Home რუბრიკები საზოგადოება ნათელა ვასაძე 90 წლისაა

ნათელა ვასაძე 90 წლისაა

1816
ნათელა ვასაძე

მადლიერნი და ამაყნი ვაუწყებთ საზოგადოებას, რომ ორი შვილის დედას, 5 შვილიშვილის ბებიას, 7 შვილთაშვილის დიდ ბებოს, მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს განათლების აკადემიის საპატიო პრეზიდენტს, აკადემიკოს ნათელა ვასაძეს 1 აგვისტოს 90 წელი შეუსრულდა.

ნათელა ვასაძე 1930 წლის 1 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ულამაზეს სოფელ ფარცხანაყანევში იზრდებოდა და მშრომელი ხალხის გარემოცვაში გატარებულმა ბავშვობამ, ხალასმა გარემომ ჩაუნერგა მას ისეთი თვისებები, როგორებიცაა შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, კაცთმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.

სამხედრო ოფიცრის ოჯახის შვილის ცხოვრებას ყოველთვის ახლდა სირთულეები _ საცხოვრებელი ქალაქებისა და სკოლების ხშირი ცვლა.

იუბილარმა სწავლა ქუთაისში დაიწყო, თბილისში განაგრძო და ბათუმში დაასრულა. მან მე-8 ქართულ-რუსული საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტის სრული კურსი წარმატებით დაამთავრა.

პირველ კურსზე იყო, უნივერსიტეტის კომკავშირის ორგანიზაციის კონფერენციაზე კომიტეტის მდივნის პირველ მოადგილედ რომ აირჩიეს.

1954 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა. ამ დროს იგი უკვე არჩეული იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად სკოლების დარგში. ყოველდღიური დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უშრეტი ენერგიის წყალობით ბევრს ასწრებდა, უამრავ სირთულეს უმკლავდებოდა, თანაც 1953 წელს ოჯახი შექმნა _ ცოლად გაჰყვა გუგული დანელიას, „მეგრელების საქმის“ გამო დასაჭერად გამზადებულს, მომავალში ცნობილ პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეს.

იქნებ დღევანდელი გადასახედიდან ვინმემ მიუღებლად მიიჩნიოს იუბილარის ქება მისი კომკავშირული საქმიანობის გამო, რაც არ იქნება მართებული, რადგან ეს ის წლებია, როცა ქალბატონმა ნათელამ, თავის ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად, თავდადებული შრომით, ნიჭით, კაცთმოყვარეობით მრავალი სიკეთე შეჰმატა სამშობლოს. საგულისხმოა, რომ 1956 წლის 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებისას ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები მომიტინგე ახალგაზრდობას გვერდით ედგნენ. შემდეგ იყო ქართველი ახალგაზრდების უდიდესი გამარჯვებების წლები ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც „ქართული ქორწილის“ დაუვიწყარი დიასახლისი ნათელა ვასაძე გახლდათ.

1958 წლის დასაწყისში საქართველოს კომკავშირის ცეკას პირველ მდივნად ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს, მეორე მდივნად _ ნათელა ვასაძე. რამდენიმე თვის შემდეგ კი იგი საკავშირო კომკავშირის ცეკას მდივნად აირჩიეს და სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს. ამიერკავკასიიდან ასეთი პატივი მხოლოდ ქართველ ქალს ერგო და მას სტუდენტი ახალგაზრდობის საქმიანობის წარმართვა დაევალა. ქალბატონი ნათელაც მისთვის ჩვეული პასუხისმგებლობით, ენთუზიაზმით, ენერგიითა და ერუდიციით შეუდგა საინტერესო, მაგრამ ურთულეს საქმიანობას, რომელსაც საფუძვლად ედო კოლეგიალურობა, ურთიერთპატივისცემა და სამშობლოს, მშობლიური მიწის _ საქართველოს ერთგულება. ყველაფერი ეს მალე მეგობრობაში გადაიზარდა და ნათელა ვასაძისა და გუგული დანელიას ბინის ხშირი სტუმრები იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომლებიც ქართული სტუმარმასპინძლობით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და აქ, ამ ჭერქვეშ აღმოაჩინეს საქართველო.

1959 წელს პეკინში სტუდენტთა საერთაშორისო კავშირის კონგრესი ტარდებოდა. ნათელა ვასაძე ხუთკაციანი საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელად დაამტკიცეს, მაგრამ მოულოდნელად საავადმყოფოში აღმოჩნდა. დელეგაცია მის გარეშე გაემგზავრა. კონგრესმა გამონაკლისი დაუშვა და არსებობის მრავალწლიან ისტორიაში პირველად ნათელა ვასაძე კავშირის ვიცეპრეზიდენტად დაუსწრებლად აირჩია. ფაქტი, სამწუხაროდ, დიდმა ტრაგედიამ დაჩრდილა. პეკინიდან მომავალი „ტუ 104“ უამინდობის გამო მოსკოვმა ვერ მიიღო და თვითმფრინავმა გეზი სვერდლოვსკისკენ აიღო. აეროპორტში დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლაინერი ჰაერში აფეთქდა და ყველა მგზავრი დაიღუპა, მათ შორის _ კონგრესის დელეგაციის წევრები, რომელთა სიაშიც ნათელა ვასაძეც ეწერა.

1962 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქალბატონ ნათელასთვის. იგი მოულოდნელად ავად გახდა და გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. თბილისში ჩამოსული, სადგურიდან პირდაპირ საავადმყოფოში მიიყვანეს. მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდა. საინტერესო ფაქტია, რომ ავადმყოფი მოინახულა თსუ პედაგოგიკის კათედრის გამგემ, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა. ბატონი დავითის არნახულმა გულისხმიერებამ ავადმყოფს სიცოცხლის სურვილი გაუჩინა.

მისი ხელმძღვანელობით დაამუშავა სადისერტაციო თემა „აღმზრდელობითი მუშაობა ინტერნატში“. ეს იყო სრულიად ახალი ტიპის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება ყოფილ საჭოთა კავშირში, ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი მიზნებითა და ამოცანებით.

ეს საინტერესო ნაშრომი 1964 წელს დისერტაციად დაიცვა და წიგნად დაიბეჭდა. ეს იყო ნათელა ვასაძის პირველი მონოგრაფია, რომელშიც მან, უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის ახალმა თანამშრომელმა სათანადო პასუხი გასცა იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში აღზრდას ინტერნატში აღზრდა სჯობიაო. ფაქტობრივად, ამგვარი „სიახლეებით“ დაიწყო ნგრევა იმ საფუძვლისა, რომელსაც ოჯახი, მისი სითბო და სიყვარული ჰქვია. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქართველოს რეალობაში ინტერნატები საჭირო იყო მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასამაგრებლად. ეს განსაკუთრებულად არის დასაბუთებული ნაშრომში, თუმცა სწორედ ამის გაუთვალისწინებლობას მოჰყვა ასობით სოფლის სკოლის გაუქმება და სოფლების დაცლა.

1969 წელს იგი საქართველოს პროფსაბჭოს მდივნად დანიშნეს. 3 წელს იმუშავა მან ამ ურთულეს და პასუხსაგებ ორგანოში.

1972 წლიდან ნათელა ვასაძე თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია: საქართველოს უმაღლესი სკოლის ისტორიაში პირველი ქალი რექტორი.

ქალბატონ ნათელას ცხოვრებაში დაიწყო არა მხოლოდ რთული შრომა, არამედ _ ბრძოლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და იმარჯვებს მისი ინტუიცია, შავის თეთრისგან გარჩევის უნარი. რამდენი ძალისხმევა და თეთრად გათენებული ღამეები დასჭირდა კოლექტივში კეთილი, მცოდნე და პატიოსანი ადამიანების ერთ მუშტად შესაკრავად. სწორედ მათზე დაყრდნობამ განაპირობა მასწავლებლის მომზადების ურთულეს საქმეში სისტემურობის დანერგვა. არა რომელიმე საგნის, მასწავლებლის, არამედ პიროვნების ფორმირება, აღდგენა იმ ტრადიციისა, როცა პედაგოგს მოძღვარს უწოდებდნენ, როცა მისი ავტორიტეტის საზომი იყო მაღალი პიროვნული თვისებები, მომთხოვნელობა და პროფესიონალიზმი. ასეთი მასწავლებლის მომზადებისთვის უამრავი სიახლე, სწავლების ნოვატორული ფორმა და მეთოდი დაინერგა, მაგრამ მთავარ პრობლემად თავად საინსტიტუტო გარემო, ჩაცმის თუ ქცევის კულტურა, ინტერიერი, თვითშემოქმედება იყო. უტყუარ საშუალებად აღმოჩნდა საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, სადაც სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებოდნენ. ორპროფილიანი მასწავლებლის დიპლომს ემატებოდა ექთნის დიპლომი გოგონებისთვის, ფიზმომზადებისა _ ვაჟებისთვის.

განუმეორებელი სითბოთი და აღტაცებით იგონებენ კურსდამთავრებულები, როგორ აჰყავდათ პირველკურსელები ღამით მთაწმინდაზე ჩირაღდნებით და იაკობ გოგებაშვილის საფლავზე ფიცს დებდნენ, როგორი დაუვიწყარი იყო „შვილიშვილების დღე“ ინსტიტუტში, როცა შვილიანი სტუდენტები ბავშვებით, ოჯახით მოდიოდნენ სასწავლებელში და იქ საჩუქრებით ხვდებოდნენ. რა კარგი შრომითი სემესტრები ტარდებოდა საგარეჯოში და უამრავი სხვა ღონისძიება.

ნათელა ვასაძის გულისხმიერებისა და ადამიანებთან დამოკიდებულების აღსანიშნავად ნიშანდობლივია ერთი ფაქტიც: მისაღები გამოცდებისას აბიტურიენტი გოგონა, რომელსაც სამ საგანში მაღალი ნიშნები ჰქონდა მიღებული, მე-4 გამოცდაზე არ გამოცხადდა. დეკანი მისი სიიდან ამოღებას ითხოვდა, მაგრამ რექტორმა საქმის არსში გარკვევამდე ნება არ დართო. სპეცალური კომისიის წევრებმა გოგონას შინ მიაკითხეს. აბიტურიენტს მოულოდნელად დედა გარდაცვლია და წინა დღით დაუსაფლავებიათ. ქალბატონმა ნათელამ იმ გოგონას მშობლიური სითბო აგრძნობინა, გამოცდაზე დაუშვა და მერე სტუდენტობის წლებშიც არ აკლებდა ყურადღებას.

ასე ახალგაზრდებსა და თანამშრომლებზე ზრუნვასა და დიდ შრომაში გაილია 14 წელიწადი, თუმცა ჯერ კიდევ რამდენი რამ იყო გასაკეთებელი: თითქმის გადაწყდა ინსტიტუტის გვერდით მდებარე სახანძროს შენობის სასწავლებლისთვის გადმოცემის საკითხი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მისი გაუქმება ფილარმონიის ახლომდებარეობის გამო თურმე არ შეიძლებოდა _ წუთებით ყოფილა ყველაფერი გაანგარიშებული. არადა, დღეს ფილარმონია ისევ იქ არის, სახანძროს ადგილას კი დიდი სავაჭრო ცენტრი აშენდა.

ქალბატონ ნათელას უდიდეს გულისტკივილს იწვევს არა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო პრემიის ლაურეატ თემო თურმანიძის პანო გოგებაშვილი და დედა ენა ახალ ეპოქაში ნაკუწებად აქციეს და წყლიან სარდაფში ჩააგდეს, ინსტიტუტის შემოსასვლელში პედაგოგიური სასწავლებლის კურსდამთავრებული საბჭოთა კავშირის 4 გმირის მემორიალი და მუზეუმი გაანადგურეს, არამედ განსაკუთრებულად გულსატკენია ის, რომ დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ცივილიზებულ სამყაროში, რომელშიც უმაღლესი პედაგოგიური სკოლა აღარ არსებობს.

1975 წელს ნათელა ვასაძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ოთხი წლის შემდეგ პროფესორის წოდება მიენიჭა. 1979 წელს საბჭოთა კავშირის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1989წელს კი ნამდვილ წევრად _ აკადემიკოსად, ხოლო 1999 წელს რუსეთის განათლების აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს.

რუსეთის განათლების აკადემიამ ქალბატონი ნათელა დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით აკადემიკოს ბატიშჩევის მედლით დააჯილდოვა.

1986 წლის 10 იანვარს ნათელა ვასაძე განათლების მინისტრად დაინიშნა. მის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, აღსავსე ძიებით, გარდაქმნათა სირთულეებით, წარმატებებითა და უდიდესი სურვილით _ ქართულ ეროვნულ სკოლას ღირსეული ადგილი დაეკავებინა მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემაში. ამაღლდა სწავლების დონე, გაძლიერდა მომთხოვნელობა: თუ 1985 წელს სკოლადამთავრებულებზე 1000-ზე მეტი მედალი გაიცა, ვასაძის მინისტრობის პირველ წელს _ მხოლოდ 36. ნახევარი საქართველო მისაღებ გამოცდებზე გავანაწყენე, ნახევარი კი _ მედლებზე, _ ამბობს ქალბატონი ნათელა. პრობლემების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით სამი საგანმანათლებლო უწყება _ განათლების, უმაღლესი განათლებისა და პროფტექნიკური განათლების კომიტეტი ერთ სამინისტროდ გაერთიანდა. ვასაძე მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

1990 წლიდან, როცა ეროვნულმა ძალებმა საქართველოში ახალი ეპოქა დაამკვიდრეს, ქალბატონი ნათელა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური საზოგადოების თავმჯდომარედ მუშაობდა. მანამდე ამ თანამდებობაზე იგი საზოგადოებრივ საწყისებზე იყო არჩეული.

ერთ დღეს პედაგოგიურ საზოგადოებას მიაკითხეს აფხაზეთიდან დევნილმა მასწავლებლებმა, რადგან ყოფილი მინისტრის მხარდაჭერა არც ეეჭვებოდათ. საზოგადოებასთან შეიქმნა დევნილთა დახმარების შტაბი, ხელმძღვანელად გაგრის განათლების განყოფილების გამგე ბიჭიკო ჩაკაბერია დაინიშნა. დევნილთა მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს თბილისელმა განათლების მუშაკებმა, მასწავლებლებმა, რომლებმაც კოლეგებს თავიანთი დატვირთვის ნაწილი დაუთმეს.

ნათელა ვასაძე განაგრძობს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.

აკადემიკოს ნათელა ვასაძის სამეცნიერო-პედაგოგიური ნამოღვაწარი და მაღალი პიროვნული თვისებები იმის საფუძველი შეიქნა, რომ იგი 1995 წელს დაარსებული პედაგოგიურ (შემდეგ _ განათლების) მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობით ეს აკადემია ცოცხალი პედაგოგიური აზრის ნამდვილ გამაერთიანებელ ცენტრად იქცა. მის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციებზე განიხილებოდა განათლების აქტუალური საკითხები, გაფართოვდა კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან.

ეს ის წლებია, როცა ქვეყანაში “ახალმა სიომ” დაბერა.

აკადემიკოსი ნათელა ვასაძე 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; საგაზეთო პუბლიკაციებსა და ინტერვიუებს ხომ თვლა არ აქვს. წლების განმავლობაში იგი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლდათ. მისი ნაშრომების უმრავლესობა ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლებას ეხება. მათ შორის ბევრია განათლების ერთიანი პრობლემების ამსახველი შრომები. მაგალითად, პედაგოგიკის ისტორია, რომელიც მხოლოდ რუსულიდან თარგმნილი არსებობდა, ნათელა ვასაძის ინიციატივით, რედაქტორობითა და ცალკეული თავების ავტორობით 1986 წელს გამოიცა. ნათელა ვასაძის რედაქტორობითა და განსაკუთრებული ძალისხმევით 1987 წელს მოსკოვში რუსულად დაიბეჭდა საქართველოს პედაგოგიური აზროვნების ანთოლოგია.

ქალბატონ ნათელას ინიციატივით, დასაბუთებითა და კატეგორიული მოთხოვნით სამინისტრომ გადაწყვიტა, საქართველოს ყველა უმაღლეს საწავლებელში იკითხებოდეს ახალი საგანი _ „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის საფუძვლები“. მანვე შეადგინა საგნის პირველი პროგრამა და ლიტერატურის სია. ასეთი საგნის აუცილებლობას საფუძვლად დაედო განათლების აკადემიის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელმაც შემაშფოთებელი ვითარება გამოავლინა _ არათუ სტუდენტებმა, არამედ მაგისტრანტებმა, მაძიებლებმა და, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ლექტორმაც არ იცოდა, საერთოდ, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე საკუთარი უმაღლესი სასწავლებლის ისტორია, ვერ ერკვეოდნენ უმაღლესი სკოლის დიდაქტიკაში.

აკადემიკოს ნათელა ვასაძის პედაგოგიური თვალსაზრისი სრულად არის გადმოცემული სტუდენტებისთვის განკუთვნილ მის სახელმძღვანელოში „პედაგოგიკა“, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა და დღემდე დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

განსაკუთრებული პატივი ერგო „საქართველოს განათლების მატიანეს“. იდეის ავტორი, მთავარი რედაქტორი და რამდენიმე თავის ავტორი გახლავთ ქალბატონი ნათელა ვასაძე. წიგნი ქართულ-ინგლისურ ენებზეა და უნიკალური ფოტოალბომი ახლავს. პედაგოგიკის დარგის მეცნიერთა არაერთი თაობის ოცნების წიგნის მეცნიერი-კონსულტანტია ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. წიგნი აკადემიის ეგიდით გამოიცა. თუმცა მას ხელნაწერად დარჩენა ემუქრებოდა, რომ არა ისეთი მამულიშვილი, როგორიც არის „მაგთის“ ხელმძღვანელი გია ჯოხთაბერიძე, რომელმაც ეს ნაშრომი უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა და საჩუქრად გადასცა აკადემიას.

ნათელა ვასაძის მოღვაწეობა არაერთი საერთაშორისო, საკავშირო თუ საქართველოს ჯილდოთი აღინიშნა: 5 ორდენით, მრავალი მედლითა და სიგელით, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის პრემიებით, იგი საქართველოს უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატად იყო არჩეული.

მოგეხსენებათ, თითოეულ ადამიანს აქვს ახლის, სიკეთის, უჩვეულო და ბევრი ფიქრის მისთვის განსაკუთრებული საოცარი განცდა. ამას ყოველივეს ახლავს ღელვა, განცდა და შიშიც. ქალბატონ ნათელასთვის ამგვარ განცდებს კონკრეტული სახელიც აქვს _ ღმერთთან მისვლა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. თანაც უკვე ასაკოვანი პიროვნებისთვის. მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი ცხოვრების მაღალზნეობრივი წეს-ჩვეულებები, შინაგანი სამყარო და არ გაგვიკვირდება, რომ ეს ყველაფერი ამგვარი ფაქტორების აუცილებელი შედეგი იყო.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი იუბილარისთვის 1977 წლის 25 დეკემბერი, როდესაც იგი, როგორც სამთავრობო დელეგაციის წევრი, პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებოდა. სვეტიცხოვლის ტაძარი, ეზო და მიმდებარე ტერიტორიაც ხალხით იყო სავსე. მან, როგორც თავად იხსენებს, პირველად ნახა ბედნიერი და მოლოდინით აღტკინებული ერი და ბერი, გაახსენდა უსაყვარლესი მეგობრის _ ნოდარ დუმბაძის სიტყვები: მე ღმერთს ცაში არ ვეძებ, იგი ჩვენთან არის.

წლების შემდეგ ახალდაფუძნებულმა პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიამ პირველი კონფერენცია _ ახალგაზრდობის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის პრობლემები საქართველოში _ საპატრიარქოსთან ერთად მის ულამაზეს დიდ დარბაზში გამართა. სწორედ აქ მოხდა იმ დროისთვის ერთობ უცნაური ფაქტი: მთავარმა მომხსენებელმა, აკადემიის პრეზიდენტმა ნათელა ვასაძემ სავსე დარბაზის თანდასწრებით აღსარება ჩააბარა მოძღვართა შორის უპირველესს _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და უღმერთობა მოინანია. გაოცებული დარბაზის თვალწინ უწმინდესი და უნეტარესი მომხსენებელთან მივიდა და დალოცა. ფეხზე მდგარ დამსწრეთა ოვაცია დიდხანს არ შეწყვეტილა.

განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს ნათელა ვასაძის მოღვაწეობა წლების განმავლობაში ქალთა საბჭოებში, გამორჩეულად _ საერთაშორისო მასშტაბით.

შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რომ ნათელა ვასაძის პიროვნებაში ბუნებრივად არის შერწყმული, ერთი მხრივ, ხელმძღვანელის პრინციპულობა და, მეორე მხრივ, კოლეგიალური გულისხმიერება, სითბო და თანადგომა. ქალბატონი ნათელა კდემამოსილებით, მაღალი ზნეობით, გონიერებით, განსაკუთრებული ორატორული ნიჭით ჭეშმარიტად ამშვენებს თანამედროვე საქართველოს. ერთხელ სიყრმის მეგობრის _ საქვეყნოდ ცნობილი პოეტის შენიშვნაზე _ ჭაღარას რატომ არ იღებავო, ქალბატონმა ნათელამ უპასუხა _ ნახონ, რომ ჩვენი თაობის თავზე წისქვილის ქვამაც იტრიალა.

ამბობენ, კაცმა წინ უნდა გაიხედოს, მომავალზე იფიქროსო, მაგრამ უკან მიხედვაც აუცილებელი და საჭიროა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც, თავის უკან მიბრუნების არ ეშინია. ამაყნი ვართ, ასეთ პიროვნებათა თანავარსკვლავედში აკადემიკოს ნათელა ვასაძის სახელიც რომ ბრწყინავს.

ჩვენ მიერ წარმოდგენილ ვასაძისეულ ღვაწლს ყოველთვის ჰქონდა მყარი საფუძველი _ მშობლები და საკუთარი დიდი ოჯახი.

უფროსმა თაობამ _ მარგალიტა და შალვა ვასაძეებმა ქვეყანას სამი შვილი აღუზარდეს, სამივე მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და შემდეგ _ აკადემიკოსი.

ქალბატონ ნათელას უფროსი ქალიშვილი, მარიკა, ცნობილი მხატვარი-ფლორისტია. მისი მეუღლე, ზურაბ შხვაცაბაია, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსია; უმცროსი ქალიშვილი, ირინე, ბიოლოგია, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი მეუღლე, გიორგი კარტოზია, ნიჭიერი არქიტექტორია. ქალიშვილები დედას დიასახლისობაში ეჯიბრებიან, მაგრამ დედა ჯერჯერობით სჯობნით. მათი მაგალითით ცხოვრობენ და შრომობენ შვილიშვილებიც.

დარწმუნებული ვართ, წლების სიმრავლე მებრძოლ ქალბატონს ვერ შეაშინებს, უკან ვერ დაახევინებს და კვლავაც ჩვეული ენერგიითა და ერთგულებით ემსახურებით საყვარელ საქმესა და თქვენს დიდ ოჯახს.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევესა და ბედნიერებას ვუსურვებთ საამაყო იუბილარს!

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სახელით, პროფესორი ზურაბ ხონელიძე,  აკადემიის პრეზიდენტი

P.S. პატივცემულო მკითხველო, აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ, სამეცნიერო კონფერენცია და სხვა საიუბილეო ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორებისთანავე გაიმართება.

 * * *

იუბილარს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

ნიმუშად რამდენიმე ამონარიდს წარმოგიდგენთ:

*”სიტყვა მასწავლებელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მთავრულით იწერება. უთუოდ იმიტომ ის არის მოწოდება, რომელიც ადამიანისგან მოითხოვს საკუთარი შესაძლებლობების სრულ მობილიზაციას. ისეთი მსახურებაა, რომელმაც არც შესვენებები იცის, არც სასკოლო არდადეგები.

შესანიშნავი იუბილის დღეებში ნება მიბოძეთ, მორჩილად მოვიყარო მუხლი თქვენი ღირსეული ნამოღვაწარის წინაშე, რომელიც მიმართული იყო მეცნიერებისა და ადამიანების კეთილდღეობის ასამაღლებლად”, _ წერს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რუმინეთის იასის უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ლუდმილა ბეჟენარუ.

*სამეცნიერო აკადემიური საზოგადოებისყაზახეთის ეროვნული მუზეუმისხელმძღვანელობა და კოლექტივი ასე მიმართავს ქალბატონ ნათელას: “გონიერი ორგანიზატორის თქვენი არაორიგინალური ბუნებრივი ნიჭი, ნებისყოფა, ოპტიმიზმი, საქმისთვის თავდადება დიდოსტატობა და მისწრაფება დაგეხმარათ მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაში.

თქვენ ყოველთვის ერთგულებდით ცხოვრებისა და მოღვაწეობის თქვენეულ პრინციპებს და საკუთარი მაგალითით დაარწმუნეთ ყველა, რომ ჭეშმარიტი პედაგოგიკა სულდგმულობს და ვითარდება იქ, სადაც დამკვიდრებულია თვითკრიტიკა, სულიერი გულუხვობა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა”.

მოლოცვას ხელს აწერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი .. ტოლისბაევა.

*”პატივცემულო ქალბატონო ნათელა ვასაძე!

თქვენს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყოველგვარ სიკეთეს. თქვენი პიროვნება, რომელიც აქტივობის, პატიოსნებისა და თავმდაბლობის განსახიერებაა, მისაბაძი და სამაგალითოა ყველასთვის. მინდა მადლობა გითხრათ იმ აკადემიური წამოწყებებისთვის, რომლებიც ყოველთვის ძალას მმატებდა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში”, _ ხაზს უსვამს გამოყენებითი ლინგვისტიკის დოქტორი, პროფესორი ირინა კუდინსკა.

*ეკონომიკის უნივერსიტეტის სახელით ქალბატონ ნათელას იუბილეს ულოცავს ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დოცენტი კშიშტოფ სიკორა: “თქვენ მიერ განვლილი ცხოვრების გზა, შემოქმედებითი მოღვაწეობა, პატიოსნება და პრინციპულობა მისაბაძი მაგალითია ბევრი ადამიანისთვის, უწინარესად კი _ ახალგაზრდობისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here