ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი და საზღვარგარეთ გაქცეული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შესაძლო დანიშვნას უკრაინის ვიცეპრემიერად საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ თბილისსა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გაფუჭების წინაპირობად აფასებს. ამას მოწმობს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ცოტა ხნის წინათ მედიასთან გაკეთებული განცხადება, რომელიც უკრაინიდან ელჩის მოსალოდნელ გამოწვევას ეხებოდა (კონსულტაციებისთვის). ამას, აგრეთვე, მოწმობს უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის, შეფასებაც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობის გაჩენაზე. მაგრამ ამ პოლიტიკურ გზავნილებს შორის ყველაზე თამამი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, ღია წერილი უკრაინელი კოლეგისადმი.
წერილში, რომლითაც თალაკვაძემ უზენაესი რადას სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს მიმართა, ნათქვამია, რომ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნა სერიოზულად შეარყევს ნდობას ორ ქვეყანას შორის (მოგვიანებით ეს წერილი მედიითაც გავრცელდა): “მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის, ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, აგრეთვე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების თვალსაზრისით. გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე…”
ცნობისთვის: ქართულმა მართლმსაჯულებამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო, რასაც ექსპრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის დატოვება და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება მოჰყვა. მას შემდეგ იგი, როგორც ბრალდებული, დაკითხვაზე არაერთხელ გამოიძახეს, მაგრამ უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვა და მიზეზად პოლიტიკური დევნა დაასახელა. ის ამჟამად უკრაინაშია და საქართველოს ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების დისკრედიტაციას იქიდან ცდილობს.
რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაში სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნას, რა სირთულეებს შექმნის ჩვენთვის ეს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
_ ქალბატონო ნანა, ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ–ერთი სამსჯელო თემა უკრაინის ვიცეპრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაა. საქართველოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ ეს სავარაუდო დანიშვნა საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს ყველაფერი, რა ცვლილებები შეიძლება მოყვეს ამ პროცესს?
_ პირველი, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში, არის ის, რომ სააკაშვილის დანიშვნით უკრაინა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის პოლიტიკურ სისუსტეს. ეს იქნება პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ უკრაინა არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა. მეტიც, ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაანახვებს ყველას, რომ თითქმის 50-მილიონიანი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, რომელსაც პრეტენზია აქვს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, მისი დამოუკიდებლობის გარანტად გამოცხადებული გარე ძალების ერთგვარი პოლიტიკური მძევალია. სხვა ახსნა იმას, რომ მზად არიან, ერთი არაადეკვატური ადამიანის პოლიტიკურ მომავალს გადააყოლონ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს.
რაც შეეხება კონკრეტულად შეკითხვას, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორობაზე, მარტივად შევხედოთ ამ ყველაფერს: ვთქვათ, დაუჭირა უკრაინის პარლამენტმა მხარი სააკაშვილის კანდიდატურას და დანიშნა ის ვიცეპრემიერად, როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა და პარტნიორობა იმ ქვეყანასთან, რომლის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი აქ ვერ ჩამოვა და, თუ ჩამოვა, აეროპორტშივე დააკავებენ? როგორ წარმოგიდგენიათ მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება სახელმწიფოსთან, რომლის მთავრობაშიც წარმოდგენილი იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ უმძიმესი დანაშაულებისთვის ძებნილი კრიმინალი?
_ დასაწყისში თქვით, რომ უკრაინის ვიცეპრემიერად სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მასზე გარკვეული გარეძალების ზემოქმედების დემონსტრირება იქნება. რომელ ძალებს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმ დასავლურ, აგრესიულ ნეოლიბერალურ ძალებზე, რომლებიც, მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ძირეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური გარდაქმნებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე აისახა კონკრეტულ შედეგში ტრამპის გაპრეზიდენტებით, მაინც ინარჩუნებენ სერიოზულ გავლენას საერთაშორისო დონეზე. აი, ეს ძალები მფარველობენ დღეს სააკაშვილს და მის კლანს უკრაინაში, რაც ბოლოპერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია და მე თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომ მათი დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელდასხმულია ამ ძალების მიერ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილისა და მისი მსგავსი პოლიტიკური ავანტიურისტების თავმოყრის მცდელობა უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში გათვლილია გარკვეული დაძაბულობის შექმნაზე რეგიონში. ანუ, როგორც ჩანს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონფრონტაცია კიევსა და მოსკოვს შორის გადავიდეს ახალ, აქტიურ ფაზაში. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც ვიცეპრემიერად დანიშვნის შემთხვევაში სააკაშვილის წონა და გავლენა უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში იქნება გადამწყვეტი. ცხადია, ასე არ იქნება, მაგრამ, თუ მსგავსი სუბიექტები სახელისუფლო ვერტიკალში იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც პოლიტიკური ბანაკი, მან, რა თქმა უნდა, გარკვეული ამინდი შეიძლება შექმნას…
_ დავუბრუნდეთ საქართველოს. თავის დროზე ჩვენმა მართლმსაჯულებამ არ თუ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთა საფუძველზეც უკრაინის ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლიდა მის ექსტრადიციას საქართველოში. პროკურატურამ მაშინ ამაზე ბუნდოვანი განმარტებები გააკეთა და სასამართლო პროცესები ბრალდებულის დაუსწრებლად წარიმართა. რატომ ვერ შეძლო გამოძიებამ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უფრო მკაცრად და ეფექტიანად მაშინ, როცა მისი დანაშაულების დასამტკიცებლად ფაქტებისა და მოწმეების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო?
_ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თითქმის 50-მილიონიანი უკრაინა არ არის რეალურად დამოუკიდებელი და გარკვეული გარე ძალების გავლენის გამო ვერ განსაზღვრავს თავის პოლიტიკურ მომავალს, ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაზე ათჯერ და ოცჯერ პატარა საქართველოზე ასევე დიდია იმ ძალების გავლენა. ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, საქართველო დღემდე რჩება მსოფლიო ლიბერალური ელიტის დომინიონად. ასე რომ, ბუნებრივია, აქაც, ისევე, როგორც უკრაინაში, პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთლიანად არის მართული. რაც შეეხება სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის არაეფექტიანად განხორციელებას, აქაც ყველაფერი იყო ძალიან მარტივად: პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები, იყო რიგი დოკუმენტებისა, რომლებიც, როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისე ცხადყოფდა სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის უმძიმეს დანაშაულებს, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, მმართველმა გუნდმა ვერ გარისკა ამ მტკიცებულებების სრულად გასაჯაროება, რადგან ეს დოკუმენტები იყო სკანდალური და ცხადყოფდა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი დასავლელი პოლიტიკური გარანტორების პასუხისმგებლობასაც. მხედველობაში მყავს ხალხი, რომელიც სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად იხსენიებდა და ტაშს უკრავდა, როცა “ნაცმოძრაობა” სისხლის გუბეებს აყენებდა თბილისის ქუჩებში. აი, ეს იყო ის უმთავრესი გარემოება, რომელმაც “ოცნება” თავიდანვე შეიყვანა ჩიხში და მალე ის კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
_ ხელისუფლება რომ არ დამორჩილებოდა გარე ძალების კარნახს და წარმოედგინა ყველა მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ, ყოფილ პრეზიდენტს რა სახის სასჯელი შეიძლებოდა მიეღო?
_ კიდევ გავიმეორებ: სააკაშვილის დანაშაულების სრულად გამომზეურება დოკუმენტების, მტკიცებულებების დონეზე პირდაპირ იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი ხელისუფლების მხილება სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერაში და არა მხოლოდ. ამით, პრაქტიკულად, მოხდებოდა თეთრი სახლის დისკრედიტაცია, რაზეც გარკვევით უთხრეს, რომ არ უნდა წასულიყვნენ. სასჯელს რაც შეეხება, ნებისმიერი ფორმით შეიძლებოდა, “ოცნებას” მიეღო უმძიმესი უკუშედეგი სანქციების, შეზღუდვების, იზოლაციის სახით და მათ შორის, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ იქნებოდა ევრომაიდნის მსგავსი არეულობაც. ყოველ შემთხვევაში, აგრესიული დასავლური ლიბერალური ელიტა რომ გულხელდაკრეფილი არ შეხედავდა მის მხილებას, ცხადია, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ხელისუფლება არ აღმოჩნდა დამნაშავის სამართლებრივ დევნაში ბოლომდე პრინციპული და ეს დამნაშავე დღეს ისევ ცდილობს, იტივტივოს გარკვეული პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე.
_ როგორ ფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილს გარკვეული დასავლური ძალები ვერ ელევიან და მუდმივად ცდილობენ მის წინა პლანზე წამოწევას, რამდენად დიდია საფრთხე, თუნდაც წლების შემდეგ ისევ სცადოს საქართველოში დაბრუნება?
_ თუ საქართველოში სააკაშვილი დაბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ აქ უკვე ხელახლა ჩატარდება პოლიტიკური სპექტაკლი სახელწოდებით “ვარდების რევოლუცია” და საზოგადოებას ისევ დაედგმება რქები. სხვანაირად მე მისი დაბრუნება ვერ წარმომიდგენია, თუმცა არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას დაუშვებს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სამყაროს წარმართავს ბოროტი და კეთილი ძალები და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კეთილი გაიმარჯვებს ბოროტებაზე.
რაც შეეხება უკრაინას, თუ არ ვცდები, უკრაინის პარლამენტი 30 აპრილს აპირებს სააკაშვილის კანდიდატურისთვის კენჭისყრას. თუ მას მხარი დაუჭირეს, ეს იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ღირსების ხელყოფა. ეს იქნება უკვე ღია, მკაფიო გზავნილი ლიბერალური დასავლეთის მხრიდან ორივე ქვეყნისთვის, რომ მისთვის ერთი პოლიტიკური გიჟი და ავანტიურისტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო და უკრაინა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: პოლიტიკაში გვამები ვერ ცოცხლდებიან. რაც უფრო ხშირად შეეცდებიან, გაქცეული ოდიოზური ფიგურები გააცოცხლონ და გაააქტიურონ, მით მეტად გაზრდიან საზოგადოების აგრესიას მის მიმართ, მით უფრო გაიშიშვლებენ საკუთარ თავსაც და ხალხს კიდევ უფრო ცხადად დაანახვებენ, რა ზრახვები აქვთ რეალურად.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია