-ში თავის ადგილი მიუჩინა და ხელისუფლებას მისი, როგორც რეჟიმის, გასამართლების მანდატი მისცა, დღეს უფრო მყარად დააყენეს ფეხზე. ეს გააკეთეს გარე ძალებმა და, რა თქმა უნდა, ამაში უზარმაზარია “ქართული ოცნების” უგუნური ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის როლიც. რაც შეეხება კონკრეტულად იმ შეფასებებს, რომლებსაც “ოცნების” წარმომადგენლები აკეთებენ ამ დღეებში, რომ თურმე იმაზე უკეთესი შედეგები მიიღეს, ვიდრე წინა არჩევნებზე, იდიოტი ჰგონიათ ხალხი? რანაირად მიიღეს უკეთესი შედეგი, თბილისში როდის იყო მეორე ტური? _ ეს ერთი და მეორე: ხუთიდან ორ თვითმმართველ ქალაქში _ ბათუმსა და ქუთაისში _ აგებენ, ზუგდიდშიც, ვიცით, რა მოხდა. ეს არის უკეთესი შედეგი?! “ოცნებამ” ამ იდიოტური, მათ შორის საკუთარი თავის დაბრმავების პოლიტიკითაც ყველაფერი დაკარგა, თუმცა, რაც მათთვის ყველაზე საგანგაშო უნდა იყოს, არის ის, რომ ისინი კარგავენ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს _ დედაქალაქს.
_ რა უნდა გაეკეთებინა “ოცნებას”, ამ მდგომარეობამდე რომ არ მისულიყო?
_ ამაზე ერთადერთი და უმარტივესი პასუხი არსებობს: მათ, უბრალოდ, არ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთეს, როცა გამოაცხადეს ყბადაღებული კოაბიტაცია და ხალხს უთხრეს, _ მოდი, ახლა შურისძიების რეჟიმში ნუ ვიცხოვრებთ, ქვეყანა გვაქვს ასაშენებელიო. ჯერ ერთი, დამნაშავის დასჯა შურისძიება არ არის. ჩვენ, იურისტები, ამას მართლმსაჯულების აღსრულებას ვუწოდებთ; და მეორეც _ ვისთან ერთად უნდა აეშენებინათ ქვეყანა: მკვლელებთან _ სააკაშვილთან და მის სექტასთან, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ხალხი აწამა, გააუპატიურა, დახოცა, ბიზნესები დაატერორა, მშვიდობიანი მიტინგები დაარბია და ა.შ.? აი, ეს მოუტრიალდათ ზუსტად და მიიღეს ის, რაც, ადრე თუ გვიან, მოხდებოდა. ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, “ქართულ ოცნებას” უფრო დიდი პოლიტიკური განსაცდელი წინ აქვს და ჩვენ ამას ვნახავთ. რაც შეეხება მეორე ტურს, აქ ახლა ისმის ასეთი შეფასებები, რომ მეორე ტურში ხალხი დაირაზმება და ყველა წავა არჩევნებზე, რათა ნაციონალების დაბრუნების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული, სასაცილოა, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისევე, როგორც “ოცნებამ”, უკვე დიდი ხანია, ამოწურა თავისი ფუნქცია, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ის მუდმივად უნდა ყოფილიყო საფრთხობელა. ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული ეს შეშინებული არჩევანი, ამიტომ მიდგომა არის ასეთი: მოხდეს, რაც მოსახდენია… “ოცნებამ” თავისი უგუნური, უნიათო და მოღალატეობრივი პოლიტიკით საკუთარი ხელით გაითხარა სამარე და ამ სამარის გათხრა დაიწყეს 2012-ში, როცა ვითომ კონსტრუქციული ძალის მანტია მოირგეს და ხალხის ნების ფეხებზე დაკიდებით დამნაშავეებს სასათფურე პირობები შეუქმნეს. სხვათა შორის, ივანიშვილს იმხანად ეგონა, რომ ევროპელებისთვის შესაშურ დემოკრატიას აშენებდა და ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას აყალიბებდა, მაგრამ აი შედეგი _ იმავე დასავლეთმა სააკაშვილი დაუსვა და უთხრა: ახლა ეს კაცი, როგორც გინდა, გაათეთრე, მათ შორის იურიდიულადაცო…
_ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ჩამოყვანა და ციხეში ჩასმა მის იურიდიულად გასუფთავებას შეიძლება ემსახურებოდეს?
_ რა თქმა უნდა. სააკაშვილს გარკვეული გარანტიები რომ ჰქონდა და სხვანაირად აქ ფეხსაც არ შემოდგამდა, რად უნდა ლაპარაკი. ახლა გავა ერთი თვე ან ცოტა მეტი და ჩვენ ვნახავთ, რომ მისი გათავისუფლების გზებზე დაიწყება საუბარი. ეს იქნება ან შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან, ან სხვა გზა…
_ კი მაგრამ, პრეზიდენტმა ხომ თქვა, არ შევიწყალებო?
_ პრეზიდენტმა ასე თქვა ჟორიკა რურუაზეც და სხვებზეც, მაგრამ, მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ისე შეიწყალებენ, არც კი შეეკითხებიან არავის, მერე გამოვა იგივე პრეზიდენტი და იტყვის: იცით რა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ საქართველოზე არ ყოფილიყო ზეწოლა და მე ქვეყნის ინტერესები დავიცავიო… აი, ეს არის მათი სახე. საერთოდ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს ეთერში ლანძღავენ ერთმანეთს და მეორე დღეს ერთად მღერიან. გაიხსენეთ ის კადრები, მდინარაძე ნაციონალებთან ერთად რომ მღერის: “ვინც ჩვენზე რამე ცუდი თქვას, გული გაუპოს დანამაო…” სხვათა შორის, როგორც კი მორჩა არჩევნები, დაიწყეს ლაპარაკი პოლარიზაციის დასრულებაზე, ანუ არჩევნებამდე ბანერებს აკრავენ: “არა ღალატს” და, როგორც კი არჩევნები მთავრდება, პოლარიზებას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია და არც სააკაშვილის შეწყალება გაგიკვირდეთ… რაც შეეხება კონკრეტულად ზურაბიშვილს, ვისაც სჯერა, რომ ის პრინციპულობას გამოიჩენს, დარჩება თავის პოზიციაზე და გაუძლებს წნეხს, შეუძლია, სჯეროდეს, მაგრამ რეალობას დავაკვირდეთ: ვინ არის ზურაბიშვილი? ეს არის კაზინოების მოყვარული ქალბატონი, რომლისთვისაც ბევრი ფული ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მდიდრული ცხოვრება. გარდა ამისა, პოლიტიკური კარიერა მას დასრულებული აქვს, სადაცაა, პენსიაზე გავა და აღარავის ემახსოვრება. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დასავლეთიდან დიდ თანხას შესთავაზებს, გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ, უარს არ იტყვის…
_ გამოსავალი რა შეიძლება იყოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდეს ქვეყანა?
_ დავიწყოთ იმით, რა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ პერსპექტივას უქადის საქართველოს დასავლეთის ინტერესების ბრმა მსახურება: პირველი _ დამოუკიდებლობის ხარისხი ნული, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსიც ნული, დემოგრაფიული კატასტროფა, შეუქცევადი მიგრაცია და მოსახლეობის მასობრივი გადინება. შემდეგ _ განულებული და გაჩანაგებული სოფლის მეურნეობა, მასობრივი უმუშევრობა და სიღატაკე, მოშლილი და, ფაქტობრივად, გაუქმებული თავდაცვა, არარსებული უსაფრთოება… აი, ეს ყველაფერი (და არამხოლოდ) არის ის მიმართულებები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში ევროატლანტიკურმა ბრმა სწრაფვამ მოშალა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ე.წ. ევროატლანტიკური კურსი ჩვენთვის კარგს ვერაფერს მოიტანს, არის ის, რომ ეროვნული იდეოლოგია, პრაქტიკულად, დანაშაულთან იქნა გაიგივებული. დღეს, მაგალითად, რომ გამოხვიდეთ და გეიაღლუმის ჩატარებას ხელი შეუშალოთ ან კაცის კაცზე და ქალის ქალზე ქორწინების დაკანონების პროცესს შეეწინააღმდეგოთ, რომელსაც დასავლეთი ძალიან მალე დაგვაძალებს, თუ დასცალდათ, მოძალადედ გამოგაცხადებენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურმე საკუთარი შვილის აღზრდის უფლებაც კი არ გაქვს ეროვნულად და ტრადიციულად, ეს უფლება მთლიანად გადასცეს უცხოეთიდან დაფინანსებულ ენჯეოებს.
ახლა რა არის გამოსავალი: მე არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენთან ინტერვიუშიც, და ახლაც გავიმეორებ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ჯანსაღი, კონსერვატიული ძალის ფორმირება. ეს უნდა იყოს არა ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი, ცალკე აღებული, არამედ ბირთვი, რომელიც მძლავრ იდეოლოგიურ–პოლიტიკურ ფლანგს შექმნის, და, რაც მთავარია, უნდა არსებობდეს ამ ფლანგის ხალხისთვის სწორად წარმომჩენი საინფორმაციო ველიც. აი, ეს თუ მოხერხდება და დარწმუნებული ვარ, მოხერხდება, ჩათვალეთ, ლიბერალური დღის წესრიგის დასასრული ოფიციალურად გაფორმდება და ჩვენ მოგვეცემა რეალური შესაძლებლობა, ნამდვილი, დემოკრატიული არჩევნებით სათავეში მოვიყვანოთ მართლა ხალხის ინტერესების გამომხატველი ეროვნული ძალა, რომლის მოლოდინიც, უკვე 20 წელიწადზე მეტია, გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია