Home რუბრიკები ისტორია მსოფლიო პატრიარქები საუკუნეების განმავლობაში შესაძლებლობებს ეძებდნენ, ძალაუფლება მოეპოვებინათ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და რომის...

მსოფლიო პატრიარქები საუკუნეების განმავლობაში შესაძლებლობებს ეძებდნენ, ძალაუფლება მოეპოვებინათ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და რომის პაპს გატოლებოდნენ

2124
მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია ფენერში (სტამბულის გარეუბანი)

დასავლური მტრული ძალების მიერ წაქეზებული . მსოფლიო პატრიარქი დღეს გააფთრებით უტევს მართლმადიდებლობას და ცდილობს განხეთქილების ჩამოგდებას არა მხოლოდ რუს და უკრაინელ ხალხებს, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებლებს შორის. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან ეს არ არის მართლმადიდებლობაში განხეთქილების შეტანის პირველი მცდელობა. ამის დასადასტურებლად მკითხველს ვთავაზობთ ნაწილს შანხაისა და სანფრანცისკოს ეპისკოპოს იოანეს (მაქსიმოვიჩი) მოხსენებისამართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა ომის შემდეგ”, რომლითაც ის გამოვიდა 1938 წლის აგვისტოში სრემსკი კარლოვციში (სერბეთი) კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსადმი მიძღვნილ მსოფლიო კრებაზე. წმინდა იოანეს მოხსენებაში მოყვანილ მოსაზრებებსა და ფაქტებს დღესაც, 80 წლის შემდეგაც, არ დაუკარგავს აქტუალურობა.

“დიდმა ომმა, რომელმაც შეარყია ყველა სახელმწიფოებრივი და კულტურული საფუძვლები დედამიწის მნიშვნელოვან ნაწილზე, ძლიერი გავლენა იქონია მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობაზეც. ზოგიერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ მიიღო თავისუფლი და უკეთესად განვითარების შესაძლებლობა. სხვები კი შიგა განხეთქილებისგან დასუსტდნენ. საერთო ჯამში, მართლმადიდებელი ეკლესია სერიოზულ გამოცდას გადის და თავისი არსებობის განმავლობაში უმძიმეს ეპოქაში უწევს მოღვაწეობა.

მართლმადიდებელი ეკლესიებიდან პირველმა, ახალი რომის _ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ (ამიტომ კონსტანტინოპოლის ეკლესია წარმოადგენს პირველს თანასწორთა შორის და არამც და არამც უფროსს და “მართლმადიდებელი ეკლესიების დირექტორს”, როგორადაც ცდილობს თავის წარმოჩენას ბართოლომეოსი. ი.მ.), რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიო პატრიარქი და ამიტომ იწოდება, როგორც მსოფლიოს საპატრიარქო, სივრცობრივად თავისი განვითარების კულმინაციას XVIII საუკუნის ბოლოს მიაღწია.

მასში იმხანად სრულად შედიოდა მცირე აზია, ბალკანეთის ნახევარკუნძული (ჩერნოგორიის გარდა) მის გარშემო არსებული კუნძულებით, რადგან სხვა დამოუკიდებელი ეკლესიები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მსოფლიოს საპატრიარქოს შემადგენლობაში შევიდა. მსოფლიო პატრიარქმა ჯერ კიდევ თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამდე მიიღო სულთნისგან ტიტული მილეთბაში, ანუ ხალხის მეთაური და თურქეთის იმპერიაში მცხოვრები მართლმადიდებლების ხელმძღვანელად ითვლებოდა, რაც ხელს არ უშლიდა თურქეთის მთავრობას, როცა მოისურვებდა, მაშინ შეეცვალა პატრიარქი და დაენიშნა არჩევნები. თანაც, ახალარჩეულისგან ყოველთვის იღებდნენ დიდ ხარკს. როგორც ჩანს, ხარკის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქებისთვის, რადგან ზოგჯერ უკვე შეცვლილ პირს აბრუნებდნენ ხოლმე პატრიარქის ტახტზე.

ამრიგად, რამდენიმე პირი პატრიარქის ტახტზე რამდენჯერმე იჯდა და მისი ყოველი მოსვლა იწყებოდა თურქებისთვის ხარკის (გადასახადის) მირთმევით. იმ თანხის მოსაგროვებლად, რომელიც საჭირო იყო პატრიარქის ტახტზე ასასვლელად, პატრიარქობის კანდიდატი დაქვემდებარებული მიტროპოლიტებისგან იღებდა ფულს. ისინი, თავის მხრივ, თანხას მათდამი დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს სთხოვდნენ. თანხის შეგროვება თავის დამღას ასვამდა საპატრიარქოს ცხოვრებასა და წყობას. საპატრიარქოზე, აგრეთვე, დიდ გავლენას ახდენდა ბერძნული იდეა _ ბიზანტიის აღდგენისადმი სწრაფვა, თავდაპირველად კულტურული თვალსაზრისით, სამომავლოდ კი _ პოლიტიკურადაც. ამისთვის მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდნენ ზემოაღნიშნული იდეის ერთგულ ადამიანებს, ძირითადად, ბერძნებს _ კონსტანტინოპოლის ფენერის (ისტრიული უბანი სტამბოლში, სადაც მდებარეობს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია) ახლომდებარე ადგილებიდან. თითქმის ყოველთვის საეპისკოპოსო კათედრებს იკავებდნენ ბერძნები, მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას სლავები შეადგენდნენ.

XIX საუკუნის პირველი წლებიდან იწყება ბალკანეთზე მცხოვრები ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობა თურქების უღლის გადასაგდებად. თავდაპირველად აღმოცენდა ნახევრადდამოუკიდებელი, შემდეგ კი თურქეთისგან სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოები _ სერბეთი, ელადა, რუმინეთი და ბულგარეთი. პარალელურად მიმდინარეობდა მსოფლიოს საპატრიარქოსგან გამოყოფილი ახალი ეკლესიების ჩამოყალიბება. მსოფლიოს საპატრიარქომ, გარემოებების გათვალიწინებით, აღიარა ეკლესიების დამოუკიდებლობა სერბეთში, ელადასა და რუმინეთში. გართულდა მხოლოდ ბულგარეთის საკითხი, რადგან ამ ქვეყანას ჯერ კიდევ სრულად არ ჰქონდა მოპოვებული პოლიტიკური დამოუკიდებლობა _ სულთნის ფირმანის გარეშე ბულგარეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის გამოცხადება არ აღიარა მსოფლიოს საპატრიარქომ და რამდენიმე ეპარქიაში პარალელური სტრუქტურები შეიქმნა.

1912 წელს, როდესაც დაიწყო ბალკანეთის ომი, მსოფლიოს საპატრიარქო ფლობდა 70 მიტროპოლიასა და რამდენიმე საეპისკოპოსოს. 1912-1913 წლების ომის შედეგად თურქეთს ჩამოეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი დიდი სასულიერო ცენტრებით, როგორიც არის სოლუნი და ათონი. 1914-1918 წლების ომმა თურქეთს დროებით წაართვა ფრაკია და მცირე აზიის სანაპირო ისტორიული ქალაქი სმირნათი (ახლანდელი ისტორიული ქალაქი იზმირის ტერიტორიაზე _ ნ.კ.), რომელიც, სხვათა შორის, 1922 წელს დაკარგა საბერძნეთმა კონსტანტინოპოლზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ. 1922 წელს მსოფლიოს პატრიარქი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა სერბეთის ეკლესიისთვის ყველა ოლქის მიერთება, რომლებიც შევიდა იუგოსლავიის შემადგენლობაში. ამასთანავე, დათანხმდა ელადის ეკლესიაში რამდენიმე ეპარქიის შესვლაზეც, თუმცა შეინარჩუნა თავისი იურისდიქცია ათონზე.

მსოფლიოს საპატრიარქოს საზღვრები და მისი ეპარქიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მან, ფაქტობრივად, დაკარგა მცირე აზია, თუმცა ეს ტერიტორია მაინც დარჩა მისი იურისდიქციის ქვეშ. თურქეთსა და საბერძნეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, 1923 წელს ამ სახელმწიფოებმა გაცვალეს მოსახლეობა. ამის გამო მცირე აზიის ბერძენი მოსახლეობა უნდა გადასახლებულიყო ელადაში. უძველესი ქალაქები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო საქმეებში, მართლმადიდებლებისგან დაიცალა. ამასთანავე, მსოფლიოს პატრიარქმა დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა თურქეთში, რადგან ქემალ ფაშამ ჩამოართვა ხალხის წინამძღოლის წოდება. მსოფლიოს პატრიარქს, ფაქტობრივად, ხუთი ეპარქია ემორჩილებოდა თურქეთის ტერიტორიაზე და ათონი _ საბერძნეთში. პატრიარქი შებოჭილია თავისი უფლებების გამოყენებისას საეკლესიო საქმეებში თურქეთის საზღვრებში, სადაც განიხილება, როგორც თურქეთის რიგითი მოხელე ქვეშევრდომი, თანაც სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფი.

თურქეთის მთავრობამ, რომელიც უცერემონიოდ ერევა თავისი მოქალაქეების ცხოვრებაში, განსაკუთრებული პრივილეგიის სახით დართო ნება მსოფლიო პატრიარქსა და სომხეთის პატრიარქს, ეტარებინათ გრძელი თმა და სამოსი, სხვა სასულიერო პირებს კი ეს აუკრძალა. მსოფლიოს პატრიარქს არ აქვს უფლება, ხელისუფლების დაუკითხავად დატოვოს თურქეთი, ბოლო ხანს კი თურქეთის მთავრობა დაჟინებით ცდილობს პატრიარქის გადაყვანას ახალ დედაქალაქში ანგორაში (ანკარაში _ ნ.კ), სადაც ამჟამად არც ერთი მართლმადიდებელი არ ცხოვრობს. წმინდა კონსტანტინეს ქალაქის იერარქიის ასეთი დამცირების მიუხედავად, მართლმადიდებელთა შორის არ შემცირებულა ნდობა იოანე ოქროპირისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიმართ. გრიგოლის მემკვიდრეს თავისუფალდ შეეძლო, ემართა სრულიად მართლმადიდებელი სამყარო, მათნაირი სიმტკიცე რომ ჰქონოდა სიმართლის, ჭეშმარიტების დაცვის საქმეში. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაგრძელდა მსოფლიო საპატრიარქოს ნგრევა. ეპარქიების დაკარგვისა და მათი პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების ფონზე მსოფლიო საპატრიარქომ მოისურვა, თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ოლქები, რომლებშიც მანამდე არ ყოფილა მართლმადიდებლური იერარქია, აგრეთვე, ეკლესიები იმ სახელმწიფოებისა, რომელთა მთავრობაც არ იყო მართლმადიდებელი. მაგალითად, 1922 წლის 5 აპრილს პატრიარქმა მელეტი IV- დასავლეთი და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი დანიშნა მიტროპოლიტის ტიტულით ლონდონში.

1921 წლის 15 აპრილს დააარსა უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის მიტროპოლია კათედრით ბუდაპეშტში, თუმცა იქ უკვე იმყოფებოდა სერბი ეპისკოპოსი; ამერიკაში შექმნა მსოფლიოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული საარქიეპისკოპოსო; შემდეგ, 1924 წელს, შექმნა ეპარქია ავსტრალიაში კათედრით სიდნეიში. 1938 წლიდან ავსტრალიის არქიეპისკოპოსს დაემორჩილა ინდოეთი, ამასთანავე, ამ პერიოდში დაიწყო რუსეთს მოწყვეტილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი ნაწილის დამორჩილება-დაქვემდებარება. მაგალითად, 1923 წლის ივნისში მსოფლიო პატრიარქმა თავის იურისდიქციაში მიიღო ფინეთის ეპარქია, როგორც ფინეთის ეკლესიის ავტონომია; 1923 წლის აგვისტოში ასეთივე უფლებებით დაიქვემდებარა ესტონეთის ეკლესია; 1924 წლის 13 ნოემბერს პატრიარქმა გრიგოლ VII-მ აღიარა პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალია; 1936 წლის მარტში მსოფლიოს პატრიარქმა თავის იურისდიქციას დაუქვემდებარა ლატვია. 1937 წლის 28 თებერვალს მსოფლიო პატრიარქის ხელდასმით ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის ეკლესიის ეპისკოპოსად დაინიშნა თევდორებოგდანი (შპილკო). ამრიგად, პატრიარქი მის დაქვემდებარებაში არსებული სივრცის მიხედვით მართლაც მსოფლიოს პატრიარქი გახდა. მსოფლიოს საპატრიარქოში შედის თითქმის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი სივრცე, სამი არც ისე დიდი ეკლესიის გარდა. თვით საბჭოთა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც კი შედის მსოფლიო საპატრიარქოში. აფართოებს რა თავის გავლენას რუსულ ოლქებზე და თავის კონტროლს უქვემდებარებს მათ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ისიც კი განაცხადა, უკრაინის ეკლესია უკანონოდ მიიერთა მოსკოვის საპატრიარქომო, და ისიც, კიევის სამხრეთ რუსული მიტროპოლია, კონსტანტინოპოლის ტახტს უნდა ემორჩილებოდესო. ეს თვალსაზრისი არა მხოლოდ გამოხატულია 1924 წლის 13 ნოემბრის ტომოსში პოლონეთის ეკლესიის გამოყოფის შესახებ, არამედ ხორციელდება თანმიმდევრულად. მაგალითად, მსოფლიო პატრიარქის ნებართვით, პარიზში მიტროპოლიტ ევლოგის მიანიჭეს ხერსონის მიტრპოლიტის ტიტული, თითქოს ხერსონი, რომელიც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაა, მსოფლიოს პატრიარქს ემორჩილებოდა.

მსოფლიო პატრიარქს უფლება რომ მისცე, სრულიად რუსეთს გადაიყვანდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, მაგრამ რეალური სულიერი სიძლიერე და ძალაუფლების საზღვრები შორს არის კონსტანტინოპოლის ასეთი თვითაღზევებისგან. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ მსოფლიო პატრიარქის ძალაუფლება თითქმის ყველგან მოჩვენებითია და გამოიხატება მხოლოდ ადგილზე ეპისკოპოსების დანიშვნაში ან გაგზავნაში კონსტანტინოპოლიდან. ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც კონსტანტინოპოლი თავს მორჩილად მიიჩნევს, მართლმადიდებელი მრევლი საერთოდ არ არის.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ზნეობრივი ავტორიტეტი ძალიან დაეცა საეკლესიო საქმეს გაუწონასწორებელი მოქმედებების გამო. მაგალითად, პატრიარქმა მელეტი VI-მ ცალკეული ეკლესიების წარმომადგენლების მეშვეობით ჩაატარა “ყველა მართლმადიდებელთა კონგრესი”, რომელზეც დაადგინეს, რომ ახალ სტილზე უნდა გადავსულიყავით. მსოფლიო პატრიარქმა ამ დადგენილებით, რომელიც ეკლესიების დიდმა ნაწილმა არ მიიღო, საშინელი განხეთქილება გამოიწვია მართლმადიდებელთა შორის.

საზოგადოდ, მსოფლიო საპატრიარქო, თეორიულად მსოფლიოს უნდა მოიცავდეს, მაგრამ მისი ძალაუფლება მხოლოდ რამდენიმე ეპარქიაზე ვრცელდება. დანარჩენ ადგილებზე მხოლოდ ზედაპირულ ზედამხედველობას ახორციელებს და ამით გარკვეულ შემოსავალს ღებულობს. მან დაკარგა ჭეშმარტების ბურჯის მნიშვნელობა და მიწიერ ძალაუფლებას გამოდევნებული, საცოდავ სანახაობად არის ქცეული.

ეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი) ბელგრადი

ვებგვერდ provoslavie.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here