საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ უკვე წლებია, ბათუმში ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის დასადგმელად ადგილის გამოყოფას ამაოდ ითხოვს.
ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნას კვლავინდებურად უყურადღებოდ ტოვებს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს აღნიშნულმა ორგანიზაციამ საკითხის პეტიციის წესით განსახილველად საკრებულოში 3100 მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა, არაფერი შეცვლილა. საკრებულომ არა თუ არ განიხილა და დღის წესრიგში არ დააყენა მოთხოვნა, თემაზე ელემენტარული განმარტებაც არ გააკეთა და ჯამში 30 ათასზე მეტი მოქალაქის მოთხოვნა სრულიად უგულებელყო.
კონკრეტულად რას ითხოვს ორგანიზაცია „აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ და ვის მიმართეს მათ ამ დრომდე შესაბამისი მოთხოვნით, ამ საკითხზე უფრო დეტალურად „საქართველო და მსოფლიოს“ თავად აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე ესაუბრება.
ნიაზ ბოლქვაძე: ჩვენ უკვე ოთხი წელია, ამ იდეის განხორციელებისთვის ვიბრძვით და მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ეროვნული-სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. მით უმეტეს დღეს, როცა ხშირად გვესმის, რომ აჭარა ოსმალეთის ისტორიული ნაწილი იყო, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება და ა.შ.
რაც შეეხება კონკრეტულად მოთხოვნას, საქმე ეხება ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლების და დედა-საქართველოსთან დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის დასადგმელად ბათუმში ადგილის გამოყოფას. ეს არის ხალხის მოთხოვნა და შესაბამისი ხელმოწერები ჩვენ უკვე შეგროვებული გვაქვს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის აპრილში შევხვდით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა სირაბიძეს და გავაცანით აღნიშნული მოთხოვნა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. მან თქვა, რომ მარტო ადგილობრივი ხელისუფლება ამას ვერ გადაწყვეტს და საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია თბილისზე.
_ ხელმოწერები ახსენეთ და დაახლოებით რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ?
ცოტა შორიდან დავიწყებ. 2015 წელს, როცა ქალაქის ხელმძღვანელობისაგან ამ საკითხისადმი ხელშეწყობის ნაცვლად, მხოლოდ ხელშეშლას ვხედავდით, ბათუმის საკრებულოში 3100 მოქალაქის ხელმოწერა შევიტანეთ. მოთხოვნა იყო საკითხის პეტიციის წესით განხილვა, თუმცა ეს მოთხოვნა სრულებით უყურადღებოდ დარჩა. ამის შემდეგ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მთელს მოსახლეობაში იგივე მოთხოვნით და 2016 წლის დეკემბერში 23 ათასამდე ბათუმელის მოთხოვნა შევიდა საკრებულოში. იმავდროულად კვლავ გრძელდებოდა ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოყვა. ჯამში 30 000-ზე მეტი მოქალაქის მოთხოვნა სრულებით უგულებელყოფილი იქნა ბათუმის საკრებულოს, აჭარის ხელისუფლებისაგან და საქართველოს კულტურის სამინისტროსაგან. მეტიც, არა თუ პეტიციით არ განიხილეს ეს საკითხი, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს. არანაირი კომენტარი, არანაირი განმარტება, თითქოს არაფერი ყოფილა…
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მიზეზით არ გაძლევენ მემორიალის დადგმის უფლებას? რა ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან?
_ როგორც გითხარით, უკვე ოთხი წელია, ამ იდეის განხორციელებას ვცდილობთ და ამ ხნის მანძილზე, ბოლომდე არ გვესმოდა, რა გვიშლიდა რეალურად ხელს, მაგრამ დიდგორობის უქმედ გამოცხადების საკითხის ჩაგდებამ პარლამენტში ყველაფერი ცხადი გახადა. ეს არის ამ ხელისუფლების სიმხდალე და სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებსაც გავაცანით. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ აჭარაში ამ მემორიალის დადგმასაც ზუსტად იგივე მიზეზი აბრკოლებს, რა მიზეზითაც დიდგორობის უქმედ გამოცხადება ჩავარდა; ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ეს არის საქართველოს პარლამენტის გამყიდველური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც ძალიან საშიშია და ამ პოლიტიკას უკვე უფსკრულისკენ მიყავს ქვეყანა…
იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი მოთხოვნა საბოლოოდ არ იქნება გათვალისწინებული, რას აპირებთ? რა ფორმით გააგრძელებთ ბრძოლას?
_ ის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის ელჩების და კონსულების მითითებით მოქმედებენ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ დიდგორის გამარჯვება, რომელიც წმინდათაწმინდა გამარჯვებად ითვლება, დღესასწაულად ვერ გამოგვიცხადებია, ის რომ ბათუმში, გმირთა ხეივანში არის გაჭეჭყილი ბოთლის ძეგლი და თავდადებულ გმირთა ძეგლის დადგმის ნებართვას ვერ გასცემენ, ის რომ მამათმავლების ძეგლისათვის 60 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ხოლო ღვაწმოსილ წინაპართა ღვაწლის დაფასება კი სისხლის ფასად გვიჯდება მოსახლეობას, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა გარდაუვალი დაღუპვისაკენ მიექანება.
რაც შეხეება შეკითხვას, რას ვაპირებთ, მცირე ხნის წინათ ჩვენ, მამულიშვილთა კავშირმა, მივმართეთ საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს და ველოდებით რეაგირებას მისგან ამ უსამართლობაზე. თუ იქიდანაც ანალოგიური უყურადღებობა იქნება, მიგვაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა უფლებას, რათა ერი გადარჩეს და უსზრუნევლყოს საკუთარი ღირსეული მომავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ვიმეორებ, ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა სახელმწიფოს მიიყვანს სრულ კატასტროფამდე და განადრურებამდე. ეს პოლიტიკა ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია