დედაქალაქის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ არსებობს ასეთი კომპანია “თელმიკო”, რომელმაც შეტყობინებები დაგზავნა, _ “თელასის” ნაცვლად ჩვენ მოგემსახურებითო. კომპანიის ცვლილება ქართველთათვის უცხო არ არის, მაგრამ ახალმა კომპანიამ ახალი წესებიც შემოიტანა, ერთხელ გადახდილი თანხის შემდეგ, მომხმარებელს მეორე, ე.წ. შუალედური გადახდა მოუწია. დაიანგარიშეს საშუალოდ მოხმარებული ელექტროენერგია და აბონენტები იმის მიხედვით დაავალდებულეს. ამ ყველაფერმა, რაღა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია და “თელმიკოს” ცხელი ხაზი თუ სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდი და თვით სოცქსელი უკმაყოფილო აბონენტების ზარებმა და კომენტარებმა წალეკა. კომპანიაც სწორედ ამის შემდეგ შეიქნა იძულებული, სპეციალური განცხადება გაევრცელებინა, მაგრამ ამ განცხადებისგან რამეს გაგება შეუძლებელი აღმოჩნდა.
“8 ივლისიდან თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია “თელმიკომ” დაიწყო მომხმარებელთან ქვითრების დაგზავნა. აღნიშნულ ქვითრებში ასახულია მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი 1 ივლისიდან. აბონენტთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, ვინაიდან ჩათვალა, რომ გადასახადი არ შეესაბამებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ავხსნათ შექმნილი ვითარების მიზეზები. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია “თელმიკომ” აბონენტთა მომსახურება დაიწყო 1 ივლისიდან, შესაბამისად, 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო კომპანია “თელასში”. “თელასსა” და მომხმარებლებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნულ აბონენტებს ზუსტი, ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისი გადასახადი მიუვიდათ. იმ მომხმარებელთან, რომელმაც ვერ მოახერხა 30 ივნისის მდგომარეობით ჩვენების გამოგზავნა, დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრა მოხდა წინა თვის საშუალო მოხმარების შესაბამისად. ივლისის დასაწყისში მოხდა ზუსტი ჩვენების აღება, რომელიც ასახავდა ივნისის განმავლობაში და ივლისის პირველ დღეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას. მნიშვნელოვანია, რომ ივლისში ორივე კომპანიის _ “თელასისა” და “თელმიკოს”, მიერ გამოგზავნილი ქვითრების ჯამური თანხა, ზუსტად შეესაბამება 30 კალენადრული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან არ შეცვლილა ელექტროენერგიის ტარიფი. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ივნისში, ზოგადად, გაიზარდა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც ცხელ ამინდებთან და, შესაბამისად, კონდიციონერის ხშირ გამოყენებასთან არის დაკავშირებული”, _ ეს არის კომპანიის განცხადება და სრულად იმიტომ მოგაწოდეთ, რომ მიხვდეთ, რა უნდა ახალ კომპანიას. ჩვენ ვერ მივხვდით და შევეცადეთ, ამ კომპანიის ოპერატორს ცხელ ხაზზე დავკავშირებოდით.
ოპერატორმა “აგვიხსნა”, რომ რეალურად ბოლომდე თვითონაც არ იცის, რა ხდება, მაგრამ, სავარაუდოდ, 22 ივნისს აღებული ჩვენების შემდეგ, ის დარჩენილი 8 დღე დაიანგარიშეს (ოღონდ ისე, რომ ჩვენება არ აუღიათ, გამოთვალეს) და ეს გადასახადი გაუგზავნეს მოქალაქეებს. კითხვაზე _ ასე ზეპირად მოფიქრებული ჩვენების შემდეგ, როცა უკვე ივლისის თვის გადასახადს დაიანგარიშებენ, გამოაკლდება თუ არა უკვე გადახდლი რვა დღის ფული, განგვიმარტეს, რომ, სავარაუდოდ, გამოაკლდება, მაგრამ, როცა ჩავეძიეთ და მივყევით, როგორ უნდა გამოაკლონ ზეპირად მოფიქრებული თანხა ოფიციალურ ჩვენებას, პასუხი ვერ გაგვცეს.
ჰოდა, ისე გამოვიდა, რომ ასიათასობით აბონენტმა დამატებით გადაიხადა თანხა, ზოგმა 5 და ზოგმაც 20 ლარი და ეს თანხა ოფიციალურად მისცეს “თელასს” (ასე ამბობენ) და მისი ვალი გაისტუმრეს, მაგრამ ლოგიკურად ამ გადახდილ თანხას ვერ დაუანგარიშებენ, იმიტომ, რომ ჩვენება არ აუღიათ, მაგრამ, როცა ჩვენებას აიღებენ, კომპიუტერი მარტივად, ძველი ჩვენებით დაიანგარიშებს ახალ დანახარჯს.
ამ საქმეში საინტერესო კიდევ ერთი რამ არის: რატომ წავიდა “თელასი” ქართული ბაზრიდან და რატომ გარბის “ენერგო პრო ჯორჯია”?! საქმე ის არის, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება წამგებიანია, ანუ მოგებას არ ტოვებს და, როცა რომელიმე კომპანია ბაზარზე შედის, სახელმწიფოსგან იღებს გარანტიას, რომ მოემსახურება დიდ ქარხნებს, საწარმოებს, სათბურებს, რომლებიდანაც სოლიდური შემოსავალი და ელექტროენერგიაზე კომერციული ფასი იქნება. ასეა ბუნებრივი აირისა და წყლის მიმართაც. საქართველოშიც ასე იყო, მაგრამ, როცა სახელმწიფოს გაუჭირდა, კომპანიებს ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად წაართვა ყველა დიდი საწარმო და მხოლოდ მოსახლეობა შეატოვა. საწარმოები ელექტროენერგიას სახელმწიფოსგან იღებდნენ და შემოსავალიც სახელმწიფოს აქვს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ბიუჯეტისთვის კარგია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი საიმისოდ, რომ დაზიანების შემთხვევაში შეფერხება დროულად გამოასწოროს და ამიტომ სპეციალისტების ქირაობა უწევს. კარგი სპეციალისტები კი სწორედ იმ კომპანიებში არიან დასაქმებული, რომლებიც სახელმწიფომ მშრალზე დატოვა, ძირითადად, არ სცალიათ და ამიტომ მომარაგება სერიოზულად ფერხდება.
სერიოზული ეჭვია, რომ “თელმიკოს” უკან რომელიმე მაღალჩინოსანი დგას, რომელმაც მშრალზე დატოვა წინამორბედი კომპანია და ახლა ყველაფერი, მოსახლეობასთან ერთად, ახალს გადაულოცა. სავარაუდოდ, ამიტომაა, რომ მოსახლეობის “კანონიერი ძარცვა” მთავრობაში არავის ადარდებს და ასიათასობით დაზარალებულ ოჯახზე ხმა ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ ამოუღია. კულუარებში ამბობენ, _ თანხა ცოტაა, მოსახლეობა აიტანსო, მაგრამ, აბა, 700 ათას პენსიონერს ჰკითხეთ, რამდენია ეს “ცოტა”? ისინი ხომ სწორედ ელექტროენერგიის დაზოგვით აგროვებენ წამლისა და საკვების ფულს. თუმცა, რატომ მხოლოდ პენსიონერები? მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანიც, რომელთათვისაც თითოეული ლარი ყოველდღიურ პურის ფულს ნიშნავს.
შესადარებლად გეტყვით _ ქვემო ქართლის რეგიონში ერთ-ერთი დიდი სათბური თვეში 100 ათას ლარზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამ სათბურს ბოლო 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დასჭირდა ენერგოკომპანიის თანამშრომელთა დახმარება. ე.ი., სათბურმა გადაიხადა 600 ათას ლარზე მეტი და შეფერხება ჰქონდა ერთადერთხელ. ასი ათასი რომ შეგროვდეს, დაახლოებით 80 მაღალსართულიანი კორპუსია საჭირო და ამ კორპუსებში დღეში, სულ ცოტა, ერთი გამოძახება ხდება _ ექვს თვეში 500 გამოძახებაზე მეტი. შედეგად, კომპანია როგორც ადამიანურ, ისე ფინანსურ რესურსს ხარჯავს და ზარალობს, მოგებას კი სწორედ დიდი საწარმოს ხარჯზე იღებს. სახელმწიფოს პოლიტიკური თამაშები, ელიტური კორუფცია და ა.შ. ყველა ქვეყანაში არის და რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, მაგალითად, დასავლეთმა, ჩვენთან ყველაფერი რიგზეაო, ასე არ არის. თუმცა, ცუდი ისაა, რომ საქართველოში ეს ყველაფერი, ძირითადად, ხალხის კისერზე გადადის და ხალხის ჯიბიდან იღებენ იმას, რისი ამოღებაც შეუძლიათ. ყოველი წლის ბოლოს გვესმის, რომ ბიუჯეტი ხალხის ინტერესებზეა მორგებული და წლიდან წლამდე გაუარესების მეტს არაფერს არ ვიღებთ. გამოდის, ხალხის ინტერესებს სხვაგვარად უყურებენ. ჩვენ სხვაგვარად გვესმის და ხელისუფლება სხვაგვარად ხედავს.
მერამდენედ უნდა დავწეროთ, რომ ასე გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლება. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ზემოთ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი ხმას არ იღებს, მშვიდად ირგებენ იმას, რაც არ ეკუთვნით. თუნდაც ახლა მოსახლეობა ქუჩაში რომ გამოსულიყო სოციალური მოთხოვნით, ყველა რომ გამოსულიყო, ვინც ამ მცირე, მაგრამ რეალურად დიდ უსამართლობას დაეჯახა, ხომ მიიღებდა ხელისუფლება არნახული მასშტაბის პროტესტს? მაგრამ ეს ჩვენი სენია _ ქართველები არასდროს გამოვდივართ ქუჩაში იმის აღსანიშნავად, რომ გვშია და, თუ გამოვდივართ, ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენ კი არა, სხვას შია და იმ სხვის ინტერესებს ვიცავთ. არადა, მაგალითად, იტალიაში ქვაბების რევოლუციაც კი იციან, როცა დიასახლისები ცარიელი ქვაბებით გამოვიდნენ ქუჩაში იმის აღსანიშნავად, რომ მოსახლეობას უკიდურესად უჭირდა… ჰო, იტალიაში, სადაც ქართველი ქალბატონები მოხუცების მოსავლელად არიან წასული.
სხვა, აბა, რა გითხრათ? ამასაც ავიტანთ, ერთს შეუკურთხებენ აბონენტი კაცები, ქალები კი მიაწყევლიან “თელმიკოსა” და “თელასს”, გადაიხდიან და ჩვეულებრივად განაგრძობენ ცხოვრებას. ზღვა კოვზით დაილიაო და ასე, 5-5 ლარობით აკრეფილი თანხით, ბაზარზე ახალშემოსული კომპანია მილიონობით მოგებას პირველივე თვეს ნახავს და თავის “კრიშას” მადლიერების ნიშნად, სულ ცოტა, შვიდნიშნა თანხას აჩუქებს. მერე არჩევნები მოვა, ის “კრიშა” მიღებული საჩუქრის ნაწილს დაარიგებს, რათა კვლავ ხელისუფლებაში დარჩეს და უფრო მეტად ყვლიფოს ისედაც ბოლომდე გაღატაკებული მოსახლეობა. ასე, ჩუმად, სახლებში გაბრაზება ვიცით ქართველებმა და ვაი, რომ ეს პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად იციან, ხვდებიან, რას შეიძლება მოჰყვეს პროტესტი და რას არა.
ბესო ბარბაქაძე