Home რუბრიკები პოლიტიკა მოტივტივენი

მოტივტივენი

2966
მოტივტივენი

საქართველომ დამოუკიდებლობა 27 წლის წინათ აღიდგინა და მას შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება ოთხჯერ შეიცვალა, ცვლილება ხშირად რევოლუციური ან ნახევრადრევოლუციური იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იშვიათად იცვლებოდნენ აღმასრულებელ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მყოფი ადამიანები. ბევრი ადამიანი, რომელთა სახელებთანაც დიდი და საგმირო საქმეები არ არის დაკავშირებული, ყოველთვის საპასუხისმგებლო თანამდებობებზეა, ანუ ქართული პოლიტიკის ზედაპირზე გამუდმებით ტივტივებსჩვენ ყურადღება რამდენიმე მათგანზე შევაჩერეთ. ვფიქრობთ, მათი ბიოგრაფია ბევრისთვის არის ცნობილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი

დავით საგანელიძე  _ ეკონომისტი, ექიმი, იურისტი, პოლიტიკოსი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი; 1998 წელს _ საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2001 წელს _ საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 2002 წელს _ ბიზნესსკოლის სრული კურსი.

1983-1985 წლებში იყო მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, 1986-1993 წლებში ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის, ხოლო 1986-1993 წლებში თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი. 1987 წელს დააფუძნა სამედიცინო ფირმა “პულსი”; 1994-1999 წლებში იყო კორპორაცია GHF-ის პრეზიდენტი. იყო “თი-ბი-სი ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრი (1997-1999) და სს “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (1996-1999), თბილისის საკრებულოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე _ 2010-2012 წლებში. საგანელიძე საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტში “ახალი მემარჯვენეების” სიით შევიდა, ხოლო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი “ქართული ოცნებიდან” გახდა.

დავით საგანელიძე არაერთხელ გახვეულა სკანდალში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც იპოთეკით დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საგანელიძის სიდედრი, მარიკა სანოძე, 120 ოჯახის ბინებიდან გამოსახლებაში დაადანაშაულეს…

“ქართულ ოცნებაში” დავით საგანელიძეს თანაგუნდელებთან ურთიერთობა მალე დაეძაბა, პირველი კონფლიქტი მას პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძესთან ჰქონდა… უმრავლესობის წევრები დაუფარავად საუბრობდნენ, რომ საგანელიძე მათ განსხვავებული აზრის გამოთქმას უკრძალავდა და ითხოვდა, ყველაფერი მასთან შეეთანხმებინათ.

“ოცნების” დეპუტატებმა, ბუნებრივია, მისთვის ანგარიშის ჩაბარება არ მოისურვეს. ამან საგანელიძე განარისხა და რამდენიმე მათგანის უმრავლესობიდან გარიცხვაც კი მოითხოვა. საკითხი პოლიტსაბჭომ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი საგანელიძეს გამოუტანა _ უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა დაატოვებინეს.

პარლამენტარს პრობლემები სხვა ფრონტზეც შეექმნა. როცა სამეგრელოში “ქართული ოცნების” აქტივისტებმა მისი ფიტული დაწვეს, ამის გამო მმართველ გუნდში შეშფოთებაც კი არავის გამოუხატავს. ეს ამბავი უმრავლესობის ყოფილ ლიდერს ძალიან სწყენია და ივანიშვილისთვის შეუჩივლია. იმას კი უთქვამს: “მხარში რანაირად უნდა ამოგდგომოდნენ, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარო”.

საგანელიძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო და ყველამ აღნიშნა, რომ არჩევნები კარგად ჩაატარა. ამის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნების წინ შტაბის უფროსად ვიცეპრემიერი კახა კალაძე დაინიშნა. ამის შემდეგ პარლამენტიდან საგანელიძის შესაძლო წასვლაზე ბევრი საუბრობდა…

“ქუდბედიანი” დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აღმოჩნდა და იქაც უმალვე გაეხვია სკანდალში. მთავრობამ კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას”, რომელშიც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ძმისშვილი, გიორგი საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, 30 მილიონი დოლარი გადასცა. საჯარო განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა, თუმცა დავით საგანელიძის ძმისშვილის შესახებ არაფერი უთქვამს.

“შეთანხმება საპარტნიორო ფონდთან და კრედიტების თაობაზე “ჰუმანითი ჯორჯიამ” მაშინ გააფორმა, როცა ფონდს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა”, _ განაცხადა “ჰუმანითი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა ანდრი კუზმამ. “ჰუმანითი ჯორჯიას” სტრატეგია ქართულ ბაზარზე იაფი წამლების იმპორტი, ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა და პრეპარატების ექსპორტზე გატანაა.

რამდენიმე თვის წინათ კი ხმაური ატყდა საპარტნიორო ფონდის დირექტორის ანაზღაურებაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა გაირკვა, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წელს თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 33 687.5 ლარია.

საქართველოში არჩევნების გაყალბება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. და როცა არჩევნების გაყალბების ხერხებსა და მეთოდებზე მიდგება საუბარი, საზოგადოებას ახსენდება რამდენიმე მოწვევის პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი.

ხათუნა გოგორიშვილი _ ბიოლოგი.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1981-1982 წლებში მუშაობდა ფიგურული სრიალის სპეცსკოლაში ლაბორანტად, 1987-1991 წლებში _ სოფელ კიკეთის საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად, 1990-1993 წლებში იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, 1993-2009 წლებში _ საქართველოს პარლამენტის აპარატის სპეციალისტი, აპარატის უფროსი; 2003-2004 წლებში _ პოლიტიკური გაერთიანება “გაერთიანებული დემოკრატების” სამსახურის უფროსი.

არის საქართველოს მე-6 (2004-2008), მე-7 (2008-2012), მე-8 (2012-2016) და მე-9 მოწვევის (2016-2020) პარლამენტის წევრი. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით შევიდა, ამჟამად კი უკვე ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის _ ევროპული საქართველოს” წევრია.

ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან დღემდე თითქმის ყველა არჩევნებზე სკანდალში ეხვეოდა. მის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაშიც აღიძრა, რომელშიც უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი.

გოგორიშვილის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმეტომიანი საქმეები “ლამაზად” იკვრებოდა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა უშედეგოდ.

ხათუნა გოგორიშვილი თავის თავზე ამბობს:ადამიანის თავის ტვინი ნეირონებისგან შედგება, ნეირონები _ თეთრი და რუხი ნივთიერებებისგან. როცა რუხი ნივთიერება ითიშება, ადამიანის ტვინის კონკრეტული წერტილი გათიშულია. ჩემი რუხი ნივთიერება, როგორც ჩანს, კრიტიკულ სიტუაციებშიც არ ითიშება”.

რუხი ნივთიერება, როგორც ჩანს, არ ეთიშება არც ყოფილ რესპუბლიკელს, ამჟამად “შენების მოძრაობის” ლიდერ დავით უსუფაშვილს.

დავით უსუფაშვილი _ იურისტი, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005-2013 წლებში, მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016).

დავით უსუფაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენობისას, 1990-1992 წლებში, მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში; 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი; 1993-1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში; იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1994 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 1997 წლამდე _ მისი თავმჯდომარე; 1999 წელს დაასრულა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი; 1999-2000 წლებში იყო AMEX Iნტერნატიონალ-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, 2001-2005 წლებში უძღვებოდა UშAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში. 2005 წელს აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ; 2011 წელს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა უსუფაშვილი კვლავ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად. არჩევნებში მან 66.09%-ით გაიმარჯვა. მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.

უსუფაშვილის ბიოგრაფიაში არ წერია, რომ ის 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არაფერი იმალება… საქართველოს ყოფილმა ვიცეპრემიერმა ავთანდილ მარგიანმა უსუფაშვილის საიდუმლო გათქვა: “ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ბევრია ისეთი, ვინც პოლიტიკური კარიერა კომუნისტურ პარტიაში დაიწყო. ისინი, ვინც თავს თანამედროვე ღირებულებების მიმდევრებად და დემოკრატიული პრინციპების დამცველად გვაჩვენებს, სწორედ კომკავშირიდან მოდიან. ასეთია რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილიც”, _ განაცხადა ავთანდილ მარგიანმა. უსუფაშვილმა კი თავისი კომკავშირული ბეგრაუნდი ასე ახსნა: “იმიტომ შევედი კომუნისტურ პარტიაში, რომ მისი შიგნიდან დანგრევა მინდოდა…”.

აი რას ამბობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დავით უსუფაშვილზე:

* თამარ ჩხეიძე, ყოფილი პარლამენტარი:

“დავით უსუფაშვილი სოროსისა და შევარდნაძის მიერ შექმნილი ფიგურაა”.

* გიორგი გაჩეჩილაძე, მომღერალი:

“დანამდვილებით ვიცი, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შევიდა დავით უსუფაშვილი”.

* გურამ შარაძე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი:

“უსუფაშვილი ბერძენიშვილებს სჭირდებათ ამერიკული დაფინანსებით, თინა ხიდაშელის შუამავლობითა და სოროსის სიძეობით! სოროსი და ამერიკა დარწმუნდნენ, სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად ვერ ამართლებს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალი პროამერიკული ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური ოპოზიციის დაფინანსება და შექმნა, რათა საჭირო მომენტში და საჭირო დღეს ჩამოაგდონ სააკაშვილი და პრეზიდენტი ჩაანაცვლონ ხიდაშელ-უსუფაშვილი-რესპუბლიკელებით.

მთელმა ქვეყანამ იცის სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ამათ მაინც სააკაშვილი მირჩევნია”.

* ელიზბარ ჯაველიძე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი:

“რესპუბლიკური პარტია შექმნილია ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ქართული თვითმყოფადობისა და ეკლესიის წასაბილწავად და დასანგრევად. დავით უსუფაშვილი ისეთივე პატრიოტია საქართველოში, როგორც მე _ იაპონიაში”.

* ნოდარ ნათაძე, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი:

“ბერძენიშვილების კა-გე-ბე-სთან თანამშრომლობის ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო, დოკუმენტებიც დაიბეჭდა პრესაში. ახლა ძმებ ბერძენიშვილებს პროდასავლურობის იმიჯის დაბრუნება უნდათ, უსუფაშვილსა და ხიდაშელს კი _ პარტია, ამიტომაც აირჩიეს დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ.

უსუფაშვილის პოლიტიკოსობაზე რაც მსმენია, კარგი და დადებითი _ არც არაფერი. ვიცი, რომ უპრინციპო, დამყოლი პოლიტიკოსია და აწი ვნახოთ, როგორც პარტიის ლიდერი, როგორ შეიცვლება”.

რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან ასეთი პოლიტიკოსები? რა შექმნეს? ვინ მფარველობს? ნიჭიერი თუ, უბრალოდ, ქუდბედიანი არიან? _ ამ საკითხზე კომენტარი გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ ნანა დევდარიანს ვთხოვეთ.

ნანა დევდარიანი:

_ პოლიტიკა პროცესია და ამ საქმეს პროფესიონალები უნდა მართავდნენ, მაგრამ ამ ნორმებით ბრიტანეთის მაგალითზე შეიძლება ილაპარაკო, სადაც ასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა პოლიტიკური სისტემა.

ქართულ პოლიტიკაში ხანგრძლივად მყოფი ადამიანები თავსაც ვერ დაგამახსოვრებენ, მათ სახელთან არანაირი მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული.

პოლიტიკაში ყოფნას ახლავს რისკი. დიდ პოლიტიკოსად ითვლება ის, ვისაც შეუძლია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა და გადაჭრა, ანუ თავგანწირვა ქვეყნის საკეთილდღეოდ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი პოლიტიკოსები არ არიან ან იშვიათია. ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში ყოფნა ხვალაც უნდა, ზეგაც და მაზეგაც, რისკზე, როგორც წესი, არ მიდის. მისი ნაბიჯები პოპულიზმზეა გათვლილი.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ფაქტორი, ვისი მოყვანილია ხელისუფლებაში ესა თუ ის პოლიტიკოსი, ვისი ხელშეწყობით მოვიდა. ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკოსი ანგარიშვალდებულია იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ის მოიყვანა და დასვა, ასეთები ხალხზე არ ზრუნავენ. პოლიტიკოსი, რომელიც ხალხის წინაშე თავს ვალდებულად არ თვლის, პოლიტიკიდან უნდა მიაბრძანო.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა ხალხს გასაღები მოუძებნეს. მეოთხედ შეიცვალა ხელისუფლება და არჩევნები არასდროს ჩატარებულა სამართლიანად. ერთადერთი სამართლიანი არჩევნები კომუნისტების პერიოდში ჩატარდა, როდესაც უმრავლესობით მოვიდა “მრგვალი მაგიდა”. მერე იყო “მოქალაქეთა კავშირი”, რომელმაც ჯერ ჩვეულებრივი უმრავლესობა მოიპოვა, შემდეგ კი _ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასე იყო სააკაშვილის პერიოდშიც, ასეა დღესაც…

ჩვენმა პოლიტიკოსებმა კარგად ისწავლეს ერთი ფანდი _ ხელისუფლების წიაღში იბადება ოპოზიცია, რაც ხელს უწყობს ერთი და იმავე ადამიანების პოლიტიკაში დარჩენას. “გამოცდილება” მათ უჩვენებს, როდესაც ნავი ტორტმანობს, სხვა ნავში უნდა გადასხდნენ, ირქმევენ სხვა სახელს და სახე არ იცვლება. ასე მოხდება, სავარაუდოდ, ახლაც.

ახალ ხელისუფლებაში ძველი სახეები რომ არ დარჩნენ, ეს ამომრჩეველმა უნდა მოახერხოს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

2 COMMENTS

  1. ყოჩაღ ეკა, ნამდვილად მოტივტივეები არიან და რაც ტივტივებს წყალზე ყველამ კარგად ვიცით. საგანელიძეს უნდა ჩაის წარმოების რეალიბიტაციისთვის ჩინელებს 49–წლიანი იჯარით გადასცეს მიწები და ამაში 500 მილიონ დოლარს აიღებს საპარტნიორო ფონდი. იქვე საგანელიძე წერს, რომ მოყვანილ ჩაის ჩინელები თვითონ შეიძენენო. შეძენა რა შუაშია, იჯარით აღებული მიწიდან მოყვანილი პროდუქცია ხომ ისედაც მათი იქნება? მოტივტივე საგანელიძეს ჩვენ ვერ ვენდობით! ეს პროექტი არ მომწონს და ის ძირფესვიანად უნდა გაკონტროლდეს. ეტყობა ფოკუსნიკ ჩინელებს სულ სხვა რამე აქვთ გულში.

    • საქართველო გადააქციეს თვალებდაჭყეტილ მიცვალებულთა საზოგადოებად!კაცი არა სჩანს მისთვის სულის შთამბერი!და, თუ შემთხვევით გამოჩნდა, იცოდეს, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ ნულიდან- სამწუხაროდ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here