ნანა კაკაბაძე: ვინ და როგორ მოითხოვდა საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას

    ადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერს, ვის სურდა საქართველოს ომში ჩართვა. ის ,,ქართული ოცნებისდამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, სიტყვების კვალდაკვალ აღწერს ვითარებას. გთავაზობთ ქალბატონ ნანა კაკაბაძის წერილს:

    ,,დაახლოებით 2 კვირის წინათ ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ პერიოდში ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი იმჟამინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობდა, ირაკლიმ ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, ჩვენ, ასეთ შემთხვევაში, რამდენ ხანს გავუძლებთ?“-ო, რაზეც მან უპასუხა: – „3-4 დღეს“-ო. ირაკლის განმეორებით შეკითხვაზე, _ „კი მაგრამ, 3-4 დღისთვის გღვუპავთ“-ო, უცხოელმა უპასუხა: _ „არა, რატომ, თქვენ 3-4 მილიონი ხართ, ასე უცბად ყველას ვერ გაგანადგურებენ, მერე ტყეში გახვალთ, იქიდან გააგრძელებთ პარტიზანულ ომს, ხოლო ჩვენ იარაღითა და ყველა საჭირო მასალებით მოგამარაგებთ“-ო“.

    ამ განცხადებაზე ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა: გაუგონარ ტყუილებს ამბობს ივანიშვილი, ყველაფერს იგონებს, ამას დასავლეთი როგორ მოითხოვდა ჩვენგან, თანაც არც ასახელებს იმ უცხოელის ვინაობასო. ჩვენი ინფორმაციით, ის უცხოელი მაღალჩინოსანი ამერიკის იმჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი იყო. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ამ ფაქტის სიცრუედ შეფასებას, ურწმუნო თომებმა მოისმინონ ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის _ Time-ის ჟურნალისტისა და ზელენსკიზე დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორის, საიმონ შუსტერის, განცხადება უკრაინულ დოკუმენტურ ფილმში „USA-UAA-U,,თეთრი სახლის საიდუმლო ფაილები“, რომელშიც ის ამბობს:

    აშშის ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიზანული ომისთვის მომზადებას სთავაზობდა. ზელენსკის აშშის ხელისუფლების გზავნილი ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გადასცა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩატარდა. „მესიჯი იყო მარტივი: „ომი მოდის და თქვენ წააგებთ“. ასეთი იყო სცენარი.  ზელენსკი უნდა მომზადებულიყო, რათა მის მთავრობას დევნილობაში ემუშავა. საჭირო იყო ჯარის ისე მომზადება, რომ უკრაინას პარტიზანული ომის წარმოება შეძლებოდა.

    ამავე ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა კონგრესის წევრებს საიდუმლო ბრიფინგებს უტარებდა, საიდანაც შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკელები ფიქრობდნენ, კიევი რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, ხოლო მთლიანად უკრაინა რამდენიმე კვირაში დაეცემოდა.

    ამ ინფორმაციის შემავსებლად შეიძლება მივიჩნიოთ ახლახან გადამდგარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის _ დმიტრო კულებას განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე დასავლელი პოლიტიკოსები ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოანდერძის ჩაწერას სთავაზობდნენ. კულებას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა რუსეთის შეჭრამდე განაცხადა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილში შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, თანაც ეს მხოლოდ ოპტიმისტური სცენარით. მისივე სიტყვებით, დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ მთავარი საკითხი იქნებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობა. ხოლო ერთ-ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, „უკრაინის დიდმა მეგობარმა“ უკრაინის პრეზიდენტს ვიდეოანდერძის ჩაწერა შესთავაზა „ყოველი შემთხვევისთვის“.

    ეს უტყუარი ფაქტები ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს დაანახვებს, რა როლს ანიჭებენ რუსეთის მეზობლებს ამ ქვეყნის განადგურებაზე თუ დასუსტებაზე ორიენტირებული დასავლეთის დიდი სახელმწიფოები. ზოგიერთი გულუბრყვილოსთვის დასავლური სამყაროს მხრიდან შეიძლება ეს მოულოდნელი იყოს, მაგრამ პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ ყველა ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად  იბრძვის და ასეთ დროს სხვა ქვეყნების ინტერესებს ნაკლებად ან საერთოდ არ ითვალისწინებს.

    ასე რომ, როდესაც იმაზე მსჯელობენ, საქართველოსგან ითხოვდნენ თუ არა მეორე ფრონტის გახსნას დასავლეთის დიდი სახელმწიფოები, მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებენ თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ ის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად ომში ჩართულ აშშ-ს, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს ხელს აძლევდათ თუ არა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. და, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ მეორე ფრონტის გახსნა გააძლიერებდა რუსეთის მტრების პოზიციებს, სრულიად აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოელი მაღალჩინოსნის საუბრის შესახებ მოთხრობილი ისტორია სრული სიმართლეა. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, პრემიერისა და უცხოელის საუბარი სულაც არ წარმართულა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით და მას ძალიან მწვავე ხასიათი ჰქონდა”.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here