არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თითქოს ისე ვერ მუშაობს, როგორც ვისურვებდით. მომხმარებლის ინტერესი ირღვევა ყოველდღიურად, ამას ვაწყდებით თითოეული ჩვენგანი, მაგრამ საშველი თითქოს არ ჩანს. შევეცადეთ, სააგენტოს უფლება-მოვალეობები და ფუნქციები უფრო დეტალურად შეგვესწავლა და… ვვარაუდობთ, თქვენც გაოცდებით.
„დადგენილი სტანდარტის თანახმად, მაღაზიაში პროდუქტს მითითებული უნდა ჰქონდეს სამი ფასი. ეს სამი ფასი გულისხმობს საწყის ფასს, ფასდაკლების შემდეგ მიღებულ ფასს და ბოლო 30 დღის განმავლობაში რა იყო უმდაბლესი ფასი“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
ახლა მარტივ შეკითხვას დაგისვამთ: სად, რომელ მაღაზიაში გინახავთ პროდუქტზე სამი ფასი? სწორია – არსად და გამოდის, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, უბრალოდ, სტანდარტს იღებს, მისი კონტროლი კი…
„ჩვენ მონიტორინგის ფუნქცია არ გვაქვს, მაგრამ, თუ მომხმარებელი აწყდება მსგავსი ტიპის პრობლემას, შეუძლია მოგვმართოს“, – ესეც ბატონი ირაკლის სიტყვებია.
რა გამოდის? პრობლემაზე სააგენტოს რეაგირება არ შეუძლია, მაგრამ მაინც მოგვმართონო. „ცისფერი მთების“ სიუჟეტს ჰგავს ეს ყველაფერი – „არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ“… რა მნიშვნელობა აქვს მიმართვას, თუ სააგენტო მონიტორინგს ვერ განახორციელებს, ან რატომ იღებს რაიმე სახის სტანდარტს სააგენტო, თუ მისი მონიტორინგის უფლება არ აქვს და ზუსტად იცის, რომ არ შესრულდება, რომ ამით თავს არავინ შეიწუხებს? სად არის ლოგიკა და რატომ წვალობს ეს ხალხი? სადაც ამდენს ვხარჯავთ სააგენტოსა და მისი თანამშრომლების შესანახად, გამოვყოთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მონიტორინგს განახორციელებენ. იმ ადამიანებს ჯარიმის გამოწერის უფლებაც უნდა ჰქონდეთ და გვერწმუნეთ, როცა ერთხელ, ორჯერ და სამჯერ დაწერენ ჯარიმას, შემდეგ მაღაზიებიც შეიწუხებენ თავს და მოიქცევიან ისე, როგორც საჭიროა.
ცალკე პრობლემა და სასაცილო თემაა ფასდაკლებები. როგორც წესი, ეს აქციები ყველგან მუშაობს, მაგრამ არა საქართველოში.
„მომხმარებლის უფლებაა, ფასზე ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. მაგალითად, როდესაც ვიცით, რომ პროდუქტი ღირდა ასი ლარი, გამოცხადდა 70%-იანი ფასდაკლება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უნდა ღირდეს 30 ლარი, მაგრამ ასე არ ხდება და პროდუქტის ფასი 50-80 ლარია. ეს ნიშნავს, რომ საწყისი ფასი გავზარდეთ და მომატებული ფასიდან დავიწყეთ ფასდაკლება, რაც არის პირველი რიგის დარღვევა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ“, – ესეც ლექვინაძის სიტყვებია.
გამოდის, მომხმარებელთა უფლებები არ არის დაცული, მეტიც – ყოველ ნაბიჯზე და ყოველდღიურად ირღვევა, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ აგებს. როგორ გგონიათ, ბიზნესმა რომ იცის, პასუხს არავინ მოსთხოვს, როგორ იქცევა? – ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იოლად გამოძვრეს და მთავარი დაზარალებული მომხმარებელია, ის მომხმარებელი, რომელიც ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასაც თითქოს მივეჩვიეთ, ყურადღებას არავინ აქცევს. ისე, შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ კომუნისტების პერიოდში ყველა მაღაზიაში იყო დანომრილი საჩივრის წიგნი და ნებისმიერ მოქალაქეს, თუ რამე არ მოეწონებოდა, შეეძლო, ამ წიგნში ჩაეწერა და შემდეგ ამ ჩანაწერს შესაბამისი ორგანოები სწავლობდნენ და პასუხსაც მოითხოვდნენ. იმხანად ეს ინტრიგნობად არ ითვლებოდა და ყველამ იცოდა, რომ მომხმარებელსაც ჰქონდა უფლებები და, როგორც მათ, ისე საკუთარ თავს უფრთხილდებოდნენ.
რა პარადოქსულიც უნდა იყოს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში არსებობდა სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებდა. მართალია, იმხანად კორუფციული გარიგებები ჩვეულებრივი ამბავი იყო და ბიზნესმაც იცოდა, რომ გადასახდელი ჰქონდა, მაგრამ ბიზნესმა ისიც იცოდა, რომ, თუ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, ტყუილუბრალოდ ფულს არავინ შეაწერდა. ჰოდა, ისინიც ცდილობდნენ, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც ჰქონოდათ წესრიგში და ნაკლები თანხა გადაეხადთ. ახლა კი ეს არავის აინტერესებს, იმიტომ, რომ პასუხს არავინ სთხოვს. გამოსავალიც სწორედ ეს არის: აუცილებელია რაიმე განყოფილების შექმნა (და არა ცალკე სამსახურის), რომელსაც სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მონიტორინგის უფლება ექნება და, რაც მთავარია, ამ მონიტორინგს სისტემატიურად განახორციელებს. რა სამი ფასი პროდუქტზე? ხშირად პროდუქტს სხვა ფასი აქვს დახლზე და სხვა – როცა სალაროსთან მიდიხარ. მერე ან უკან დაბრუნება „გიტყდება“ (ესეც ქართული ხასიათია), ან ჩუმად (ხშირად) უკან აბრუნებ პროდუქტს და არ ფიქრობ, რომ შენი უფლებები შეილახა. და ეს ხდება აბსოლუტურად ყველგან, ყველა მაღაზიაში და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მაღაზია ბრენდულია თუ ქსელური, განუკითხაობაა. საინტერესოა ისიც, რომ, თუ მომხმარებელი პრეტენზიას აცხადებს, მომსახურე პერსონალი მაშინვე ვიდეოს გადაღებას იწყებს და მერე ეს ყველაფერი ისე ლამაზად დამონტაჟებული ვრცელდება სოციალურ ქსელში, რომ დამნაშავე ისევ მომხმარებელი გამოდის; ისე ჩანს, თითქოს ფასი მან შეცვალა, თითქოს მაღაზია არაფერ შუაშია.
აქამდე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხშირად ვაკრიტიკებდით უმოქმედობის გამო, მაგრამ ახლა ვიცით, რომ მათ ბევრი რამის უფლება არ აქვთ. არ ვიცით, შეუძლიათ თუ არა, უფლებების გაფართოება მოითხოვონ და სხვა თუ არაფერი, ის სტანდარტები მაინც აკონტროლონ, რომლებსაც თვითონ აწესებენ. სხვაგვარად ეს იდიოტიზმი გამოდის – დააწესებ აკრძალვას და მერე მას ვერ აკონტროლებ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმავე სააგენტოს თანამშრომლებმა იციან, რა ხდება – ისინიც შედიან მაღაზიებში და კარგად ხედავენ, რომ მათი რეკომენდაციები არ სრულდება, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, რადგან პასუხის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.
ისე, არც ერთ პარტიას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში სერიოზული პრობლემები გვაქვს და არავინ არაფერს დაგვპირებია. თითქოს ასეც უნდა იყოს, თითქოს ბიზნესი ყოველთვის მართალია და საქმეც მიშვებულია. პასუხს არავის სთხოვენ და უახლოეს მომავალში, ალბათ, არც მოსთხოვენ, რადგან არ გაგვიგია, რომ ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება იგეგმება და კანონი უნდა გამკაცრდეს. ისე ჩანს, ამ ამბავს არც ევროპელი პარტნიორები აქცევენ ყურადღებას, რადგან მათ მიერ გაცემულ არც ერთ რეკომენდაციაში, მომხმარებელთა უფლებებზე არაფერი წერია. არადა, ევროპაში ეს სფერო უმკაცრესად არის რეგულირებული და სწორედ ბრენდულ და ქსელურ მაღაზიებს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო არა ერთი და ორი მილიონი გადაუხდიათ.
საქართველოში ყველაზე კარგად სწორედ პროდუქტების მაღაზია მუშაობს. ეს იმიტომ, რომ შეიძლება ტანსაცმელი არ ვიყიდოთ ყოველთვე თუ ყოველ წელიწადს, მაგრამ საკვები ყოველდღიურად გვჭირდება, ამიტომ ყველაზე მკაცრად სწორედ ეს უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ყველაზე მუშა ბიზნესი, მაგრამ ყველაზე ნაკლები კონტროლი სწორედ აქაა. სასტუმროები აიღეთ, შეუვარდებიან ხოლმე და თეთრეულისა და სველი წერტილების სისუფთავეს ამოწმებენ (რაც ასევე აუცილებელია), მაგრამ ხომ შეიძლება, პროდუქტების მაღაზიებში „შევარდნენ“ და ის მაინც გააკონტროლონ, ხილს ზემოდან მწვანილი რომ არ ეყაროს და კარტოფილის გვერდით ღია თავსახურავით გარჩეული მზესუმზირა არ იყიდებოდეს? შედით, ბატონებო, ნებისმიერ ქსელურ მაღაზიაში, რომელიც ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს, და თვითონ დარწმუნდებით.
ჰოდა, სანამ ეს ყველაფერი არ დარეგულირდება, იქნება კაბალური მომსახურება, კაბალური ფასები და არავინ იტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის მოგვარებაზე ვინმე რომ ფიქრობდეს, არ ჩანს და ეგებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის გულისტკივილი მაინც გაიგოს ვინმემ – მონიტორინგის უფლება არ გვაქვს, თორემ რეგულაციებსა და სტანდარტებს კი ვიღებთო.
ბესო ბარბაქაძე