Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: გვჭირდება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რომ საქართველო არავის...

ნანა კაკაბაძე: გვჭირდება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რომ საქართველო არავის კოლონია არ არის

ნანა კაკაბაძე

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ხელისუფლებამ .. გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია და რიგ საკითხებზე პოზიციების შეჯერება შეძლო, პროცესში ჩართულმა გავლენიანმა დასავლელმა ლიდერებმა შეთანხმების ტესტად რამდენიმე გარემოება დაასახელეს, მათ შორის, ოპონენტების წინააღმდეგპოლიტიკური დევნისშეწყვეტა, “სამართლიანი პოლიტიკური გარემოსშექმნა და გიგი უგულავას გათავისუფლება. მეტიც, შეთანხმების მიღწევიდან მალევე 11-მა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვრცელი წერილი მისწერა, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სანამ უგულავა პატიმრობაში რჩება, ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია შეუძლებელია.

თუმცა ამ წერილის შემდეგ მმართველმა გუნდმა კიდევ უფრო მკაცრი გზავნილი მიიღო ევროპის სახალხი პარტიის ვიცეპრეზიდენტისგან. ზიგფრიდ მურეშანი მედიასთან უკვე სანქციებზეც ალაპარაკდა და დასძინა, რომ, თუ ხელისუფლება უახლოეს მომავალში “პოლიტიკურ დევნას” არ შეწყვეტს, რაც უგულავას დაუყოვნებლივი გათავისუფლებით უნდა დადასტურდეს, თითოეული პირი, რომელიც ამ დაძაბულობას ქმნის, უმკაცრესად აგებს პასუხს. თუმცა ვიცეპრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის პოლიტიკური სასჯელი შეიძლება დაეკისროთ ურჩ ხელისუფალთ, რომლებიც “შეთანხმების ტესტს” ზედმიწევნით არ ასრულებენ და უგულავას გათავისუფლებას არ ჩქარობენ.

რატომ არის დღესდემოკრატიული დასავლეთისთვის” 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში მხილებული გიგი უგულავას გათავისუფლებაქართული დემოკრატიის ტესტიდა რა სადამსჯელო მოქმედებები შეიძლება ელოდეს ქვეყანას მისი (დამნაშავის) არგათავისუფლების შემთხვევაში? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ევროპარლამენტარებმა უკვე საჯაროდ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესრულების ტესტი დამნაშავე გიგი უგულავას გათავისუფლება იქნება. ამით, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რომ, თუ უგულავა დაუყოვნებლივ არ იქნება გათავისუფლებული, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება, რაც, თურმე, ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმაა. რას ნიშნავს ეს რიტორიკა, რა გზავნილია ეს საქართველოსთვის?

_ უწინარესად ვიტყვი, რომ ძნელად მახსენდება ისეთი კრიტიკული და შემაშფოთებელი პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორიც ახლაა. ამერიკისა და ევროპის მაღალჩინოსნები საქართველოს, სამწუხაროდ, უკვე აღარ უყურებენ, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. რიტორიკა, რომ უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და თურმე ამაზე გადის ქართული დემოკრატიის ტესტი, კოლონიისადმი შუასაუკუნეობრივი მიდგომაა.

რაც შეეხება შეკითხვას, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის მკაფიო გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მათ არავინ ეკითხებათ, როგორი სახელმწიფო სურთ. ჩემი აზრით, საქართველო, მას შემდეგ, რაც ვითომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ქაღალდზე გვაღიარეს, ამაზე შეურაცხყოფილი არასოდეს ყოფილა. ეს არის პირდაპირ განცხადება, რომ ერთი დამნაშავე უგულავა უფრო მნიშვნელოვანია .. ცივილიზებული მსოფლიოსთვის, ვიდრე სრულიად საქართველო. ჩემი აზრით, ამის გამო ყველა ღირსეული მოქალაქე და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში, მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდშიც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, ფეხზე უნდა დადგეს; დიდი და პატარა უნდა გამოვიდეს საკუთარი ღირსების დასაცავად, იმიტომ, რომ ეს უკვე ეროვნული ღირსების საქმეა. წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით ამ მონურ, შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში და, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რეალურად ეს დამოუკიდებლობა დარჩება ფარატინა ქაღალდად.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გარკვეულმა დასავლურმა ძალებმა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტონ საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა?

_ მე არ მიცხოვრია გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, მაგრამ ვიცხოვრე 70-იანებში და მინდა გითხრათ, რომ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში არ ხდებოდა ისეთი დაუფარავი ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, როგორიც დღესაა. ჩვენ უკვე ვიმყოფებით ერთგვარი პოლიტიკური ტერორისა და დიქტატურის პირობებში, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული გარე ძალები შეუნიღბავად ახორციელებენ. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი არ რეაგირებს ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსნის დაჟინებულ მოთხოვნაზე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უგულავა, ვფიქრობ, ძალიან ცუდი სიგნალია. ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ არსებობს შეთანხმება “ნაცმოძრაობის” ხელშეუხებლობის შესახებ. “ნაცმოძრაობას” ვეძახი მე იმ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლის შემადგენლობაშიც 22 პარტიაა.

ახლა რა უნდა გავაკეთოთ. უწინარესად, უნდა გამოიკვეთოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც შექმნილ ვითარებას გააანალიზებს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რა შედეგები შეიძლება უახლოეს მომავალში მოგვიტანოს.

_ კი მაგრამ, საზოგადოება ხომ ისედაც ხედავს დასავლეთის უხეშ ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში?

_ ვერ დაგეთანხმებით. ჩვენი საზოგადოება დღეს იმყოფება სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. იმიტომ, რომ მედია პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულია. რაც შეეხება ინფორმირებულობას, ვფიქრობ, ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ დაახლოებით იმ რეჟიმში, როგორშიც ვიყავით 1990-იან წლებში, როცა იწყებოდა ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობისთვის ვემზადებოდით. მართალია, მაშინ ვერ მივიღეთ რეალური დამოუკიდებლობა და დღემდე არ გვაქვს, მაგრამ დღესაც ზუსტად ისე უნდა ხდებოდეს საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. კიდევ ვიმეორებ: დღეს საქართველოს მის მიერვე მეგობრად და პარტნიორად გამოცხადებული დემოკრატიული დასავლეთი გარკვეული მაღალჩინოსნების პირით ეუბნება, რომ მას არ სჭირდება სამართალი, არ სჭირდება დამნაშავეების დასჯა და რასაც გვიკარნახებს, უსიტყვოდ უნდა შევასრულოთ, თუნდაც ეს კარნახი 48 მილიონის გამფლანგველი დამნაშავის გათავისუფლებას გულისხმობდეს. ქართველ ხალხს ასეთი სახელმწიფოსთვის არ უბრძოლია და არ დაუღვრია სისხლი თუნდაც 9 აპრილს. ჩვენ დღეს გვჭირდება ახალი ეროვნულგანმათავისუფლებელი, მოძრაობა, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რომ საქართველო არავის კოლონია არ არის.

_ დღევანდელ ვითარებაში ხედავთ ასეთი მოძრაობის ჩამოყალიბების პერსპექტივას?

_ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და ამას, ალბათ, ყველა ნათლად ხედავს: დღეს საქართველოში ხელისუფლება, მით უმეტეს, ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს, რომ ჩვენი ეროვნული ღირსება, ეროვნული პატივი და სისხლით მოპოვებული თუნდაც ფორმალური დამოუკიდებლობა დაიცვას. კიდევ ვიმეორებ: 9 აპრილს და მერეც იმისთვის არ დახოცილა ხალხი, რომ წლების შემდეგ ამ ვითომ დამოუკიდებელ საქართველოში სასამართლოს ყურის აწევით ელაპარაკონ ვიღაცები უცხოეთიდან. არც ერთ სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე, როგორი მასშტაბისაც უნდა იყოს ის მსოფლიოს რუკაზე, უფლება არ აქვს, კოლონიალიზმის რიტორიკით გველაპარაკოს. პერსპექტივას რაც შეეხება, ვფიქრობ, ამ პერსპექტივის ერთადერთი განმსაზღვრელი დღეს საზოგადოებაა. თუ საზოგადოება დაუშვებს იმას, რომ ვიყოთ დასავლეთის პოლიტიკური დიქტატურის ქვეშ, მაშინ ეს დიქტატურა კიდევ უფრო შეურაცხმყოფელ და თავზე ლაფის დამსხმელ ფორმას მიიღებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები ჩვენს საზოგადოებაში ნელნელა გამოიწვევს მუხტის აწევას. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მედიაველი, პრაქტიკულად, არ არსებობს და ადამიანები, ფაქტობრივად, ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, მოსახლეობის რაღაც ნაწილი პროცესების ობიექტურად აღქმას მაინც ახერხებს. ჩვენ თავიდანვე დავუშვით შეცდომა, როცა დასავლეთის კოლონიზატორული პოლიტიკა არ ვამხილეთ და არ დავიწყეთ საერთო სახალხო ფართომასშტაბიანი პროტესტი. ამ კოლონიზატორული პოლიტიკის გამოხატულება იყო თავის დროზე, მაგალითად, ის, რომ ხელისუფლების შეცვლისთავანე გარკვეულმა დიპლომატიურმა სამსახურებმანაცმოძრაობისხელშეუხებლობაზე დაიწყეს მინიშნებების კეთება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად გამოაცხადეს და ხელისუფლებას სამართლებრივი კომპლექსები აკიდეს

_ ისე, გარკვეულწილად, ხელისუფლების ბრალიც არ არის ის, რომ დღეს ქვეყანა, ფაქტობრივად, უცხოეთიდან იმართება და მართლმსაჯულებას დამნაშავეების გასამართლების საშუალება არ აქვს?

_ რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების უნიათობის, მისი უსუსურობისა და სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოტყუების შედეგი. სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაურიგდა დანაშაულებრივ პოლიტიკურ სუბიექტებს. თუმცა მათ ვერ გაითვალისწინეს ერთი რამ: ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა დამნაშავეებთან, მით უფრო, ხალხის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, ყოველთვის იწვევს მძიმე უკუშედეგს. აი, ეს მიიღო რეალურადქართულმა ოცნებამდა ტერორი, რომელსაც დღეს მასზე დასავლური ძალები ახორციელებენ, არის ზუსტად ამის გამოხატულება.

საზოგადოებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დასჯილი და დაზარალებული ვართ თითოეული ჩვენგანი, მაგრამ ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს. ვიმეორებ, ჩვენ დღეს დასაცავი გვაქვს ჩვენი ეროვნული ღირსება, პატივი და თავმოყვარეობა, რომელსაც გვილახავენ და ფეხქვეშ გვითელავენ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასავლელი მფარველები. თუ ამაზე ხმას არ ამოვიღებთ, ეს ადამიანები კიდევ უფრო შორს წავლენ. მერწმუნეთ, ისინი იქამდეც მივლენ, რომ ხელისუფლებაშინაცმოძრაობისმობრუნებას რეალურად მოინდომებენ, პოლიტიკურად დამონებული და გაყიდული ხელისუფლება კი ამ პროცესის მონაწილე იქნება სხვათა შორის, ამ ჩვენს “დასავლელ კეთილისმსურველებს” მინდა ვკითხო, ხელისუფლებას რომ “ოპონენტების დევნის” შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და გაიძახიან, სასამართლო პოლიტიკური ელფერისგან თავისუფალი უნდა იყოსო, რანაირად უნდა იყოს ეს ყველაფერი პოლიტიკური ელფერისგან თავისუფალი, როცა პრეზიდენტს სანქციებით ემუქრები უგულავას არშეწყალების შემთხვევაში?! პოლიტიკური ელფერი არ არის ის, რომ კაცზე, რომელსაც სახელმწიფო 48 მილიონის გაფლანგვას ედავება, გაიძახით, გამოუშვითო?! აი, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და როდესაც საზოგადოების ინფორმირებაზე ვლაპარაკობ, ამ ორმაგი სტანდარტის მხილებასაც ვგულისხმობ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დასავლელიპარტნიორებისსახით დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ტიპურ იდეოლოგიურპოლიტიკურ დამპყრობლებთან, რომელთა მსგავსიც საქართველოს ახლო წარსულში და შორეულშიც ბევრი არ ახსოვს. თუ რეალური დამოუკიდებლობისთვის არ ვიბრძოლებთ, ჩვენი პერსპექტივა ნულია, ჩვენ ყოველთვის დავრჩებით კოლონიად, რომელსაც მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე ექნება დამოუკიდებლობა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. რისთვის..??
    რომ ისევ უღალატოთ..
    გყავდათ და იმდენი იღვაწეთ სანამ გამოასალმეთ ამ ქვეყნიერებას.. გყავდეთ ახლა ვინც გყავთ..

  2. აბსოლუტურად სწორად აფასებს, ქართველი ერი არ უნდა შეეგუოს უცხოელთა ბატონობას, მონურ ყოფას, მეტიც, ამხილოს ნაცმოძრაობისა და ევროპარლამენტარების ალიანსი! ამ საქმეს ხომ ნაციონალები და მისი განაყოფ-შენაერთები აკეთებენ და ნუთუ ამას დაუშვებს ქართველი ერი, საქართველოს სახელმწიფო, თუ ის მართლა არის სახელმწიფო!

  3. ქართველებს უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ დიდ გმირებთან და ნაღდ მამულიშვილებთან ერთად, ისტორიულად ყოველთვის ბლომად გვყავდნენ და დღესაც გვყავან მოღალატეები და სამშობლოს გამყიდველები, სამწუხაროდ, გვყავდნენ ისეთი გადაგვარებულებიც, რომლებიც ქართველი ბავშვებითაც კი ვაჭრობდნენ უცხოეთში. ამიტომ, დიდი სიფრთხილისა და ვაჟკაცობის გამოჩენა გვმართებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გავამარჯვებინოთ მხოლოდ ეროვნულ ძალებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here