ევროპის წამყვანმა საფეხბურთო ჩემპიონატებმა (ესპანეთის ლა ლიგა, ინგლისის, პრემიერლიგა, იტალიის სერია ა და საფრანგეთის ლიგა 1) სტარტი აგვისტოს შუა რიცხვებში აიღო, სატრანსფერო ფანჯარა კი, რომელსაც ბევრი მითქმა–მოთქმა ახლდა, 3 სექტემბერს დაიხურა. გავიხსენოთ ყველაზე ხმაურიანი გადასვლები ერთი კლუბიდან მეორეში და შევაჯამოთ 2019 წლის საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის შედეგები.
ნეიმარი დარჩა “პარი სენ–ჟერმენში”
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რეკორდული ტრანსფერიდან (222 მლნ) რამდენიმე თვეში გავრცელდა ხმები, რომ “ბარსელონადან” “პარი სენჟერმენში” გადასული ბრაზილიელი ნეიმარი ნანობს თავის გადაწყვეტილებას და “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. მაგრამ, თუ შარშან კატალონიური კლუბის მხრიდან ნეიმარის დაბრუნების მცდელობა უნიათო იყო, წლევანდელ ზაფხულში “ბარსელონამ” ძალისხმევა არ დაიშურა იმისთვის, რომ ბრაზილიელ თავდამსხმელ ლიონელ მესის მხარდამხარ ეთამაშა. თვით ფრანგულ კლუბსაც, როგორც მედია წერდა, სურდა თავისი “პრიმადონის” მოშორება რაც შეიძლება დიდ თანხად, რადგან ნეიმარი ნეგატიურ გავლენას ახდენდა გუნდის სხვა წევრებზე.
თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში წერდა მედია “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” მცდელობებზე, ეყიდათ ნეიმარი, მაგრამ პარი “სენ-ჟერმენის” მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა, პირველ რიგში, “ბარსელონასთვის” _ 150 მლნ პლუს სამი ფეხბურთელი: დემბელე, რაკიტიჩი და ტოდიბო.
თუმცა ყველაფერი იქით მიდის, რომ, თუ ზამთარში არა, 2020 წლის ზაფხულში ნეიმარი მაინც გადავა “ბარსელონაში”, რადგან 2020-ში მისი სატრანსფერო თანხა 170 მლნ-მდე შემცირდება.
ედენ აზარი “რეალში”
როდესაც ედენ აზარი ლონდონის “ჩელსიდან” მადრიდის “რეალში” 100 მლნ დოლარად გადავიდა, გაჩნდა განცდა, რომ ამ ზაფხულს ამაზე “მაგარი” რამ არაფერი მოხდებოდა და ზაფხულის მთავარი ტრანსფერი უკვე განხორციელდა. რაც უნდა იყოს, ლაპარაკია ფეხბურთელზე, რომელმაც, მადრიდის რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის აზრით, “სანტიაგო ბერნაბეუს” უნდა დაავიწყოს კრიშტიანუ რონალდუ.
მაგრამ ბელგიელს, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა “რეალში” გადასვლაზე, არავინ გაიხსენებდა, ნეიმარის საგა ჰეფი ენდით რომ დასრულებულიყო, ისიც საკითხავია, როგორ შეცვლის აზარი რონალდოს, რომელიც წლების განმავლობაში ლა ლიგის ბომბარდირთა შორის იყო, 28 წლის აზარი კი საუკეთესო ბომბარდირული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.
“პატარა პრინცი” “ბარსელონაში”
ანტუან გრიზმანი “ბარსელონაში” 2-წლიანი მცდელობის შემდეგ გადავიდა. ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელშიც 120 მლნ გადაიხადეს, კატალონიელთა შეტევის ხაზი უნდა გააძლიეროს, მაგრამ სეზონის პირველი მატჩი “ბარსელონას” შემადგენლობაში წარუმატებელი აღმოჩნდა გრიზმანისთვის _ მან ბურთი ვერ გაიტანა, “ბარსელონამ” კი დათმო შეხვედრა _ 0:1, თუმცა მომდევნო მატჩში “ბეტასთან” გრიზმანმა დუბლი შეასრულა.
ყველაზე ძვირად ღირებული ვუნდერკინდი
როგორც ჩანს, გრიზმანს აღარ სჯეროდა, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” ერთად შეძლებდა ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვებას ან ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ამიტომაც გადაწყვიტა “ბარსელონაში” გადასვლა, მაგრამ მისი ადგილი “მემატრასეების” (ასე ეძახიან მადრიდის ატლენტიკოს”) შემადგენლობაში მყისვე დაიკავა ახალმა კერპმა _ 19 წლის პორტუგალიელმა ჟოაუ ფელიქსმა, რომელშიც მადრიდელებმა 126 მლნ გადაუხადეს ლისაბონის “ბენფიკას”.
ფრენკი დე იონგი “ბარსელონაში”
კატალონიელთა მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე 22 წლის ნიჭიერ ჰოლანდიელს საყრდენი ნახევარმცველის, სერხი ბუსკეტსის, შემცვლელად ხედავს. თუმცა დე იონგი უფრო “რვიანია”, ვიდრე კლასიკური “ექვსიანი”. ყველაფრის მიუხედავად, “ბარსელონამ” შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და ამსტერდამის “აიაქსისგან” უდავოდ ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი შეიძინა.
ლუკა იოვიჩი “რეალში”
ეს, შესაძლოა, პოტენციურად ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი აღმოჩნდეს.
მადრიდელთა მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ფრანკფურტის “აინტრახტიდან” “რეალში” გადასულმა 22 წლის სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა, რომ მყისვე შესთავაზა კლუბის ხელმძღვანელობას, ეს ფეხბურთელი რომელიმე კლუბში არენდით გაეშვა, არადა, იოვიჩში “რეალმა” 60 მლნ ევრო გადაიხადა.
ედერ მილიტაო “მადრიდის “რეალში”
მადრიდელთა კიდევ ერთი ძვირად ღირებული შენაძენი და კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. ვინ უნდა შეცვალოს მილიტაომ _ სერხიო სამოსი თუ რაფაელ ვარანი? _ ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ მასში “რეალმა” 50 მლნ ევრო გადაიხადა.
მცველების რეკორდები
შარშან სატრანსფერო ბაზარზე რეკორდები დაამყარეს მეკარეებმა: “ლივერპულის” მეკარე ალისონმა და მისმა კოლეგამ “ჩელსიდან” კეპა არისაბალაგამ. გაირკვა ყველაზე ძვირად ღირებული მცვლის ვინაობაც. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მომავალი გამარჯვებული ვირჯილ ვან დეიკი. ამ წლის ზაფხულში კი მსოფლიოს 2 რეკორდი განახლდა. ჯერ ვან დეიკს გადაასწრო ჰოლანდიელმა მათეის დე ლიხტმა, რომელიც ტურინის “იუვენტუსმა” 75 მლნ ევროდ შეიძინა ამსტერდამის “აიაქმისგან”; შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლესტერის “ლესტერ სიტისგან” 87 მლნ ევროდ იყიდა მცველი ჰარი მაგუაირი.
გაგდებული იკარდი “პარი სენ ჟერმენში”
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დასრულდა ერთ-ერთი ხმაურიანი ყიდვა-გაყიდვა. “ინტერის” არგენტინელი კაპიტანი მაურო იკარდი მილანური კლუბის გულშემატკივრებმა და ხელმძღვანელებმა აითვალწუნეს და ის “პარი სენ-ჟერმენში” იჯარით გადავიდა.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა