2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს. მისი ყველა სხდომა ხმაურიანია, განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ექს–პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გამოკითხვამ…
საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზეზი პოლიტიკური ველიდან ნაცების გაქრობა იყო, მაგრამ, როგორც გაირკვა, თვითმმარველობის არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობაც“ მიიღებს მონაწილეობას. ეს ამბავი უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ახლახან გვამცნო…
საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ კომისიამ საზოგადოებას დაანახვა, რომ თავისი გუნდის წევრებსაც არ დაინდობს _ ღალატისთვის ყველას პასუხს მოსთხოვს. ,,ოცნებამ” ჩათვალა, რომ გახარიამ თავისი გადადგომით გუნდს უღალატა, პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა და ნაცებთან დაიწყო ურთიერთობა.
,,ოცნებამ” ხალხს აჩვენა, რომ, ,,გავრილოვის ღამეს” რაც მოხდა (თვალების დათხრა და ძალის აშკარა გადამეტება), გარედან იყო ნაკარნახევი; დაგვანახვა, როგორ იქცევიან ჩანერგილი აგენტები, რომელთა ქმედებები შეიძლება სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძვლად იქცეს.
_ გავრილოვი საქართველოში ხელისუფლებისგან მალულად არ ჩამოსულა. მას პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. იმხანად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გიორგი გახარია, რომელმაც ქვეყანა მართლაც იხსნა სახელმწიფო გადატრიალებისგან. ამის შემდეგ ის დააწინაურეს და პრემიერმინისტრის პოსტი უბოძეს. მაშ, რას ერჩიან დღეს, რატომ ჩათვალეს დამნაშავედ?
_ ,,ქართული ოცნება” მთლიანად ,,ნაციონალური მოძრაობის” ნარატივზეა აწყობილი. ისინი ქმნიან დღის წესრიგს და ესენი მოთამაშეები არიან. საპარლამენტო კომისიის სხდომებზე აშკარად იგრძნობა პროვინციალიზმი, ფაშიზმი _ ეს ქვეყანაშიც ასეა. საპარლამენტო კომისიის სხდომაზე აშკარაა, რომ სურთ, რუსი ერი წარმოაჩინონ მიუღებლად. ამ საკითხში ,,ნაცმოძრაობისა” და ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთნაირად აზროვნებენ. გახარიას გამოკითხვისას ხშირად ახსენებდნენ რუსს, რუსეთს. სურთ, საქართველოში რუსი ერი მიუღებელი იყოს, არადა, ქვეყანაში უამრავი შერეული ოჯახია, რომლებშიც ერთ-ერთი წევრი რუსი ეროვნებისაა; ფაშისტურ იდეოლოგიას ამკვიდრებენ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება განსხვავდებოდეს სხვებისგან და ამბობდეს, რომ რუსი, როგორც ერი, ცუდი არ არის.
სტალინი არ უყვართ ლიბერალებს. ის უფრო მეტად სძულთ, ვიდრე პუტინი, მაგრამ, სრულიად ქართველი ერის ლანძღვა რომ დაიწყონ სტალინის გამო, კარგი იქნება? როგორ შეიძლება ერის ლანძღვა და შეურაცხყოფა?!
რუსეთში ჩვენი ქვეყნიდან უამრავი ადამიანია წასული, ცხოვრობენ მშვიდად, წყნარად და ესენი აქ საშინელებებს ლაპარაკობენ. ერთა შორის შუღლის ჩამოგდებაზე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი იყო, ისჯებოდა ასეთი ადამიანი.
საზოგადოების დეგრადაცია მოხდა, ჩვენი ხელისუფლება კი მოერგო დეგრადირებული საზოგადოების მენტალიტეტს და არ გვთავაზობს ჯანსაღ პოზიციას, რაც მიუღებელია. საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ეს ნათლად ჩანს. ისინი ერთმანეთის დამცირებას ცდილობენ ,,რუსის” იარლიყის მიწებებით, არც დასაკითხი და არც გამომკითხველი საკუთარ თავს პატივს არ სცემს.
მე რომ დამანახვო, რომ გახარიამ დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, თვითონ უნდა იყო მოწოდების სიმაღლეზე, ღირსეული უნდა იყო…
_ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ნაცები პოლიტიკური ველიდან გაქრებოდნენ. საპარლამენტო კომისიაც ამისთვის შეიქმნა, მაგრამ ორიოდე დღის წინათ მდინარაძემ გამოგვიცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას ნაცებიც მიიღებენ, ხალხმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და თვითონ დაასამაროს ნაცებიო. სირცხვილია, კვლავ ნაცებზე რომ ვსაუბრობთ…
_ ,,ნაცმოძრაობა” იმიტომ არის გათავხედებული, რომ ხელისუფლების სისუსტეს ხედავს. აუცილებელია, საქართველოში იყოს რეალური ოპოზიცია, არადა, ,,ქართულ ოცნებას” არ ჰყავს ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია რომ არსებობდეს, აუცილებლად გაიმარჯვებდა… ამიტომ, ასე თუ გაგრძელდა, სულ ,,ნაცმოძრაობისა” და ,,ქართული ოცნების” არჩევნებზე მოგვიწევს სიარული. ოპოზიცია, ხელოვნური კი არა, გულწრფელი და ბუნებრივი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. ამის მიზეზი ჩვენი ქვეყნიდან ტვინების გადინება მგონია. ყველა მიდის აქედან, ვისაც რაიმე შესაძლებლობა აქვს, სხვაგან ეძებს საშველს, რადგან საქართველოში განათლება და გონიერება არ ფასდება. ,,ქართული ოცნების” მიდგომა ამ საკითხშიც ჰგავს ,,ნაცმოძრაობის” მიდგომას. აქ კონკურსსაც კი არ ატარებენ მოაზროვნე ადამიანის გამოსარჩევად, მხოლოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე არიან ორიენტირებულები. ქვეყანას სჭირდება ნიჭიერი ადამიანები, არ უნდა ვაიძულებდეთ მათ ქვეყნის დატოვებას…
_ ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რისთვის შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რა სურდათ ამით ეთქვათ?
_ კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ პოლიტიკური პარტიის ასაკრძალავად საჭიროა საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ კონკრეტული პარტიის დანაშაულებს. კომისიამ მუშაობის დრო გაახანგრძლივა, რადგან დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია; კომისიას მუშაობა რომ დაესრულებინა, მასალებს გადასცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც თავისი ვადები აქვს. ახლა დათვალეს და მიხვდნენ, რომ ვადებში ვერ ეტევიან არჩევნებამდე. მოკლედ, ,,ნაცმოძრაობა” აუცილებლად აიკრძალება. თუ არ აიკრძალება, ,,ოცნება” 2028 წლის არჩევნებამდე შეიძლება ვერ მივიდეს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი