არ ვიცი, მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ექიმებმაც ისე დაუნდობლად დასცხეს თუ არა ერთმანეთს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო ამ მხრივაც მოწინავე ადგილს იკავებს ევროპის ქვეყნებს შორის. ვგულისხმობ იმას, რომ უცხოეთში “მოღვაწე” ქართველ ექიმთა ნაწილი, რომელთა უკან აშკარად დგას კრიმინალი პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი, ღიად დაუპირისპირდა ქართველ ექიმთა იმ ჯგუფს, რომელიც პრაქტიკულად იბრძვის ჩვენს ქვეყანაში “კოვიდ 19”-ის წინააღმდეგ და უნდა ითქვას, საკმაოდ შედეგიანად.
ამით იმიტომ დავიწყე სტატია, რომ არავინ შემომედავოს, თითქოს აქაურ ექიმებს ვუპირისპირდებოდე და მათ ჯაფასა და ღვაწლს არ ვაფასებდე. არც იმ “კლასტერიდან” ვარ, რომლის წევრებსაც მიაჩნიათ, რომ “კოვიდ-19” საერთოდ არ არსებობს და ეს მსოფლიო მასშტაბის ბლეფია… არა, უბრალოდ, მე მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, რასაც “ნაბან წყალს ბავშვის გადაყოლების” ფენომენი და, საზოგადოდ, “გადაჭარბება”, “გადარადიკალურება” ჰქვია.
კერძოდ, მაინტერესებს, იმ კონკრეტული აკრძალვის კიდევ ერთი კვირით ძალაში დატოვება, რომლის მიხედვითაც ქალაქებში შიგნითაც სრულიად იკრძალებოდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება _ მართლა ექიმებმა ურჩიეს ჩვენს მთავრობას თუ რომელიმე მთავრობის წევრის ჯიუტი და ხეპრე ახირება იყო?
ევროპასთან შედარება კი იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ, როგორც გავარკვიე, მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი აკრძალვა არ ყოფილა. თვით იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის იმ ქალაქებშიც კი, რომლებშიც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა და “წითელ ზონებად” გამოცხადდა, არავის აზრად არ მოსვლია, ავტომობილებით გადაადგილება აეკრძალა ისედაც სასტიკ გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის.
უფრო ზუსტად, საუბარია ამ აკრძალვის კიდევ ექვსი დღით გაგრძელებაზე სააღდგომო დღესასწაულების ჩავლის შემდეგ. კი, ბატონო, სააღდგომო დღეებშიც არ ვეთანხმებოდით იქნებ ასეთ კატეგორიულ აკრძალვებს, მაგრამ ხმა მაინც არ ამოგვიღია. კარგი, იყოს ერთგვარი დაზღვევა, რომ სასაფლაოებს არ მიაწყდეს მანქანების ნაკადი და უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნასო, მაგრამ, 22-დან 27 აპრილის ჩათვლით, ანუ კიდევ 6 დღით ამ იდიოტობის გაგრძელება, დავიჯერო, მართლა ექიმებმა ურჩიეს მთავრობას?!
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, ამან მაინც ინდიკატორივით იმუშავა და მთავრობა მეორე დღესვე მიხვდა, რაც მიჰქარა. პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის, ნაუცბათევად დანიშნული ბრიფინგი, მისი გათანგული სახე და ნერვიული ტონიც ამას მიანიშნებდა.
სოციალური ქსელი მართლაც ააფეთქა მთავრობის ლანძღვა-გინებამ. ყველასთვის ცნობილი “გამპრავებლების” გუნდიც კი ხმას ვერ იღებდა _ შოკში იყო. ერთმა “ფეისბუკ-მომხმარებელმა” სწორად და მახვილგონივრულად შენიშნა _ “ქართული ოცნება” იმ ძროხასავით მოიქცა, ერთ ვედრო რძეს რომ მოგაწველინებს, კმაყოფილი ხარ და უცებ ბოლო ჩამოწველაზე წიხლს ჰკრავს და ერთიანად დაღვრისო.
საქართველოს მთავრობის მიერ თავდაპირველად გადადგმული ნაბიჯებით მართლაც ბევრი იყო კმაყოფილი. ვერ დავმალავთ. იმსახურებდა თუ არა ამ კმაყოფილებას რეალურად მთავრობა, ეგ სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ხალხი ნამდვილად იყო კმაყოფილი, _ საქართველოს მთავრობამ ყველაზე კარგად დაგვიცვა საშიში ვირუსისგანო…
მაგრამ ამ იდიოტური აკრძალვის გახანგრძლივების გამოცხადება იყო და “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი ფანატიკოსებიც კი გინებაზე გადავიდნენ.
რა მოხდა? ელემენტარული რამ _ ქებამ ხიბლში არ უნდა შეგიყვანოს და ზედმეტები არ უნდა მოგივიდეს. აი, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გაგრძელება კი არათუ ზედმეტობა, არამედ ხალხის ფეხებზე დაკიდება იყო და მათ საშიმშილოდ გაწირვას ნიშნავდა.
ამიტომაც იხუვლა ხალხმა და ამიტომაც შეეცვალათ ფერი გახარია-ჩიქოვანს, თუმცა ორიოდე დღეს მაინც სცადეს საზოგადოებასთან ჯიუტობა, მაგრამ საბოლოოდ, გიორგი გახარიას კეთილგონიერებამ სძლია და, როდესაც თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ, თბილისში უკვე თავისუფლად დადიან ავტომობილები. ამის იმედს გვაძლევს გიორგი გახარიას სიტყვები: “ჩვენ მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებული ზომები არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი, რომ ეკონომიკურმა ან სხვა ტიპის ზარალმა და ვირუსის შესაჩერებლად გაღებულმა გარკვეულმა მსხვერპლმა გადააჭარბოს “კოვიდ-19”-ის გავრცელების შედეგად მიღებულ სავარაუდო ზარალსა და მსხვერპლს”.
ეს ფრაზა პრემიერმინისტრმა პარასკევს, 24 აპრილს, თქვა და იქვე დაამატა, რომ ორშაბათიდან უკვე უპირობოდ იქნება დაშვებული ავტომობილებით მოძრაობა ქალაქებში და ამ აკრძალვის მოხსნა-დატოვებაზე მთავრობა აღარც იმსჯელებს.
როგორც ჩანს, ხალხის უმძაფრესმა რეაქციამ მთავრობა მართლაც შეაჯანჯღარა და აზრზე მოიყვანა. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა ხელისუფლება ამ მართლაც ყველაზე იდიოტური, არასაჭირო და არაადეკვატური აკრძალვის შემდეგ სხვა, შედარებით ნაკლებად იდიოტური, მაგრამ მაინც ზედმეტად მკაცრი აკრძალვების ეტაპობრივ და გააზრებულ გაუქმებას.
კიდევ ვიმეორებ _ არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით რაღაც შეთქმულებისა და კონსპირაციის თეორიებს აყალიბებს და აცხადებს, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს და ეს მსოფლიო დონის თაღლითობაა.
თუმცა, რამდენადაც რადიკალურად სულელურია ასეთი ადამიანების ეს “შეთქმულების თეორიები”, მეორე მიმართულებით იმდენად რადიკალური და ზედმეტია მედიის გააფთრებული, დამაშინებელი და დამზაფრავი სიუჟეტები “კოვიდ-19”-ის შესახებ და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული “ზედმეტად მზრუნველი” ზომები ამ ვირუსთან საბრძოლველად.
ავტომობილებით გადაადგილების სრულიად იდიოტური აკრძალვის მაგალითზე რომ განვიხილოთ, როგორც გითხარით, თავიდან “ქართული ოცნების” ხელფასიან “გამპრავებლებსაც” შოკი ჰქონდათ, მაგრამ მერე ნელ-ნელა მოვიდნენ აზრზე და დაიწყეს არაადეკვატური “არგუმენტების” წერა სოციალურ ქსელში _ “ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა დამატებითი რაღაც გარკვეული პროცენტით მაინც ხომ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას? ამიტომ მოვითმინოთ ცოტა”; “ავტომობილით ხომ უფრო ბევრ ადგილზე მივა ადამიანი და უფრო მეტი კონტაქტი ექნება, ვიდრე ფეხით? ესე იგი, ეს ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას” და ა.შ.
“არგუმენტები” ისე უსუსური იყო, რომ მათ წაკითხვა ნორმალურ ადამიანებში გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევდა.
“კარგი, გასაგებია. მაშინ, მოდი, საერთოდ, ჯაჭვებით მიგვაბით ერთმანეთის მოშორებით ხეებზე, საერთოდ ვერ ვიმოძრავებთ და არ გავრცელდება ვირუსი!” “რა ქენით, იცით, სახლის კარი გარედან დაგვიდუღეთ “სვარკით” და საერთოდ ვეღარ გამოვალთ და ვირუსიც ვერ გავრცელდება”, _ ასეთი გროტესკით პასუხობდა ხალხი მთავრობის ამ სულელური ქმედების დებილურად “გამპრავებელთა” უაზრო “არგუმენტებს”.
მართალიც არის _ კი, შესაძლოა, რაღაც მცირე პროცენტით მართლაც შეუწყო ხელი ვირუსის გავრცელების შეჩერებას ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ, მაგრამ სამაგიეროდ იმდენი ზარალი, პრობლემა და, შესაძლოა, მსხვერპლიც მოიტანა, რომ ეს მეთოდი იმ მიზნად ნამდვილად არ ღირდა, რომლისთვისაც გამოიყენეს.
დიახ, მსხვერპლი! მაგალითად, ჩემმა ნაცნობმა ამ სულელური აკრძალვის გამო დროზე ვერ მოუტანა წნევის დამწევი საშუალება ასაკოვან დედას, რადგან აფთიაქი მისი სახლიდან ორ კილომეტრშია, ავტომობილით თუ 10 წუთში მოიტანდა, ფეხით ამას 40 წუთი მოანდომა და შინ დაბრუნებულს დედა უკვე გონდაკარგული დახვდა.
და ეს იმ ფონზე, როდესაც ავტომობილით მისი აფთიაქში წასვლა არავის არავითარ საფრთხეს არ შეუქმნიდა. იმედი მაქვს, “ცხელ ხაზებზე” და მსგავს სისულელეებზე არავინ დაიწყებს საუბარს, რადგან 144-ზე მთელი კვირის განმავლობაში ვრეკავდი ინტერესის გამო და ერთხელაც ვერ მოვახერხე დაკავშირება 100-ზე მეტი მცდელობიდან.
ამ სტატიასაც იმიტომ ვწერ, რომ იმედი მაქვს, თუკი ვინმე ამას წაიკითხავს ჩვენი ბედოვლათი მთავრობიდან, დაფიქრდება და არაადეკვატურ, მიზანშეუწონელ აკრძალვებს აღარასოდეს დააწესებენ. ეს იმას ჰგავს, ბავშვი რომ ლექსს კარგად იტყვის, შეაქებ, გაუხარდება და მერე მთელი დღე უკან დაგდევს და ყურში ლექსებს ჩაგყვირის, ხოლო “რეპერტუარი” რომ ამოეწურება, შექებისგან გათამამებული, უკვე იმაზე გადადის, _ ნახე რა მაგარი გინება ვიციო.
კორონავირუსთან ბრძოლას ქართველ საზოგადოებაში არაადეკვატურობა სხვა მხრივაც ახასიათებს. მაგალითად, საოცრად არაადეკვატურია ცნობილი სლოგანი _ “შენ დარჩი სახლში ჩემთვის, მე ვიმუშავებ შენთვის”, რომელსაც ხშირად იმეორებს ტელეეკრანიდან სხვადასხვა სახე. ამ ფრაზის თქმის უფლება ვისაც აქვს, ექიმები და პოლიციელები არიან. მაინტერსებს, ვინ მოიფიქრა, რომ ეს ფრაზა ტელესახეებსა და სხვა “გასართობი” პროფესიების წარმომადგენლებსაც ათქმევინოს. მათი პირიდან ხომ ეს უკვე გამაღიზიანებლად და მეტიც, ცინიკურადაც კი ისმის?! მოდი რა, თუ “ჩემთვის მუშაობთ”, მაშინ იქნებ ეგ თქვენი სამნიშნა ხელფასებიც მე დამირიცხოთ… თუ არადა, ადამიანებს, რომლებმაც სწორედ “სახლში დარჩის” გამო დაკარგეს სამსახურები და ულუკმაპუროდ სხედან შინ, რა ნამუსით ეუბნებით ამ სრულიად ცინიკურ ფრაზას?! მოდი, მაშინ, შე ტელემასხარავ, შენ დაჯექი სახლში და მე ვიმუშავებ შენთვის, გინდა?
დასკვნისთვის _ კი, გვესმის, რომ არაორდინალური, მძიმე და საყურადღებო სიტუციაა, მაგრამ სწორედ ამიტომ არის საჭირო ასგზის დაფიქრება, ვიდრე ისეთ შტერულ და არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს მივიღებდეთ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაგვაზარალებს, ვიდრე ვირუსი.
ბაკურ სვანიძე
xalxi ar daixoca ar gameorda chventan italia es xom kargia da xom yvelas mowons sakamato agaraferia
წერა-კითხვა იცი? რარაც არ მგონია.ამ სტატიაზე ორმ მაგ კომენტარს დაწერს ადამიანი ეჭვი მეპარება იმან წერა-კითხცვა იცოდეს.