მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატამდე, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს მოსკოვში, 29 დღე დარჩა და სპორტის ამ ყველაზე პოპულარულ სახეობაში უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების დაწყებას მოუთმენლად ელის მილიონობით გულშემატკივარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; მათგან რამდენიმე ასეული ათასი, რომლებსაც ბედი გაუღიმებს, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით რეკონსტრუირებული და ახალაშენებული სტადიონების ტრიბუნებიდან, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3 მლრდ ტელემაყურებელი კი ტელეეკრანებზე მიადევნებს თვალს საუკეთესო ეროვნული ნაკრებების ასპარეზობასა და ფეხბურთის ვარსკვლავების თამაშს…
ფეხბურთის გულშემატკივრები არცთუ იშვიათად კამათობენ, რომელი ფეხბურთელები უფრო ძლიერები არიან: ისინი, ვინც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში თამაშობდნენ თუ ამჟამინდელი პერიოდის; სამწუხაროდ, დღეს შეუძლებელია გასული საუკუნის ლეგენდების გამოყვანა მინდორზე, მათი დაპირისპირების ხილვა თანამედროვე ფეხბურთის დიდოსტატებთან და თითოეული მათგანის ოსტატობის ობიექტური შეფასება, მაგრამ, ბევრი სტაჟიანი გულშემატკივრის აზრით, ადრე თავდამსხმელები უფრო ინდივიდუალურ, შემოქმედებით თამაშს აჩვენებდნენ, ნახევარმცველები უფრო ძლიერი იყვნენ, მეკარეები შესანიშნავი რეაქციით გამოირჩეოდნენ, დაცვა კი თითქმის გაუვალი იყო. როცა ამ საკითხზე კამათობენ, ასახელებენ ბრაზილიელებს _ პელესა და გარინჩას, უნგრელ ფერენც პუშკაშს, გერმანელებს _ ფრანც ბეკენბაუერსა და გერდ მიულერს, ჰოლანდიელ იოჰან კროიფს. ინგლისელ ბობი ჩარლტონს, არგენტინელ დი სტეფანოსა და მის თანამემამულე დიეგო მარადონას. ქართველი გულშემატკივრებისთვის (და არა მხოლოდ) გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები არიან ბორის პაიჭაძე, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ (სიომა) ბარქაია, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, უფრო გვიანდელი თაობიდან _ მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე და სხვ.
ჩამოთვლილ ლეგენდარულ ფეხბურთელთაგან ბევრის თამაში დღევანდელი გულშემატკივრების დიდ ნაწილს მხოლოდ 1958, 1962, 1966 და 1970 წლების საფეხბურთო ჩემპიონატებზე გადაღებული დოკუმენტურ ფილმებში თუ უნახავს. საზოგადოდ კი, საფეხბურთო ჩემპიონატების ტელეტრანსლაცია 1966 წელს ინგლისში გამართული VIII მსოფლიო ჩემპიონატით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია _ მეოთხე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა (ნახევარფინალში დამარცხდა გფრ-სთან _ 1:2, III ადგილისთვის ბრძოლაში კი _ ამავე ანგარიშით პორტუგალიის ნაკრებთან). ამ ნაკრების შემადგენლობაში იყო 4 ქართველი ფეხბურთელი:
ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი.
მედასავლეთე ლიბერალების მიერ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, თითქოს საბჭოთა კავშირში ყველაფერი ცუდი იყო, ქართველებს ჩაგრავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ, უნდა ითქვას, რომ სწორედ საბჭოთა პერიოდში მიაღწია ქართულმა ფეხბურთმა, საერთოდ, ქართულმა სპორტმა, და არა მხოლოდ სპორტმა _ კინომ, თეატრმა, ლიტერატურამ, მხატვრობამ უდიდეს წარმატებებს. იმ “ბნელ” საბჭოთა პერიოდში ქართველებს გვყავდა მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ჭადრაკში _ ჯერ ნონა გაფრინდაშვილი, შემდეგ _ მაია ჩიბურდანიძე და ჩვენი ქვეყანა 30 წლის(!) განმავლობაში ინარჩუნებდა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს, გვყავდა მოჭიდავე ლევან თედიაშვილი _ ოლიმპიური თამაშების 2-გზისა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა _ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი, განუმეორებელი ვიქტორ სანეევი _ მსოფლიოში ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც სამხტომში 3-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება და რომელიც ამჟამად შორეულ ავსტრალიაშია გადახვეწილი. როგორ შეიძლება დავივიწყოთ თბილისის “დინამოს” კალათბურთელების მიერ 1962 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვება მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ან თბილისის “დინამოს” საფეხბურთო გუნდის 1964 წლის “ოქროს მატჩი” ტაშკენტში თუ 1981 წელს მოპოვებული გამარჯვება დიუსელდორფში და ამ გამარჯვებებით გამოწვეული საყოველთაო სიხარული?!
“ჩაგვრის” მიუხედავად, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით სხვადასხვა წელს უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ ქართველი ფეხბურთელები: ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, ავთანდილ ჭკუასელი, ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, შოთა ხინჩაგაშვილი, რამაზ შენგელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რევაზ ჩელებაძე, თამაზ კოსტავა. 1960 წლის ევროპის ერთა თასზე (ასე ერქვა იმხანად ევროპის პირველ საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელშიც სსრკ-მა გაიმარჯვა) ოქროს მედლები მოიპოვეს გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა, მიხეილ მესხმა; 1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა გელა კეტაშვილმა.
დავუბრუნდეთ 1966 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც უამრავი სკანდალით აღინიშნა: ჯერ, ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე, ვერცხლისგან ჩამოსხმული და მოოქრული ქალღმერთი ნიკე (იმჟამინდელი კურსით 30 ათას გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული) _ ჟიულ რიმეს სახელობის თასი, რომელიც ლონდონის ცენტრში, ვიტრინაში იყო გამოფენილი დასათვალიერებლად და რომელსაც 24 საათის განმავლობაში სკოტლენდ-იარდი იცავდა, ქურდებმა თვალსა და ხელს შუა აწაპნეს ბრიტანელ სამართალდამცველებს. თასი, რომელსაც ეძებდნენ ბრიტანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში, ვინმე დევიდ კორბეტის ძაღლმა, სახელად პიკლზმა (“ცუღლუტი”), ბუჩქებში შემთხვევით იპოვა ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბევრი ვარაუდობდა, რომ ინგლისელებმა თასი ხელახლა დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 1983 წლის დეკემბერში ეს თასი ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ოფისიდან მოიპარეს, იქ კი აღარ იყო კიდევ ერთი პიკლზი, რომელიც იპოვიდა, და თასიც სამუდამოდ დაიკარგა…
1966 წელს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, სადაც ინგლისი არგენტინას ხვდებოდა, გერმანელმა მსაჯმა კრაიტლანმა 35-ე წუთზე მოედნიდან გააძევა არგენტინის ერთ-ერთი ლიდერი რატინი, როგორც მსაჯმა განაცხადა, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, არადა, როგორც გაირკვა, გერმანელმა მსაჯმა ესპანური არ იცოდა. რატინი უარს ამბობდა მინდვრიდან გასვლაზე, მაგრამ ის რამდენიმე პოლიციელმა ძალით გაიყვანა. ამ ინციდენტიდან 30 წუთში ინგლისელებმა გამარჯვების ბურთი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ფინალი კი, სადაც “ნისლიანი ალბიონის” წარმომადგენლები გფრ-ის ნაკრებს შეხვდნენ, კიდევ ერთი სკანდალით აღინიშნა. ლაინსმენმა, აზერბაიჯანელმა ტოფიკ ბახრამოვმა, როცა ანგარიში იყო 2:2, გერმანელთა კარში გატანილად ჩათვალა ბურთი, რომელსაც კარის ხაზი არ გადაუკვეთია…
1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ და საფინალო სტადაზე სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა 6 (?) ქართველი ფეხბურთელი: ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია და მიხეილ მესხი. შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთ მატჩში, რომელიც 1965 წლის 27 ივნისს გაიმართა მოსკოვის ლუჟნიკებში და რომელსაც 100 ათასი მაყურებელი ესწრებოდა (დანიის ნაკრები 1964 წლიდან ევროპის თასის ნახევარფინალისტი იყო), სსრკ-მა ანგარიშით 6:0 გაანადგურა დანიის ნაკრები (დანია 1964 წლის ევროპის თასის ნახევარფინალისტი იყო). ამ მატჩში ქართველებმა 4 ბურთი გაიტანეს: 2 _ ვლადიმერ ბარქაიამ, 1 _ მესხმა, ერთიც _ მეტრეველმა. ამასთანავე, ბარქაიას პასით ვორონინმაც შეაგდო ბურთი დანიელთა კარში. “ეს იყო განუმეორებელი სპექტაკლი, განსაცვიფრებელი სანახაობა, რომელიც შექმნეს მესხმა, მეტრეველმა და ბარქაიამ”, _ წერდა იმდროინდელი საბჭოთა პრესა, _ მესხი თავბრუდამხვევი ფინტებით უსწორდებოდა დანიელთა მცველებს, ზოგს _ ერთი–ერთზე, ზოგს _ ჯგუფურად”.
იმავე 1965 წელს სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები ორჯერ შეხვდა იმხანად ორგზის (ზედიზედ) მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიის ნაკრებს, რომელშიც თამაშობდნენ პელე, გარინჩა, ჟერსონი და სხვები. პირველ მატჩში, რომელიც მოსკოვში 1965 წლის 4 ივლისს გაიმართა, მონაწილეობდა 5 ქართველი: ანზორ კავაზაშვილი, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია და მიხეილ მესხი (ტრავმის გამო არ იყო მურთაზ ხურცილავა). ეს შეხვედრა სსრკ-ის ნაკრებმა ანგარიშით 0:3 წააგო. მეორე მატჩში კი, რომელიც რიო-დე ჟანეიროში ცნობილ სტადიონ “მარაკანაზე” გაიმართა (ესწრებოდა 132 ათასი კაცი) და 2:2 დამთავრდა, ქართველებმა გაიბრწყინეს _ 1 ბურთი გაიტანა სლავა მეტრეველმა, რომელსაც ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა საბჭოელი გარინჩა შეარქვეს, მიხეილ მესხმა კი ჯერ ჯალმა სანტოსი დატანჯა თავისი ფინტებით, შემდეგ პელეს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. აი როგორ იხსენებს ამ მომენტს ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტ დემიკო ლოლაძესთან მიხეილ მესხი, რომელსაც ფეხბურთის ასევე ცნობილმა რუსმა მიმომხილველმა იური ვანიატმა “ფინტოლოგიის პროფესორი” შეარქვა: “ერთ–ერთ ეპიზოდში პელეს გვერდით აღმოვჩნდი. მე ზურგით ვიდექი, მივიღე ბურთი, შემოვბრუნდი, პელე უკვე ჩემ წინ იყო, ცრუმოძრაობა გავაკეთე და ბურთი ფეხებს შუა გავუძვრინე. ჯერ გაოგნდა, შემდეგ დამედევნა, ზურგზე შემახტა და მაკოცა. ასე გავირბინეთ რამდენიმე მეტრი, შემდეგ მსაჯმა ჯარიმა დანიშნა”. ეს იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი წარმატებული თამაში. ასეთი მატჩები სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ და მათ თავიანთი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერეს ფეხბურთის ისტორიაში. დღეს კი… დღეს საქართველოში, საფეხბურთო ტალანტებით ცნობილ ქვეყანაში, ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 27 წლის თავზე ფეხბურთს, სამწუხაროდ, პულსი აღარ ესინჯება…
ნიკა კორინთელი
ცნობისთვის:
საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება. ქართველებისთვის პირველი ოლიმპიადა იყო 1952 წელს ჰელსინკში გამართული თამაშები, სადაც 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მას შემდეგ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ანუ 1991 წლამდე 8 ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ჩვენი სპორტსმენები და 28 ოქროს, 23 ვერცხლისა და 34 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს; 1992-დან 2016 წლამდე კი 7 ოლიმპიადაზე _ მხოლოდ 11 ოქროს, 1 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი, თუმცა, თუ 1992 წლის მონაცემებს გამოვაკლებთ, როცა საქართველო დსთ–ის გუნდის სახელით გამოდიოდა, შედეგი კიდევ უფრო ნაკლები იქნება _ 8 ოქროს, 1 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი, ანუ 3-ჯერ და მეტჯერ ნაკლები.