“სადაგი დღეები გველებივით იცვლის პერანგს”.
ფედერიკო გარსია ლორკა
არსი უცვლელი რჩება. იმ დღეებზე მოგახსენებთ, ჩვენ რომ გვიხდება ცხოვრება.
გასულ პარასკევს, ანუ 2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრი ანგარიშით წარსდგა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.
პირველად.
დეპუტატები წინასწარ მოფიქრებულ-დაწერილ შეკითხვებს უსვამდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ზოგჯერ ძალით გართულებული, ზოგჯერ ქლესა შეკითხვებით მიმართავდნენ ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარეს.
72 იყო მათი სახელი.
უმეტესობა, “საკმაოდ დაცილებული” დახვეწილ ქართულს.
ეგენი “ყარა-ყურტა” ხალხიაო, იტყვიან მთიულეთში ასეთებზე.
ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ფრიად შეწუხებული აღმოჩნდა ქართულის ასეთი წახდენით, ფრიდონ ინჯია აღმოჩნდა.
_ ბატონო ფრიდონ, რამ გიბიძგათ, რამ გაიძულათ, საჯაროდ გამოგეტანათ ეს პრობლემა?
_ იმან, რაც ჩვენს გარშემო ხდება ყოველწუთიერად _ ვის როგორც მოუნდება, ისე რომ საუბრობს. ჩემთვის გასაგებია: ენა ცოცხალი ფენომენია და მუდმივად მდიდრდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა დავიცვათ იგი იმ მავნე მინარევებისგან, რომლებიც ამახინჯებს ქართულს.
მაგრამ დაცული არ არის. ესეც უეჭველია.
მე ასე მესმის: თუ ჩვენი ენა გვიყვარს, როგორც მშობლიური, ჩვენი ოჯახი, ჩვენი მომავალი, იგი შესაფერისად უნდა დავიცვათ. ის ჩვენ თვითმყოფადობის ნაწილია, ილიას ნაანდერძევი წმინდა ტრიადის შემადგენელი ნაწილი.
საქართველო, ბევრი ძლიერი იმპერიის მსგავად, პირისაგან მიწისა რომ არ აღიგავა, ენას უნდა ვუმადლოდეთ, ჩვენ სარწმუნოებას.
დარწმუნებული ვარ, დაკვირვებიხართ ჩვენი მასობრივი პრესის სივრცეში ქართულის დამახინჯების ტენდენციას, რომელიც შემთხვევით პოლიტიკოსებსა და ვაიჟურნალისტებს თავიანთი საკუთრება ჰგონიათ და არა საუკუნეებში გამოტარებული ეროვნული განძი და ღირსება.
ოღონდ რაღაც მოგება ნახონ, წუთიერი პოპულარობა მოიპოვონ.
ამ პრობლემის მოგვარება ეკისრება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, რომელიც, ჩემი აზრით, არაფერს აკეთებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მაინცდამაინც მან უნდა დააწესოს ის ჩარჩოები, რომლებშიც უნდა ჩაჯდეს ქართული მედიის ენობრივი სიწმინდე, საინფორმაციო საშუალებების ენობრივი პარამეტრები. მაქსიმალურად დაიცვას, თორემ იმ ავგიას საჯინიბოების გამწმენდმა ჰერალემ, ვეჭვობ, მთლიანად აღმოფხვრა დღეს ჩვენში გამჯდარი ენობრივი კულტურის სიმახინჯენი.
კარგად რომ დაისჯება მასმედიის თუნდაც ერთი ორგანო, თუნდაც ბილწსიტყვაობის ეკრანზე გამოტანის გამო, სხვა ვერ გაბედავს. დასჯა, დაჯარიმება, ენის კანონის მიღება დღის წესრიგში დგას, როგორც აქტუალური საკითხი.
ქართული ენა ისე მდიდარი და მრავალფეროვანია, რომ წესიერების ფარგლებში შეგიძლია საფუძვლიანად გააკრიტიკო ან, თუნდაც, შეაქო მტერიცა და მოყვარეც.
ენის კულტურა გვაკლია!
ამ პრინციპის დარღვევა რესპონდენტის უსუსურობაა.
_ არადა, დეპუტატია.
_ ქართული ენის დეპარტამენტი სახელმწიფო სტრუქტურაა. ალიბეგაშვილი გიორგი ხელმძღვანელია. ორ-სამჯერ დავურეკე, დავინტერესდი, რას აკეთებენ. დახმარება შევთავაზე. კი _ მელაპარაკა რაღაც ღონისძიებებზე, მაგრამ ყველაფერი კვლავაც “რაღაცეების” დონეზეა დარჩენილი.
ერთ მაგალითს დაგისახელებთ.
მობილური ოპერატორები შეტყობინებებს ლათინური შრიფტით დაწერილს გვიგზავნიან. რატომ ხდება ასე? გვიპასუხებენ, რომ ყველას არ აქვს ქართული შრიფტით აღჭურვილი აპარატები.
ესეც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. თუ მივიღებთ კანონს, რომ შეტყობინებები მხოლოდ ქართულად ვრცელდებოდეს, ასევე, კანონს ლიცენზირების შესახებ, რომლის თანახმად პროვაიდერმა ქვეყანაში ვერ უნდა შემოიტანოს მობილური ტელეფონები, რომლებიც ქართულ ენაზე არ იქნება ადაპტირებული. საკითხი უცებ მოგვარდება, მაგრამ ამას პატრონი სჭირდება.
თურქეთში, მაგალითად, ეს საკითხი მოგვარებულია, რუსეთშიც. სერტიფიკაციაში რა იგულისხმება? არ უნდა ჰქონდეს დაწესებულ დონეზე მეტი გამოსხივება, ისეთი პროგრამით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომელიც ამ კონკრეტულ ქვეყანაში არის დადგენილი და ა.შ.
ჩვენთან სერტიფიკაცია ამ თვალსაზრისით არ არსებობს. შემოიტანე, გენაცვალე, ყველაფერი _ რძის ფხვნილით დაწყებული, ტელეფონების აპარატებით დამთავრებული. არავინ არაფერს გეტყვის: არც სერტიფიცირება არ არის, არც მისი კონტროლი არსებობს.
არავინ აკონტროლებს თუნდაც ნაყინის ხარისხს, ინგრედიენტებს, რომლებითაც ერთი სახეობა მეორისგან უნდა განსხვავდებოდეს. სახელწოდებებია განსხვავებული მხოლოდ. კარგად საღდება ნაყინი “გურჯაანი”, მაგრამ რა შემადგენლობისაა, ამის გასარკვევად კაცისშვილი თავს არ შეიწუხებს.
ერთადერთი, ვინც ამ ბოლო დროს აამოძრავა აქ დამკვიდრებული რუტინა, დედაქალაქის მერი კახი კალაძეა: კარგი დედმამის შვილი ხარ, გაბედე და დაარღვიე მშენებლობის სტანდარტები! ვერ მიიღებ ლიცენზიას, ვერ დაამტკიცებ პროექტს, თუ სრულად არ არის ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული. ზოგ საკითხში, მიმაჩნია, რომ ზედმეტიცაა, მაგრამ ზედმეტიდან უკანდახევა შედარებით იოლია.
ეს ზოგადად. ახლა კი, რაც პრემიერმინისტრს შეეხება: მას, როგორც ქვეყნის პირველ პირს, ემსახურება მოხელეთა უზარმაზარი აპარატი. საკმარისია, დაუძახოს ალიბეგაშვილს, მოსთხოვოს მისდამი რწმუნებული უწყების საქმიანობის ანგარიში _ რისი გაკეთება შეძლო, რისი _ ვერა, გაეცნოს ამ სტრუქტურის გეგმებს, სპეციალისტებთან ერთად განიხილოს და მოძებნოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რომლებიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.
ასეთია უმარტივესი ორგანიზება შრომის, სისტემატიზებული კონტროლი და საქმეც მკვდარი წერტილიდან დაიძრება.
თავისთავად იგულისხმება მაღალი კვალიფიკაცია პრემიერის აპარატის, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, რადგან, ეტყობა, მისმა რეფერენტებმა თუ თანაშემწეებმა, რომლებსაც იმ დღეს შეკითხვების ჩაწერა ევალებოდათ, ვერ გაიგეს ჩემი შეკითხვის დედააზრი, საერთოდ ვერ გაერკვნენ, რას ვეკითხებოდი, ამიტომ იყო, რომ მისი პასუხი ასცდა იმ თემას, რომლისთვისაც პრემიერმინისტრის ყურადღების მიქცევა მსურდა: ვეკითხებოდი ქართული ენის სიწმინდის დაცვის შესახებ და პასუხად მივიღე, რომ მუშაობენ საქართველოში ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის აუცილებელი შესწავლის საკითხებზე.
პრაგმატულად უნდა მივუდგეთ გასაკეთებელ საქმეს, თორემ მაჩანჩალის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
_ ბატონო ფრიდონ, შეიძლება ზოგიერთმა ჩვენმა მკითხველმა თავიდან ბოლომდე ვერ მოუსმინა დეპუტატების დასმულ შეკითხვებს, გამორჩა თქვენი შეკითხვა. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ხომ არ გაიმეორებთ ამჯერად, როგორც საგაზეთო ვარიანტს?
_ გავიმეორებ და განვმარტავ კიდეც: როგორ ფიქრობთ, ბატონო პრემიერო, რამდენად არის დაცული ქართული ენა საქართველოში და რა კეთდება იმისთვის, რომ იგი ნამდვილად იყოს საქართველოს სახელმწიფო ენა. დაახლოებით ასე.
რამდენად არის დაცული გინდათ რეკლამებში, გინდათ ტელეგადაცემებში, გინდათ ინფორმაციის სხვა საშუალებებში და ა.შ., რამდენად ხართ კმაყოფილი? ჩემი შეკითხვა იყო მინიშნება, რა უნდა გააკეთოს, რა მაწუხებს და მტკივა მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს.
_ როგორ მიიჩნევთ, მიაქცევენ ყურადღებას თქვენ მიერ წამოჭრილ მტკივნეულ საკითხს? დამატებით ღონისძიებებს ხომ არ განახორციელებთ ამ თემის გასააქტიურებლად?
_ ორშაბათს გაგრძელდება ჩვენი გამოსვლები. ჩვენი ფრაქციის სახელით პლენარულ სხდომაზე გამოვალ და გავიმეორებ იმ 15 წუთში, რომელიც ჩვენთვის არის გამოყოფილი, ვილაპარაკებ იმ თემებზე, რომლებსაც დღევანდელ საუბარში შევეხეთ. გავუზიარებ ჩემს შეხედულებას, რომლის განხორციელება ქვეყანას გამოადგება, დიდ ხარჯებს არ მოითხოვს, არც დიდი ინვესტიციები სჭირდება, მაგრამ აუცილებელია კონტროლი, პასუხისმგებლობის ამაღლება და საქმეც წინ წაიწევს.
_ პრემიერი დაესწრება ამ სხდომას?
_ აუცილებლად.
ბოლოთქმის ნაცვლად:
“ერთი კაცი ყოფილა, შვიდი ჰყოლია მოკლული. ჰოდა, ადგა, წავიდა ბერთან: “როგორ ავიყარო ცოდვა?” ესე ესეო, უთხრა ბერმა: “წადი შენა ჯორედინა გზაზე (გზაჯვარედინზე) დადეგ: გამვლელ–გამომვლელი გეტყვით: “რას აკეთებო?” ნიგზურა (მუგუზალი) დაჰყუდე იქ.
მამრე არავინ არ უთხრა: “რატო დგახარ?”
გაიარა ერთმა. იმან უთხრა: “რას აკეთებო?”
“რას ვაკეთებო, შვიდი მყავ მოკლულიო, ეს ცოდვა უნდა ავიყაროო”.
“შე კაცო, შვიდი რა არის? მე შვიდის საქმე ავრივეო და ახლა მივდივარ მერვეზე, ისიც უნდა აერივოო”.
დაფიქრდა ეს კაცი: “ეს შვიდი წყვილიო, მემრე იმათი შვილებიო”. ესროლა და ის მერვეც მოკლა, რომელსაც შესჩივოდა.
ნიგზურას ფოთოლი ამოუვიდა”. (ლია კაიშაურის “მთიულური ტექსტებიდან”, გვ. 109).
არმაზ სანებლიძე