“მთავარია, მოვიკრიბოთ გამბედაობა და განვმარტოთ, რომ “ეკოლოგიური ბიზნესის” უკან დღეს კოლოსალური ინტერესები დგას”.
პედრუ ჟორდაუ
ცნობილია, თუ რა ურთიერთკავშირია ენერგეტიკას, ბუნებრივ მარაგებსა და კონკრეტულ რეგიონში ან მსოფლიოში პოლიტიკურ გაბატონებას შორის. ასე გვიყალიბდება წარმოდგენა მრეწველობაგანვითარებულ დასავლეთზე, რომელიც, ამასთანავე, უაღრესად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის არასტაბილური ქვეყნების მიერ გაკონტროლებულ ნავთობის მარაგზე.
მსოფლიოში არსებული დისბალანსი, რომლის დროსაც რეგიონების ერთი წყება აკონტროლებს ენერგეტიკულ რესურსებს, სხვები კი მწვავედ განიცდის ამ რესურსის ნაკლებობას, მომავალშიც შეინარჩუნებს მნიშვნელობას ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების განაწილებისა და სტრატეგიული გავლენის მოპოვების საქმეში.
უახლოეს ათწლეულებში მოხმარებისა და წარმოების ჩვენთვის ცნობილი მოდელები მნიშვნელოვნად შეიცვლება. იმაზე, თუ როგორ შევაფასებთ ამ მოვლენებს, დამოკიდებულია, შორსმჭვრეტელური თუ იქნება ენერგეტიკის დარგში ევროპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს ნაწილობრივ გონივრულია, ნაწილობრივ _ სიბეცით დაღდასმული.
მომავალი 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა 1,2 მილიარდი ადამიანით გაიზრდება, რაც უდრის, მაგალითად, პორტუგალიის მოსახლეობის დღევანდელ რაოდენობას გამრავლებულს 120-ზე ან ევროკავშირში მცხოვრებთა 2,5-ჯერ გაზრდილ რაოდენობას. ამასთანავე, ამ ზრდის მხოლოდ სამი პროცენტი მოდის დასავლეთზე. მსოფლიოში ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანი იბადება.
ეს ახალი მოსახლეობა დემოგრაფიული მატების უბრალო მაჩვენებელი არ არის. აქ იგულისხმება მოსახლეობის ზრდა განვითარებად ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა, როგორც წესი, დასავლეთისაზე გაცილებით სწრაფია. უახლოეს 40 წელიწადში ეკონომიკის ერთობლივი მოცულობით ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია მდიდარი ქვეყნების დონეს გაუთანაბრდება, კერძოდ, G7-ში გაერთიანებულ ქვეყნებს _ აშშ-ს, იაპონიას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და კანადას.
უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში საშუალო კლასის წარმომადგენელთა რაოდენობა სამჯერ გაიზრდება იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს “განვითარებად” ქვეყნებად არის მიჩნეული. ევროპა თანდათან დაკარგავს მსოფლიო მასშტაბის გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, საკუთარ თავში დარწმუნებული უვიცები, როგორც ჩანს, მიიჩნევენ (და ამ მოსაზრებას თავს ახვევენ მოქალაქეებს), რომ კონტინენტის უნიფიკაცია (რაც არ ნიშნავს გაერთიანებას) მომავალი წარმატების საწინდარია. 15 წლის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა ევროკავშირში გაერთიანებული 27 ქვეყნის ერთად აღებულ ეკონომიკებზე უფრო დიდი იქნება (გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის ეკონომიკა ასევე დისტანცირდება ევროპის ეკონომიკისგან).
ხარისხობრივი ცვლილებები უკვე მრავალ დონეზე ვლინდება. ადვილად ხელმისაწვდომმა განათლებამ და შრომით ბაზარზე ქალების მასობრივმა შესვლამ სტრუქტურული ცვლილებები შეიტანა თითქმის ყველა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაში. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს.
ეკონომიკური ზრდის პირობებში განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო მეტ საქონელს დაამზადებენ, განვითარდება მომსახურების სფერო, რაც გამოიწვევს ადგილებზე კეთილდღეობის ამაღლებასა და მოხმარების ზრდას. გარდაუვალია ენერგიისა და ნედლეულის მოხმარების გაზრდა. განვითარებადი ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც დღეს კაცობრიობის 85 პროცენტი ცხოვრობს, კვლავაც მოიმატებს, ისევე, როგორც მათი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარი, გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. გარდაუვალია სატრანსპორტო გადაზიდვების ინტენსიფიკაცია. მნიშვნელოვნად იმატებს ენერგოეფექტიანობა სატრანსპორტო სფეროში (და სხვა დარგებში).
20 წლის შემდეგ პლანეტის მოსახლეობას დასჭირდება იმაზე 50 პროცენტით მეტი ენერგია, რამდენსაც დღეს ხარჯავს. 10 წლის შემდეგ ენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით 90 პროცენტი დასჭირდება განვითარებად ქვეყნებს. მოკლედ რომ ვთქვათ, უახლოეს ათწლეულებში, ენერგიის წყაროების ზონებზე კონტროლის დაწესებიდან გამომდინარე, გავლენის სფეროების მასშტაბური ცვლილების მოწმენი გავხდებით.
დღეს ინდოეთში ჩასული ადამიანი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ქალაქში მოძრაობის ინტენსივობას, მაგრამ არანაკლებ შთაბეჭდილებას დაუტოვებს ტვირთის ნაკადების სიმჭიდროვე სოფლად. სიღარიბე ამ ქვეყანაში უწინდებურად ყოვლისმომცველი მოვლენაა, მაგრამ ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება. ეს მხოლოდ ერთი უბრალო მაგალითია, რომელიც ადასტურებს განვითარებადი ქვეყნების აღმასვლას. ეკონომიკური სტარტის დაბალი დონიდან ისინი წინ მიიწევენ ისეთი შთამბეჭდავი ტემპით, რომ უახლოეს ათწლეულებში უეჭველად გაგვისწრებენ ბევრ დარგში. მიუხედავად ამისა, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავი პროგრესულ ადამიანებად მიაჩნიათ, უიმედოდ ჩამორჩნენ და ისეთი საკითხების განხილვით არიან დაკავებულნი, რომლებსაც რეალურ პრობლემებთან კავშირი არ აქვს.
მომავალში კამათის მთავარი საგანი იქნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების საკითხი. ცენტრალური აზია, კერძოდ, კასპიის ზღვის აუზი, იქნება დაძაბულობის მთავარი კერა, რომელმაც შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. ზონები, რომლებიც დღევანდელ სტრატეგიულ თამაშში ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება, უმკაცრეს პირობებში მიმდინარე ანალიზის ობიექტებად იქცა. მაგალითისთვის დავასახელებ არქტიკას. ხელისუფლების კულუარებში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მთავარი საზღვაო არტერიების პრობლემა, რომლებითაც ნავთობის, საქონლისა და ნედლეულის გლობალური გადაზიდვები მიმდინარეობს. დღეს ორმუზის სრუტით ნავთობის მსოფლიო ექსპორტის 16 პროცენტი გადის, 20 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 30 პროცენტს მიაღწევს.
მაშინ, როცა ნავთობის მომპოვებელი ბევრი ქვეყანა მოპოვების მოცულობას ამცირებს, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ერაყი და რუსეთი, უახლოეს ათწლეულებში განაგრძობენ თავიანთი პოტენციალის გაზრდას ამ მიმართულებით. ბრაზილია იქნება ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ნავთობითა და გაზით უმდიდრესი საბადოს სანტუსის აუზის წყალობით. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სექტორის მწარმოებლური ძალა დღევანდელისგან განსხვავებით იქნება განაწილებული. ევროპელი მწარმოებლები აშკარად დაკნინდებიან. ფრიად მნიშვნელოვანია წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმა. მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობისა და საყოველთაო მხარდაჭერის პირობებშიც კი პრობლემის გადაწყვეტას წლები დასჭირდება.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არის განპირობებული ენერგეტიკისა და ბუნებრივი მარაგების მომავალი მოთხოვნილებით. იმავე გზას ადგას ინდოეთიც. კვებისა და წყლის მარაგებს გაცილებით მეტი საშიშროება ემუქრება, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუმცა ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაცია უფრო კეთილსასურველი მიმართულებით ვითარდება.
მაგალითად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს თევზის რესურსების პრობლემა. ბოლო 30 წლის განმავლობაში თევზჭერის დარგში სიტუაცია სტაბილური რჩებოდა, მაგრამ სულ უფრო ხშირდება დასაშვები ოდენობით თევზჭერის მოცულობის დარღვევის შემთხვევები, რაც თევზის მარაგის შემცირების მიზეზი ხდება. მაგალითად, ჩრდილოეთის ზღვაში სამრეწველო ვირთევზას 93 პროცენტს იჭერენ მანამდე, სანამ თევზი გამრავლებას დაიწყებს.
1950 წელს მსოფლიოში თევზის წარმოების საერთო მოცულობამ 19 მილიონი ტონა შეადგინა. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ მსოფლიოში მოსახლეობის ერთ სულზე თევზის მოხმარების დღევანდელი მაჩვენებელი, უახლოეს 20 წელიწადში დაგვჭირდება წარმოების გლობალური გაზრდა. იგულისხმება რეწვის ათობით მილიონი ტონით მატება, რის განხორციელებაც თევზჭერისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია.
მაგრამ ბოლო წლებში თევზის მოშენებას აღნიშნულ დარგში მნიშვნელოვნად დიდი წვლილი შეაქვს, რის შესახებაც ბევრს წარმოდგენაც არ აქვს. თუ 1970 წელს მსოფლიოში მოშენებული თევზის წილი საერთო მოცულობის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენდა, 2006 წელს 25 პროცენტს მიაღწია.
უაღრესად მნიშვნელოვანია, მოვიკრიბოთ გამბედაობა და განვმარტოთ, რომ “ეკოლოგიური ბიზნესი” დღეს მავანთა ანგარებას ემსახურება.
დახმარება, რომელსაც ხელისუფლება საქმიანობის ამ სფეროს გადამხდელთა ფულით უწევს, ყოველთვის როდი არის გამჭვირვალე. ბიზნესი, რომელიც ენერგიის განახლებად წყაროებთან არის დაკავშირებული, კორუფციის ფრიად ბარაქიან ნიადაგად შეიძლება იქცეს, რადგან ამ დარგის გამოსაცოცხლებლად ბიუჯეტებიდან უზარმაზარი თანხები გამოიყოფა.
ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მარტივი მაგალითი განვიხილეთ, რომლებითაც ასე თუ ისე ნათლად წარმოვადგინეთ ენერგეტიკისა და ნედლეულის გეოპოლიტიკაში არსებული ძირეული ტენდენციები. უახლოეს მომავალში, როცა პლანეტის მოსახლეობა მოხმარების მომდევნო საფეხურზე გადავა, მოსალოდნელია ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების მკვეთრი ზრდა, ამასთან ერთად კი _ ამ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიზეზით ვითარების გართულება.
სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილება ძალიან ძნელი იქნება, ეს უეჭველია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა თვალშისაცემი არ არის, მსოფლიო სახელმწიფოების კულისებში უკვე მიმდინარეობს მზადება ამ მასშტაბური შერკინებისთვის.
მომზადდა
პორტუგალიური გამოცემა Publico–ს მიხედვით