Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: არ მგონია, რომ ეს ანგარიში “ფრიდომ ჰაუსში” შეადგინეს, ის ნაციონალებისა...

ნანა კაკაბაძე: არ მგონია, რომ ეს ანგარიში “ფრიდომ ჰაუსში” შეადგინეს, ის ნაციონალებისა თუ “თავისუფლების ინსტიტუტის” დაწერილ “ანგარიშს” უფრო ჰგავს

“ეს ქვეყანა თავზე რომ ჩამოგვენგრევა და ჩამოგვემხობა, კარლ ჰარცელი მოგვხედავს თუ კელი დეგნანს დავუწყებთ ძებნას? ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ უმძიმეს შედეგზე, რომელსაც ეს სისტემა ძალიან მალე მოიტანს?”

224
ნანა კაკაბაძე

საერთაშორისო ორგანიზაციაფრიდომ ჰაუსისმიერ მსოფლიოში დემოკრატიის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გამოყენებულ ვრცელ ანგარიშს თუ დავუჯერებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში დემოკრატიულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. კვლევის თანახმად, 2021 წელს ქვეყანას ამ თვალსაზრისით 100%-დან მხოლოდ 36,3% აქვს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია. საქართველო 7-ქულიან სკალაზე 3,18 ქულითაა შეფასებული, თუმცა სამომავლო პროგნოზი პესიმისტურია.

რაც შეეხება მიზეზებსა და კონკრეტულ გარემოებებს, რომლებმაც თურმე “მშენებარე ქართული დემოკრატიის” მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ანგარიშის თანახმად, ამ ყველაფრის მიზეზი “პოლიტიკისა და მედიის პოლარიზაციაა”. ლიბერალური მედია, რომელიც დღეს საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს უპირისპირდება, მათ შორის ეკლესიისა და ტრადიციული ღირებულებების უსაფუძვლო კრიტიკით, თურმე საკმარისად თავისუფალი არ არის, ხოლო პარლამენტზე შტურმის მომწყობი “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო შეკრული ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია, რომელსაც, მიუხედავად ურეიტინგობისა, მმართველი გუნდი დიალოგსა და პარლამენტში შესვლას სთავაზობს (პრაქტიკულად, ეხვეწება), პოლიტიკური დევნის მსხვერპლია… კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა რწმენის თავისუფლების კუთხით, სხვადასხვა უმცირესობის დაცულობის თვალსაზრისით და ა.შ.

ცნობისთვის: “ფრიდომ ჰაუსმა” საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიმდინარე წლის მარტშიც გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე ხაზგასმული იყო, რომ ქართულმა დემოკრატიამ ბოლო წლებში რეგრესი განიცადა. ამ ანგარიშშიც, მსგავსად ბოლო ანგარიშისა, საუბარი იყო პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, რომელიც, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფების “დევნას” გულისხმობდა და საუბარი იყო “ლიბერალური” მედიისთვის “კიდევ უფრო თავისუფალი მედიაგარემოს” შექმნაზე…

რაში ვლინდება დღეს დემოკრატიის რეგრესი საქართველოში, რა არის პოლიტიკური სისტემის უმთავრესი ხარვეზი და შეესაბამება თუ არა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, “ფრიდომ ჰაუსისმიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშის თანახმად, დღეს საქართველოში დემოკრატიის რეგრესია, რომელიც, უწინარესად, თურმე მედიისა და პოლიტიკის პოლარიზაციაში გამოიხატება. მარტივად რომ ვთქვათ, ლიბერალური მედია საკმარისად თავისუფალი არ ყოფილა, ხოლო .. პროდასავლურ ოპოზიციას დევნნიან. თქვენი აზრით, რომელი გარემოებები ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები დარღვეულია?

_ ცოტა სხვანაირად დავიწყოთ პასუხი ამ შეკითხვაზე. წლების წინათ, როცა ჩვენ ვმუშაობდით სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, მათ კონკრეტულ ინფორმაციას ვაწვდიდით. მაგალითად, იქ, სადაც საუბარი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე, ვაწვდიდით კონკრეტული მსჯავრდებულებისგან, და არა მხოლოდ, მიღებულ დაზუსტებულ ცნობებს. აი, მერე უკვე, როცა ეს ორგანიზაციები აქვეყნებდნენ დასკვნებს, იქვე უთითებდნენ, რა ინფორმაციას ეყრდნობოდნენ ისინი. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მაინტერესებს, რას ეყრდნობაფრიდომ ჰაუსისდასკვნები, რომლებიც მედიის ან იმავე დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ გაკეთდა. მე ვერ ვნახე ამ ანგარიშში წყაროები და კონკრეტიკა, ამიტომ ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებულ ანგარიშთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიზებულ დოკუმენტთან, რომლის მიღმაც კონკრეტული ძალები დგანან.…

_ ვის გულისხმობთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დასკვნაც დაახლოებით იმავე რიტორიკის მქონეა, რომლითაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, .. პროდასავლური ოპოზიცია პოლიტიკური დევნის მსხვერპლად გამოაცხადონ?

_ ზუსტად ამის თქმა მინდა. არ მგონია, რომ ეს ანგარიში “ფრიდომ ჰაუსში” დაწერეს, ის “ნაციონალებისა” თუ “თავისუფლების ინსტიტუტის” დაწერილ “ანგარიშს” უფრო ჰგავს.

_ გამოდის, რომნაციონალურ მოძრაობასსაერთაშორისო მასშტაბებით იმხელა გავლენა აქვს, შეუძლია, “ფრიდომ ჰაუსისდონის ორგანიზაციას თავისი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი ანგარიში მოამზადებინოს?

_ ცხადია, მათ ჰყავთ სერიოზული ლობისტები და ეს არ არის ახალი ამბავი. იქ, სადაც ევროკავშირი ნიკა მელიას გირაოს უხდის და მერაბიშვილ-უგულავას, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის მსხვერპლად რაცხავს, ეს რატომ გიკვირთ?! სხვათა შორის, დღეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს გასაშავებლად ყველაზე აქტიურობს “ნაცმოძრაობის” გაქცეული ფრთა _ ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცნენ და მართლმსაჯულებას დაემალნენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა “ფრიდომ ჰაუსის” მსგავსმა გავლენიანმა ორგანიზაციებმა ხშირად გამოაქვეყნონ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლების დაცემის ან არარსებობის შესახებ ანგარიშები. რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას, ცხადია, ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ დღეს საქართველოში მაღალი დონის დემოკრატიაა, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ გააჩნია, რას მივიჩნევთ ამის გამოვლინებად. ჩემთვის, მაგალითად, როგორც უფლებადამცველისთვის, ამის პირდაპირი გამოვლინებაა სამართლიანობის არ არსებობა, ე.ი., ის, რომ დარღვეულია სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური პრინციპი და არ არსებობს სამართლიანობა. რომელ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კასრებით გაჰქონდათ და ვერ გაიტანეს სააკაშვილის რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები და ეს რეჟიმი დღემდე გაუსამართლებელია, უფრო სწორად, არათუ გაუსამართლებელია, პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის; რომელ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, როცა ქონება ჩამოართვეს ადამიანებს, ბიზნესები წაართვეს და დღემდე ეს საქმეები თაროებზეა შემოდებული. არაფერს ვამბობ მკვლელობებზე, დარბევებზე მშვიდობიანი დემონსტრაციების, არაფერს ვამბობ წამებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე ციხეებში, რაც ყოველდღიურ მოვლენად იყო ქცეული… აი, ამ ყველაფერზე რომ არავინ დასჯილა, ეს არის დემოკრატიის არარსებობა. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში მედია, თურმე, საკმარისად თავისუფალი არ არის, აბსურდი და ცინიზმია ესეც, იმიტომ, რომ, ის, რასაც დღეს .. ლიბერალური მედია აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, არათუ თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება, ეს არის პირდაპირ დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გვარამიას ტელევიზიაა ამის ნათელი მაგალითი. დანაშაულია, აბა, რა არის ის მიზანმიმართული პროვოკაციები, რომლებსაც ისინი პერმანენტულად აწყობენ საპატრიარქოსთან, სასულიერი პირების მიმართ და არა მხოლოდ. და რას ნიშნავს მათთვის მეტი თავისუფლება _ კიდევ უფრო თავისუფლად რომ შეეძლოთ ტაძრებში მივარდნა, კიდევ უფრო თამამად რომ შეანგრიონ ეპარქიებში კარი და შეუვარდნენ სასულიერო პირებს?!

_ საზოგადოების განწყობაზე როგორ აისახებაფრიდომ ჰაუსისმიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მსგავსი დოკუმენტები? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო აძლიერებს მოსახლეობის ანტიდასავლურ განწყობებს?

_ კარგა ხანია, საზოგადოებამ დაინახა, რომ რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებსაც 10-15 წლის წინათ უფრო მეტად ჰქონდათ მსოფლიოში დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების იმპლემენტატორების იმიჯი, დღეს ამ ყველაფერთან არაფერი აქვთ საერთო. ეს მათ მოახერხეს სწორედ მიკერძოებულობით, არაპროფესიონალიზმით და, რაც მთავარია, ორმაგი სტანდარტით, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მათ მათთვის მიუღებელი იდეოლოგიური მხარისა თუ დღის წესრიგისადმი სხვა მიდგომები აქვთ და მათთვის მისაღები ფლაგის მიმართ (ლიბერალურ ძალებს ვგულისხმობ) _ სხვა. აი, ამის შედეგია ის, რომ დღეს მსოფლიოში ანტილიბერალური მოძრაობები გეომეტრიული პროგრესით იზრდება. ანტილიბერალური მოძრაობების უმთავრესი წყარო დღეს თვით ლიბერალიზმია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ შემთხვევაში მათ უკვემიაღწიესიმას, რომ საზოგადოებას შეაძულეს დასავლეთი და დასავლური დემოკრატია, რომელიც გაიგივებულია ყველაზე მანკიერ, მარგინალურ ცნებებთან, ამიტომაც არის დღეს ამხელა სკეპტიციზმი დასავლური კურსისადმი; ასე რომ, ოდნავ მაინც გონიერება თუ შერჩენიათ, ევროპის საბჭომ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უნდა მოუწოდონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნუ აქვეყნებენ ასეთი თეთრი ძაფით ნაკერ ტყუილებს.

_ გაქვთ იმედი, რომ ისინი ამ მიდგომებს გადახედავენ?

_ თუ არ გადახედავენ, ძალიან მარტივად დაკარგავენ საქართველოს, თუმცა ავტორიტეტი საზოგადოების თვალში უკვე დაკარგული აქვთ. მეტსაც გეტყვით, დღეს რეფერენდუმი რომ ჩატარდეს იმის გასარკვევად, ვინ რა პოლიტიკურ ორიენტაციას ენდობა, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სრულ უნდობლობას გამოხატავს დასავლეთისადმი. აი, ეს გამოიწვიეს ამ ფრიდომ ჰაუს”-ებმა “ნაცმოძრაობასთან” ერთად და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეგულიანებულინაცმოძრაობაახლო მომავალში გაქრება პოლიტიკური სივრციდან, ძალიან ცდება. ეს არის პარტია, რომლის თავკაცებსაც აერთიანებთ კრიმინალი და კრიმინალი საერთოდ ყველაზე მეტად ადუღაბებს ადამიანებს. ეს ერთი და მეორე _ ყველაფერთან ერთად მათ ეშინიათ პოლიტიკიდან წასვლის, იმიტომ, რომ პოლიტიკა მათი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა, ამიტომაც იბრძვიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ასეც გაგრძელდება. სხვათა შორის, ამ ხელისუფლებამ მიმდინარე და უკვე განხორციელებული საარჩევნო ცვლილებებით პირდაპირ ჩააბარა ძალაუფლების ბერკეტები ნაციონალებს…

_ რას გულისხმობთ?

_ რას და, ცხადია, არავის სჯერა, რომ პროპორციული არჩევნებით შექმნილი მთავრობა რამდენიმე თვეზე მეტ ხანს იარსებებს. რა თქმა უნდა, ესენი დაჭამენ ერთმანეთს და მთავრობა დაიშლება, რასაც მოჰყვება ხელახალი არჩევნები. აი, ეს არის რეალობა და ქვეყანა მუდმივად უნდა იყოს საარჩევნო რეჟიმში. გაუძლებს თუ ვერა ამას სახელმწიფო, არავის აინტერესებს. ეს ყველაფერი არის ქვეყნის დასანგრევად მოფიქრებული. სხვათა შორის, ფრიდომ ჰაუსიმედიის თავისუფლებაზე რომ წერს, არც ერთი მედიასაშუალება დღეს ამ მავნებლურ საარჩევნო სისტემაზე არ ლაპარაკობს. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ეს არ არის მათი ლობისტების ინტერესში. ისე, ძალიან მაინტერესებს, ეს ქვეყანა თავზე რომ ჩამოგვენგრევა და ჩამოგვემხობა, კარლ ჰარცელი მოგვხედავს თუ კელი დეგნანს დავუწყებთ ძებნას? ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ უმძიმეს შედეგზე, რომელსაც ეს სისტემა ძალიან მალე მოიტანს?

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here