ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის, მიერ ერთ–ერთ კონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ახლო მომავალში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა რეალისტური ვერ იქნება, “ოცნების” პოლიტიკურ ოცნებას 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის შეტანაზე წერტილი დაუსვა.
გზავნილი, რომელზეც მმართველმა გუნდმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია ააწყო და ქულებიც დაიწერა, შეიძლება ითქვას, გაბათილდა. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კალიურანდს თავის განცხადებაში, განსხვავებით ნატოს ლიდერებისგან, არ უხსენებია “ღია კარი” და გაწევრებისთვის აუცილებელი “ჯერ კიდევ შესასრულებელი პირობები”, რომლებითაც ფორმალურად მაინც აიხსნებოდა მათი მხრიდან ცივი უარის მიზეზი, ერთი რამ ცხადია: საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრად მიღების საკითხი თეორიულადაც არ განიხილება. ეს ცხადყოფს, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე დასახული მომდევნო წლების გეგმა, მათ შორის 2020-2024 წლების სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, შიდა მოხმარებაზე გათვლილი პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს. კალიურანდის განცხადებამ ისიც ცხადყო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცრუობდა, როცა გვარწმუნებდა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის თაობაზე ცნობა მხოლოდ “ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების შემდეგ” გაავრცელა. ის, რომ “ოცნებას” ამ საკითხზე არავისთან არ ჰქონია კოორდინაცია, უკვე დადასტურდა, თუმცა ეჭვი მაშინვე გაჩნდა, როცა ბრიუსელის მხრიდან “ოცნების” მიერ სამთავრობო პროგრამის დონეზე აყვანილ ესოდენ მნიშვნელოვან გზავნილს, პრაქტიკულად, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია… გადავხედოთ, რას ითვალისწინებს ზემოაღნიშნული სამთავრობო პროგრამა და რა პოზიტიურ მიზნებს ისახავს სამი წლის შემდეგ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის იმედად ყოფნა.
დოკუმენტის დასაწყისში ვკითხულობთ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ისნტიტუციური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის მომზადება 2024 წლისთვის; ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მთავრობის ძალისხმევა გადატანილი იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.
თანმიმდევრულად მივყვეთ ამ საკვანძო მიმართულებებს:
პირველი _ საგარეო პოლიტიკის ნაწილში, რომელიც, პროგრამის თანახმად, უპირველესი მოსამზადებელი მიმართულებაა, ხაზგასმულია, რომ მთავარი ორიენტირი დასავლურ ინსტიტუციებთან, პოლიტიკურ სისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო და ღრმა თავსებადობაა. პროგრამაში დაკონკრეტებული არ არის, რაში შეიძლება ეს გამოიხატებოდეს, მაგრამ არსებული დღის წესრიგით ყველაფერი ნათელია _ დღევანდელი საქართველოსთვის ეს ნიშნავს დასავლეთის კიდევ უფრო ხელსაყრელ, სანდო იდეოლოგიურ დასაყრდენად ყოფნას; შეიძლება ითქვას, ინსტრუმენტადაც კი, რაც, უწინარესად, ვაშინგტონის სამხრეთკავკასიური ინტერესების გამტარის ფუნქციას და ამ კონტექსტში დაპირისპირებულ ვექტორთან ერთგვარი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის კერის შექმნას გულისხმობს. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის ან რა საფასურს გადავიხდით გრძელვადიან თუ ახლო პერსპექტივაში, ანალიზის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს: საქართველოს მიერ დასავლეთისთვის გაღებული პოლიტიკური მსხვერპლი მუდამ აღემატება დასავლეთისთვის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რეალურ პოლიტიკაში გამოხატულ მნიშვნელობას. შესაბამისად, ამ ურთიერთობებში დარღვეულია პოლიტიკური აღებ–მიცემობის პრინციპი, რომელიც ერთი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს, ინტერესების მუდმივ უგულებელყოფას გულისხმობს. საქართველო გასცემს გაცილებით მეტს და იღებს ნაკლებს, უფრო სწორად _ არაფერს, თუ არ ჩავთვლით კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ხელშეუხებლობას და მათთვის მუდმივად ხელისუფლების სათავეში ყოფნის გარანტიას…
რაც შეეხება პროგრამის სხვა საკვანძო მიმართულებებს, 2024 წლისთვის დაგეგმილი ევროტრიუმფის სამთავრობო გეგმაში ერთ-ერთი ადგილი უსაფრთხოებას უკავია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უნდა განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობების გაღმავებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ პროგრამაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ–ერთ ასპექტად დასახელებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის სისტემის შექმნა, თუმცა მასში არათუ დაკონკრეტებული, ზედაპირულადაც კი არ არის საუბარი, როგორ და რა საშუალებებით შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება (მით უფრო იმ ფონზე, როცა შეიარაღებული ძალები სისტემურ დეგრადაციას განიცდის). ერთი სიტყვით, ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების გეგმას ევროკავშირის კეთილ ნებაზე აგებს. მომდევნო სამ წელს თვითონ რეფრომებს გაატარებს და რისკებს გაწევს, ხოლო სამი წლის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრად მიღება ქვეყანას თავისთავად აქცევს ევროპული უსაფრთხოების ნაწილად… გეგმა, “ორდინარულობის” თვალსაზრისით, ნამდვილად “საინტერესოა…”
ახლა კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიას შევხედოთ. პროგრამაში წერია, რომ ტერიტირული მთლიანობის აღდგენის გზა დეოკუპაციასა და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაშია, რაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, “თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფით” უნდა მოხდეს. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ისევ იმ გზით განიხილავს, რომელმაც 28 წლის განმავლობაში მხოლოდ უკუშედეგი მოიტანა. მთავრობის გეგმა თავისი რიტორიკით სრულად გამორიცხავს კრემლის ფაქტორს და ისე საუბრობს დეოკუპაციაზე, თითქოს ამ პროცესს თავისთავად გულისხმობდეს საქართველოს აწ უკვე უტოპიური ევროინტეგრაცია. სხვათა შორის, მმართველი გუნდის ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩნდა პრემიერის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში, როცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, “ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი ძლიერი საქართველო შეძლებს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების საკუთარ სივრცეში დაბრუნებას”. რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სწორედ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის დეკლარირებული პოლიტიკა კეტავს; პოლიტიკა, რომელიც, შედეგიანობის თვალსაზრისით, უკვე 20 წელია, არაფრის მომცემია, გარდა იმისა, რომ ამით საქართველო მისთვისვე საზიანო ანტირუსული ორიენტაციის დემონსტრაციას ეწევა.
საინტერესოა პროგრამის ის ნაწილიც, რომელშიც ადამიანის უფლებებსა და ეკონომიკურ აღმავლობაზეა საუბარი. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ “გაგრძელდება ქმედითი ღონისძიებების გატარება თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის, ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად…” მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ალბათ, დასაკონკრეტებელია, რას შეიძლება ეს გულისხმობდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ მომდევნო წლებში ხელისუფლება გეგმავს მთელი რიგი ლიბერალური კანონების მიღებას, მათ შორის, ალბათ, რაღაც ფორმით ერთი და იმავე სქესის პირთა თანაცხოვრების იურიდიულად აღიარებაზეც იქნება მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ის, რომ ამის გარეშე ევროკავშირი ხელისუფლების პოლიტიკური გარანტორი არ იქნება, ცხადია; ისევე, როგორც არ იქნება სხვა ლიბერალური დირექტივების უპირობოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ახლა _ პროგრამის ეკონომიკური ნაწილი: სამთავრობო გეგმის ქვაკუთხედს ამ მიმართულებითაც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა წარმოადგენს, გათვლა კეთდება იმაზე, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს და მაღალ ნიშნულზე ავიდეს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ ეს ქვეყანას გამოიყვანს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეებიდან, თუმცა იმავე პროგრამაში ასევე საუბარია უკვე “მიღწეულ შედეგებზე”, რომელმაც თურმე, ბევრ სიკეთესთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირა უმუშევრობაც… საზოგადოებას არ სჭირდება იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი აბსურდია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, გადავხედოთ სტატისტიკას: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, ბოლო სამი წელია, მატულობს, იზრდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობაც და, შესაბამისად, სოციალური ფონი უარესდება. მაგალითად, თუ 2019 წელს 276,9 ათასი უმუშევარი იყო, 2020-ში ეს მაჩვენებელი 281,9 ათასია; 2021-ში კი 317,5 ათასამდე ავიდა. ეს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9%-ია, რომელიც მზარდია (პარალელურად მცირდებოდა დასაქმებულების რაოდენობა).
რაც შეეხება, თავის მხრივ, ევროკავშირის პოზიციას და მის მიერ კალიურანდის პირით ნათქვამ მწარე სიმართლეს, საქართველოში ამ თემაზე უკვე არაერთი შეფასება გაკეთდა, თუმცა იმ გარემოებებს, რომელთა გამოც ევროპა უარს გვეუბნება, ნათელს ფაქტები ჰფენს… ფაქტია, რომ ევროკავშირი უკვე დაშლის პირას მყოფი, ჰაერში გამოკიდებული ორგანიზაციაა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა; და ძალიან მარტივად და პრიმიტიულად რომ ვთქვათ, დატოვა იმის გამო, რომ მისთვის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ კრიზისში გახვეული ძირგამომპალი ერთობა მომგებიანი აღარ იყო. როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთი არ არის უკანასკნელი, რომელიც ერთიან ევროპულ ოჯახს კიდევ ერთ აგურს გამოაცლის. ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინათ შვეიცარიამ, რომელიც ევროკავშირის მეოთხე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკება შეწყვიტოს: “რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, ახლა ქაოსს იწვევს. ერთიანი ბაზრის ურთიერთობა ძალიან გაუწონასწორებელია იმ გაგებით, რომ შვეიცარია დღემდე ერთიანი ბაზრის ყველაზე დიდი ბენეფიციარია”, _ აღნიშნულია ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში… ცალკე თემაა ის, რომ რამდენიმე დღის წინათ ესპანეთმა კარი ჩაუკეტა მიგრანტებს და იმ მოტივით, რომ მის ეკონომიკას არ შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შენახვა, თავის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სუეტაში შეჭრილი მაროკოს 6000 არალეგალი მოქალაქე უკან გააბრუნა; ცალკე თემაა ისიც, რომ საფრანგეთში ეთნიკურად ფრანგ მოსახლეობაში დღითიდღე იზრდება უკმაყოფილება, რაც, პირველ რიგში, განპირობებულია იმ მიზეზით, რომლის გამოც ბრიტანეთმა თავს უშველა…
მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება მარტივი შეკითხვები, რომლებიც, ალბათ, ევროკავშირის მიერ კალიურანდის პირით ნათქვამ უარსაც ახსნის: საქართველოს ადგილი შეიძლება იყოს იმ ევროპულ ოჯახში, რომლიდანაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და შვეიცარია გარბიან?! საქართველო რას მიიღებს აქედან ან ვინ და რატომ აიღებს პასუხისმგებლობას მის კეთილდღეობაზე, როცა ევროგაერთიანების წამყვან სახელმწიფოებს ამის არანაირი სურვილი არ აქვთ?! როგორც ჩანს, მმართველ გუნდში “მეოცნებე” თავებს ამ შეკითხვებით გონება არ დაუღლიათ, როცა მთავრობის გეგმას წერდნენ და წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივის ვარდისფერი სათვალით დანახვებას ცდილობდნენ…
ჯაბა ჟვანია