Home რუბრიკები საზოგადოება მუცოს ხეობის იმედი

მუცოს ხეობის იმედი

“ჩიტი, სადაც დაიბადება, მისი ბაღდათიც იქ არის”

2345
მიხეილ ჭინჭარაული

3 ივლისს პირიქითა ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, მდინარე არღუნში ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც რუსი ტურისტები ისხდნენ. მანქანაში მყოფი 8 ადამიანიდან ხუთი დაშავდა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება პირიქითა ხევსურეთის ექიმმა მიხეილ ჭინჭარაულმა საკუთარ სახლში აღმოუჩინა. შემდეგ ისინი უღელტეხილამდე ააცილა, სადაც მათ სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდათ. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალბატონმა საკუთარფეისბუკისგვერდზე დაწერა.

შატილის მკვიდრი მიხეილ ჭინჭარაული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს #6 სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი და ექიმი-თერაპევტია. ის ხეობაში ერთადერთი ექიმია და ათ სოფელს, უკვე 42 წელიწადია, ემსახურება. მიხეილ ჭინჭარაული მუცოს ხეობის დიდი იმედია.

ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და, ჩემიანს კი არა, მტერსაც არ ვეტყვი უარს მკურნალობაზე. თერაპევტი ვარ, თუმცა გინეკოლოგიც ვყოფილვარ და ქირურგიც _ ჭრილობებიც დამიმუშავებია და ნაკერებიც დამიდვია, ტრავმატოლოგობაც შემითავსებიამუცოში ზამთარზაფხულ ფეხით მიწევს კილომეტრების გავლა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს”, _ ამბობს 69 წლის მიხეილ ჭინჭარაული.

ბატონი მიხეილი, ოჯახთან ერთად, ხევსურეთში, უკვე წლებია, ცხოვრობს და ხევსურებს მთის რთულ პირობებში დახმარების ხელს უწვდის. მანამდე მუშაობდა თბილისში, რუსთავში, ბარისახოში, თუმცა ბოლოს იქ დაბრუნდა, სადაც დაიბადა, და იქიდან წასვლას აღარც აპირებს… ოქტომბრიდან პირიქითა ხევსურეთში მისასვლელი უღელტეხილი იკეტება და ხალხი ღვთისა და მიშა ექიმის იმედად რჩება…

ძნელია აქ ცხოვრება და გამოზამთრებაო, ამბობს, რადგან მკაცრ ზამთარს ცხოვრების მძიმე პირობებიც ემატება _ ელექტროენერგია მარტო შატილსა და მუცოშია, დანარჩენ სოფლებს ლამფის შუქზე უწევთ ცხოვრება. ჰოდა, ვისაც შუქი აქვს, ტელევიზორიც აქვს და იგებს, რა ხდება ქვეყანაზე.

მართლაც საკვირველია, როგორ ძლებენ ყველაფრის გარეშე და არ ტოვებენ აქაურობას. “გვიყვარს აქაურობაო”, _ ღიმილით ამბობს ბატონი მიხეილი, რომლისთვისაც ეს მიწა, მთები და ვიწრო ბილიკები ყველაზე ძვირფასია… ბოლო ხანს გამოცოცხლდა მთა _ ზაფხულობით ბევრი ხალხი ამოდის, არც ტურისტების ნაკლებობას უჩივიან.

1982 წელს ხევსურეთში ჰესი აშენდა, ხევსურებს უშუქობის პრობლემა მოეხსნათ. მოგვიანებით, რაღაც დაზიანდა და დღემდე არ არის პრობლემა მოხსნილი, რაც მიხეილ ჭინჭარაულს ძალიან აწუხებს.

ვინმე თუ ცუდად გახდება და ტელეფონი იჭერს, მირეკავენ, თუ არადა მესაზღვრეებს ატყობინებენ და ისინი მაგებინებენ ამბავს. ავიღებ მეც ჩემს ჩანთას და მივდივარ. ერთხელ ძაღლმა მიკბინა და დამიზიანა კუნთები და სისხლძარღვები. რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა, ვინ მოთვლისზვავები, უგზოობაწელამდე თოვლში მივლია, მაგრამ მაინც მივსულვარ ავადმყოფამდე”, _ ყვება ხევსურების მძიმე ყოფაზე ბატონი მიხეილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ხშირად იხსენებს თავს გადამხდარ ამბებს. ერთხელ ხევსურს ტურისტები აუყვანია მუცოში, უკანდაბრუნებისას უღელტეხილზე ერთ-ერთი ტურისტი დაზიანებულა _ წვივის ძვლები ჰქონია მოტეხილი. მიშა ექიმისთვის დაურეკავთ, ისიც მისულა. რის გაკეთებაც შეძლო, გაუკეთებია, მაგრამ ავადმყოფის ბარისახოში წაყვანა მაინც გამხდარა საჭირო. ყველგანმავალი მანქანით წასულან, გზაში მძღოლს საჭე ვერ დაუმორჩილებია და ხევში გადაცვენილან. მიშა ექიმისთვის ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთებიათ, ძლივს გადარჩენილა.

მიხეილ ჭინჭარაული ხშირად ამბობს, “რასაც დასთეს, იმას მოიმკიო”, ჩემმა გაკეთებულმა სიკეთემ არაერთხელ გადამარჩინაო, თუმცა ის ძალიან ტრაგიკული პიროვნებაცაა _ პირველი მეუღლე 7 წლის წინათ, მუცოს ხეობაში წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მისგან 3 შვილი _ ორი ბიჭი და ერთი გოგონა დარჩა. დრეს მოგვიანებით ცოლი შეირთო და კიდევ ორი ვაჟიშვილი შეეძინა. მუცოს ხეობის იმედს, მიხეილ ჭინჭარაულს, შვილიშვილიც ჰყავს და ამის გამო საკუთარ თავს მდიდარ კაცს უწოდებს.

ჩიტი, სადაც დაიბადება, მისი ბაღდათიც იქ არისო”, _ ხშირად იმეორებს ამ სიტყვებს. ღმერთმა მისი იმედი არ მოუშალოს საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს.

ეკა ჭინჭარაული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here