“9 წელი აგვისტოს ომიდან. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი, დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი.
სახლები დატოვა თითქმის 150000 ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30000-მდე”, _ წერს ერთ–ერთი გაზეთი პირველ გვერდზე, იხსენებს რა 2008 წლის აგვისტოს პირველი დეკადის მოვლენებს _ საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან უდავოდ მოღალატურ, ქარაფშუტულ, სიბეცითა და დეგენერატიზმით აღსავსე გადაწყვეტილებას, რომელმაც დააქცია მცირემიწიანი ქვეყანა, ეკონომიკურად და სულიერად მისი მოსახლეობა. “კონსტიტუციური წესრიგის” აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ცოტა თუ იფიქრებდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ უჭკუო, პროვოკაციულ ნაბიჯს.
საქართველოს ხელისუფლებამ, საზოგადოებამ _ ეგზალტირებულმა, რევანშის ტალღაზე აწყობილმა, დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის მოიმედემ, წამოიწყო ომი _ მძინარე ცხინვალზე “გრადების” მასირებული ცეცხლით, შემდეგ ცხინვალის ქუჩებში ტანკების ჯირითით. იმჟამინდელ მთავარსარდალს არ დასცალდა თბილისიდან ცხინვალში ჩატანილ “კათედრასთან” მისვლა და მსოფლიოსთვის შეტყობინება, რომ ოფიციალურმა თბილისმა აღადგინა “კონსტიტუციური წესრიგი” თავის ერთ-ერთ რეგიონში.
არ დასცალდა, ვინაიდან რუსეთის არმიამ გვირაბის გავლით და ცხინვალში გამოჩენით მალე მოახერხა ქართული არმიის უკუგდება და ქართველთა შეტევამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება.
გაზეთის მიერ ზემომოყვანილი სტატისტიკა რუსეთის არმიის ბრძოლაში ჩართვის ამსახველია, მაგრამ მანამდეც იყო მსხვერპლი _ რუსეთის სამშვიდობოებზე ქართველი სამხედროების თავდასხმის შედეგად, რომელმაც გამოიწვია რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო წრეების გაშმაგება. არადა, მშვიდობისმყოფელები ხომ გაეროს, ეუთოს ეგიდით იდგნენ ქართულ-ოსური დაპირისპირების საზღვარზე?!
საქართველოს ხელისუფალთ მხედველობიდან “გამორჩათ”, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამშვიდობო კონტიგენტზე იერიშის მიტანა, მით უმეტეს, დახოცვა, იმ ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს. ასე რომ, მეზობელ რუსეთს, შეიარაღებითა და სამხედრო ძლიერებით ცნობილს, ბირთვულიარაღიანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, სრული საფუძველი ჰქონდა, პასუხი გაეცა ქართული აგრესიისთვის.
მაშ, რატომ წერს გაზეთი, თანაც პირველ გვერდზე, რომ რუსულმა “ინტერვენციამ”, ყოველგვარი საბაბის გარეშე, 8 აგვისტოს, ღამით, გადაწყვიტა ცხინვალში შევარდნა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაკავება, ანუ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ოკუპაცია, დღესაც გამუდმებით რომ გავიძახით?
რა ჰქონდა რუსეთს შესავარდნი, ფაქტობრივად, იქ არ იყო?! სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, ისევე, როგორც დღეს, ჩახუტებული არ იყო კრემლთან?
უდავოდ, იყო! და ამ პროცესს დამოუკიდებლობის მიღებამდე (1991 წლის დეკემბერი) ჩაეყარა საფუძველი, რაშიც ლომის წილი იმჟამინდელ ხელისუფლებაზე მოდის, ცხადია, საქართველოს ხელისუფლება მყავს მხედველობაში. საქართველოს ხელისუფლების 2008 წლის გადაწყვეტილება, წინამორბედი ხელისუფლების საბედისწერო გადაწყვეტილების გაგრძელება იყო, მაგრამ მანამდე იმავე რუსეთის ძალისხმევით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის და გამყოფ ზონაში სამშვიდობოები ჩააყენეს, რაც ქართულმა მხარემ 2008 წლის 8 აგვისტოს დაარღვია.
მაშ, რატომ აძლევს თავს უფლებას გაზეთი, სიცრუე მიაწოდოს მკითხველს?
იქნებ მართლა სჯერა, რომ პირველმა რუსეთმა გახსნა ცეცხლი?
ვინ-ვინ და გაზეთმა ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას, ვინაიდან მკითხველს, რომელსაც ტვინი აქვს გამოლაყებული ელექტრონული მედიის სიცრუით რუსეთის აგრესიაზე, თავისიც არ მიამატოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას ე.წ. სიმართლით.
მაგრამ გაზეთი, ბეჭდვითი ორგანოა, რომელიც ცდილობს, სხვა “ორგანოებს” არ ჩამორჩეს “ჭეშმარიტ” საქმეში და ისევე დაწიხლოს რუსეთი, როგორც ამას აკეთებენ სხვა ორგანოები _ ბეჭდვითი თუ ელექტრონული. სიმართლე რომ დაწეროს, ხომ შეიძლება ვინმემ “ზემოდან” უსაყვედუროს?
ასე და ამრიგად, ვრცელდება “ჭეშმარიტება”. გაივლის წლები, ვიღაც აიღებს ამ გაზეთს ხელში, “მოწინავეს” შეავლებს თვალს და შუღლით აევსება გული. ეს არის ხალხის სამსახურში ყოფნა? ნუთუ ეს “ჭეშმარიტება” ახლოსაა გაზეთის პირველ გვერდზე გამოტანილ ილიას ფრაზასთან: “იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია”?!
9 წელიწადი გავიდა ცხინვალის ომის დაწყებიდან და ამ ხნის განმავლობაში ვერ დავძლიეთ საკუთარ თავში ჩაბუდებული ტყუილი რუსულ ინტერვენციაზე. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ: რომ არ ყოფილიყო ქართული ჯარის იერიში ცხინვალზე, არ იქნებოდა რუსეთის პასუხი.
დიახ, პასუხი და არა ინტერვენცია!
აი, ამ სიმართლით გვაცხოვრებენ დღემდე სხვადასხვა ხელისუფლება და მედია, მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს, რა გვიჭირს. არის აგრესია, ჯერჯერობით სიტყვიერი, რომელიც როგორ ან როდის გადაიზრდება სამხედრო რევანშში, არავინ იცის. ძალა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მართავდა საქართველოს, ოპოზიციაშია და ისე, როგორც იმხანად, დღესაც აქტიურობს ანტირუსული გამოსვლებით, განცხადებებით, დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური რიტორიკით. ამ ძალის წარმომადგენელთა აზრით, რუსეთი (და არა საკუთარი თავი) არის საქართველოს დამაქცევარი. რუსეთთან არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. მთავარი საქმე რუსეთის ლანძღვა-გინება და ინტერვენციაში მხილებაა შინ და გარეთ: გარეთ _ განსაკუთრებით, მეტი ყურადღების მისაპყრობად.
ოპოზიციას არც ხელისუფლება ჩამორჩება, ცხადია, რუსეთის ლანძღვაში. ამ ლანძღვა-გინებამ ახლახან გადაუარა საქართველოს _ ბიჭვინთაში პუტინის ჩასვლის წინ და შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული _ ყველა უაზროდ გაჰკიოდა და გაჰკივის რუსეთის მზაკვრობაზე, რასაც უდავოდ დაუსვამს წერტილს კოლექტიური დასავლეთი. საინტერესოა, ხელისუფლებიდან სჯერა ვინმეს ამის? და თუ არა, რატომ თვლიან ისინი, რომ ხალხს ჭკუა არ აქვს?
ვინმეს სჯერა, რომ დასავლეთი დაგვიბრუნებს დაკარგულს? _ ეჭვი მეპარება. რაც უფრო მეტი წელი გაივლის, დასაეჭვებელიც აღარაფერი იქნება. დამაიმედებელმა განცხადებებმა განსაკუთრებით იჩინა თავი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ვიზიტის შემდეგ.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტები საქართველოს ცუდად აქვს დაცდილი, ვინაიდან დაიმედებული მასპინძლები ისეთ ნაბიჯებს დგამენ, მტრისას. ასე იყო კონდოლიზა რაისის, აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ვიზიტის შემდეგ, როცა სააკაშვილმა “გაახარა” საქართველო. მართალია, კონდოლიზა რაისი მოგვიანებით თავს იმართლებდა, _ სააკაშვილს ვუთხარი, არ გაბედო სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება-თქო, მაგრამ მან მაინც თავისი გააკეთაო.
ეს დაუჯერებელია, ვინაიდან რაისი აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო, ანუ სააკაშვილის მბრძანებელი, რომელსაც ის სრულიად ემორჩილებოდა. არ დაემორჩილა? მაშინ სააკაშვილი ყოფილა აშშ-ის ადმინისტრაცია. საქართველოს ხელისუფლებას ან არ ესმის, რას ეუბნებიან მამა-მარჩენალნი, ან ისე იქცევა, როგორც სურს, რაც ძალიან საეჭვოა.
დაიმედება პოლიტიკაში დიდი რამ არის. დაიმედებულმა, თუკი საღი აზრის დეფიციტი აქვს, ისეთი ნაბიჯი შეიძლება გადადგას, რომ ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს. ფაქტია, რომ პენსის დაპირება საქართველოს მხარში ამოდგომაზე დიდად გასახარი გამოდგა ქართველი პოლიტიკოსებისთვის. ისიც ფაქტია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ახალი შემართებით დაიწყეს რუსეთის ლანძღვა. ნეტა, რით შეაგულიანა პენსმა ბრიყვი მასპინძლები?
ასე შეაგულიანეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა, თუმცა შეგულიანება ძალისმიერია, ანუ სამხედრო: ბალტიისპირეთში _ ნატოს ჯარები, უკრაინაში _ ახალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მოლოდინი და შავ ზღვაზე ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა. ამერიკელი კონგრესმენები ხშირად იხსენებენ უკრაინას და რუსული “აგრესიის” შესაჩერებლად იარაღის მიწოდებასაც ჰპირდებიან მას.
აშშ-ის მიერ უკრაინის მმართველად დასმული პოროშენკოს ხელისუფლება, საკუთარ ქვეყანაში არაუმეტეს 5%-იანი რეიტინგის მქონე, თავს არ ზოგავს ვაშინგტონის ანტირუსული პოლიტიკის განსახორციელებლად. ახალი ამერიკული მომაკვდინებელი იარაღის მიღება მისთვის სწორედ ის სტიმული იქნება, რომელსაც უდავოდ მოჰყვება დონბასში საომარი მოქმედების ესკალაცია. უკრაინის ხელისუფლებიდან არც პოროშენკო და არც არავინ ფიქრობს, გადაიზრდება თუ არა საომარი მოქმედების გააქტიურება ფართომასშტაბიან ომში რუსეთის ჩართვით. იქნებ, სწორედ ამას ნატრობს ვაშინგტონი? იქნებ ამერიკის აგრესიული სენატორები, მაკეინისა და გრემის მსგავსნი, ოცნებობენ რუსეთის სამხედრო პასუხზე უკრაინაში?
ეს ის ლინდსი გრემია, რომელმაც ახლახან განაცხადა ჩრდილოეთ კორეაზე ბირთვული თავდასხმის შესახებ. მისი აზრით, მერე რა, თუ იქ ასიათასობით ადამიანი დაიღუპება და ომი გაჩაღდება _ კორეა შორს არის აშშ-დან.
სენატორი ლინდსი გრემი ჩვენთანაც “კარგად” არის, ანუ გვაგულიანებს რუსეთის წინააღმდეგ, ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში გვაგულიანებდა პრეზიდენტობის კანდიდატი მაკეინი, რომლისთვის მთავარი იყო, სააკაშვილს რუსეთი გამოეწვია, ცხადია, სამხედრო პროვოკაციით, რასაც შემდეგ თვითონ (მაკეინი) მოაყოლებდა რუსეთის, როგორც აგრესორის, ლანძღვას და შესაბამის ქულებს ჩაიწერდა დემოკრატთა წარმომადგენლის, ობამას, წინააღმდეგ ბრძოლაში. აი ამ პოლიტიკურ მაიმუნობას შესწირა სააკაშვილმა საქართველო.
ანალოგიურ მაიმუნობას სწირავს ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლებაც. სამშობლოს გაწირვაა, როდესაც ვიცეპრეზიდენტ პენსს თვალებში შესციცინებ და მის მიერ მოცემულ დარიგებას (ანტირუსულს, საბოლოო ჯამში, ანტიქართულს) უყოყმანოდ იღებ და ასრულებ.
ქვეყნის შეწირვაა, როდესაც ნატოს სასწავლო–სამხედრო ბაზას ხსნი და ნატოს სამხედრო მანევრებს ატარებ რეგულარულად, დაუფიქრებლად. ლინდსი გრემის სიტყვები საქართველოსაც მიესადაგება. ისევე, როგორც კორეა, საქართველოც შორს არის ამერიკისგან და აქ განვითარებული სამხედრო კონფლიქტი ამერიკამდე ვერ მიაღწევს.
ჭირს წაუღია კორეის ნახევარკუნძული, ამიერკავკასია, უკრაინა, სირია, ბალტიისპირეთი, მთავარია, ამერიკა იყოს პირველი. ამას ამბობენ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, ამერიკელი კონგრესმენები, ქართველი პოლიტიკოსები კი დაუფიქრებლად მიჰყვებიან ამ გზას _ აგრესიის, სიძულვილის, გაუტანლობის, სიცრუის გზას. ნაცვლად მოლაპარაკებისა, ყველა ერთად გაიძახის: “რუსეთთან მოსალაპარაკებელი არაფერი გვაქვს”.
დამღუპველია ეს გზა, ისევე, როგორც 2008 წლის 8 აგვისტო იყო დამღუპველი. მან ხომ დასამშვიდებლად მხოლოდ ცრუ მოსაზრება დაგვიტოვა _ რუსებმა თბილისი აშშ–ის შიშით ვერ აიღესო.
ამ “სიმართლით” დადის დღეს საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. თითქოს თბილისის არაღება დიდი შვება იყოს. სიბეცესაც თავისი საზღვარი აქვს, მაგრამ ასეთი უსაზღვროა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი