30 აგვისტოს გამოშვებაში Nice Matin იუწყებოდა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნიცაში ნარკოტიკული მოწამვლის ნიშნებით ადგილობრივ საავადმყოფოში ხუთი ბავშვი დააწვინეს.
ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, იგი რეანიმაციაში მოათავსეს. პატარები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ბავშვებმა ქუჩაში მარიხუანის შემცველი სიგარეტების ნამწვავები იპოვეს, აკრიფეს და გადაყლაპეს. სხვა ვერსიით, მოწამვლის მიზეზი იყო ჰაშიშის ბურთულები, რომლებიც ბავშვებმა საზოგადოებრივ პარკებში სეირნობისას აკრიფეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში მარიხუანით შემთხვევით მოწამლული და ამ დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული ბავშვების რაოდენობა საფრანგეთში 133 პროცენტით გაიზარდა. ამგვარი დინამიკის მიზეზად სპეციალისტები მარიხუანაში ფსიქოაქტიური ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მატებას მიიჩნევენ. ევროპის ქვეყნებს შორის კანაბისის მოხმარების დონით ლიდერობს საფრანგეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება ქვეყანაში აკრძალულია.