არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რა თქმა უნდა, და ახლაც უნდა გავიმეორო: საქართველოში არსებულ ე.წ. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ამ გაერთიანებებსა თუ ჯგუფებს მხოლოდ მათი ორგანიზატორები უწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათი მოკლე ჭკუით საამისოდ შესაბამის, თანაც “მომხიბვლელ” სიმბოლურ სახელებსაც არქმევენ: “გირჩი”, “რკო”, “ლელო”, “მდელო”, “ევროპული საქართველო”, “ძალიან ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და ა.შ.
რამდენი ასეთი პარტიაა საქართველოში, აღრიცხვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არც მიკვირს, რადგან მახსოვს ცხონებული მიხაკო წერეთლის დაკვირვება: სამი ქართველი უსათუოდ ოთხ პარტიას ქმნისო: სამს თავიანთთვის, მეოთხეს კი იმიტომ, რომ სამივე იქ შევიდესო. 1924 წელს საფრანგეთში გამოცემულ წიგნში უწერია ეს. 1918-1921 წლებში იმდენი პოლიტიკური პარტია შეიქმნა ჩვენში, რომ ამას იტყოდა მიხაკო წერეთელი, აბა, რას იზამდა?!
პოლიტიკურ პარტიას, როგორც ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრაქტიკაც გვასწავლის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ოთხი ნიშანი: საკუთარი იდეოლოგია, მიზანი, სადღეისო და პერსპექტიული ამოცანები და საზოგადოებრივ–სოციალური ბაზა. აბა, ერთი მითხრას ვინმემ, ამ ნიშანთაგან რომელი აქვს დღევანდელ თუ გუშინდელ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას? ისინი ერთი რომელიმე, ასე თუ ისე, ავტორიტეტული ლიდერის გარშემო ერთიანდებიან და მანამ არსებობენ, სანამ ის ლიდერი ფიზიკურად არსებობს ან არ გაფარჩაკდება. ასე არ მოუვიდა აგერ გუშინდელ მმართველ “პარტიას” _ “მოქალაქეთა კავშირს”? დაკარგა ხელისუფლება, დაკარგა ლიდერი და ისე გაქრა, როგორც წყალში ჩაყრილი მარილი. დღესაც ჩვენ თვალწინ არ გაიხსნა პოლიტიკურ ნიაღვარში რამდენიმე “რიხიანი” ე.წ. პარტია, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს? ასეთი გაერთიანებები, პოლიტიკური პარტიების კი არა, ბანდის პრინციპით არიან გაერთიანებულები და როგორც კი ბანდის მეთაური ფიზიკურად ან მორალურად ამოყირავდება, ბანდაც იშლება.
ვერავინ დაასახელებს ისეთ იდეოლოგიას, რომელსაც რომელიმე “პოლიტპარტიის” საქმიანობა, მიზნები და ამოცანები ეფუძნება. ის თუ იდეოლოგია ჰგონია ვინმეს, რომ დაგვიჩემებია, ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპულ ოჯახში უნდა ვიცხოვროთ და “მამაო ჩვენოსავით” იმეორებენ “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”-ო, ეს, იდეოლოგია კი არა, წმინდა წყლის სისულელეა. ქართველი ვარო, რომ იტყვი, ამას ისე სჭირდება “მაშასადამე”, როგორც ინდაურს _ კურტანი.
სხვა რა “იდეოლოგია” შეიძლება დაასახელოს ვინმემ? დღენიადაგ იმის ჩიჩინი, რომ “ის” ქვეყანა ოკუპანტი და მტერია, “ეს” კი _ ისტორიული და სტრატეგიული მეგობარი, იდეოლოგია რომ არ არის, მგონი, რომან გოცირიძემ და ვიღაც სამნიძემაც კი იციან, რომ აღარაფერი ვთქვა თაკო ჩარკვიანსა და მამუკა მდინარაძეზე. იქნებ რაიმე ორიგინალური, ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნები აქვთ? აპა! ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრებაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებითო, შეშინებული თუ თვალნაცემი ბავშვივით რომ იმეორებენ გაუთავებლად, ეს არის მიზანი? ასეც რომ იყოს, თუ ყველას ერთი სტრატეგიული სასიცოცხლო ეროვნული მიზანი აქვს, რას იქაჩებიან აქეთ-იქით კრილოვის გედის, ქარიყლაპიასა და კიბორჩხალასავით? თქვე დედ–მამაგანათლებულებო (პოლიტპარტიებს მივმართავ), რომელიმე ორგანიზაციაში, თუნდაც საერთაშორისოში, შესვლა შეიძლება ქვეყნის მართვაზე პრეტენზიის მქონე პარტიების სტრატეგიული მიზანი იყოს? იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელშიც შედიან და გამოდიან, როდემდე იარსებებს, არც არავინ იცის და არც არავის აინტერესებს, და ვინც იქ შესვლა ეროვნულ მიზნად უნდა გადააქციოს, იმ “პოლიტიკურ პარტიას” ან მის მხარდამჭერებს ჭკუა თუ მოეკითხებათ, ნეტავი?
ასე თუ ისე, დღევანდელ საქართველოში პოლიტიკური რეალობა არის ის, რომ ორი პარტია იბრალებს პოლიტიკურ ჰეგემონობას და საზოგადოებრივ არენაზე მათი შოუებისა და მოჩვენებითი ორთაბრძოლების გამო ტყუვდება ხალხის დიდი ნაწილი. “დათა თუთაშხიაში” ჟანდარმი შვანგირაძე მუშნი ზარანდიას კითხვაზე _ თუ ლაპარაკობს ხალხი თოდუების ამოწყვეტაზეო, ასე უპასუხებს: “კი, ლაპარაკობენ, მუშნი ბატონო, ლაპარაკობენ და სჯერათ”. აი, ასე სჯერათ ნაცებსა და ქოცებს ის, რაც მათ დააბრალეს, რომ თურმე ისინი პოლიტიკური პარტიები არიან. რატომ არ დაიჯერებენ?! ერთი ხელისუფლებაშია, მეორე კი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ანუ ოპოზიციაა. დანარჩენი ორკაციანი პარტიებიდან ზოგი ნაცებმა შეათრიეს პარლამენტში, ზოგი _ ქოცებმა, ამიტომ სათვალავში ჩასათვლელები არ არიან. ხალხის მეხსიერებას რა ვუთხარი, თორემ ან ერთს რატომ უნდა ჰყავდეს მომხრეები, ან მეორეს?!
როდესაც ხელისუფლებას ფლობდნენ ნაცები, მათ სიტყვასა და მოქმედებებს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ რაღაც ლოგიკა ჰქონდა. როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საჯაროდ განაცხადა, _ ქართველებს მენტალიტეტი უნდა შევუცვალოო. ქვეყანამ დუმილით რომ უპასუხა, ამან საშინლად აღმაშფოთა _ ნუთუ ქართველობა ისე დაჩმორდა, რომ ამ მუქარას (დაპირებას კი არა, მუქარას!) ასე მშვიდად ხვდება–მეთქი. კიდევ კარგი, მალე მივხვდი, რომ უმრავლესობამ არ იცოდა, რა იყო მენტალიტეტი, სახლის სახურავი ან გზაზე დაგებული ასფალტი ეგონა, ალბათ. ამიტომ იყო, რომ ისე დაიწყეს ნაცებმა ტრადიციებისა და ეროვნული ცნობიერების ნგრევა, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ვინც წინ აღუდგა, ცნობილი პატრიოტი მეცნიერის _ გურამ შარაძესავით, ხალხის დასანახად ქუჩაში მოკლეს.
რატომ იქცეოდნენ ნაცები ასე? რაიმე ლოგიკა თუ ედო საფუძვლად მათ ამგვარ ქმედებას? დიახ, საზოგადოებისათვის მიუღებელი, ერთობ მავნე და ბოროტი ლოგიკა განსაზღვრავდა მათ მოქმედებას… ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოგვიცხადა ნაცების ბელადმა სააკაშვილმა: ჩემი (თუ ჩვენი) მიზანია, მენტალიტეტი შევუცვალო ქართველებსო. ამ დაპირებამ, უფრო კი მუქარამ არანაირი პროტესტი არ გამოიწვია ხალხში. თითო-ოროლა ადამიანის აღშფოთება კი დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. სააკაშვილისა და მისი “რევოლუციონერების” გუნდს მიაჩნდა, რომ ქართველებს ქურდული მენტალიტეტი ჰქონდათ და სახელმწიფოს (თანაც, ევროპულს) ისე ვერ ააშენებდნენ, თუ ამ მენტალიტეტს არ შეუცვლიდნენ ერს. ასე ბევრი ფიქრობდა მაშინ, რადგან იმ პერიოდში საქართველოს ქურდული ავტორიტეტის მქონენი მართავდნენ. რატომ, იცით? ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნდობა აღარ ჰქონდათ. ვერ გაიგებდი, პროკურორი, მოსამართლე, რაიკომის მდივანი თუ სხვანი როდის იქცეოდნენ სახელმწიფოებრივად და როდის საკუთარი ანგარებითი მიზნების შესაბამისად, ამიტომ იქცნენ იმ პერიოდში ქურდული ავტორიტეტები სხვებზე სამართლიან და საიმედო ადამიანებად, ამიტომ მიმართავდნენ ადამიანები დახმარებისათვის მათ და არა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ნაცები თავიანთ ბოროტ ლოგიკას სიკეთის მანტიაში ხვევდნენ და ისე აჩეჩებდნენ ხალხს იმ სამსალასთან ერთად, რომლითაც მათი ანტიეროვნული რიტორიკა იყო გაჟღენთილი. ქურდულ სამყაროსა და მაფიებს ფაშისტებიც ებრძოდნენ და გაანადგურეს კიდეც იქ, სადაც გაბატონდნენ. იტალიელმა და გერმანელმა ფაშისტებმა მაფიოზური კლანები სრულიად ამოძირკვეს, მაგრამ თვითონ გახდნენ უკონტროლო მაფიოზები, კიდევ უფრო სასტიკნი და დაუნდობელნი. ასეთია ბოროტი ლოგიკის შედეგები ყველგან და ყოველთვის… იყო ასეთი ბოროტი ლოგიკა ნაცების ერთ-ერთ შტურმანფიურერის იმ მუქარაში, რომლითაც მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს მოგვმართა ტელეეკრანიდან: “სულს ამოგხდით, თქვე ნაძირალებო”-ო. ამ “ჩე გევარამ” იფიქრა, ალბათ, ხალხს უნდა ეშინოდეს ჩვენი, წესიერად რომ მოიქცესო. ისე, რა ჩე გევარაც ბრძანდებოდა, მინსკის აეროპორტში გამოჩნდა, როდესაც “ვარდების რევოლუციის” ექსპორტიორი უაპელაციოდ გამოაბუნძულეს იქიდან.
“რკინის” ლოგიკა ჰქონდაო ნაცებს, რაც მათი ბელადის “უკვდავ” ლოზუნგურ მოწოდებებში გამოიხატა: “ესროლეთ, ხელი არ აგიკანკალდეთ!” ეს მოწოდება ესმოდათ მის მიმდევრებს და სჯეროდათ და ასრულებდნენ კიდეც. ასე აუბედურებდნენ რობაქიძეების, ვაზაგაშვილების, გირგვლიანების, გამცემლიძეების, შავაძეებისა და ბევრ სხვა უდანაშაულო ოჯახებს.
ბოროტი ლოგიკის მაგალითი იყო ნაცების ბელადის დაპირება: საქართველო ინგლისურენოვან ქვეყნად უნდა ვაქციოო. ინგლისური და ნებისმიერი სხვა ენის სწავლა დიდი სიკეთეა. რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, _ ნათქვამია, მაგრამ ქართულენოვანი ქვეყანის სხვაენოვან ქვეყნად გადაქცევა მხოლოდ სატანის ნაშიერს მოუვიდოდა აზრად. არადა, ლოგიკა ჰქონდა ამ ბოროტების შემოქმედს: ქართველებს უკიდეგანო სამოქმედო ასპარეზი მიეცემათო. მტერს მიეცეს ასეთი საზღაურის გაღების შედეგად მოპოვებული ასპარეზი! “ლოგიკა” შეიძლება ბოროტი იყოსო? _ იკითხავს მავანი. კი, შეიძლება. ბოროტი ლოგიკით მოქმედების შედეგი მუდამ უარყოფითია, მცდარია და უნაყოფო. ბოროტი ლოგიკის მაგალითია სოფისტური ფილოსოფია, რომელმაც ასობით მეცნიერი ატარა უგზო-უკვლოდ მათემატიკისა თუ ფიზიკის ლაბირინთებში. ნაცების ფიურერმა, ანუ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოში ბურების ჩამოსახლება განიზრახა: საქართველოში სოფლის მეურნეობას განავითარებენო. მისი “ლოგიკა” ასეთი იყო: “ქართველები სოფლიდან გარბიან, მშობლიურ მიწა–წყალს ტოვებენ და ქვეყნის მარჩენალ მიწას უპატრონოდ ხომ არ დავაგდებთ და ამიტომ მუყაითი ბურები (ჰოლანდიელები) უნდა ჩამოვასახლოო. როგორი ლოგიკაა? წუნს ვერ დასდებ! აი, საქართველოსათვის სიკეთის მომტანია თუ ბოროტებისა _ ეს საკითხავიც არ არის! იმ ნაცფიურერს საქართველოს მიწა-წყალზე შესტკიოდა გული თუ ცოლოურის ნათესავების მომრავლება უნდოდა ჩვენში, არ ვიცი, მაგრამ მისი ეს გეგმა ისეთივე ლოგიკური მტრობა იყო ქვეყნისა, როგორც ბითუმად ათასობით ვითომ ქართული წარმომავლობის თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
ნაცების ახლანდელ მიმდევრებსაც ისეთივე ავი ლოგიკა აქვთ, როგორც მათ ბელადსა და მისი ზეობისდროინდელ მინირაიხსფიურერებს ჰქონდათ. მაგალითად, განათლების გაუნათლებელ მინისტრ ლომაიას, რომელმაც პროფესიონალი პედაგოგები გამორეკა სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან: ეგენი ძველი მენტალიტეტის ხალხია და ჩემს რეფორმებს ხელს შეუშლიანო. იყო ბოროტი ლოგიკა ლომაიას მოქმედებაში: საგანმანათლებლო საქმის პროფესიონალები არ განახორციელებდნენ იმგვარ რეფორმას, რომელმაც განათლება საფუძვლიანად დაანგრია და თაობის ზნეობრივ-ინტელექტუალური გენოციდი გამოიწვია. არც თავდაცვის მინისტ ოქრუაშვილს ჰქონდა ლომაიაზე ნაკლები ლოგიკა: ნეტა, რად გვინდა ქართული სამხედრო აკადემია, ოფიცრები თუ დაგვჭირდება, ამერიკელები მოგვიმზადებენო და ერთი ხელისმოსმით გააუქმა სიმწრით ნაშენები ქართული სამხედრო აკადემია. როგორ ქართველ ოფიცრებს გვიმზადებს ამერიკა, ჩანს. ტერიტორიებწართმეული ქვეყნის ოფიცრები რიგში დგანან, იქნებ ავღანეთში, ერაყში, სომალიში ან სადმე ჯანდაბაში წაგვიყვანოს ვინმემ საომრადო. “მაღალპროფესიონალურ” ცოდნასთან ერთად საოცარ ლოგიკას ავლენენ ახლა საპატიო პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ახალგაზრდა ადვოკატები: სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამიტომ მისი წინასწარპატიმრობაში ყოფნა უკანონოაო, _ ორ ხმაში გაჰკიოდნენ ეს “ადვოკატი” ბიჭები რუსთავის ციხესთან შეკრებილი სააკაშვილის მომხრე ადამიანების ჯგუფის წინ. ბოროტ ლოგიკას ჩაბღაუჭებულმა ამ საცოდავმა ახალგაზრდა იურისტებმა არ იციან, რომ სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში კი არ არის, არამედ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის. ვავა, ჩქიმ ცოდვა, ამგვარი “პროფესიონალი” იურისტების ხელში. ნაცების ბოროტი “ლოგიკის” აბსურდულობა დემონსტრაციულად გამოვლინდა 14 ოქტომბრის აქციაზე. მიტინგზე გამომსვლელებს ვინც მოუსმინა, არ შეიძლება გული არ სტკენოდა (პატრიოტი თუ იყო, რა თქმა უნდა) იმის გამო, რომ ამდენი ფსიქიკურად აშლილი ადამიანი რომ გვყოლია, რომლებიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ. ბევრს, ალბათ, ეცინებოდა, მაგრამ არ შეიძლება გეცინებოდეს იმ კაცის სიგიჟეზე, რომელიც გუშინ ქალაქის მერად გვყავდა დასმული, მეორე კაცი კი სამხატვრო აკადემიის რექტორის სავარძელში იჯდა. არც ერთისა და არც მეორის ჭკუა–გონებაზე დიდი წარმოდგენა არავის გვქონია, მაგრამ ასეთი შიშველი გიჟები თუ იყვნენ, ვერ ვიფიქრებდით. ნაცების ლოგიკა გასაგებია: ბოროტების ლოგიკაა იგი: თქვენ იმიტომ გაწიოკებთ, გაშინებთ, სამსახურიდან მიგერეკებით, ციხეში გაწამებთ, რომ გვინდა, უკეთესი გახდეთ, ჩამორჩენილი ბნელი ქართველობა დაივიწყოთ და ევრო-ამერიკელებად გაქციოთო. აი, ამათი ლოგიკის არსი და ფასი. მარტივი და გასაგები!
ქოცების ულოგიკობას კი ახსნა არ აქვს.
პირველი გამაოგნებელი ულოგიკო განცხადება 2012 წლის არჩევნებში ნაცების დამმარცხებელმა ქოცების ლიდერმა გააკეთა: “ჩვენ ისე არ მოვექცევით ნაცებს, რასაც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება”-ო. მე ან სხვამ რა ვიცით, თქვენ რა გეკადრებათ. სამართლიანობა არის ის, რომ ყველას მოექცე ისე, როგორც იმსახურებს თითოეული მათგანი. ამ ლიდერის ნათქვამში არავითარი ლოგიკა არ არის, მაგრამ აშკარაა დაფარული მიზანი, რომელიც მალე გამჟღავნდა ქოცური პარლამენტის სპიკერის ბაგეთაგან: ჩვენი ამოცანაა ნაცების, როგორც პოლიტიკური პარტიის, გადარჩენაო. რომელი ლოგიკით მოგვაჩეჩა ქოცების ერთ–ერთმა ლიდერმა ეს ახალი ამოცანა _ დამნაშავე ორგანიზაცია პოლიტიკურად უნდა გადავარჩინოთო. ფიზიკური გადარჩენის ვერდიქტი პირველ განცხადებაში გამოიკვეთა. ახლა მკვდარი “ნაცმოძრაობის” რეანიმაციის საკითხი დადგა დღის წესრიგში და ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე მათი გამოთრევის დირექტივა მისცა ქოცებს მისმა ლიდერმა _ “კოაბიტაცია”! 1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე გამარჯვებულ სახელმწიფოებს ჰიტლერულ ფაშიზმთან კოაბიტაცია რომ გამოეცხადებინათ, აღარც ნიურნბერგის პროცესი შედგებოდა და 3-4 მსოფლიო ომიც გვექნებოდა გადატანილი ევროპასა და სხვებსაც.
აი, ამ ლოგიკით მოდიან ქოცები დღემდე და ამიტომაც ვერ დაალაგეს საქმე ვერც ეკონომიკაში, ვერც საშინაო პოლიტიკაში და, მით უფრო, საერთაშორისო ასპარეზზე. განა არ იციან ქოცების ლიდერებმა, რომ ვერც ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებისა და აშშ–ის უმაღლესი სამხედრო თუ პოლიტიკური პერსონების ვიზიტი საქართველოში, ვერც მათი შეშფოთება–აღშფოთება დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და ვერც “ოკუპანტი ქვეყნის” პურსა და ენერგორესურსებს შეგვიცვლის ვინმე, მაგრამ სხვის მიერ თავსმოხვეული “ულოგიკო ლოგიკიდან”, როგორც ჯადოსნური წრიდან, ვერ გამოდიან. ბევრი ნიჭიერი და წესიერი ადამიანია ქოცების ხელისუფლებაში, მაგრამ ეს კარგებიც იმ ულოგიკო რიტორიკისა და პრაქტიკის ტყვეობაში არიან, რომელიც ასე მყარად დაამკვიდრა კოაბიტაციის მავნებლურმა დირექტივამ. “სხვის ჭკუაზე სიარულით, ყველამ იცის, რაც დაშავდა…” აღარ გავაგრძელებ რუსლან მიქაბერიძის ამ ფუნაგორიას, ისედაც ყველამ იცის, ალბათ. ერთ-ორ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ ქოცების ულოგიკო რიტორიკიდან:
ძალიან სიმპათიურად ვარ განწყობილი თეა წულუკიანის მიმართ, მის გონიერებასაც დიდად ვაფასებ, მაგრამ… ფქფქთველო?
მე გულმოწყალეც ვარ და შემნდობიც, მაგრამ ვერ შევუნდობ მას, ვინც უღალატა ადამიანობას, სამშობლოს, წინაპართა მემკვიდრეობას და არც ნანობს ამას. ასეთები უნდა დაისაჯონ! ისინი კი, ვინც სამშობლოს მოღალატის დასაცავად მიტინგზე გამოდის და ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივის, ზოგი დავით აღმაშენებელს ადარებს და ზოგი რეგიონალურ ჯორჯ ვაშინგტონს, ზოგი ოხშივარავარდნილ ხინკალს ჰპირდება ციხიდან გამოხსნის შემდეგ, ზოგი კი კედლებზე მისი პორტრეტების მოხატვას კისრულობს, კი არ უნდა დავსაჯოთ, კლინიკაში უნდა ვუმკურნალოთ, თუმცა მათი გამოჯანმრთელების შანსი ნაკლებია. მათ, კი ვინც ამ მიტინგებს ესწრება და აზრზეც არ არის, რას და ვის უკრავს ტაშს, უნდა ვურჩიოთ: წადით, ბიძიკოებო, ბებიებო და ბაბუებო სახლში, მიხედეთ საქმეს, თორემ შეიძლება რაიმე შარს გადაეყაროთ ქუჩაში!
ღმერთი იყოს საქართველოს (და სხვისიც) შემწე და მფარველი, რადგან ხორციელი არავინ ჩანს, ვინც ჩვენს გაძღოლასა და გადარჩენას შეძლებს.
ზურაბ ცუცქირიძე
P. S. ჩემს წერილში ერთხელაც არ დამიწერია “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. რატომ, იცით? იმიტომ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი კავშირი არ აქვს ნაციონალურ, ანუ ეროვნულ–სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, “ქართული ოცნების” საქმიანობა კი არასოდეს ყოფილა ქართველების ნაოცნებარი.