Home რუბრიკები ისტორია ნაძალადევი

ნაძალადევი

4590
ნაძალადევი

ნაძალადევი თბილისის ერთერთი ძველი უბანია. ის ქალაქის ჩრდილოეთდასავლეთ ნაწილში, ახლანდელი გლდანინაძალადევის რაიონში მდებარეობს. ქალაქის ამ ნაწილშიძველი ნაძალადევი” XIX საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა, როცა რკინიგზის მუშებმა 1870 წლიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს დასახლება.

რკინიგზის გაყვანის შემდეგ ეს ტერიტორია ცალკე უბნად გამოიყო და მას ნაძალადევი ეწოდა. ოფიციალური ხელისუფლება არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. XX საუკუნის დასაწყისში ტყის მეორე მხარესაც აღმოცენებულა ასეთივე დასახლება _ “ახალი ნაძალადევი”.

ამ ტყემ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე გაშენებულმა მწვანე მასივმა, დღემდე ხუდადოვის ტყის სახელწოდებით მოაღწია. ნიკოლოზ ხუდადოვი გახლდათ ექიმი, ქალაქის სათათბიროს წევრი. ის ნაძალადევში მდებარე ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა და უნდოდა, კლინიკის გარშემო ჰაერი გაჯანსაღებულიყო, ამიტომაც მთის ფერდობების გამწვანება გადაწყვიტა. მის ინიციატივას ნაძალადევში მცხოვრები მუშები გამოეხმაურნენ. 1893 წელს, ექიმ ნიკო ხუდადოვის ინიციატივით, სახაზინო მიწაზე ტყის გაშენება დაიწყეს. თბილისის მცხოვრებლებმა ტყეს იმთავითვე ხუდადოვის სახელი შეარქვეს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მოგვიანებით ტყე რევოლუციონერი მუშების შეკრების საყვარელ ადგილად ქცეულა. ალბათ, ამის გამოა, რომ დღემდე ნიკო ხუდადოვი ბევრს რევოლუციონერი ჰგონია.

ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლად იქცა. აქ 1900 წლის ზაფხულში რევოლუციურად განწყობილი მუშის _ ს. აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საბრძოლო მოწოდებები და პროკლამაციები. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით “რესპუბლიკა” გახდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა _ რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარებმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. უთანასწორო ბრძოლაში მთავრობამ 1 000-მდე ჯარისკაცი გამოიყვანა ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით, აჯანყებულთა რაოდენობა კი ხუთას კაცს არ აღემატებოდა და მათგან მხოლოდ 200 იყო შეიარაღებული. შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო, რომელიც შემდგომ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ცნობილი ფაქტია, რომ შეტაკებაში დაიღუპა 9 მუშა, რომლებსაც სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ “სხივის” 1906 წლის პირველი იანვრის ნომერი სახალხო მილიციელებად მოიხსენიებდა. მაშინდელმა მთავრობამ დაღუპულების დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესის მოწყობა აკრძალა და დაღუპული მუშები მათმა მეგობარმა რევოლუციონერებმა კუკიაზე, საძმო საფლავში დაკრძალეს.

ნაძალადევში დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა სტალინმაც. აქ რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდნენ და რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდნენ სხვა ცნობილი რევოლუციონერებიც.

* * *

ნაძალადევის რაიონშია ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია.

1866 წელს პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის შესახებ წერს: ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში თბილისის მოსახლეობა მოდის წმინდა კვირის ორშაბათს. ეკლესია მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდუბის ველზე, ორ გერმანელთა კოლონიას შორის. ყოფილი სოფელი დიდუბე ლეკების შემოსევის გამო დაცარიელდა ერეკლე II- გამეფებამდე და ამ სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა, . . კუკიასა და ჩუღურეთში, რომლებიც დღეს თბილისის უბნებს წარმოადგენენ. დღეისათვის ამ ეკლესიას არა აქვს გუმბათი”.

საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ჩარკვიანის მოთავეობით, XIX საუკუნის 90-იან წლებში გუმბათჩამოქცეული ეკლესიის ადგილას დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 1899 წლის 25 თებერვალს დამთავრდა. გრიგოლ ჩარკვიანის ინიციატივით, ტაძარში საკვირაო სკოლაც გაიხსნა.

მიხეილ მახათაძე
მიხეილ მახათაძე

როგორც ცნობილია, იმ პერიოდში საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა და რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა, ამიტომ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ეკლესიები რუსეთის ტაძრების მიბაძვით შენდებოდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ძველი ფოტოს მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია აშენებული იყო ფსევდო კლასიცისტური და ბიზანტიური არქიტექტურის ნაზავი ეკლექტიკური სტილით.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ტაძრის წინამძღვარი მიხეილ მახათაძე იყო. კომუნისტებმა თოთხმეტი შვილის მამა განდევნეს ეკლესიიდან, წაართვეს საცხოვრებელი ბინა და ორ ოთახში შეასახლეს. ბოლოს მამა მიხეილი სიონში წირავდა, იგი 100 წლისა 1951 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გაუქმდა. 1925 წელს მასში განთავსდა წინდების საქსოვი საწარმო, 1927-1929 წლებში კი გადააკეთეს საზოგადოებრივ აბანოდ.

თბილისის ცენტრალურ არქივში 1928 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ საბუთში უკვე გაუქმებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის სასაფლაოს შესახებ საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ: “11-ტე მილიციის უფროსს გაცნობებთ, რომ ლენინის უბანში მდებარე ეკლესიის ადგილზე ჩვენ ვაშენებთ აბანოს, რომლისათვისაც საძირკველის ჩაყრის გამო საჭირო ხდება იქვე ეკლესიის გალავანში დამარხული მიცვალებულების გვამების გადატანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ნებართვების გაცემა ჭირისუფლებზე. დღემდე გავეცით ნებართვა ექვსი მიცვალებულის გადასვენებაზე. გევალებათ, თვალყური ადევნოთ, რათა უჩვენოთ არც ერთი მიცვალებული არ იქნეს გადასვენებული და თვით გადასვენება ხდებოდეს საღამოობით ყოველივე ხალხის შეკრების და პროცესიების მოწყობის გარეშე”.

1989 წელს მერაბ კოსტავას და გიორგი ჭანტურიას ინიციატივით დაიწყო ტაძრის რესტავრაცია.

ამჟამად ძველი ეკლესიის მხოლოდ დასავლეთი კედელია შემორჩენილი, საიდანაც ეკლესიის მთავარი შესასვლელია. ეკლესია აგურითაა ნაშენი. დასავლეთის მხრიდან შესასვლელის თავზე მოთავსებულ ქვის ბარელიეფზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ივერიის ღვთისმშობლის ხატის გუმბათიანი ტაძარი აშენებულია შუასაუკუნეების ქართული და ნაწილობრივ ბიზანტიური არქიტექტურის ფორმებისა და ელემენტების გათვალისწინებით.

ივერიის ღვთისმშობლის ახალაშენებული ტაძრის ეზოში 1991 წელს წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის მცირე სამლოცველო აიგო.

2003 წელს ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here