Home რუბრიკები პოლიტიკა ნარკოტიკები და პოლიტიკა

ნარკოტიკები და პოლიტიკა

ნარკოტიკები და პოლიტიკა

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, უშიშროების გენერალმაიორმა ჯემალ ჯანაშიამსაქართველო და მსოფლიოსრედაქციას გამოუგზავნა საინტერესო სტატია, რომელშიც ფართო კუთხით გაანალიზებულია ნარკოტიკების ზეგავლენის პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებზე. მკითხველებს დღეს წერილის პირველ ნაწილს ვთავაზობთ.

ჯემალ ჯანაშია
ჯემალ ჯანაშია

ომების ენერგია

ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედ ნივთიერებასა და გარე სინამდვილის კონფლიქტებს შორის არსებული კავშირი ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ მითოლოგიაშია ასახული. “ილიადაში” აქაველ მებრძოლებს ტროას მისადგომებთან ძილის დროს ორფეოსი მოინახულებდა, ყაყაჩოს ღერით მოეფერებოდა და ცდილობდა, მათ სიზმარ-ოცნებებში შეეღწია. მებრძოლებსა და გონებაზე ზემოქმედ ნივთიერებებს შორის კავშირს მომდევნო ისტორიაც ადასტურებს. ამ კავშირის უმნიშვნელოვანესი შედეგია ის ეფექტი, რომელიც მებრძოლებს სტიმულს აძლევდა, შემართებით ყოფილიყვნენ, უკარგავდა შიშის განცდას, ხოლო ბრძოლის შემდგომ უხსნიდა დაძაბულობას და ამშვიდებდა.

ნარკოტიკი ამ ფუნქციას თანამედროვეობის ეთნიკურ კონფლიქტებში დღესაც ასრულებს. იგივე ითქმის ყველა სამოქალაქო ომზე (ავღანეთი, ლიბანი, ლიბერია, ნიკარაგუა, კოლუმბია, ბალკანეთი, კავკასია და სხვ.). თუ საკითხს ისტორიულ ჭრილშიც განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ნარკოტიკები საუკუნეების განმავლობაში უკავშირდება შეიარაღებულ დაპირისპირებებს, ხშირად ომების ენერგიის მთავარ ფსონად და მოგებად წარმოგვიდგება და დღესაც მსოფლიოს მრავალ რეგიონში კონფლიქტების დაფინანსების ეფექტიან წყაროდ რჩება, ამასთან, რიგი არმიების ფინანსური ინსტრუმენტიცაა. მოთხოვნამიწოდების საჭიროების მიხედვით, ნარკოტიკები იცვლება შეიარაღებაზე, შეიარაღება _ ნარკოტიკებზე.

ასეთ ქვეყნებში მეფობს უკანონობა, ხშირად თავს იჩენს ეთნიკური უთანხმოება, ადვილად იქმნება კრიმინალური გაერთიანებები, დამნაშავეთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც, ნარკოტიკების უკნონო ბრუნვის გარდა, სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩაბმული. საფრთხეს უქმნიან უშიშროების სისტემის საერთო არქიტექტურას: სახელმწიფოში მოშლილია მართვისა და კონტროლის ცენტრალიზაცია, რაც მოსახლეობაში უნდობლობის და გულგრილობის ატმოსფეროს ქმნის, აზიანებენ დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუციებს. მათ ხელი მიუწვდებათ იარაღზეც და, რაც მთავარია, არც თუ იშვიათად, ასეთი ქვეყნების მმართველი ელიტები თავადვე ქმნიან დაცულ არხებსა და ნარკოტიკების წარმოების, დამზადებისა და გავრცელების გარემოს. მზარდი ნარკოკრატია, როგორც ცივილიზაციის მესაფლავე და, აგრეთვე, ზემოთ აღწერილი საფრთხეები, რომლებიც ასეთი პოლიტიკის შედეგად ექმნება ამა თუ იმ ქვეყანას, მოითხოვს იმ საშიშროების გაანალიზებას, თუ რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის.

ომებში, კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს ნარკოტიკები. მათი მუდმივი სამოქმედო არეალია ინდოჩინეთი, ხმელთაშუა და შავი ზღვის სივრცეები, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. ისინი ასეთი სახით ყველა რუკასა და ყველა ისტორიული აღწერისა თუ უძველეს დოკუმენტებში არის მოხსენიებული.

თეთრი სიკვდილი
თეთრი სიკვდილი

მეცნიერებისთვის, რომლებიც ნარკოტიკების გავრცელების მსოფლიო ისტორიას სწავლობენ, უდავოდ საინტერესოა მისი ინტერნაციონალური კომერციის ხანა, როდესაც ტოქსიკომანიის შემოჭრასთან ერთად ზეიმით იხსნება ფულის სალაროები და ნარკოტიკები იმპერიული ომების ცენტრში ექცევა.

საინტერესოა, რომ ოტომანთა იმპერიაში უცხოეთთან ოპიუმის კომერცია ხელისუფლების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. XIX საუკუნის მიწურულს ოტომანთა ბანკს, ფრანკო-ბრიტანული კონსორციუმის ფილიალს, კონიისა და აფიონის (სიტყვა-სიტყვით “ოპიუმის ქალაქის”) მწარმოებელი რეგიონების შუაგულში ჰქონდათ თავიანთი განყოფილებები და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დასავლეთის ფარმაცევტულ კომპანიებთან.

თურქეთში ოპიუმის ყაყაჩოს ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის ქემალ ათათურქის მიერ შექმნილი სახელმწიფო მონოპოლიის საშუალებით იყიდებოდა, მეორე ნაწილისთვის პარალელური ქსელები გამოიყენებოდა, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილი იყო ფრანგული ქსელები (მიმართულება) – French Connection.

ინტერნაციონალური განვითარების ამერიკული სააგენტოს (AID) კონფიდენციალურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იმხანად არალეგალური ბაზრისკენ მიმართული ოპიუმის წარმოება სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა. ასე გაგრძელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1961 წლის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციის მიღებამდე, რომლის შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ზემოქმედებით თურქეთმა ოპიუმის ყაყაჩოს _ ხაშხაშის კულტივაცია 21-დან 14 პროვინციამდე დაიყვანა და, შესაბამისად, შეამცირა ოპიუმის წარმოებაც.

აკრძალვა, რომელიც შორსაა დასახული მიზნის მიღწევისგან, თანხვდება ნარკოტიკების მოხმარების აფეთქებას. ისტორიის ეს მომენტი კოლონიურ მსოფლიოსა და თანამედროვე ქვეყნებს, მაგიურ მედიცინასა და ქიმიურ რაციონალიზმს, წარსულ რელიგიურ რწმენასა და თანამედროვეობის მორალურ ამბოხებას შორის ნათლად გვაძლევს ნარკოტიკების გასაღება-მოხმარების მსოფლიო ისტორიულ სურათს, რომელშიც იოლად ამოვიცნობთ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ თანამედროვე ფენომენს.

აქვე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა _ რატომ ექცევა ნარკოტიკი ყველა ომისა და კონფლიქტის შუაგულში? პასუხი მრავალმხრივ გაანალიზებას მოითხოვს.

უპირველესი: უკანონო ნარკოტიკს უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და წარმოადგენს განსაკუთრებული თვისებების მქონე აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობის საგანს. ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია მოგება-მოხვეჭა, ანუ უკანონო სარგებლის მიღება. თითოეული ეტაპი, თავის მხრივ, საშუამავლო ოპერაციების მთელ სერიას წარმოადგენს. იწყება სავარგულიდან პროდუქციის მიღებით, გაივლის გადამუშავების რამდენიმე ფაზას და ბოლოს გასაყიდად გააქვთ. მოგება ყოველ ეტაპზე კოლოსალურად იზრდება: კოკაინის ღირებულება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე საშუალოდ 2000-ჯერ ძვირდება, ჰეროინი _ 700-ჯერ. სოციოლოგ ალენ ჯოქსის აზრით, “თითოეული ეს ეტაპი ხელისუფლების სამხედრო ძალის თავმოყრის ადგილს წარმოადგენს, რადგანაც დიდი მოგების შედეგად ადვილად შეიძლება ჯარისკაცების გამოკვებაც და შეიარაღებაც”.

ასეთ კომერციას რამდენიმე ფორმა აქვს: თავდაპირველად იარაღის გაცვლა ნარკოტიკში. მაგალითად, იტალიური კამორა 1990 წელს ყოფილ იუგოსლავიაში იარაღს ჰეროინითა და კოკაინით ყიდულობდა. შემდგომ ამ იარაღს ნარკოტიკებზე უცვლიდა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელს. იყო შემთხვევები, როდესაც გამსაღებელი კლიენტს სთავაზობდა ერთდროულად იარაღსა და ნარკოტიკს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეს უკანასკნელი მას მიწოდებული ნარკოტიკების საცალო და ფასნამატით გასაღების შემდეგ ერთად გადაუხდიდა იარაღისა და ნარკოტიკების ღირებულებას და შესაძლოა, მოგებაც დარჩენოდა. ეს კარგი საშუალება იყო ქსელის გაორმაგების თავიდან ასაცილებლად (ალტერანტიული გზის ძიება) და გამსაღებლის ერთგულების მოსაპოვებლად. ბალკანეთის გზაზე სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა, როდესაც დაკავებულ გადამზიდს ჰეროინთან ერთად ბალისტიკური რაკეტა სტინგერი გადაჰქონდა.

ნარკოტიკი XX საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი კონფლიქტის მიზეზად წარმოგვიდგა. მაგალითად, კომინპტანგის ჯარის მიერ ბირმის გათავისუფლების მცდელობა; ვიეტნამსა და ლიბანში მიმდინარე კონფლიქტი, ნიკარაგუაში მიდინარე გარე და შიდა დაპირისპირებები; ავღანეთის ომი; კავკასიაში და ბალკანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომები და კრიზისები გარე და შიდა ჩარევების ფონზე.

1980-იან წლებში ნარკოტიკის წარმოებამ კვლავ იფეთქა და დაიწყო ნარკოტიკის ვაჭრობით მიღებული ფულის გათეთრება. საიდუმლო სამსახურებს არ ან ვეღარ დარჩა მონოპოლია. ნარკოტიკი აფინანსებდა პლანეტის ნაცრისფერი ზონის მოთარეშეთა არმიებს და ხელს არ უშლიდა ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებს მათთან (მოთარეშეებთან) ურთიერთობის გაგრძელებაში. უფრო მეტიც, მას სტრატეგიული ამოცანების დასაფინანსებლადაც იყენებდნენ. მაგალითად, ჰეროინით მიღებული თანხით დაფინანსდა პაკისტანში სამხედრო მიზნებისთვის წარმოებული ბირთვული კვლევები.

ბინ ლადენი
ბინ ლადენი

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში მოქმედი მცირე შეიარაღებული შენაერთები თუ არმიები ნარკოტიკების პლანტაციებიდან მიღებულ პროდუქციაზე დაწესებული გადასახადებით ფინანსდება. ეს სამხედრო ორგანიზაციები საკმაოდ კარგად შეიარაღებული, მობილური და მაღალპროფესიულ დონეზეა დაკომპლექტებული. მაგალითად, პერუში სანდერო ლუმინოსო (ნათელი გზა) ჩაერია ამერიკის მიერ წამოწყებულ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობილ უალაგას ხეობაში კოკას სხვა კულტურებით ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას. “სანდერო ლუმინოსოს” და ნარკოტიკების ურთიერთკავშირი 1986 წლით თარიღდება. ამ დროს მან ჩამოიცილა ყველა კონკურენტი და თვითონ გახდა შუამავალი გლეხებსა და კოკაინის ნედლეულის შემსყიდველებს შორის. ამ სისტემამ შეუწყვეტლივ იმუშავა 1988 წლიდან 1993 წლამდე.

ღრმა მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს ნარკოტიკების როლი ავღანეთის ომში და იმ ეთნიკურ დაპირისპირებებში, რომლებიც ამ რეგიონს ახასიათებს. პლანეტის ამ ცხელ წერტილში ნათლად გამოჩნდა, როგორი მძლავრი სტიმულატორია ომები და ეთნიკური კონფლიქტები ნარკოტიკების წარმოება- გავრცელებისთვის და რა როლს თამაშობს მასში მსოფლიოს სახელმწიფოები

ისტორიულად, 1979 წლამდე, სანამ ძალაუფლებას ხელში კომუნისტური ძალები აიღებდნენ, ოპიუმის ყაყაჩო _ ხაშხაში _ ავღანეთის 34 პროვინციიდან 25-ში მოჰყავდათ. განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობით გამოირჩეოდა ოთხი პროვინცია (ნანგახარი, ყანდაარი, ბალხი და ბადახშანი) და აქტიურად გამოიყენებოდა სახალხო ფარმაკოთერაპიაში, რაც ყოველთვის კონტროლდებოდა. ხაშხაშის ნაწარმსაც მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ: მარცვალი ზეთსა და საპონს იძლეოდა, ღერო _ მცენარეულ საღებავს, ნამჯას საქონლის საკვებად ხმარობდნენ.

ავღანური ოპიუმის მცირე ნაწილი გაჰქონდათ თურქეთისა და ირანის ლაბორატორიებში, სადაც ჰეროინად გადაამუშავებდნენ. ქაბულში მხოლოდ 1970 წელს გამოჩნდა ირანული წარმოშობის ჰეროინი, მაგრამ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით.

ოპიუმით მოვაჭრეებსა და მწარმოებლებს წინ რომ აღდგომოდა ავღანეთის ხელისუფლება, უდიდეს ფინანსურ დახმარებას იღებდა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისგან, უპირველესად კი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სტატისტიკური მონაცემებით, 1980 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება საშუალოდ 300 მლნ დოლარს აღწევდა, მაშინ, როდესაც ოპიუმის შავ ბაზარზე გაყიდვას 21 მილიონი დოლარი შემოჰქონდა.

ხაშხაშის უხვი მოსავალი
ხაშხაშის უხვი მოსავალი

ხაშხაშის როლი ავღანეთისა და პაკისტანის სახელმწიფოთა ეკონომიკასა და პოლიტიკაში

საბჭოთა ჯარების შეჭრამ ავღანეთში სრულიად შეცვალა იქ არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა. ომის მასშტაბების მკვეთრმა ზრდამ გლეხებს, რომელთა სავარგულები ავიაციის დაბომბვის შედეგად საგრძნობლად შემცირდა, ბიძგი მისცა, ხელი მოეკიდათ უფრო ნაკლებად მომთხოვნი და რენტაბელური კულტურებისათვის, სამაგიეროდ კონტრაბანდისტებმა დაუბრკოლებლად შეძლეს თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება. მოგვიანებით მოჯაჰედებიც მიხვდნენ იმ სარგებელს, რომლის მოტანაც “ყავისფერ ოქროზე” კონტროლის დაწესებას შეეძლო.

1988 წელს ოპიუმიდან წარმოებულმა პროდუქციამ 1,5 ტონას მიაღწია, ხოლო, როდესაც საბჭოთა ჯარები ქვეყნიდან გავიდნენ (1989.) და 1992 წელს ქაბულში ახალი ისლამისტური მთავრობა დაფუძნდა, დაიწყო პროდუქციის ბუმი. მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური იყო. იმ რაიონებში, რომლებიდანაც საბჭოელები და დემოკრატიული მთავრობის მომხრეები წავიდნენ, ინფრასტრუქტურა მთლიანად დაინგრა, განსაკუთრებით კი, სარწყავი და ტრადიციული ჭების (კარეზების) სისტემა დაზარალდა. ასე რომ, ხაშხაში როგორც ნაკლებმომთხოვნი კულტურა, წინა პლანზე დადგა და გლეხებმა აქტიურად დაიწყეს მისი მოყვანა. ამას დაემატა ისიც, რომ 1989 წელს ლტოლვილები უკან დაბრუნდნენ და მათგან 3 მილიონი (ბანაკებში) კარვებში ცხოვრობდა. მიტოვებული მიწების დაპატრონების მიზნით ქვეყნის სამხრეთ რაიონებში მიგრანტების დიდი რაოდენობა ჩავიდა ირანიდანაც.

1992 წლიდან ლტოლვილთა დაბრუნებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელს უწყობდა ამ პროცესს და 130 დოლარსა და 300 კგ ხორბალს უგზავნიდა მას, ვინც ლტოლვილის ბარათს აბარებდა, მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისი იყო. 1994 წელს 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა პაკისტანიდან. ქაბულის 500 ათასმა მოქალაქემ სოფელს მიაშურა, რადგან ომისგან გაჩანაგებულ ქვეყანაში სიტუაცია იქ უფრო საიმედო იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაოდენობა _ 700 ათასი ლტოლვილი _ დაბრუნდა ნანგაჰარის რაიონში, რომელიც ოპიუმის წარმოების ძირითად ზონას წარმოადგენდა.

ერთ-ერთი მიზეზი პროდუქციის წარმოების ზრდისა ისიც იყო, რომ საველე მეთაურების გარკვეულმა ნაწილმა 1992 წლის იანვრიდან ახალი, თანამედროვე შეიარაღების შეძენა გადაწყვიტა. ქვეყნის ტრაიბალიზაციამ (ადამიანების ჯგუფური, ტომობრივი გაერთიანება) კომუნისტური ძალაუფლების დაცემის შემდგომ გააძლიერა ხაშხაშის კულტურის, როგორც ადგილობრივი ძალაუფლების ავტონომიურობის საშუალების მნიშვნელობა.

ხაშხაშის პლანტაციაში
ხაშხაშის პლანტაციაში

1994 წელს UNDP-მა (გაეროს სტრუქტურამ) ნარკოტიკების მოყვანაში ეჭვმიტანილ ყველა პროვინციაში პირველი აღწერა ჩაატარა. დადგინდა, რომ ხაშხაშის კულტურა, რომელიც 80 000 ჰექტარზე იყო გავრცელებული, იძლეოდა 3200-3300 ტონა ოპიუმს. პროდუქციის ეს რაოდენობა ქვეყანას ბირმაზე წინ აყენებდა, რომელიც 1993-1994 წლებში 2600-2800 ტონას აწარმოებდა.

მნიშვნელოვანია პაკისტანის როლი ევროპისათვის განკუთვნილი ნარკოტიკის წარმოებასა და ექსპორტში. ნარკოტიკის გამოკვეთილი ინდუსტრია 1979 წლიდან ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო გენერალ ზია ულ ჰაკის სამხედრო დიქტატურის მმართველობის პერიოდში. იგი აფინანსებდა ჩრდილო-დასავლეთის საზღვრებთან მდებარე პროვინციაში ტრაიბალურ ზონებს, რაც ბრიტანული კოლონიზაციის მემკვიდრეობის გაგრძელებად წარმოგვიდგა.

პაკისტანელი შუამავლები 1 კგ ნედლ ოპიუმში გლეხებს 220 ფრანკის შესაბამის თანხას უხდიდნენ დოლარებში. “გამომშრალი” 340 ფრანკი ღირდა. წელიწადში პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 220 მლნ დოლარს აჭარბებდა.

საველე ლაბორატორიებში ჰეროინის წარმოების მასშტაბები

ავღანეთში საომარმა მდგომარეობამ, საზღვრისპირა ბანაკებში მილიონობით ლტოლვილის არსებობამ სიტუაცია კიდევ უფრო ფეთქებადი გახადა. ჰეროინს აწარმოებდა 150-200 ლაბორატორია, რომლებსაც “მფრინავ ლაბორატორიებს” უწოდებდნენ. ნარკოსიტუაცია გამწვავდა მეზობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით პაკისტანში. მაშინ როცა 1990 წელს პაკისტანმა მხოლოდ 150-200 ტონა ოპიუმი აწარმოა, 1994 წლისათვის ავღანური ოპიუმის ნახევარი შეიტანა და 120-150 ტონა ჰეროინი დაამზადა; აქედან 50-70 ტონა ექსპორტზე გაიტანეს, დანარჩენი 70-80 ტონა კი საშინაო მომხმარებისთვის იყო განკუთვნილი. თუ 1980 წლისათვის ჰეროინის მოხმარება არც ისე დიდი მასშტაბით ხასიათდებოდა, 1990 წლისთვის მომხმარებელთა რაოდენობამ 1,5 მილიონს მიაღწია. ამჟამად 58 მილიონია.

პაკისტანის, როგორც ჰეროინის მწარმოებელი ქვეყნის, როლი არ არის პირობადებული ისტორიული თუ გეოგრაფიული ფაქტორით. მას მძლავრი იმპულსი ავღანეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა მისცა. დალუქული სამხედრო მანქანები, რომლებითაც იარაღი მოჯაჰედების მიერ გაკონტროლებულ ზონებში გადაჰქონდათ, ოპიუმით დატვირთული ბრუნდებოდა და ნარკოტიკს ტრაიბალური ზონების ლაბორატორიებში აბარებდნენ. ესმფრინავი ლაბორატორიებიადვილად რეაგირებდნენ ნარკოტიკებთან მებრძოლი სპეცსამსახურების წერტილოვან დარტყმებზე და თვითაღდგენის მრავალფეროვანი საშუალებები ჰქონდათ შექმნილი. მიღებული შემოსავლით ივსებოდაშავი ყუთიდა იმ საიდუმლო ოპერაციების დაფინანსებას ხმარდებოდა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვია. ანალოგიურად ფინანსდებოდა სიქჰისა და ქაშმირის აჯანყებულების შეიარაღებაც. დასავლეთის სამსახურების ცნობით, პაკისტანის არმიის აღჭურვილობის 30 პროცენტი ჰეროინით ფინანსდებოდა. შესაძლოა, ამავე ფულით ფინანსდებოდა გასაიდუმლოებული ბირთვული ცდების ზოგიერთი ასპექტით. ეკონომისტების აზრით, უკანონო ნარკობიზნესი 2-4 მილიარდამდე მოგებას იძლეოდა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ 1 გრ ჰეროინი ადგილობრივ შავ ბაზარზე 1 დოლარს არ აღემატებოდა, ქვეყნის შიგნით ყოველწლიურად 1,2 მლრდ დოლარის მოგებას შეადგენდა.

უცხოეთის სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 1990 წლიდან ყველა მთავრობა, რომელსაც ბენაზირ ბჰუტო, შემდეგ ნავაზ შარიფი და კვლავ ბენაზირ ბჰუტო მეთაურობდნენ, ნარკობიზნესს ეწეოდა და მათი ყველა საარჩევნო კამპანიაც, ამ თანხით ფინანსდებოდა. ასევე იქცეოდნენ პროვინციული ასამბლეისა და პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რამდენიმე მინისტრი, განსაკუთრებით ტრაიბალური ზონებიდან.

ნარკოტიკების ისტორიული ფესვებისა და განვითარების ტენდეციების შესწავლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით კი ავღანეთის და პაკისტანის სახელმწიფოთა სოციალურ-პოლიტიკური სისტემების განვითარების ანალიზი მიგვანიშნებს, რომ ნარკოტიკები ამ სახელმწიფოთა პოლიტიკური ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი იყო.

უკონტროლობა, როგორც ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერების ფაქტორი

დღეს შეიძლება დავასკვნათ, რომ ავღანეთში ომის შემდგომი უკონტროლობისა და ქაოსის დამკვიდრების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანამ აღმოსავლეთისა და დასავლეთ ნახევარსფეროების დაპირისპირების წერტილის ფუნქცია დაკარგა. დასავლეთის ქვეყნებს იგი აღარ აინტერესებდათ: ხანძარი ჩამქრალია. ახლის დაწყების მიზეზი გამოჩნდა მხოლოდ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დატრიალებული ტრაგედიის სახით, რომელმაც 4500 ადამიანზე მეტი შეიწირა.

10 უკონტროლო წლის განმავლობაში ავღანეთის უზარმაზარი სივრცე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციის, უპირველესად, “ალქაიდასსაბაზისო ტერიტორიად ჩამოყალიბდა, რომლის ძირითადი ბირთვი პაკისტანის სპეციალურ საწვრთნელ ბანაკებში მომზადებული თალიბები იყვნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომალქაიდაგასული საუკუნის 90-იან წლებში საუდის არაბეთის მულტიმილიონერთა ოჯახის წევრმა უსამა ბინ ლადენმა დააარსა.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო ერთიანი მაჰმადიანური სახელმწიფოს _ ხალიფათის შექმნა და მსოფლიოს მასშტაბით, მოკავშირე ისლამისტთა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ერთად მუსლიმანური სამყაროდან დასავლეთის სახელმწიფოთა განდევნა, რადგან თვლიდნენ, რომ ძირითადად მუსლიმები უნდა სარგებლობდნენ ამ სივრცეში არსებული ბუნებრივი სიმდიდრით (ნავთობით, ბუნებრივი აირით, წიაღისეულით და ა.შ.).

სწორედ ავღანეთის სივრცეების უკონტროლოდ მიტოვების პერიოდს ემთხვევა იქ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას რეზიდენციის დაარსება და მისი ძირითადი საწრთვნელი ბანაკების შექმნა, რადგან ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული უდიდესი შემოსავალი აადვილებდა ტერორისტული ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის მუდმივ სრულყოფას და აფართოებდა ტერორისტული აქტების განხორციელების შესაძლებლობას.

ბინ ლადენი რთული ფენომენი იყო. მასკონტროლიდან გამოსულ პროფესიონალადმიიჩნევენ. ჰქონდა სერიოზული სპეციალური განათლება. მისი სტრატეგიიდან და ტაქტიკური სვლებიდან ჩანდა, რომ იგი საკმაოდ ახლოს იყო სპეცსამსახურებთან. უწინარეს ყოვლისა, საშიში იყო იმიტომ, რომიდეური პიროვნებაგახლდათ. იბრძოდა არა ფულისთვის ან ხელისუფლებაში ადგილის მოპოვებისათვის, არამედ იდეისთვის, რომელიც სარწმუნეობრივი ნიადაგიდან არის ამოზრდილი და არ ეთანხმება სამყაროს მოწყობის ცივილიზირებულ ხედვას. მისი გვაროვნული შტო არ განეკუთვნებოდა მუჰამედის სანათესაოს. ბინ ლადენის იდეას იზიარებდა მისი დიდი გარემოცვა, თანამოაზრეთა დიდი წრე, რომლის წევრები მსოფლიოს არაერთ სახელწიფოში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ამიტომ ბინ ლადენის ბრძოლა ალ-ქაიდასთან არ იყო ერთი ან ორი წლის საქმე და მას ერთი რომელიმე ზესახელმწიფო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ვერ გადაწყვეტდა. ამისთვის მთელი ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკური და გონებრივი რესურსების მობილიზება შეიქნა საჭირო.

ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონში მრავალწლიანი ფართომაშტაბიანი, კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რომლებშიც თანამედროვე ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევებიც იყო გამოყენებული, ბინ ლადენის დაკავებისა და ლიკვიდაციის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა.

უნდა გავიხსენო, რომ მისი შესაძლო გადაადგილების მარშრუტი სწორად იყო ნავარაუდევი ჩემ მიერ 2002 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში “XXI საუკუნის გამოწვევა”. ვამტკიცებდი, რომ იგი შორს არ წავიდოდა თავისი საწვრთნელი ბაზების არეალიდან, ხოლო ნარკოტიკებით მოპოვებული თანხები გააიოლებდა მის კონსპირაციულადშენახვასსწორედ ამ რეგიონის ფარგლებში.

სწორედ ბინ ლადენის მის მიერ შექმნილი “ალ-ქაიდა იყო მსოფლიოს ახალი, უფრო მასშტაბური პრობლემის _ “ისლამურ სახელმწიფოს” წარმოშობის ბაზისი.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჯემალ ჯანაშია

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უშიშროების გენერამაიორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here