10 დეკემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ადამიანის უფლებების კვირეული დაიწყო. პროექტი სლოგანით “ერთად ადამიანის უფლებებისთვის _კრიზისიდან უკეთესობისკენ” გარკვეული ღონისძიებებით აღინიშნა. როგორც ორგანიზაციის (ევროკავშირის წარმომადგენლობის) ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვისა და გაძლიერებისკენ მიმართულ ხუთ ახალ პროექტს იწყებს. (მათ შესახებ უფრო დეტალურად კვირეულის ფარგლებში გახდება ცნობილი): “10 დეკემბერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა იმ სამყაროს შექმნისთვის, რომლისკენაც მივისწრაფვით, ისევე, როგორც გლობალური სოლიდარობისა და ჰუმანური პრინციპებისადმი ერთგულების მნიშვნელობა…”
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირმა 100 მილიონზე მეტი ლარის დახმარება გაუწია საქართველოს, რაც კიდევ ერთხელ ამტიცებს და აღრმავებს ორმხრივ პარტნიორობას: “ევროკავშირის დახმარებით საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვა, ყოფილი პატიმრებისა და მსჯავრდებულების რეინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობისა და პროფესიული თანასწორობის დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა…”
შეგახსენებთ: თითოეული პროექტი, რომელსაც ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აფინანსებს, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა “არასამთავრობო” ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობითა და კოორდინაციით ხორციელდება. მათ შორის არიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ქართულ ტრადიციებს, კულტურას, აკრიტიკებენ ეკლესიას და ა.შ.
გაუმჯობესდა თუ არა ბოლო წლებში ადამიანის უფლებები და კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
_ ქალბატონო ნანა, 10 დეკემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ადამიანის უფლებების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა. გავრცელდა განცხადებაც, რომ ორგანიზაცია ხუთ ახალ პროექტს იწყებს. თქვენ, როგორც დამოუკიდებელი უფლებადამცველი, რომელიც წლებია, იბრძვით ადამიანის უფლებებისთვის, რას ფიქრობთ დღემდე განხორციელებულ პროეტებზე და საერთოდ, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით?
_ რთული შეკითხვაა. ვფიქრობ, დღეს ძნელად აღსაქმელია ის, რაც ქვეყანაში ხდება ადამიანის უფლებების კუთხით. ვგულისხმობ იმას, რომ, ერთი მხრივ, არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ნამდვილად იძლევა ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებას და, მეორე მხრივ, არის რეალობა. იდეაში თითქოს ეს დემოკრატიული სტანდარტიც და საკანონმდებლო ბაზაც სრულიად საკმარისი უნდა იყოს, რომ აქ ადამიანს სრულფასოვნად შეეძლოს თავისი უფლებების რეალიზება, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ განსხვავებულ მოცემულობას…
_ დავაკონკრეტოთ. თქვენ ამბობთ, რომ კანონმდებლობა მეტ–ნაკლებად კარგი გვაქვს, მაგრამ მისი სათანადოდ განხორციელება არ ან ვერ ხდება?
_ თავისთავად ცხადია. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ყველაფერი: დავიწყოთ ადამიანის უფლებების დაცვის იმ ორმაგი სტანდარტებითა და აბსოლუტურად მიკერძოებული, არანეიტრალური მიდგომებით, რომლებიც, ფაქტობრივად, ფუნდამენტურად ანგრევს სამართლიანობის პრინციპებს. მაგალითად, ავიღოთ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესები, რას ვხედავთ: ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, განსაკუთრებით კი ოპოზიციაში, მძლავრობს კრიმინალი. წარმოიდგინეთ, კრიმინალები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, არიან პოლიტიკაში, წარმართავენ პროცესებს და ამის გამო მათ გარკვეული იმუნიტეტიც აქვთ. ეს ერთი, მეორე _ კონკრეტული შემთხვევები რომ მოვიყვანოთ, ისეთი თვალსაჩინო კრიმინალი, როგორიც გიგი უგულავაა, რომელსაც ბიუჯეტიდან 50 მილიონის მოპარვას ედავებოდნენ და დაუმტკიცდა, სულ რაღაც, ორ წელიწადზე ცოტა მეტხანს იჯდა ციხეში… გამაგებინეთ, კრიმინალისკენ ოდნავ მაინც მიდრეკილი რომელი მოქალაქე არ მოიპარავს ამხელა თანხას, თუ ეცოდინება, რომ 2 წელზე მეტი ხნით არ ჩასვამენ?! სხვათა შორის, დღეს საპყრობილეები სავსეა ადამიანებით, რომლებსაც 100 და 50 ლარი აქვთ მოპარული, რათა საჭმელი ან წამალი ეყიდათ. რა გამოდის? თუ მოიპარავ 100 ლარს, უნდა იჯდე ციხეში და, თუ მოიპარავ მილიონებს, უნდა იყო პოლიტიკაში, რათა ხელშეუხებლობის გარანტიები გქონდეს… აი, ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა, ამიტომ, ჩემი აზრით, საუბარი იმაზე, რომ, თურმე, ქვეყანაში დემოკრატია ყვავის და ადამიანის უფლებების დაცულობის თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯები იდგმება, უხერხულია.
რაც შეეხება საზოგადოებას და მასში არსებულ განწყობებს, ბუნებრივია, როცა ხალხი ხედავს, რომ მისი ნაძარცვი ფულით გამდიდრებული დამნაშავეები ისევ ხელისუფლების სათავეში ცდილობენ მოსვლას, ქუჩებს კეტავენ, დესტაბილიზაციით იმუქრებიან და ა.შ., ეს აჩენს დიდი უსამართლობის განცდას, უიმედობასა და ნიჰილიზმზე რომ არაფერი ვთქვათ; გამომდინარე აქედან, მე, როგორც უფლებადამცველს, დღეს ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავპირდე უბრალო მოქალაქეს, უსამართლობის მსხვერპლს, რომ ამ ქვეყანაში, ამ წარმოუდგენელ უსამართლობაში მის უფლებებს დავიცავ. ხომ მომიტრიალდება და მეტყვის ის ადამიანი: შენ ვინ დაგაცვევინებს ჩემს უფლებებს, ის კრიმინალები, რომლებიც მე მძარცვავდნენ და მყვლეფდნენო?!
_ დავუბრუნდეთ ისევ ევროკავშირის დაფინანსებითა და ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებს. როგორ ფიქრობთ, ამ პროექტებმა ოდნავ მაინც გააუმჯობესა ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა?
_ ვფიქრობ, ისინიც, პირველ რიგში, იმ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ და აფინანსებდნენ პროექტებს, რომ ის ორმაგი სტანდარტები, რომლებიც ანგრევს სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს, აღმოიფხვრას. ჩემი აზრი ასეთია, რომ ხელისუფლებაც უნდა იქნას მხილებული… სხვა შემთხვევაში პოლიტიკა ყოველთვის დარჩება კრიმინალების თავშესაფრად; იმ ადამიანების, რომლებიც თავის დროზე ფულის საშოვნელად, მოსაპარავად მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დარჩნენ პოლიტიკაში, რათა მათთვის პოლიტიკოსის მანტია ერთგვარი დაცვის გარანტია ყოფილიყო. სხვათა შორის აი, ამ მავნე პრაქტიკის შედეგია ის, რომ პატიოსანი ადამიანები აღარ მიდიან პოლიტიკაში, უკვე მრავალი წელია, ქვეყანაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, რომ თურმე პოლიტიკა ბინძური საქმეა. აქვე მინდა, მოკლედ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც, ჩემი აზრით, ნათლად მეტყველებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე. რა ხდება: ვინც წლების განმავლობაში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვით და ამ მიმართულებით ბრძოლით მოიპოვა გარკვეული პოპულარობა საზოგადოებაში, უცბად ვხედავთ, რომ გადაბარგდა პოლიტიკაში. გამოდის, ამ ხალხმა ეს ყველაფერი გამოიყენა ერთგვარ ტრამპლინად. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, არც ერთ წესიერ არასამთავრობო ორგანიზაციაში ასეთი რამ არ ხდება. ასეთი რაღაცები ხდება მედროვეებისა და ფსევდოუფლებადამცველების გარემოცვაში, რომელთათვისაც არ არსებობს არანაირი ღირებულება, არანაირი ფასეულობა და პრინციპი. აი, ეს არის ის, რაც აქრობს და ანადგურებს სახელმწიფოში სამართლიანობის განცდას; და, როდესაც სამართლიანობის განცდა იკარგება, კრიმინალიც მატულობს და პოლიტიკა ხდება კრიმინალების თავშესაფარი.
რაც შეეხება ისევ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, ევროკავშირი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე, რომლებიც აქ მილიონებს ხარჯავენ ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად, თუ მათ მართლა ჰგონიათ, რომ ეს თანხები საქმეს ხმარდება, ძალიან ცდებიან. ეს თანხები მიდის ისევ და ისევ იმ მედროვე უფლებადამცველების ჯიბეებში, რომლებიც ხვალ–ზეგ, დიდი ალბათობით, თვითონაც გადაბარგდებიან პოლიტიკაში. ეს უკვე ერთგვარი პრაქტიკაა აქ და ამას ყველა ვხედავთ, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ფული წყალშია გადაყრილი და არა საქმეში დახარჯული.
_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელზეც საუბრობთ, თუნდაც ნაწილობრივ აღმოიფხვრას და გაჯანსაღდეს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, რომელიც, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების კუთხითაც გააუმჯობესებს ვითარებას?
_ აქ, ალბათ, გადამწყვეტი როლი ეკისრებათ ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ზემოქმედების ბერკეტები გააჩნიათ არსებულ ვითარებაზე. სხვა დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ვნახოთ, თუ კიდევ დააფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად, “სამართლიანი არჩევნები”, რომლის საქციელსაც გნებავთ, შეცდომა დაარქვით, გნებავთ _ მიზანმიმართული ქმედება, სამარცხვინოა, მერე უკვე გამორიცხული იქნება იმის თქმა, რომ აქ უცხოელი გადამხდელების ფული მიზნობრივად იხარჯება. საზოგადოებამ კი უნდა მოიძიოს კონკრეტული ფონდები, რომლებიც მათ აფინანსებს და ყველაფერს დაარქვას თავის სახელი. სხვათა შორის, ეს რომ არ ხდება და, პრაქტიკულად, ყველა ორგანიზაცია, ყველა პოლიტიკური ჯგუფი თუ გაერთიანება მიშვებულია თავის ნებაზე, ამის შედეგია ის, რომ გვარამია თავის ტელევიზიით გადასულია ადამიანების ღია ბულინგზე. მათ შორის პირდაპირ შეურაცხყოფს პრეზიდენტს და არა მხოლოდ.
ისე, ძალიან მაინტერესებს, როცა გვარამიას ტელევიზია 24 საათის განმავლობაში დაკავებულია კონკრეტული ადამიანების შეურაცხყოფით, სად არის სახალხო დამცველი, რატომ ხმას არ იღებს? სადმე თუნდაც ორი სიტყვით გამოეხმაურა ამ თემას? და კიდევ: დაფინანსება სჭირდება ასეთ სახალხო დამცველს?! აი, ზუსტად ეს არის უბედურება, რომ ვერც ერთი ინსტიტუცია, ვერც ერთი ორგანიზაცია დღეს, ფაქტობრივად, თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს; ვერ ასრულებს ვერც ერთ კომპონენტში და სახელმწიფო, ფაქტობრივად, პარალიზებულია. კონკრეტულად ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც სრული შეუსაბამობაა, ანუ ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, ხოლო რეალურად ყველაფერი ცუდადაა. ამას, მგონი, უკვე ბავშვიც ხვდება, აი, ასეთია მახინჯი პოლიტიკური მოცემულობა, რომელსაც, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, მყარად ჩამოყალიბებული სისტემური ხასიათი აქვს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია