დემირელის სკოლის ყოფილი მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის განცხადებით,მისი ციხეში ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და იგი იდევნება, ფეთულა გიულენის იდეებს გაზიარების გამო.
აღნიშნული განცხადება ჩაბუქმა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელებენ.
“ჩემი აქ ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია არც საქართველოში, არც თურქეთში. 17 წელია საქართველოში ვმუშაობ, არც საქართველოში, არც თურქეთში ცუდი არ გამიკეთებია. მასწავლებელი ვარ, ყოველთვის მიყვარდა მასწავლებლის საქმიანობა. თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან არავითარი შეხება არ მქონია, მაშინ საქართველოში ვიყავი. საქართველოში ეს ამბავი ტელევიზიიდან შევიტყვე,”- განაცხადა ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთის ხელისუფლება “ტერორისტული ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობისთვის ხელის შეწყობაში დებს ბრალს.
ჩაბუქი საქართველოში ამჟამად წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ხელოსუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. სამინისტრომ მას ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სარჩელს იხილავს მოსამართლეთა კოლეგია შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით.
22 იანვარს გამართულ სხდომაზე მხარეებმა – როგორც ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე ჩაბუქის ოჯახის ადვოკატმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. ლტოლვილთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩებუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და ის სააპელაციო სასამართლომ არ უნდა გააუქმოს.
ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება არგუმენტირებული არ არის და მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია დაცვის მხარის მტკიცებულებებზე.
მისივე განმარტებით, შესბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდ გააუქმოს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.