არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ისტორიული მემკვიდრეობისა” და ინტერნეტგამოცემა ,,საქართველო და მსოფლიოს” ხელმძღვანელის _ ტარიელ გაგნიძისა და ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებლის _ გულბაათ რცხილაძის ინიციატივით 27 თებერვალს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით ,,მსოფლიო პოლიტიკაში სწრაფად ცვალებადი პროცესები, რუსეთის აქტუალური საგარეო პოლიტიკა _კავკასია და უკრაინა”.
მრგვალ მაგიდაზე განიხილეს თემები:
* რუსეთისა და დასავლეთის სახელმწიფოების ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება; უკრაინის პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი;
* ამერიკული ელიტის იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, გააცნობიერა რუსეთის დამორჩილებისა და მის რესურსებზე კოტროლის დამყარების შეუძლებლობა, ამიტომ გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის კურსის რადიკალური შეცვლა. მიუხედავად ამისა, წინ რთული დისკუსიებია, რადგან შესაძლებელია, ვაშინგტონში ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე შიგნიდან გაძლიერდეს წნეხი;
* უკრაინა დაღუპა ფაშისტურმა იდეოლოგიამ, რუსოფობიამ, ანტიმართლმადიდებლობამ. ზელენსკი უკრაინის პრობლემების მხოლოდ ხილული მცირე ნაწილია; უკრაინა ამერიკელი და ევროპელი გლობალისტების იარაღად იქცა, ახლა იგი ამერიკელებისთვის უსარგებლო შეიქნა. სამაგიეროდ, მათ სჭირდებათ უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეები – მიმდინარეობს უკრაინის კოლონიზაცია აშშ-ის მიერ; რუსეთის მიზანი არ არის უკრაინის რესურსების მითვისება, რუსეთმა უკრაინაში დაიცვა რუსულენოვანი მართლმადიდებელი მოსახლეობა;
* საქართველომ უარი უნდა თქვას რუსოფობიული საგარეო პოლიტიკის რეციდივებზე და შეუერთდეს დიალოგის ,,3+3” რეგიონულ ფორმატს.

მრგვალი მაგიდა გახსნა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ:
,,ერთი მხრივ, ტრამპი პუტინისთვის ,,სასარგებლო იდიოტია”, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკა გრძელვადიან გამოწვევებს შექმნის”
,,აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ პირობებში მას არ სჭირდება ომები მიზნის მისაღწევად. მისი მიზანი კი არის სწრაფი წვდომა ახალ მინერალურ რესურსებზე. ეს რესურსებია, პირველ რიგში, იშვიათი ლითონები, აგრეთვე, ნავთობი და ბუნებრივი აირი.
ტრამპმა და მისი გარემოცვის წევრებმა გააცნობიერეს რუსეთის დამორჩილებისა და მისი რესურსების ძარცვის შეუძლებლობა, ამიტომ მათ სამიზნეში ამოიღეს პატარა დანია, რომელიც ვერ შეძლებს კონტროლის შენარჩუნებას უზარმაზარ გრენლანდიაზე, თუ გაგრძელდება ამერიკული წნეხი.
სანაცვლოდ აშშ ,,კეთილშობილურად ” სთავაზობს ყველას მშვიდობას…
ტრამპის საგარეო პოლიტიკაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ ისრაელის უპირობო მხარდაჭერა, სულერთია, რაც უნდა გააკეთოს ამ ქვეყანამ. ისრაელისათვის ტრამპი მზადაა ირანთან საომრადაც კი…
მიუხედავად საგარეო პოლიტიკისადმი მერკანტილური მიდგომისა, ტრამპი მზად არის, არ დაიშუროს თანხები ისრაელის სიმშვიდისათვის და ,,გამოისყიდოს” სექტორი ღაზა, იქიდან კი 2 მლნ ადამიანი გადაასახლოს.
ტრამპის ასეთი ,,გარიგება ” ვერ იქნება მსოფლიოში სტაბილურობის გამაძლიერებელი ფაქტორი. ევროპულ სახელმწიფოებს, ისევე, როგორც თურქეთსა და ჩინეთს, სურთ წილი. ამ ვითარებაში აშშ მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებს მოკავშირეების გარეშე ყოფნას. ვაშინგტონმა მიატოვა მოკავშირეები და დაპირისპირებულია ნახევარ მსოფლიოსთან, ამიტომ რუსეთი შეძლებს თავისი პოზიციის გაძლიერებას მანამ, სანამ ტრამპი ამას მიხვდება.
ვფიქრობ, ,,ტრამპიზმი ” დროებითი მოვლენაა, მაგრამ ის წარუშლელ კვალს დატოვებს და სამყარო ძველებურ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდება. ერთი მხრივ, ტრამპი პუტინისთვის ,,სასარგებლო იდიოტია”, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკა გრძელვანიან გამოწვევებს შექმნის”…
გულბაათ რცხილაძემ ასევე ისაუბრა რუსეთის მოტივებზეც:
,,აშშ-ისგან განსხვავებით, რომელსაც თავიდანვე, 2014 წლის ,,მაიდნის ” მოწყობის წუთიდანვე, ამოძრავებდა არა მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგო გეოპოლიტიკური მიზნები, არამედ ანგარებიანი, ვიწრო კორუფციული მოტივებიც, რუსეთი ახორციელებდა მხოლოდ ჰუმანიტარულ ამოცანას _ რუსების, მართლმადიდებლების გადარჩენას. ეს ამოცანა გადაჯაჭვულია მოსკოვის სტრატეგიულ ინტერესებთან _ შავ ზღვაზე ნატოს შეკავებასა და ყირიმის შენარჩუნებასთან.
როგორც გაირკვა, აშშ-ს თავიდანვე სურდა უკრაინის ტოტალური დასუსტება და მისი ჩაყენება ამერიკისადმი სრული დამოკიდებულების მდგომარეობაში, რათა გზა გახსნოდა უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეების სრული კონტროლისკენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ძლიერი საპასუხო სვლა გააკეთა, როდესაც ამერიკელებს შესთავაზა იშვიათი ლითონების ერთობლივი ათვისება, არა მხოლოდ და არა იმდენად უკრაინაში, არამედ საკუთრივ რუსეთშიც. ამით რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი არ ცდილობდა და არ ცდილობს უკრაინის კოლონიზაციას; რუსეთი ცდილობს, დაეხმაროს ადამიანებს, გათავისუფლდნენ კოლონიური მოფაშისტო რეჟიმისგან.
კავკასიის რეგიონში ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და ფხიზლად მოეკიდოს რუსეთის საგარეო პოლიტიკას ფობიებისა და ცრუ წარმოდგენების გარეშე. საქართველოსთვის ფორმატი ,,3+3” შეიძლება იქცეს კარგ დასაწყისად ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის.
ამიერკავკასიაში არის სამი სახელმწიფო, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო პარტინორებთან ერთად დიალოგის წარმოება, ესენია: თურქეთი, ირანის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი, რომლებიც გარს აკრავს კავკასიას _ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. რუსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად ჰყავს აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რასაც ქართული მხარე არასოდეს შეურიგდება. მეორე მხრივ, რუსეთი ,,3+3” ფორმატში მონაწილეობს, ე.ი., ის არ აღიარებს საქართველოს გარდა სხვა რესპუბლიკას, ის არ ჯდება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსალაპარაკებლად რაიმე ფორმატში. ეს გასათვალისწინებელია…
,,რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ არის, ასე ვთქვათ, ჩაბეტონებული საკითხი… თუკი რუსეთს არ დაველაპარაკებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხს როგორ მოვაგვარებთ?!”

არასამთავრობი ორგანიზაცია ,,ისტორიული მემკვიდრეობისა” და ინტერნეტგამოცემა ,,საქართველო და მსოფლიოს” ხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ ძირითადად რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყების წინაპირობასა და ,,3+3” ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
,,რუსეთს უკრაინასთან საომარ მოქმედებაში ჩართვის მოტივაცია 2014 წელს გაუჩნდა, როდესაც უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არაკონსტიტუციური გზით დაამხეს. იქ იყო შეთანხმება და იანუკოვიჩის ხელშეუხებლობის გარანტი იყო, ერთი მხრივ, გერმანიის იმჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი და, მეორე მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მაგრამ ეს შეთახმება ფარატინა ქაღალდად იქცა და იანუკოვიჩი დაამხეს.
აქედან ცხადად გამოჩნდა, რომ რუსეთს ატყუებდნენ, უკრაინას კი მსხვერპლად ამზადებდნენ. ანგელა მერკელმა მემუარებშიც დაწერა, რომ იანუკოვიჩის შესახებ შეთანხმების შესრულებას არავინ აპირებდა და რომ სურდათ დროის მოგება და უკრაინის იარაღით გაძლიერება.
რუსეთმა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რადიკალური მოქმედებები, რადგან მოლაპარაკებებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აღარ დაუტოვეს. 2015 წლის სექტემბერში სირიაში დაიწყო პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერი ოპერაცია. იმხანად ასადის რეჟიმის დამხობა თვეების ამბავი იყო. დაამხობდნენ ასადს, დაბომბავდნენ ირანს და ამერიკისა და ევროპის იმჟამინდელი ისტებლიშმენტი მთელ ტერიტორიას მოისუფთავებდა…
სირიის საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ჩარევისას სირიაში საველე მეთაურებად მასობრივად დაიწყეს პანკისის ხეობიდან გამოსული ,,ბოევიკების ” დაწინაურება. შავი ურდოს სამიზნეში საქართველო შემდეგი იყო. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველოსკენ წამოსულიყვნენ თურქეთის ფარული მხარდაჭერით.
ამ წინაპირობებმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხრედო დაპირისპირება გამოიწვია, რომელიც ახლა დასასრულისკენ მიდის.
შევეხები ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, შემდეგ _ ვითომ დამოუკიდებლობამდე მსოფლიო ორპოლუსიანი იყო. საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირება, კოლექტიური დასავლეთისა და ამერიკის მეთაურობით, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გადაიზარდა. თანამშრომლობა არ განიხილებოდა: ან ერთს უნდა ეარსება, ან მეორეს…
ტრამპის მოსვლამ დაგვანახვა, რომ ასეთმა მიდგომამ თავი ამოწურა ეკონომიკურად და ფიზიკურად, ამის შესაძლებლობა გაქრა. ამერიკის ისტებლიშმენტის გარკვეულმა ნაწილმა, ლიბერალური ისტებლიშმენტისგან განსხვავებით, ვითარება გააცნობიერა და მიიღო ყველა ზომა, ამერიკისთვის კატასტროფის ასაცილებლად. ეს არის ტრამპის, ასე ვთქვათ, როგორც ფენომენის, შემადგენელი ერთი ნაწილი.
როცა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებამ ათეულობით წლის განმავლობაში შედეგი არ მოიტანა, ამერიკელებმა შეცვალეს მიდგომები, მაგრამ დომინირების სურვილი და მისწრაფება არ გამქრალა. კოლექტიურ დასავლეთში ეს არ ამოიშანთება.
გადაწყვიტეს მოლაპარაკებების გზით მიზნების მიღწევა, რასაც მოჰყვა თანამდევი პროცესი. გლობალური უსაფრთოებისა და გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესის სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა ფაქტობრივად აღარ არსებობს _ ტრამპმა ის თავისი ტარიფების შემოღებით მოსპო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებაში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ტარიფების შემოღება ეწინააღმდეგება წესდების მიზნებსა და ამოცანებს, მაგრამ ტრამპმა ეს ფეხებზე დაიკიდა და ცდილობს თავისი წესების შემოღებას. ტრამპს დიდი წინააღმდეგობები აქვს ყოფილ ისტებლიშმენტთან, ე.წ. ლიბერალების სახით. ის ხედავს, რომ ბრძოლას, რომელიც წამოიწყო, თავს მარტო ვერ გაართმევს და მოკავშირეები სჭირდება საერთაშორისო არენაზე. ასეთ მოკავშირედ მან რუსეთი დაინახა, რაც რუსეთისთვისაც მისაღებია. მათ საერთო ენა ძნელად, მაგრამ მაინც გამონახეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმაც და ამერიკამაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებში ჩინეთიც უნდა ჩაერთოს და იქმნება მსოფლიო სამკუთხედი. მსოფლიო პოლიტიკის სამი სუბიექტი _ რუსეთი, აშშ და ჩინეთი _ ცდილობენ, შექმნან თამაშის ახალი წესები და დაამკვიდრონ ახალი მიდგომები სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.
ამ მოცემულობით მოვედით საქართველომდე. რა უნდა ვქნათ? ,,ქართულმა ოცნებამ” იპოვა ძალა და გამბედაობა, არ აჰყვა ლიბერალებს და არ ჩაერთო ომში, ეს უკვე კარგია.
ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყანას, უპირველესად, სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს, ამის გარეშე ეკონომიკაზე ვერ ილაპარაკებ, არავინ ჩადებს ინვესტიციას და არანაირ ეკონომიკურ პროექტში არ ჩაგვრთავენ. საქართველომ აუცილებლად უნდა იპოვოს სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების თავშესაფარი და სწორედ ასეთია ,,3+3” ფორმატი. ამ პროექტს პრაგმატულად უდგებიან რუსები. ისინი ქართველებს გვეუბნებიან, რომ ჩვენი ადგილი ,,3+3” ფორმატშია, ჩვენ კი ჯერჯერობით უარს ვამბობთ.
რუსეთის პრეზიდენტს ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი: ,,თუკი ქართველები, ოსები და აფხაზები ერთმანეთში შეთანხმდებით, ჩვენ ამას უპირობოდ მივიღებთ”-ო. ეს გასათვალიწინებელია. იმხანად რუსეთმა ვითარებიდან გამომდინარე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ აქტორები იცვლებიან. ასე რომ, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ არის, ასე ვთქვათ, ჩაბეტონებული საკითხი”.
,,3+3” ფორმატი გამოსაყენებელია ჩვენი მხრიდან. მართალია, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი არ გადაწყდებაო და შესაძლოა, ამ საკითხში გავამართლოთ კიდეც, მაგრამ, თუკი რუსეთს არ დაველაპარაკებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს როგორ მოვაგვარებთ?!
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა გლობალურ სისტემაში ჩვენი ადგილის პოვნის შემადგენელი ნაწილია, რადგან, სანამ კონფლიქტის კერა არსებობს, პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე ვერ ილაპარაკებ. ამერიკელებმა ხელი დაიბანეს, ჩინეთს ინტერესი აქვს, რადგან აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სერიოზული მონაკვეთი საქართველოზე გადის, დიდძალ ფულს ხარჯავს, ამიტომ კონფლიქტური კერები ხელს არ აძლევს. საქართველო თუ პრინციპული აღმოჩნდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, წინააღმდეგი არ იქნება. ეს თემები წინ არის წამოსაწევი, ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს”…
ძირითადი მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დამსწრეთაგან ყველას მიეცა სიტყვით გამოსვლის საშუალება. იყო საინტერესო დებატები. რაც მთავარია, ყველა აღნიშნავდა, რომ ,,3+3” ფორმატში საქართველოს ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა